„მარგველაშვილს თუ უნდა, ედავოს ქართველ ხალხს, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი“

„მარგველაშვილს თუ უნდა, ედავოს ქართველ ხალხს, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი“

პრეზიდენტის სტატუსი სამი ძირითადი ჩანაწერით განისაზღვრება: სახელმწიფოს მეთაური, უმაღლესი მთავარსარდალი და წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობაში. სამივე ეს ნიშანი ძალაში რჩება კონსტიტუციის ახალ რედაქციაშიც.

უფრო მეტიც, პრეზიდენტის უამრავი კომპეტენცია, ერთეულ გამონაკლისთა გარდა, თითქმის უცვლელი სახით რჩება. ამის ფონზე უცნაურია, რომ პრეზიდენტის კომპენტენციის შეზღუდვაზე საუბრობენ სწორედ ის ოპონენტები, რომლებიც თავის დროზე ხელისუფლებაში იყვნენ და სააკაშვილის მითითებით, 2010 წლის ცვლილებებით, პრეზიდენტის 100%-იან ძალაუფლებას ზღუდავდნენ იმ მოტივით, რომ სააკაშვილს უკვე პრემიერობა მოესურვებინა.

ვის დროს განხორციელდა პრეზიდენტის კომპეტენციის შეზღუდვის რადიკალური ცვლილებები, ამის შესახებ For.ge-ს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ესაუბრა.

გიორგი მარგველავილი წუხს, რომ ახალი კონსტიტციი, მას გარკვეულ პრვილეგებს ართმევენ, მათ შორის, უმაღლესი მთავარსარდლის ფუნქციას. არადა, უმაღლესი მთავარსარდლის დეფინიცია სულაც არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტს სამხედრო ძალები დაექვემდებაროს. რა იწვევს ასეთ გაურკვევლობას?

- მარგველაშვილს არაფერს ართმევენ. უბრალოდ, სამხედრო ხელმძღვანელობა და უმაღლესი მთავარსარდლობა სხვადასხვა რამეა. კონსტიტუციის მიხედვით, მარგველაშვილი არის პოლიტიკურად პასუხისმგებელი, გარანტი ქვეყნის სუვერენიტეტზე. მმართველობის საპარლამენტო მოდელზე რადგან გადავდივართ, მისი ფუნქციები მხოლოდ და მხოლოდ წარმომადგენლობითი და ცერემონიალურია. ის სამხედრო ტიპის გადაწყვეტილებებს არ იღებს. ამისთვის არსებობს სამხედრო ხელმძღვანელობა, თავდაცვის სამინისტრო, გენერალური შტაბი. კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტი ომის დროს უკვე სხვა ფუნქციებს იძენს. კერძოდ, ეროვნული თავდაცვის საბჭო იქმნება, რომლის ხელმძღვანელიც პრეზიდენტია, მაგრამ იგი ერთპიროვნულად კი არ იღებს რაიმე ტიპის გადაწყვეტილებას, არამედ საბჭოსთან ერთად. იმ საბჭოში შედიან პარლამენტის თავმჯდომარე, მთავრობის ხელმძღვანელი, შესაბამისი სამინისტროები და ა.შ.

რეალურად, „ნაციონალებმა“ 2010 წლისთვის ასი პროცენტით შეზღუდეს პრეზიდენტის ძალაუფლება. რატომ არავინ უხსენებს მათ ამას?

- რა თქმა უნდა, „ნაციონალებმა“ შეზღუდეს პრეზიდენტის ძალაუფლება. 2004 წელს, როცა განხორციელდა სააკონსტიტუციო ცვლილებები, საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე გადავედით. საერთოდ, სახელწოდება „საპრეზიდენტო“ ან „საპარლამენტო რესპუბლიკა“ დამოკიდებულია იმაზე, მმართველობის სისტემა ვისია და მთავრობა ვის ექვემდებარება. როცა საპარლამენტო მმართველობა გვაქვს, მთავრობა მიდის პარლამენტში, პარლამენტი აკომპლექტებს მას და ხელისუფლების წარმომავლობა მოდის სწორედ პარლამენტიდან, ანუ პარლამენტი აძლევს მთავრობას მანდატს. ხოლო, როცა საპრეზიდენტო მმართველობაა, პრეზიდენტი ცალკე ირჩევა, ანუ აღმასრულებელი ხელისუფლება მოსახლეობის მიერ პირდაპირი მანდატითაა არჩეული. ეს არის განსხვავება. ნახევრად საპრეზიდენტოში კი ეს ყველაფერი გამიჯნულია, ანუ მთავრობას აქვს მმართველობის თავისი სფერო, პრეზიდენტს - თავისი.

ყველაზე რთული სისტემა რომელია?

- ყველაზე რთული სისტემა ნახევრად საპრეზიდენტოა. სააკაშვილმა ეს გააკეთა 2004 წელს, როცა ვითომც გადავიდა ნახევრად საპრეზიდენტოზე, მაგრამ ეს იმდენად ცუდად გააკეთა, რომ რეალურად მართვის ყველა ბერკეტი დარჩა სააკაშვილს. უბრალოდ, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდა. შევარდნაძის დროს პრეზიდენტი იყო აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, პირდაპირ არჩეული მოსახლეობის მიერ, მას სრული პასუხისმგებლობა ჰქონდა თავისი ხელისუფლების განხორციელებაზე, ვალდებულებები ჰქონდა. სააკაშვილმა კი ეს ვალდებულებები იურიდიულად ჩამოიხსნა და იმაზე მეტი უფლებები დაიტოვა, ვიდრე შევარდნაძეს ჰქონდა. ეს იყო კონსტიტუციის დეფორმაცია. ამით ხელისუფლებათა შორის ბალანსი, წონასწორობა დაირღვა და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. შემდეგ უკვე, 2010-ში, როცა მეორედ ვეღარ აირჩეოდა სააკაშვილი, მან გადაწყვიტა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წასულიყო. აქედან გამომდინარე, გადავიდა საპარლამენტო მოდელზე. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და იურიდიულად ცუდად შესრულდა. ანუ 2010 წლის ცვლილებებით, ამ ნაწილში, მმართველობა საპარლამენტო რესპუბლიკისკენ რომ გადავიდა, ცუდად იყო გამიჯნული პრეზიდენტისა და მთავრობის ფუნქციები, მათი უფლებამოსილებები. ძალიან ნაკლოვანი იყო მთავრობის ფორმირების წესი. ასევე, დროში გაწელილი და არასწორად გადაწყვეტილი იყო მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა. დღეს ეს ყველაფერი გასწორდა მმართველობასთან დაკავშირებით, ანუ კონსტიტუცია გათავისუფლდა წინააღმდეგობრივი და აბსურდული ნორმებისგან, იურიდიულად გაიმართა და ჩვენ უკვე გვაქვს კლასიკური ტიპის საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ფიგურაა, მაგრამ ის წარმომადგენლობითი ფიგურაა და მას მმართველობითი ფუნქციები არ აქვს.

ამდენად, დღევანდელ პრეზიდენტს პრეტენზიები უფრონაციონალებთანუნდა ჰქონდეს საპრეზიდენტო ძალაუფლების შეზღუდვის გამო?

- რა თქმა უნდა. ხოლო, თუ ის იმის მომხრეა, რომ საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე გადავიდეთ და მისი პრეზიდენტი იყოს, ეს უკვე სხვა რამეა. აქ მსჯელობის საგანი შეიძლება იყოს ის, საპარლამენტო რესპუბლიკა გვინდა, თუ საპრეზიდენტო. თუმცა დღეს იმდენად ცხადი სიტუაციაა, რომ ამაზე საუბარი ზედმეტია. კერძოდ, პარლამენტის 2/3 „ქართული ოცნებისაა“, „ოცნებას“ კი მმართველობის ამ მოდელის შესახებ გაცხადებული აქვს ჯერ კიდევ 2012 წლის საარჩევნო პროგრამაში. იმის მერეც, ახლანდელ არჩევნებში „ოცნებამ“ ხმამაღლა გამოაცხადა, რომ ქვეყნის მოწყობის ისეთ მოდელზე გადავლენ, რომელიც საპარლამენტო რესპუბლიკაა და კონსტიტუციას ამ თვალსაზრისით გაასწორებენ. ამას ჩვენმა ხალხმა მხარი დაუჭირა, ეს საკითხი აღარ დგას დღის წესრიგში და ყველაფერი გადაწყვეტილია. წინააღმდეგობებისგან გათავისუფლდა ახლანდელი კონსტიტუცია, გახდა მკაფიო და იურიდიულად ნათელი ფორმა მივიღეთ. არჩევანი თავად ქართველმა ხალხმა გააკეთა, როცა „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი. ეს ნიშნავს, რომ მხარი დაუჭირა საპარლამენტო მოდელს. აქ საკამათო არაფერია და მარგველაშვილს თუ უნდა, ედავოს ამ საკითხზე ვინმეს, მაშინ ედავოს ქართველ ხალხს. რას ჰქვია, საპარლამენტო რესპუბლიკაში მას უფრო მეტი ფუნქცია უნდა ჰქონდეს?! ერთდროულად არ შეიძლება, საპარლამენტო მოდელიც იყოს, ანუ მმართველობაზე პასუხისმგებლობა ჰქონდეს პარლამენტსაც და ამ დროს პრეზიდენტსაც ჰქონდეს მმართველობის ფუნქციები. ასეთი რამ შეუძლებელია, ქვეყნისთვის დამაზიანებელია და მმართველობით სისტემაში კრიზისს შექმნის.

უფრო ადრე კრიზისი შეიქმნა საგარეო ურთიერთობების თვალსაზრისითაც, როცა ვერ გაერკვნენ, ვინ იყო ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობების საკითხებში და ვის ჰქონდა მოლაპრაკებების წარმოების უფლებამოსილება. არ არსებობს ქვეყანა, სადაც პრეზიდენტი ან მონარქი არ არის მოხსენიებული, როგორცწარმომადგენელი“, ანუმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში“. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტს ან მონარქს მინიჭებული აქვს შესაბამის ქვეყანაში პრიორიტეტი საგარეო კომპეტენციების სფეროში. დღეს ეს კომპეტენციები გამიჯნულია?!

- ეს კრიზისული საკითხი ცალსახად გადაწყვეტილია, ეს მოცემულია ამ კონსტიტუციაში და პრობლემა ამ თვალსაზრისით მოხსნილია. ამ საკითხს შეიძლება ათასი კუდი გამოაბან, მაგრამ ვიმეორებ, რომელი რესპუბლიკა გვექნება, საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო, ამის არჩევანი ქართველმა ხალხმა არჩევნების დროს უკვე გააკეთა, როცა „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამას დაუჭირა მხარი.