„თვითონ რუსეთსაც აღარ სჭირდება დე ფაქტო რესპუბლიკების აღიარებები“

„თვითონ რუსეთსაც აღარ სჭირდება დე ფაქტო რესპუბლიკების აღიარებები“

აშშ არ დაეხმარება იმ ქვეყნებს, რომლებიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებენ. შტატების წარმომადგენელთა პალატამ სპეცსამსახურებისთვის 2017 წლის ბიუჯეტთან ერთად საკანონმდებლო აქტი დაამტკიცა, რომელიც კრემლის ფარული გავლენის შემცირებას ითვალისწინებს, როგორც შტატებში, ისე ევროპაში.

ამ კანონის ერთ-ერთი თავი უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ზომების მიღებასაც ითვალისწინებს.

კერძოდ, საკანონმდებლო აქტის თანახმად, აშშ-ის ადმინისტრაციას ეკრძალება რაიმე სახის დახმარების გაწევა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობას აღიარებენ.

ამავდროულად, პენტაგონის ბიუჯეტის თანხები არ შეიძლება დაიხარჯოს ისეთ ქმედებაზე, რაც ხელს შეუწყობს რუსეთის მხრიდან ყირიმის ანექსიის მხარდაჭერას.

გვაძლევს თუ არა გულდამშვიდების საბაბს ის ფაქტი, რომ აშშ არ დაეხმარება იმ ქვეყნებს, რომლებიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებენ?!

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბრისას აშშ-ის აღნიშნულ აქტს კურიოზულს უწოდებს, რადგან ჩნდება მარტივი კითხვა, როდის ეხმარებოდა ამერიკა ამ ქვეყნებს?! განა ამერიკა ოდესმე ჰუგო ჩავესსა და დანიელ ორტეგას ეხმარებოდა? ნაურუზე არც არის ლაპარაკი, რომელმაც ისევ წაიღო თავისი აღიარება უკან. მთლიანობაში, ამერიკა არც კუბას, არც ნიკარაგუას, არც ვენესუელას გვერდში არ ედგა, პირიქით, ნიკარაგუასა და ვენესუელაში ამერიკელები ეხმარებოდნენ ორივე ქვეყნის ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს.

ამდენად, ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ, როგორც ჩანს, ამერიკელთა ეს განცხადება გათვლილია იმ ქვეყნებზე, რომლებიც სამომავლოდ დააპირებენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის ცნობას. ბუნებრივია, ვინც მათ მხარს დაუჭერს, ამერიკის დახმარების გარანტია არ უნდა ჰქონდეთ.

თუმცა, ექსპერტის მოსაზრებით, ამერიკაზე რომ არაფერი ვთქვათ, თვითონ რუსეთსაც აღარ სჭირდება ეს აღიარებები. რუსეთს ამის სურვილი რომ ჰქონდეს, ამ პროცესს არანაკლებ წარმატებით დაძრავდა, როგორც ეს ამერიკელებმა და ბრიტანერლებმა გააკეთეს კოსოვოსთან მიმართებით.

„ყოველ შემთხვევაში, თავისი გეოპოლიტიკური ორბიტიდან გამომდინარე, რუსეთი 15-20 ქვეყანას თავისუფლად შეკრებდა და აღიარებინებდა დე ფაქტო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას. დღევანდელი რუსეთი ის რუსეთი აღარ არის, რაც იყო ელცინისა და მის მერე, ოლიგარქიული რესპუბლიკების მმართველობის პერიოდში. პუტინმა შეძლო ქვეყნის მოდერნიზაცია. ავტორიტარული მმართველობა გაამკაცრა და ამის ხარჯზე რუსეთი გადააქცია საშიშ სუპერსახელმწიფოდ, რომელსაც თავისი გავლენები ყველა კონტინენტზე გააჩნია. რუსეთი უკვე ლათინური ამერიკის მიმართულებასაც ეპოტინება და იქაც უქმნის პრობლემებს ამერიკელებს. ბალტიის სახელმწიფოები მისგან მუდმივ თავდასხმას ელიან.

წარმოიდგინეთ, ელცინის მმართველობის პერიოდში ვინმეს რომ ეთქვა, რუსეთი თავს დაესხმება ბალტიის სახელმწიფოებსო, ალბათ, ფოთის ფსიქიატრიულში გააგზავნიდნენ, მაგრამ ახლა ეს არავის გაუკვირდება. რუსეთს სულ სხვა გეოპოლიტიკური თამაშის წესები და კომბინაციები აქვს. თორემ აფზხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ეხვეწება, შეიყვანოს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში და კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრად აქციოს, მაგრამ რუსეთი ამასაც აფერხებს. არ უნდა და იმიტომ. რაც შეეხება ამერიკელების განცხადებას, რომ აშშ არ დაეხმარება იმ ქვეყნებს, რომლებიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებენ, ამერიკელებს ასეთი კურიოზული გადაწყვეტილებები სჩვევიათ. ამით ისინი ძველ რომაელებს ემსგავსებიან. რომშიც სულელურ და უცნაურ კანონებს ღებულობდნენ. ლევან სანიკიძეს მშვენივრად უთქვამს, რომაელები იყვნენ ძლიერები, მაგრამ საკმაოდ ხისთავიანები. მათ არ ჰქონდათ ჭკუაში ერთი-ორი ღარი, რომელიც გაზრდიდა მათი მანევრირების საშულებას“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.

ამ ნიშნით ევროპელები (ბრიტანელები, გერმანელები, ფრანგები) გაცილებით უფრო ძლიერები არიან, მაგრამ მათ იმდენი რესურსები არ გააჩნიათ, რაც ამერიკელებს. უფრო მეტიც, ამერიკამ ომი რომ დაუწყო იაპონიას, იაპონელებმა ისე იმარჯვეს, რომ 1944 წლამდე ამერიკა ხმალსაც ვერ იქნევდა. ამის მერე მოვიდა ამერიკა აზრზე და გაყოყოჩდა.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ თვითონ მოსკოვსაც არ ადარდებს დე ფაქტო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი. ამდენად, ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, აშშ დაეხმარება თუ არა იმ ქვეყნებს, რომლებიც ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებს აღიარებენ.

„ერთი პერიოდი, მოსკოვმა იყიდა ოთხი კუნძულის მთავრობა, რომლებმაც აფხაზეთისა და ცხინვალის „დამოუკიდებლობა“ აღიარეს. სხვათა შორის, ერთ-ერთი კუნძული გამუდმებით იძირება ოკეანეში. მას მერე პუტინს აღარც ახსოვს ამ კუნძულების არსებობა. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, რომ ტრამპი ამ კუნძულებს დაეხმარება თუ არა. რა, ტრამპი რომ არ დაეხმარება, ამიტომ აფხაზები ჩვენსკენ გამოიქცევიან? მთელს მსოფლიოში არის არაღიარების პოლიტიკა და ეს მხოლოდ აფხაზეთს არ ეხება. მაშინ ჯაჭვური რეაქციით ყირიმიც უნდა აღიარონ.

5-6 წლის წინ ძირითადად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი ეკერა ყველას პირზე, დღეს კი ყველას ყირიმი აკერია. აღარც ახსოვთ აფხაზეთი და სამაჩაბლო. არ ვიცი, ამ მუქთახორა შერიგების სამინისტროს რისთვის ვინახავთ?! ყოველწიური ანგარიში თუ აქვს ამ სამინისტროს? ერთი სანტიმეტრით თუ წავიწიეთ წინ, თუ მავთულხლართები ლამისაა სოლოლაკამდე ჩამოიტანონ?! დასეირნობენ ევროპაში და რაც მიაქვთ, უკანვე მოაქვთ. მე არ ვიცი, რა სტრატეგია გვაქვს ამ ტერიტორიების დაბრუნების თვალსაზრისით. ის, რომ აფხაზებს და ოსებს ოპერაციებს ვუკეთებთ, მერე ჩადიან და ჩვენსკენ გამოხედვაც არ უნდათ, არ არის საკმარისი. იმ დროს, როცა რუსეთის „ხათრით“ კუნძულებმა დე ფაქტო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარეს, მაშინ პირველი ტალღა იყო და რუსეთმა არ იცოდა, სად წაეღო ფული. ნავთობის ფასი 160$-ზე იყო ავარდნილი და ნაურუსნაირების ყიდვას რა უნდოდა? სულ რაღაც 5-10-15 მილიონი დოლარი, ძვირი არ ღირდა. მაგდენს რუსი ოლიგარქები სან-მარინოს კაზინოში აგებენ ერთ საღამოს“,-აღნიშნა სოსო ცინცაძემ, რომლის თქმითაც, ყველაზე დიდი საერთაშორისო ნორმების დარღვევა ანექსიაა, რაც ყირიმთან მიმართებით გააკეთა რუსეთმა.

თუმცა რუსეთს ოფიციალურად ფორმალურად არ მიუერთებია არც ცხინვალი, არც სოხუმი. პირდაპირ რომ ვთქვათ, ცხინვალს არ აძლევს საშუალებას, რეფერენდუმი ჩაატაროს. ოსები რამდენჯერაც გადაწყვეტენ რეფერენდუმის საკითხს, იმდენჯერ სურკოვი ჩადის ცხინვალში და ამის შემდეგ რეფერენდუმის იდეა კვდება. თუმცა რუსეთმა ყირიმი მიითვისა. ყირიმი იგივე სევასტოპოლია, ეს არის შავ ზღვაზე უძლიერესი სამხედრო ბაზა, სადაც ნატოს დაინტერესებაა, ამერიკის დაინტერესებაა, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების დაინტერესებაა.