მერაბ მამულაძე: „თუკი თურქ ბიზნესმენს თურქეთს გადასცემენ, მას არაადამიანური მოპყრობა და სიკვდილით დასჯაც ელის“

მერაბ მამულაძე: „თუკი თურქ ბიზნესმენს თურქეთს გადასცემენ, მას არაადამიანური მოპყრობა და სიკვდილით დასჯაც ელის“

ფეთჰულა გიულენის მხარდამჭერთა დევნა საქართველოშიც დაიწყო. 21 აპრილს საქართველოს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძებნის სამსახურმა საქართველოში მოღვაწე თურქი ბიზნესმენი სინან სარაჩი დააკავა. დაკავებულს ბრალად ედება ორგანიზაცია „FETO/PDY”-ის ფინანსური მხარდაჭერა და მასთან კავშირი. თურქეთის მთავრობამ აღნიშნული ორგანიზაცია შეიარაღებულ დაჯგუფებად შერაცხა, რასაც არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ იზიარებს.

მისი ადვოკატი მერაბ მამულაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავება პოლიტიკური დევნაა და ეს პიროვნება ინტერპოლითაც ძებნილი არ ყოფილა.

For.ge მერაბ მამულაძეს ესაუბრა.

თურქეთის მთავრობის მოთხოვნით საქართველოში თურქი ბიზნესმენი დააკავეს. ამ ეტაპზე თქვენი მიზანია, არ დაკმაყოფილდეს თურქული მხარის მოთხოვნა და დაკავებული არ გადაეცეს თურქეთს, სადაც მას წამება და შესაძლოა, სიკვდილით დასჯაც ელოდეს. რას ედავება თურქეთის მხარე ბიზნესმენს?

- ამ ეტაპზე სინან სარაჩი დაკავებულია და შეფარდებული აქვს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ორშაბათს სააპელაციო წესით გავასაჩივრეთ და ველოდებით სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის გადაწყვეტილებას.

თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი არასდროს ყოფილა ნასამართლევი. უბრალოდ, ეწეოდა ბიზნესსაქმიანობას, მათ შორის, საქართველოშიც. თურქული მხარე მის მიმართ მას შემდეგ დაინტერესდა, რაც  ერდოღანმა რეპრესიები დაიწყო თავის ქვეყანაში?!

- ის, რასაც თურქეთის ხელისუფლება ახორციელებს საკუთარ ქვეყანაში, უკვე გასცდა თურქეთის რესპუბლიკის ფარგლებს. მიგვაჩნია, რომ საქართველოშიც მიმდინარეობს ფეთჰულა გიულენის მომხრეების დევნა. ამის ნათელი მაგალითია სინან სარაჩის დევნა. საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებების შესაბამისად, ხდება ხოლმე ერთი სახელმწიფოს მოქალაქის გადაცემა მეორე სახელმწიფოსთვის, მაგრამ ეს ხდება სისხლის სამართლებრივი დანაშაულის კუთხით. ეს შემთხვევა კი იმიტომ არის ყველასგან გამორჩეული და არ არის ჩვეულებრივი კრიმინალური შემთხვევა, რომ პირდაპირ პოლიტიკურ ჩარჩოშია მოქცეული და პოლიტიკური დევნაა.

ეს პიროვნება საქმიანობდა თურქეთში, 2016 წლის თებერვალში შემოვიდა საქართველოში. 2013 წლამდე სინან სარაჩი იყო ცნობილი საავტომობილი ფირმა ISUZU-ს სერვისისა და სათადარიგო ნაწილების დისტრიბუტორი. 2010 წლამდე კი ორგანიზაცია ASYA KATILIM BANKASI A.S.-ის აქციონერი. მრავალი წლის განმავლობაში ტრაპიზონის საგანმანათლებლო დაწესებულება Gulbahar Hatun Koleji-ის მმართველთა საბჭოს წევრი გახლდათ, ხოლო ბოლო სამი წლის განმავლობაში საგანმანათლებლო დაწესებულება ZAFER FEN Dershane-ის მმართველთა საბჭოს წევრი. ის იყო შავი ზღვის რეგიონის ბიზნესმენთა ასოციაციის (KARGIT) წევრი და ამავე ორგანიზაციის მმართველთა საბჭოს წევრი. ანუ ეს ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში თურქეთსა და საქართველოში ეწეოდა პატიოსან ბიზნესსაქმიანობას და საუნივერსიტეტო ცენტრის მმართველთა საბჭოს წევრი გახლდათ.

ბოლო პერიოდში მისი ბიზნესსაქმიანობა მხოლოდ საგანმათლებლო სფეროთი შემოიფარგლებოდა?

- ბოლო პერიოდში შემოიფარგლებოდა საგანმანათლებლო საქმიანობით, სტუდენტთა დაფინანსებით და სტუდენტთა მომზადებით ქვეყნის გარეთ და შიგნით. მას შემდეგ, რაც თურქეთში ე.წ. გადატრიალების მცდელობა მოხდა, გიულენის ორგანიზაციები შეიარაღებულ დაჯგუფებად გამოცხადდა. სინან სარაჩის ორგანიზაციაც, რომელიც, გარკვეულწილად, მომხრე იყო ფეთჰულა გიულენის იდეოლოგიის, გამოცხადდა შეიარაღებულ დაჯგუფებად, ხოლო მისი ყველა წევრი - შეიარაღებული დაჯგუფების წევრად და ტერორიზმთან დაკავშირებულ პირად. სინან სარაჩს თურქეთში დაუყადაღეს მთელი უძრავი ქონება, მისი დევნა დაიწყო. საქართველოში ჩამოსვლისას ის პატიოსანი ცხოვრების წესით ცხოვრობდა, შეიძინა უძრავი ქონება.

ანუ სინან სარაჩმა დევნის ასაცილებლად სწორედ საქართველოს შეაფარა თავი?

- საქართველოში მისი ჩამოსვლის ძირითადი მიზეზი ის იყო, რომ თურქეთში უკვე იწყებოდა მისი შევიწროება. ეს პროცესი 2016 წლის თებერვლიდან დაიწყო და ივლისში უკვე ის ფაქტიც მოხდა, რასაც გადატრიალებას უწოდებენ თურქეთში. ფაქტობრივად, უკვე შეუძლებელი იყო მისი იქ გაჩერება და მანაც დემოკრატიულად განვითარებულ ქვეყანას - საქართველოს მოაშურა, ჩამოიტანა ინვესტიცია, დააბანდა უძრავ ქონებაში, კერძო ბიზნესში და ჩამოიყვანა ოჯახი. ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ამ საფუძვლით საქართველოში შეეძლოთ დაეკავებინათ, თანაც იმ ფონზე, როცა არც ერთი ევროპული ქვეყანა აღნიშნული ბრალდებით  წარმოებაშიც არ ღებულობს ასეთ საქმეებს. ამას ადასტურებს, რომ სინან სარაჩი ინტერპოლითაც არ იძებნება, ინტერპოლის ბიურომაც არ მიიღო მისი ძებნის ბრძანება წარმოებაში. უფრო მეტიც, თურქეთის რესპუბლიკის არც ერთი მსგავსი მოქალაქის მიმართ, რომელთაც ბრალად აქვთ ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის შეკრებებზე სიარული და მისი იდეოლოგიის გატარება, დაკავებისა და ექსტრადირების პროცედურები არ ხორციელდება. ამიტომაც შემაშფოთებელია, რომ, ყველასგან განსხვავებით, ჩვენმა სახელმწიფომ ამას ყურადღება არ მიაქცია, პატიმრობა შეუფარდა თურქ ბიზნესმენს და უკვე მისი საექსტრადაციო პროცედურებიც დაიწყო.  

თუკი ჩვენი ხელისუფლება თურქეთის ხელისუფლების წინაშე კომპრომისზე წავა და დაკავებულ ბიზნესმენს თურქულ მხარეს გადასცემს, რა ელის ამ პიროვნებას?

- თუკი თურქეთის რესპუბლიკაში ამ ადამიანის ექსტრადირება მოხდება, როგორც მინიმუმ, იგი დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, არასათანადო სასჯელსა და შესაძლებელია, სიკვდილით დასჯასაც. მით უმეტეს, არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებებსა და დასკვნებში წერია, რომ ფეთჰულა გიულენის მომხრეების დაკავებისას არაადამიანურ მოპყრობას, წამების მეთოდს იყენებენ, მათ არასათანადო სასჯელს უფარდებენ. ეს ადამიანიც განწირული იქნება ამისთვის, რადგან პირდაპირ ბრალად სდებენ ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირს. საქმის მასალებს ვინც გაეცნობა, მიხვდება, რომ სიტუაცია ცინიკურია.

ორი მოწმე ამბობს, გიულენის მომხრეები იკრიბებოდნენ, ლოცულობდნენ და შემოწირულობებს აგროვებდნენ უცხოეთში მყოფი სტუდენტებისთვისო. ბრალდების შინაარსი არის ის, რომ სინან სარაჩი ეწეოდა საქველმოქმედო საქმიანობას. ასეთი ბრალდება  ყოველგვარ დემოკრატიულ ჩარჩოებს სცდება. 

სინან სარაჩი მხილებულია შეიარაღებული დაჯგუფების წევრობაში ისე, რომ  არ აღმოჩენილა იარაღი, რითაც შეეძლოთ ბრალის გამართლება?
- შეიარაღებული დაჯგუფების წევრობა გამოიხატება იმაში, რომ სასულიერო შეკრებებზე მონაწილეობას ღებულობდნენ, იკრიბებოდნენ და ლოცულობდნენ, თავიანთი სულიერი ლიდერის მოძღვრებას უსმენდნენ და შემოწირულობებს სწირავდნენ საზღვარგარეთ მყოფ სტუდენტებს. არანაირი თავდასხმა მათ არ განუხორციელებიათ. დღეს კი ეს ადამიანი ციხეში ზის.

როგორც თქვენ ამბობთ, სინან სარაჩს გაქცევის მცდელობა არ ჰქონია, ამიტომ მისი დაკავება აბსურდულად გეჩვენებათ. რით ასაბუთებთ, რომ მას არ შეეძლო სხვა ქვეყანაში გადასვლა?

- ადამიანი მშვიდ ვითარებაში, ჩვეულებრივ თავის სამუშაო გარემოში დააკავეს, არც წარსულში ყოფილა ნასამართლევი და არც გაქცევაზე უფიქრია. საქართველოში ცხოვრობს მისი ოჯახი, აქ აქვს უძრავი ქონება, ანუ ყველანაირი წინაპირობა არსებობდა, რომ სასამართლოს მისთვის შეეფარდებინა გირაო, გამოსულიყო გარეთ და დალოდებოდა შემდგომ პროცედურებს. არანაირი საჭიროება არ არის, 60 წლის ადამიანი სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდეს. მისი დაკავება სამართლებრივი ჩარჩოდან არის გამოსული. ამიტომაც ასე ხმამაღლა გამოვხატეთ ჩვენი პროტესტი.

როგორც ვიცი, დაკავებული გუშინ მოინახულეთ, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და რას ამბობს?

- ჯანმრთელობას რაც შეხება, მანამდეც მკურნალობის კურსი ჰქონდა დანიშნული თურქეთში (მაღალი წნევები, გულის მდგომარეობა). რისთვის არის დაკავებული, არ იცის. არც კი წარმოუდგენია, რა შეიძლება ელოდეს ამ „ბრალდებისთვის“ თურქეთში. იმედს იტოვებს, საქართველოს ხელისუფლება, მთავარი პროკურატურა მისი საქმის დეტალურად შესწავლის შემდეგ ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს და მისი გათავისუფლება მოხდება.

სხვათა შორის, პირველ ინსტანციაში ჩვენი შუამდგომლობა სავსებით დამაკმაყოფილებელი და მაღალი სტანდარტით იყო წარმოდგენილი. ცხადია, ადამიანს როცა  პატიმრობას უფარდებ, უნდა არსებობდეს კიდეც პატიმრობის გამოყენების აუცილებელი პირობა და საფრთხე, რომ იგი მიიმალება. მოსამართლემ დაასაბუთა, თითქოს ეს ადამიანი მიიმალება, რადგან საზღვარგარეთ აქვს კავშირები, კერძოდ, თურქეთში; ანუ მხოლოდ ერთი ქვეყანა, სადაც  კავშირები აქვს, თურქეთია და მიიმალებაო. სინამდვილეში, თურქეთი სინან სარაჩს ეძებს, ამ ადამიანს თურქეთში არ სურს წასვლა და როგორ შეიძლება, იმ ქვეყანაში გაიქცეს, რომელიც მის გადაცემას ითხოვს? ეს ხომ აბსურდია?! თურქეთს გარდა, ამ ადამიანს კავშირები არ აქვს. შესაბამისად, მიმალვის არანაირი წინაპირობა არ ჰქონია, მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოსთან, აქვს სამი უძრავი ქონება, ბიზნესი, ჰყავს ოჯახი, ანუ საქართველოს გარდა წასასვლელი არსად აქვს.

ხომ არ ნანობს, ევროპაში რომ არ გადავიდა, სადაც უფრო დაცული იქნებოდა მისი უფლებები?

- ევროპაში ფიზიკურად ვერ გადავიდოდა, რადგან ასე არ ხდება ევროპაში წასვლა. მას იმდენად მაღალი ნდობა ჰქონდა ჩვენი სახელმწიფოს მიმართ, რომ არ ელოდა, საქართველოში მისი უფლებები დაირღვეოდა. ამიტომაც ევროპაში წასვლას არ ცდილობდა. დღემდე ჩვენი ქვეყნის იმიჯი გაცილებით მაღალი იყო. იმედია, ეს იმიჯი შენარჩუნდება.

თუკი თქვენი სარჩელი არ დაკმაყოფილდება, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იქნება ბოლო სტადია?

- რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ქართული სახელმწიფო და სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, დასაშვებად იქნება ცნობილი ექსტრადაცია და დაიწყება საექსტრადაციო პროცედურები, ჩვენ შევეცდებით, ამ ექსტრადაციის შეჩერება მოხდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ.   როგორც მინიმუმ, ჩვენი პირველი მოთხოვნა იქნება ექსტრადაციის შეჩერება საკითხის შესწავლამდე.