„კედელზე მიყენებული ტერორისტები ევროპაზე ზეწოლას აძლიერებენ“

„კედელზე მიყენებული ტერორისტები ევროპაზე ზეწოლას აძლიერებენ“

სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ერაყის საზღვართან ახლოს, დვნილთა ბანაკზე ISIS-ის ტერორისტების თავდასხმას 30 მშვიდობიანი მოქალაქე და ოპოზიის მებრძოლი შეეწირა. ბანაკში, სულ მცირე, ხუთმა თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი. ტერორისტული ორგანიზაცია, რომელმაც პროპაგანდის ტაქტიკა შეცვლა და ცდილობს ისლამისტური უტოპიიდან უფრო საომარ იდეოლოგიაზე გადაერთოს, ევროპას ახალი ტერაქტებით ემუქრება.

ევროპა მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ გააფრთხილა ამერიკამ. სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს, 2017 წლის პირველი სექტემბრის ჩათვლით, ევროპის მასშტაბით მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმების შესახებ აფრთხილებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო ცნობილი მოვლენები რუსეთში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთში მიანიშნებს, რომ „ისლამური სახელმწიფო“, „ალ-ქაიდა“ და მათთან დაკავშირებულ ტერორისტულ დაჯგუფებებს აქვთ შესაძლებლობა, დაგეგმონ და განახორციელონ ტერორისტული თავდასხმები ევროპაში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში რამდენიმე ქვეყანაში განხორციელდა ტერორისტული თავდასხმა, მათ შორის რუსეთში და დიდ ბრიტანეთში, რასაც რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა.

ანალიტიკური საბჭოს მკვლევარის ზურაბ აგლაძის განცხადებით, მოსალოდნელი იყო, რომ სირიის ტერიტორაზე „ისლამური სახელმწიფოს“ დაღმასვლა ავტომატურად გამოიწვევდა მათ გაფანტვას ევროპის ქვეყნებში.

„ვსაუბრობდით, რომ ფრაგმენტაცია მოხდებოდა. ანუ, რაც უფრო გაიზრდებოდა დაწოლა სირიაში, მით უფრო მეტი აქტივობები ექნებოდათ ქვეყნის გარეთ. ასეც მოხდა, იძულებული არიან თავისი რესურსები გადაისროლონ სადღაც. ესეც ჩვეულებრივი მოვლენაა, ალბათ, ამაში განსაკუთრებული არაფერია.

პარაქტიკულად მოსული დაკარგეს, უტევენ რაკას და „ისლამური სახელმწიფოს“ როგორც ტერიტორიული ერთეული, ალბათ, ბოლოში გადის და საკმაოდ მალე დაკარგავენ გავლენას სირიისა და ერაყის ტერიტორაზე. ეს ადამიანები სადღაც უნდა წავიდნენ, ამიტომ შეეცდებიან, რომ ევროპის შუაგულში მოახდინონ ტერორისტული აქტები“, - აცხადებს ზურაბ აგლაძე.

როგორც მკვლევარი აცხადებს, პრობლემა - ტერორიზმი არ გამქრალა, რაც უფრო მეტი დაწოლა იქნება „ისლამურ სახელმწიფოზე“ სირიაში და ერაყში, მით უფრო გააქტიურდებიან ევროპაში.

„ამ თვალსაზრისით ამერიკა გაცილებით დაცულია, ვიდრე ევროპა. რამდენად შეძლებს ევროპა აღკვეთოს ტერორისტული აქტები, ძალიან რთულია განსაზღვრა, რადგან ტერორისტები იმდენად პრიმიტიულ საშუალებებს იყენებენ. მაგალითად, ვნახეთ, რომ გამოიყენეს სატვირთო მანქანა, რასაც 100-ზე მეტი ადამიანი ემსახვერპლა. თუმცა ვფიქრობ, რომ ამ ეტაპამდე ევროპის სამსახურები, რა თქმა უნდა, სრულად არა, მაგრამ მეტ-ნაკლებად უმკლავდებიან ამ პრობლემას.

ერთადერთი რაც აკლია ევროპის სამსახურებს, ეს არის მეტი კოორდინაცია. იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც ერთი ქვეყნის სპეცსამსახურმა გადასცა მეორე ქვეყნის სპეცსამსახურებს ტერორიზმში ეჭვმიტანილი ადამიანები და არასაკმარისი მტკიცებულების გამო გაანთავისუფლეს. ამ თვალსაზრისით საკმაოდ ლიბერალური მიდგომები აქვთ ევროპაში, ვიდრე ამერიკაში.

შესაძლებელია კანონი გაამკაცრონ და უფრო მეტი მოქმედების საშუალება ჰქონდეთ სპეცსამსახურებს. თუმცა, კანონის გამკაცრება არ უნდა გამოიხატოს მუსლიმი მოსახლეობის უფლებების დარღვევაში, ეს ცოტა რთული, მაგრამ ვფიქრობ, შესაძლებელი იქნება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზურაბ აგლაძემ.

„სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე, ბესიკ ალადაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირის ქვეყნების მთავარი პრობლემა არის სპეცსამსახურების არაკოორდინირებული მოქმედება, რაც არაერთხელ გამოჩნდა. მისი თქმით, სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ევროკავშირის სტრუქტურები ძალზედ ბიუროკრატიულნი გახდნენ, ტერორისტებთან ბრძოლა კი ოპერატიულ მოქმედებებს მოითხოვს.

„რა დონითაც დამარცხდება „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტული ორგანიზაცია სირიაში და ერაყში, პარალელურად გაიზრდება მისი აქტივობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. უკვე შეინიშნება საკმაოდ ორგანიზებული გადინება ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში.

სამწუხაროდ, სპეცსამსახურებს სხვადასხვა ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, ხელში უვარდებათ მხოლოდ ზოგადი სახის ინფორმაცია, ეს არ იძლევა საშუალებას თვიდან იქნეს აცილებული ტერაქტი. სამწუხაროდ, ტერორისტების ფანტაზია მართლაც უჭვრეტია.

ტერორისტული აქტის განსახორციელებლად უკვე ჩვეულებრივ მშვიდობიან სატრანსპორტო საშუალებას იყენებენ. აბსოლუტური კონტროლი ამ მიმართულებით პრაქტიკულად შეუძლებელია. ყველა სარკინიგზო ხიდს და ყველა ავიარეისს ვერ შეამოწმებ“, - აცხადებს ბესიკ ალადაშვილი.

რაც შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტის გაფრთხილებას ევროპაში მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ, ალადაშვილი ამბობს, რომ როგორც წესი, დიპლომატიურ მისიას ყველა ქვეყანაში ჰყავს თავისი დაცვის უსაფრთხოების სამსახური, რომლებიც კოორდინაციაში მოქმედებენ ადგილობრივ ხელისუფლებასთან. მისი თქმით, საქართველოს ტერიტორაზე ეს რეალური საფრთხე შეიძლება იყოს აქ განლაგებული უცხო ქვეყნის დიპლომატიური სამსახურები, თუ სხვა სავაჭრო წარმომადგენლობები, რომლებიც შესაძლოა, ტერორისტების სამიზნე გახდნენ.

„რაც უფრო დამოკრატიულია ქვეყანა, მით უფრო მეტია საფრთხე ტერორიზმის. ამ შემთხვევაში ავტორიტარული რეჟიმი გარკვეულწილად თვითონ არის ტერორისტული ორგანიზაცია. გამკაცრებულია საპასპორტო რეჟიმი, ხდება ქუჩების პატრულირება და ა.შ.

თუმცა, ამის მიუხედავად პეტერბურგში განხორციელებული ტერაქტიც ვერ იქნა თავიდან აცილებული. ფაქტია, რომ ტერაქტის თავიდან აცილება არის ურთულესი ამოცანა და მსოფლიო საზოგადოების ურთულესი პრობლემა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ბესიკ ალადაშვილმა.

ექსპერტი, უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში, მამუკა ნებიერიძე განმარტავს, რომ რაც უფრო მწვავდება ომი, კედელზე მიყენებული ტერორისტები ევროპაზე ზეწოლას აძლიერებენ და ეცდებიან, რომ ბევრი რამ დააშავონ. თუმცა ნებიერიძის თქმით, არსებული მდგომარეობა არ იძლევა იმის თქმის საბაბს, რომ ტერორისტების ომმა შესაძლოა, ევროპის ქვეყნებში გადაინაცვლოს.

„ევროპას აქვს ტერორისტული აქტის პრობლემა, მაგრამ თავისი მასშტაბით კავშირში არ არის სირიასა და ერაყში მიმდინარე პროცესებთან. ტერორიზმის სერიოზული პრობლემა აქვს ევროპას, მაგრამ საფრთხე იმისა, რომ ევროპის რომელიმე ქვეყის ტერიტორია დაიკავონ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლება, ასეთი რამ წარმოუდგენელია და ეს არ მოხდება.

თუმცა, ტერორისტული აქტისგან ევროპა დაცული არ არის იმიტომ, რომ არსებობს ეს იდეოლოგია, არსებობს ეს ხალხი ევროპაში და მათ შორის ევროპის მოქალაქეები, რომლებიც ტერორისტების ზეგავლენის ქვეშ არიან. ეს სპეცსამსახურების სამუშოა და არა არმიის. როგორც ხედავთ, ევროპაში მათ სპეცსამსახურები ებრძვის, აღმოსავლეთში კი ქვეყნის არმია იბრძვის, მართალია მოკავშირეებთან და სპეცსამსახურებთან ერთად, მაგრამ ძირითადად, მაინც არმია იბრძვის, ეს არის განსხვავება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მამუკა ნებიერიძემ.