დაიწყება თუ არა დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობაში „გადატვირთვის“ კიდევ ერთი, ახალი ეპოქა, ოფიციალურად გაცხადებული არ არის, თუმცა მოლოდინი, რომ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ აშშ-ს პოზიცია კიდევ უფრო ხისტი გახდებოდა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
გუშინ შედგა აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბარი. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დონალდ ტრაპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარმა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას დაუდო სათავე. კრემლის ინფორმაციით კი, ორი ქვეყნის ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარმა პოზიტიურად ჩაიარა.
თეთრი სახლის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ორი ქვეყნის ლიდერები იმედს გამოთქვამენ, აღნიშნული ზარის შემდეგ, ორმხრივი ურთიერთობა სხვადასხვა სფეროში უფრო წინ სწრაფი ტემპით წავა.
„პრეზიდენტი ტრამპი და პრეზიდენტი პუტინიც იმედს გამოთქვამენ, რომ დღევანდელი სატელეფონო საუბრის შემდეგ, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და კიდევ სხვა საკითხებში ორმხრივი ურთიერთობა უფრო სწრაფად განვითარდება“, - აღნიშნულია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამაგიეროდ, ოფიციალური განცხადებებიდან გამომდინარე, ფაქტობრივად, უშედეგოდ დასრულდა, იმავე დღეს რუსეთში გამართული გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ვიზიტი. თუმცა გერმანიის კანცლერმა რუსეთის ლიდერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს. უნდა აღინიშნოს, რომ ტერორიზმის წინააღდეგ ბრძოლის თემა წარმატებული იყო მერკელი-პუტინის დიალოგშიც.
რაც შეეხება უკრაინას, აქ პერსპექტივა არ ჩანს - „სამწუხაროდ, დიდ პროგრესს ჯერ არ აქვს ადგილი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ ზავი გვჭირდება და შემდეგ უკვე პოლიტიკური ნაბიჯები გადაიდგმება“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
თავის მხრივ რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არავის ჩამოუშორებია დონბასი უკრაინისგან და რომ თვითონ უკრაინის ხელისუფლება აკეთებს ამას ბლოკადის პოლიტიკის გატარებით.
„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ კიევის დღევანდელმა ხელისუფლებამ ხელიდან გაუშვა შანსი, მინსკის შეთანხმებების რეალიზება მოეხდინა მაშინ, როდესაც საამისოდ შიდაპოლიტიკური შესაძლებლობები ჰქონდა“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
ექსპერტი, სოცო ცინცაძე თვლის რომ ჯერჯერობით ზავზე საუბრები არაფერს ნიშნავს უკრაინისთვის, რადგან როგორც ჩანს, ამ საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწევენ.
„პირველმა ინფორმაციებმა უკვე გვიჩვენა, რომ ვერაფერზე შეთანხმდნენ. იყო იდეა, რომ ახალი შეხვედრა და ახალი შეთანხმება დაგეგმილიყო, მაგრამ არ გამოვიდა და შეჯერდნენ იმაზე, რომ ჯერ ძველი შეთანხმება შესრულდეს. უიღბლო შეხვედრა გამოდგა - ერთადერთი დამამშვიდებელი ის აღმოჩნდა, რომ პუტინი მერკელს შეპირდა, ჩეჩნეთში გეების უფლებებს დაიცავდა“,- აცხადებს სოსო ცინცაძე.
შეხვედრისას მერკელიც დაპირდა პუტინს, რომ მინსკის შეთანხმების შესრულების შემთხვევაში, რუსეთისთვის სანქციების მოხსნის თემაც გააქტიურდება.
„ძალიან მინდა, მივაღწიოთ იმას, რომ მოიხსნას სანქციები მინსკის შეთანხმების შესრულების შემდეგ“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
სოსო ცინცაძე: „ეს სიახლე არ არის, მამაოჩვენოსავით ყველა იმეორებს ვაშინგტონიდან დაწყებული, ბერლინით დამთავრებული - ყველგან ამას ამბობენ, რომ მინსკის შეთანხმება თუ შესრულდება, მაშინ მოიხსნება სანქციები - ვერ შესრულდება ვერასოდეს, ეს გამორიცხულია“!
ბოლო დროს რუსულ მედიაში აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ევროპა თავად არის დაინტერესებული რუსეთისთვის სანქციების მოხსნით, თუმცა სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ ყველაფერი პირიქითაა და გამკაცრებას მოითხოვენ.
„ევროკავშირში, ახლა უბრალოდ, არ გავიდა გამკაცრების წინადადება. რუსული საინფორმაციო წყაროები „სპუტნიკი“ და „რაშენ თუდეი“ თუ აცხადებენ რომ ევროპას სანქციების მოხსნა უნდა, ეს არაფერს ნიშნავს. თითო-ოროლა ბიზნესმენს ყოველთვის ნახავენ გერმანიაშიც საფრანგეთშიც და ინგლისშიც, ვისაც რუსეთთან ჰქონდა ბიზნესურთიერთობა, რომელსაც ამ სანქციებმა ბოლო მოუღო. ისინი, რა თქმა უნდა, მოითხოვენ, მაგრამ არც ერთი ევროპული სოლიდური პოლიტიკური ძალა არ აყენებს რუსეთისათვის სანქციების მოხსნის საკითხს, პირიქით ტრამპის დროს ამერიკამ გაამკაცრა პოზიცია და რამდენიმე კომპანია და ადამიანი კიდევ მიამატა შავ სიას“.
სოსო ცინცაძე თვლის, რომ გააქტიურებული შეხვედრების მიუხედავად, უკრაინისთვის არანაირი პერსპექტივა არ არსებობს, რადგან ჩანს, რომ პუტინი არც ერთი ნაბიჯით უკანდახევას არ აპირებს.
„ხომ ხედავთ, პუტინთან ჩადიან, ეგ კი არ ჩადის. ახლა ერდოღანი ჩადის, გუშინ მოსკოვის დროით 8:30-საათზე ტრამპმა და პუტინმა ილაპარაკეს, წინასწარვე ცნობილი იყო, რომ საუბარი სირიასა და ჩრდილოეთ კორეას შეეხებოდა“- აღნიშნავს ცინცაძე.
როგორც ჩანს, ომებისა და სანქციების მიუხედავად, რუსეთის პოზიცია მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე კვლავაც ძლიერია, თუმცა უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ განსხვავებული მოლოდინები არსებობდა.
„როგორც ჩანს, რუსეთი შეეგუა ამ სანქციებს, რომელიც, რასაკვირველია, ძლიერი დარტყმა იყო რუსეთის ეკონომიკისათვის. თუმცა ეს სირთულეები ძირითადად, რიგითი ამომრჩევლის ზურგზე გადავიდა. მოდით, ვთქვათ, რა მოტივაცია აქვს პუტინს რომ დათმობაზე წავიდეს? - ამომრჩეველი მაინც უჭერს მხარს. ორი დღის წინანდელი ინფორმაციით 2/3-ზე მეტი მომხრეა, რომ მომავალ წელს კვლავ დარჩეს პუტინი ქვეყნის პრეზიდენტად. როდესაც მოსახლეობის თითქმის 80% იწონებს მის პოლიტიკას, რა უნდა ამოძრავებდეს პუტინს რომ დათმობებზე წავიდეს? თანაც წინასწარი მონაცემებით ნავთობზე ფასის ზრდის ტენდენცია იწყება, რაც პუტინს აწყობს. ასე რომ, მისი საწინააღმდეგო ბერკეტები ჯერჯერობით არ ჩანს, რაც ნიშნავს, რომ სიტუაცია არ შეიცვლება“- მიიჩნევს სოსო ცინცაძე.
შეცვლის თუ არა კლიმატს ტრამპისა პუტინის სატელეფონო საუბრები და გზავნილები, მოგვიანებით გახდება ცნობილი. წინასწარი ინფორმაციით, რომელიც თეთრმა სახლმა გაავრცელა, ტრამპის და პუტინის საუბარი შეხეებოდა სირიის სამოქალაქო ომს, რომელშიც მოსკოვი მხარს უჭერს სირიის მთავრობას და პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადს, ხოლო აშშ - მეამბოხეებს და ცდილობს დაამხოს ასადი.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ტრამპმა ბრძანება გასცა, დაებომბათ სირიის სამხედრო ბაზა იმის საპასუხოდ, რომ სავარაუდოდ, სარინის გაზი იქნა გამოყენებული სირიის მთავრობის მიერ.
რუსეთის პოზიციით, ქიმიური თავდასხმა ან დადგმული იყო, ან სირიის მთავრობის ბომბი მოხვდა მეამბოხეთა ქიმიური იარაღის საწყობს. ეს ვერსია დასავლეთის მთავრობებს დაუჯერებლად მიაჩნიათ. ტრამპმა თავდასხმის შემდეგ განაცხადა კიდეც, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა უკიდურესად გაუარესდა.