მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობამ 7,5 მილიარდს გადააჭარბა და 7 500 397 000 შეადგინა. წლეულს 44, 5 მილიონი დაიბადა და 18,4 მილიონი გარდაიცვალა. გამოდის, რომ ჩვენს პლანეტაზე 65 მილიონით მეტი ადამიანი ცხოვრობს. აშშ-ის სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, მსოფლიოს ნახევარზე მეტი 30 წელზე ახალგაზრდაა.
ყველაზე ახალგაზრდა ერი და ქვეყანა ნიგერიაა, რომლის 189-მილიონიანი პოპულაციის ნახევარზე მეტი 15 წელზე პატარაა, ხოლო ყველაზე ხნიერი ქვეყანა მონაკოა, რომლის მოსახლეობის 50%-ზე მეტი 50 წელზე მეტი ხნისაა.
პოპულაციით კვლავაც ჩინეთი ლიდერობს, მილიარდ 385 მილიონი ადამიანით. მსოფლიოს მასშტაბით კი 744 მილიონი ადამიანი შიმშილობს.
რამდენად შეიცვლება სამომავლოდ მსოფლიოს დემოგრაფიული სურათი და ქრისტიანულ ქვეყნებთან მიმართებით როგორ დაწინაურდება მუსლიმანური პოპულაცია?! ამის შესახებ For.ge-ს დემოგრაფი ანზორ თოთაძე ესაუბრა.
მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობამ 7,5 მილიარდს გადააჭარბა. რა ბედი ელით ყველაზე ხნიერ ქვეყნებს ახალგაზრდა ერებთან მიმართებით?
- ზოგიერთი ქვეყანა არის ახალგაზრდა. სხვანაირად რომ ვთქვათ, მისი მოსახლეობა ახალგაზრდაა, ზოგიერთი ქვეყანა კი დაბერებულია. საერთოდ, მოსახლეობის დაბერება ხდება ორი გზით. ერთს ჰქვია ქვემოდან, მეორეს კი-ზემოდან დაბერება. ქვემოდან დაბერების დროს ძალიან ბევრი ბავშვი იბადება და მოსახლეობა ახალგაზრდავდება. ხოლო, როდესაც მთლიან მოსახლეობაში შობადობა დაბალია, ამ შემთხვევაში, იზრდება მაღალი ასაკის მოსახლეობის წილი და ასეთი მოსახლეობა დაბერებულად ითვლება.
ამ პრობლემის წინაშე ძირითადად განვითარებული ქვეყნები აღმოჩნდნენ, სადაც ბევრი შვილი ზედმეტი ტვირთია.
- ამას ხელს უწყობს ისიც, რომ განვითარებულ ქვეყნებში არა მარტო შობადობა მცირდება, არამედ იზრდება სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაც. ადამიანები უფრო დიდხანს ცოცხლობენ. თუ ადრე დასავლეთ ევროპაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 60-65 წელი იყო, ახლა უკვე 80 წელს მიაღწიეს. ამდენად, ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში, მათ შორის, ევროპაშიც მოქმედებს ორივე ფაქტორი, როგორც ქვემოდან, ასევე, ზემოდან დაბერება.
შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს დემოგრაფიული სურათი არა მარტო ჩინეთის სასარგებლოდ შეიცვლება, არამედ ნიგერიისა და აზიური ქვეყნების სასარგებლოდაც?
- ნიგერიასა და სხვა ქვეყნებში, სადაც ახალგაზრდობა ჭარბობს, ძალიან მაღალია შობადობის მაჩვენებელი. შობადობის მაჩვენებელია, თუ რამდენ ბავშვს ბადებს ერთი ქალი სიცოცხლის განმავლობაში. სომალისა და აფრიკის ქვეყნებში ყველა ქალი ბადებს 5-6 და 7 ბავშვსაც კი. მაშინ, როცა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ერთი ქალი საშუალოდ ბადებს 1,5 ან 1,8 ბავშვს, ანუ ორ ბავშვსაც ვერ ბადებს. როცა მოსახლეობა თანაბარი რაოდენობისაა, ანუ არც იზრდება და არც მცირდება, ერთმა ქალმა უნდა დაბადოს 2, 1 ბავშვი. ეს ციფრი არ გაუკვირდეს მკითხველს, ეს არის საშუალო მნიშვნელობა, რომელიც შემდეგნაირად იანგარიშება: როცა ერთ ქალს ჰყავს ორი ბავშვი, ხოლო მეორეს- სამი ბავშვი, მათ საშუალო რაოდენობა იქნება 2,5 ბავშვი. ახლანდელი თაობის რაოდენობა მომავალშიც რომ შენარჩუნდეს და მოსახლეობა არ შემცირდეს, ერთმა ქალმა უნდა დაბადოს საშუალოდ 2,1 ბავშვი. ხოლო, თუ დაბადებს უფრო მეტს, ამის შემდეგ მოსახლეობა გაიზრდება. დასავლეთ ევროპის თითქმის არც ერთ ქვეყანაში ერთი ქალი სიცოცხლის განმავლობაში არ ბადებს 2,1 ბავშვს და, ცხადია, ევროპაში მოსახლეობა მცირდება.
მოსახლეობის რაოდენობით დიდი ხანია ლიდერობს ჩინეთი და უკვე მილიარდ 400 ათასს მიაღწია. თავის დროზე ჩინელები არ შეაბრკოლა მეორე ბავშვის ყოლის აკრძალვამაც. თუმცა ახლა მათ მეორე შვილის გაჩენის უფლება დართეს. ექსპერტები ამბობენ, რომ მომავალი ჩინეთისაა. მართლაც ასეა?
- ამდენ ხანს ჩინეთის პოლიტიკა იყო ერთბავშვიანი ოჯახი. ჩინეთში, ისევე, როგორც მეზობელ იაპონიაში, კორეაში და, საერთოდ, მთელ მსოფლიოში ტრადიციაა, რომ ვაჟი ყოველთვის ოჯახში რჩება და მშობლებიც მასთან არიან. ხოლო, როდესაც ჩინეთში გოგო დაიბადებოდა, გათხოვების შემდეგ ის მიდიოდა ქმრის ოჯახში, მშობლები მარტონი რჩებოდნენ და მოხუცებულობის დროს მომვლელი და წყლის მიმწოდებელი არავინ ჰყავდათ. ამიტომ ჩინელებმა გამოსავალს მიაგნეს, დაბადებულ გოგონას გადააგდებდნენ ხოლმე ქუჩაში, რადგან უცდიდნენ ვაჟის დაბადებას. თუმცა თითქმის ორი წელია, ჩინეთში უკვე დაუშვეს ორბავშვიანი ოჯახები. თუ ორ ბავშვზე მეტი ეყოლათ, მთელი რიგი შეზღუდვებია, სამუშაოზე ნაკლებად ეწყობიან, ასეთ ოჯახებს არ ეხმარებიან, მიწებს არ აძლევენ. მოგეხსენებათ, ჩინეთი ძალიან დიდია და ორბავშვიანობის დაშვებამ ჩინელების უფრო მეტად გამრავლება გამოიწვია. საერთოდ, პროგნოზი ასეთია, რომ 2050 წლისთვის, შეიძლება, უფრო ადრეც, ჩინეთს გადაასწრებს ინდოეთი და მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდება მოსახლეობის რაოდენობის მხრივ. ეს ნიშნავს, რომ ყველაზე მეტი ადამიანი იცხოვრებს ინდოეთში.
რაც შეეხება აფრიკას, აქ მთელი რიგი ძვრებია. აფრიკიდან მიგრაცია დაიწყო იმის გამო, რომ მათი ეკონომიკა დაბალ დონეზეა, მოსახლეობის დიდი ნაწილი, მათ შორის, ბავშვები შიმშილობენ. მათ ახასიათებთ ეკოლოგიური მიგრაციაც და თანდათან მიდიან სხვა ქვეყნებში. უპირველესად მიაშურებენ ევროპას. აფრიკის მოსახლეობა ძალიან სწრაფად იზრდება. თუ ახლა თითქმის მილიარდს მიაღწია, საუკუნის ბოლოს უკვე სამი მილიარდი იცხოვრებს აფრიკაში. ასე რომ, ძალიან სწრაფად იზრდება მსოფლიოს მოსახლეობა და ამ ფონზე საქართველოს მოსახლეობის შემცირება საგანგაშოა.
ჩვენ ძალიან ცოტანი ვართ, მსოფლიოს თავი რომ დავანებოთ, თვითონ ამ არეალში ჩვენი მეზობლების რიცხვი ძალიან იზრდება. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-70-იან წლებში დასავლეთ ევროპაში აღნიშნავდნენ, რომ მოსახლეობის რიცხვის სტაბილიზაცია, ხოლო შემდეგ მისი შემცირება იქნებოდა ყველაზე დიდი განძი საერთო მშვიდობისა და აღმავლობის საქმეში. ბევრი მეცნიერი შიშით უყურებს მოსახლეობის გამრავლებას, რადგან უზომოდ გამრავლებულ ადამიანებს სჭირდებათ საკუთარი წილი ჰაერი, მიწა, საკვები. ამდენი შესაძლებლობა უკვე აღარ არის. ვარაუდობენ, რომ ამ საუკუნის შუა წლებში მსოფლიოს მოსახლეობა 9 მილიარდი იქნება.
თუ გავითვალისწინებთ, რომ სულ რაღაც ხუთ წელიწადში ნახევარი მილიარდით მოიმატა მსოფლიო მოსახლეობამ, ასე თუ გაგრძელდა, 9 მილიარდს კი არა, 10 მილიარდსაც გადააჭარბებს. თქვენ მკითხეთ, სამომავლოდ მსოფლიოს დემოგრაფიული სურათი შეიცვლება თუ არა ჩინელების, ინდოელებისა და ნიგერიელების სასარგებლოდ? ვინ იქნება დედამიწაზე მცხოვრებთა უმეტესობა, ამის თქმა ძალიან ძნელია. თუმცა აშკარაა, მოსახლეობის გამრავლების მხრივ პირველი ვიოლონო უჭირავთ აზია-აფრიკის ქვეყნებს. ამან შეიძლება მოკლე ხანში შეცვალოს დემოგრაფიული სურათი. პარალელურად უკან დაიხევს ევროპის განათლების დონეც, რადგან სწორედ განათლებულ ქვეყნებში საცხოვრებლად მიეშურებიან ძალზე დაბალი განათლების მქონე ადამიანები. ეს რელიგიებს შორის, ცხოვრების წესებს შორის დაპირისპირებას იწვევს.
სულ სხვა ცხოვრების წესებია აფრიკაში და სულ სხვაა ევროპაში. როცა ისინი ერთმანეთს ეჯახება, შეიძლება, ერთმანეთი დაანგრიონ.