„აპელირება - როგორ შეიძლება ასლან აბაშიძის დაცვა, სამართლებრივი უვიცობაა და მეტი არაფერი“

„აპელირება - როგორ შეიძლება ასლან აბაშიძის დაცვა, სამართლებრივი უვიცობაა და მეტი არაფერი“

გავრცელებული ინფორმაცია, რომ შესაძლოა, საქართველოში აჭარის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ჩამოვიდეს, არ დასტურდება. ასლან აბაშიძეს დაახლოებით 20-მდე ბრალი ჰქონდა წაყენებული. თუმცა, ბათუმის საქალაქო სასამართლოში 7 ბრალი მოეხსნა. ერთ-ერთი გახმაურებული საქმე, რაზეც აბაშიძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ნოდარ იმნაძის მკვლელობის საქმეა.

პროკურატურა აბაშიძეს განზრახ მკვლელობას ედავებოდა, მაგრამ სასამართლომ ჩათვალა, რომ ეს იყო არა განზრახ მკვლელობა, არამედ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში გადაცილება. შესაბამისად, აბაშიძეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა ამნისტიის შედეგად 9 თვე მოაკლდა, საერთო ჯამში 2 წელი და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

სასამართლოს გადაწყვეტილება პროკურატურამ გაასაჩივრა, ხოლო დაცვის მხარე ამ ნაწილში ბრალის მოხსნას და აბაშიძის უდანაშაულოდ გამოცხადებას ითხოვს. სასამართლოში აჭარის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის ინტერესებს ადვოკატები - გელა ნიკოლაშვილი და გია ტაბლიაშვილი იცავენ, რის გამოც ნიკოლაიშვილმა საზოგადოების მხრიდან კრიტიკა დაიმსახურა.

for.ge გელა ნიკოლაიშვილს ესაუბრა.

გავრცელებული ინფორმაციით ასლან აბაშიძე საქართველოში ბრუნდება. მისი საქართველოში დაბრუნების პროცედურა დაწყებულია?

გელა ნიკოლაშვილი: ასლან აბაშიძესთან პირადი კონტაქტი არც მე და არც ჩემს კოლეგას გია ტაბლიაშვილს არ გვქონია.

თუკი კონტაქტი არ გქონდათ, მაშინ როგორ იცავთ მის ინტერესებს სასამართლოზე?

- შეხვედრა გვქონდა მის წარმოამდგენლებთან. ორი თვის წინ გვთხოვეს, ჩავსულვიყავით ქუთაისში სააპელაციო სასამართლოში, სადაც გასაჩივრებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენი და ამ განაჩენის მიხედვით მას შეფარდებული აქვს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამ განაჩენის გამოცხადების დროს ბათუმშიც და შემდეგ სააპელაციო სასამართლოშიც მისი ადვოკატები იყვნენ შალვა შავგულიძე და ლევან სამუშია, რომლებიც პოლიტიკაში წასვლის გამო აღარ არიან ადვოკატები.

რაც შეეხება სასამართლო პროცესზე მისი ინტერესების დაცვას, საქმის მასალების შესწავლის შემდეგ, მე და ჩემმა კოლეგამ გადავწყვიტეთ, რომ დავიცვათ მისი ინტერესები. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ჩატარდა პირველი სხდომა, ჩატარდება მეორე სხდომა და ალბათ, კიდევ საჭირო იქნება ერთი, ან ორი სხდომა. რაც შეეხება ჩამოსვლას, რა თქმა უნდა, მე არანაირი ინფორმაცია ამის შესახებ არ მაქვს, მაგრამ რამდენადაც ვიცი, არ აპირებს ჩამოსვლას. მისი წარმომადგენლების საშუალებით აპირებს სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას.

რაც შეეხება დეტალებს, თქვენ რატომ დათანხმდით საქმეში ჩართვას?

- როცა შევისწავლეთ საქმის მასალები, აღმოჩნდა, რომ დაახლოებით 20-მდე ბრალი ჰქონდა წაყენებული, აქიდან 7 ბრალი მოეხსნა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, როგორც ზედმეტად წარდგენილი. დარჩა რამდენიმე ბრალი რამდენიმე ეპიზოდზე, ერთ-ერთი ეპიზოდია ნოდარ იმნაძის მკვლელობა. პროკურატურის მიერ წარდგენილი ჰქონდა განზრახ მკვლელობის მუხლით, სასამართლომ ჩათვალა, რომ ეს იყო არა განზრახ მკვლელობა, არამედ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში გადაცილება, ამიტომ შეუცვალა მუხლი და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ამნისტიის შედეგად 9 თვე მოაკლდა და დარჩა 2 წელი და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა პროკურატურამ, მოითხოვენ მუხლის გადაკვალიფიცირებას და ისევ განზრახ მკვლელობით მსჯავრის დადებას. ხოლო დაცვის მხარე მოითხოვს, რომ ამ ნაწილში საერთოდ მოეხსნას ბრალი და გამოცხდდეს უდანაშაულოდ, ვინაიდან აუცილებელი მოგერიების ფარგლები იყო სწორედ, როდესაც ეს მკვლელობა მოხდა და არა ამ ფარგლების გადაცილება.

აბაშიძის საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში მის წინააღმდეგ სამართლებრივი ზომები არ განხორციელდება?

- რა თქმა უნდა, განხორციელდება იმიტომ, რომ დღეს-დღეობით მას შეფარდებული აქვს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი არის ძებნაში და რადგან ძებნაშია, როგორც კი გამოჩნდება, დააკავებენ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ალბათ, ჩამოსვლას არც აპირებს, სანამ არ გადაწყდება სამათლებრივი პროცედურები და არ მოეხსება ბრალი. ახლა მიმდინარეობს ეს სამართლებრივი პროცედურა.

იმიტომ, რომ აბაშიძის საქმეში ჩართულიყავით როგორც ადვოკატი, საზოგადოების მხრიდან კრიტიკა დაიმსახურეთ. საქმის გაცნობის შემდეგ დარწმუნდით, რომ აბაშიძის მიმართ ბარლდებები პოლიტიკურად იყო მოტივირებული?

- როგორც ექიმს არ აქვს უფლება, რომ პაციენტს ოპერაცია პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე არ გაუკეთოს, ასევეა ადვოკატი, არ არჩევს ვინ უნდა დაიცვას და ვინ არა. თუმცა, ექიმისგან განსხვავებით, ადვოკატს შეუძლია თქვას, რომ მე ამ ადამიანს არ დავიცავ. როდესაც ჩვენ გავეცანით საქმის მასალებს, წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით რამდენად არის საბრძოლო, რამდენად არის გადასახედი წაყენებული ბრალდება, ამ ყველაფერმა მოგვცა იმის საშუალება, რომ ჩავრთულვიყავით ამ საქმეში და გვეთქვა, რომ აქ არის ადვოკატისთვის ხელჩასაჭიდი ძალიან ბევრი მომენტი, რომლითაც შეიძლება საქმე იქნას მოგებული, ან მუხლების რაღაცა ნაწილი შემსუბუქებული, ან გაუქმებული.

ეს რომ ყოფილიყო უპერსპექტივო საქმე, სამართლებრივად არანაირი ხელჩასაჭიდი არ ყოფილიყო, ბუნებრივია, რომ არ დავიცავდით. ამ შემთვევაში, როდესაც აპელირებას აკეთებენ ამაზე, როგორ შეიძლება ასლან აბაშიძის დაცვა, ელემენტარულად სამართლებრივი უვიცობაა და მეტი არაფერი.

რაც შეეხება იმას, არის თუ არა პოლიტიკური მოტივები, რა თქმა უნდა, აბაშიძე პოლიტიკოსი იყო და ბუნებრივია, რომ რაღაცა ნაწილში არის პოლიტიკური მოტივები, რაღაცა ნაწილში სამართლებრივი. ეს ყველაფერი გადახლართულია და სწორედ ეს გადახლართული კვანძი უნდა გაიხსნას სასამართლოში, სადაც უნდა დადგინდეს კონკრეტული სიმართლე. დღეს-დღეობოთ მიმდინარეობს ჩვეულებრივი სამართლებრივი პროცედურა.

ეროვნული მოძრაობის პატრიარქი გელა ნიკოლაიშვილი გადაიბირეს ასლანის ფულებით“, რატომ დაიმსახურეთ ასეთი კრიტიკა საზოგადოებისგან?

- მე მგონია, რომ ეს ცოტა გადაჭარბებულია. საზოგადოების მხრიდან არავისგან მე კრიტიკა არ გამიგონია, უბრალოდ, ვიღაცა ერთმა ტვინგაცხელებულმა რაღაცა თქვა, ყველას თავისი აზრი აქვს. ძალიან ჩვეულებრივი ამბავია, არანაირი რაღაცა განსაკუთრებული არ ხდება. კიდევ ვიმორებ, რომ თუ ადვოკატს სამართლებრივი მდგომარება აძლევს ამის საშუალებას, დღეს ერთს დაიცავს, ხვალ მეორეს. ეს არის წმინდა პროფესიული საქმიანობა. აქ არც პოლიტიკაა არაფერ შუაში, არც ეროვნული მოძრაობა და არც სხვა რამ.

აქ არის ბრძოლა სამართლიანობის დადგენისათვის, ჩვეულებრივი ცივილიზებული სამართლებრივი მეთოდებით. ვფიქრობ, ძალიან ზედმეტად გაბუქებული იქნება იმის თქმა, რომ რაღაცის გამო ხდება დაცვა, მე ასე არ ვთვლი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ერთი და ორი ადამიანი თუ რამეს იტყვის, ეს ჩვეულებრივი ნორმალური ვითრებაა, რადგან ყველას აქვს თავისი აზრის გამოთქმის საშუალება.

მაგრამ ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებისთვის მიუღებელია ასლან აბაშიძე?

- რა თქმა უნდა, ვიღაცისთვის მიუღებელია, ვიღაცისთვის მისაღებია. აბსოლუტურად მიუღებელი და მისაღები ადამიანი არ არსებობს, მით უმეტეს ცნობადი სახე. აქედან გამომდინარე, ეს არის ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა. ჩემს პროფესიაში დარწმუნებული ვარ, ძალიან სწორად და სამართლიანად ვმოქმედებ.