დედაქალაქისთვის უმძიმეს გამოწვევად რჩება ნაგვის ბუნკერებთან მოფუსფუსე ხალხის, ე.წ. ბომჟების საკითხი. რაც არ უნდა ბედნიერებით ბრწყინავდეს ადამიანი, ამ ღარიბი ხალხის შემხედვარე მაინც მოუწევს დედამიწაზე დაბრუნება და სხვის გაჭირვებაზე დაფიქრება. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, არც ისე მარტივადაა საქმე და ბუნკერებს მხოლოდ ერთეულები თუ მიაკითხავენ საჭმლის ამოსაღებად და საკუთარი თავისა თუ ძაღლების ან კატების გამოსაკვებად. ამ ადამიანთა დიდი ნაწილი აქ ბოთლებს, რკინებს, შუშებს, მაკულატურას დაეძებს, რათა ეს ნივთები კონკრეტულ პუნქტებში ჩააბაროს და მიზერული ანაზღაურება მიიღოს. ხოლო, სად ხვდება ეს ბოთლები ბუნკერებიდან, ეს ადვილი მისახვედრია.
საქართველოს ეკოლოგიური აკადემიის წევრი, პროფესორი თემურ ვეკუა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ბუნკერებთან სპეციალური დანიშნულების ხალხი დგას, რომელთაც ნაგვიდან „ღირებული“ რამ ამოაქვთ. ეს არის ბოთლები, მეტალი, ქაღალდი, მაკულატურა, შუშა, პლასტმასები, ყველაფერი, რაც შეიძლება ჩაბარებულ იქნას. ამიტომ ირონიულად რომ ვთქვათ, ჩვენი ნაგავი გაღარიბებულია. აქ რომ ჩამოვიდეს ინვესტორი და ნაგვის გადასამუშავებელი საწარმო გახსნას, მისი გადამუშავების შედეგად არავითარ მოგებას არ მიიღებს, რადგან ეს ნაგავი უკვე გადარჩეულია. ამდენად, ინვესტორი სარგებელს ვერ მიიღებს და ამ საქმეს არ დასთანხმდება.
„დამიჯერეთ, საჭმელს იქ არავინ ეძებს. ეს ადრე იყო. ნაგავში ქართველი საჭმელს არ ეძებს, ყველა უბანს და ყველა ბუნკერს ჰყავს თავისი „პატრონი“. მივლია დილით და დავკვირვებივარ, ეს ლუმპენი ხალხი ბოთლებს, რკინას აგროვებს და შემდეგ აბარებს. სანამ ნაგვის მანქანა მოვა, იქაურობა უკვე გამოშიგნულია. გადაყრილ ერთ ბოთლს 5 თეთრად აბარებენ, მერე ჩაასხამენ იმაში ლუდს ან ლიმონათს და გვალევინებენ.
დემოგრაფი ანზორ თოთაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ადამიანების ბუნკერებთან დანახვის ფაქტები მძიმე სანახავია, მაგრამ თვით განვითარებულ ქვეყნებშიც არის ასეთი შემთხვევები.
„მართალი გითხრათ, წესიერი, ინტელიგენტი ხალხიც მინახავს ასეთ მძიმე მდგომარეობაში. თავის დროზე კარგი ხელფასი ჰქონდათ, მაგრამ 90-იან წლებში ისე გაუჭირდათ, რომ სამუშაო ვერ იშოვეს და ბუნკერში უძებნიათ საჭმელი, თან აქეთ-იქით იხედებოდნენ, ნაცნობს არ დაენახა. ისიც გამიგია, ბაზარში გაუვლიათ და გამყიდველისთვის უთხოვიათ, დოცენტი ვარ და ერთ სტაფილოს ავიღებო. თუმცა ახლა საჭმელს თითქმის აღარ ეძებენ, ბოლო წლებში ბომჟები თუ მივლენ ბუნკერებთან, რადგან ბევრი ისეთი რამ არის გადაყრილი, რაც სხვისთვის გამოსადეგია. მათ შორის, ჩასაცმელი, ფეხსაცმელი.
ახლა ფეხსაცმელი თითქმის აღარ მიაქვთ მეწაღესთან გასაახლებლად. ხშირად მინახავს, ბუნკერზე ჩამოუკიდიათ ფეხსაცმელი, ტანსაცმელი. ცხადია, ამას არავინ დატოვებს და ბოთლებსაც გააყოლებენ ხოლმე. ძალზე ცუდია, რომ ასეთ არაჰიგიენურ პირობებში შეგროვილი ბოთლები ჯერ ჩაბარების პუნქტებში ხვდება, მერე სუფრაზე. არავინ იცის, კარგად რეცხავენ თუ არა ამ ბოთლებს. პლასტმასის ბოთლებსაც აგროვებენ, მაგრამ ასე დაბინძურებულ პლასტმასს იმდენი რეცხვა სჭირდება, რომ სჯობს, ასეთი ჩაბარების პუნქტები საერთოდ გაუქმდეს. სპეციალური სამსახური უნდა არსებობდეს, რომელიც გააკონტროლებს, ეს ბოთლები სად მიაქვთ და როგორ ირეცხება“,-აცხადებს ანზორ თოთაძე.
მისივე თქმით, ძალიან ძნელია ამ პრობლემის გადაწყვეტა. სიღარიბის ფონზე ადამიანს ვერ ეტყვი, არ ჩაიხედოს ბუნკერში და იქ ნაპოვნი გადაგდებული კოვზი თუ ჭიქა არ გამოიყენოს. თუმცა შესაძლოა, დავფიქრდეთ, მთლიანობაში, გვიღირს თუ არა საგნების მეორადი გამოყენება? მით უმეტეს, არავინ იცის, ვის ეცვა მეორადი ტანსაცმელი, რა ავადმყოფობა ჰქონდა მას. სულ უბრალოდ, როცა ადამიანს კანის დაავადება აქვს და წამალს უნიშნავენ, ექიმები ურჩევენ, საკუთარი ტრუსიც კი ყოველდღიურად გამოხარშოს, გააუთოვოს და ისე ჩაიცვას. ამ დროს კი, ჩვენში მეორადი ტრუსებიც იყიდება. მეორად ტანსაცმელს ვინ გამოხარშავს?! ეს ყველაფერი ჩვენი სიღარიბის ბრალია.