ბლუმბერგის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2300 დიპლომატის დათხოვნას გეგმავს, რაც კადრების 9%-ით შემცირებას ნიშნავს.
მართალია, შტატების შემცირების პროცესი ორ წელიწადს გასტანს, მაგრამ ამით მნიშვნელოვანი ხარჯები დაიზოგება.
ამერიკული წყაროს ინფორმაციით, როცა რექს ტილერსონმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტი დაიკავა, ის გაოცებული იყო, თუ რამდენს ხარჯავდა სახელმწიფო დეპარტამენტი საზღვარგარეთ მომუშავე დიპლომატთა ოჯახის წევრების ცხოვრებასა და განათლებაზე.
როგორც ჩანს, ამერიკაში არა მხოლოდ დიპლომატებზე გაწეული თანხების გამოთავისუფლებას ცდილობენ, არამედ ეჭვობენ, რომ ამერიკელმა დიპლომატებმა ფასდაუდებელი სამსახური სულაც არ გაუწიეს ამერიკას. ამდენად, სავარაუდოდ, 2300 მოხელე სულაც არ იქნება დანაკლისი აშშ-სთვის.
საქართველოშიც ანალოგიურად ფიქრობენ. ზოგიერთების მეხსიერებას დღემდე შემორჩა მეთიუ ბრაიზას, ჯონ ბასის და სხვათა „ნათელი სახეები“, რომლებმაც ამერიკული სამართლიანობისა და დემოკრატიულობის იდეა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს და ბევრ ქართველს ამერიკისადმი ნიჰილისტური განწყობა ჩაუნერგეს.
ერთი შეხედვით, აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი თითქოს არაფერს აშავებდა, მაგრამ მას ხშირად უხსენებენ 2011 წლის 26 მაისს, როცა ჯონ ბასს ორიოდე სიტყვით შეეძლო სისხლისღვრის შეჩერება, თუმცა ტრაგედიამდე ორი საათით ადრე, რატომღაც მოიწონა ხელისუფლების თვითნებობა და სატელევიზიო გამოსვლაში დემონსტრანტები დაძაბულობის გამომწვევ რადიკალებად მონათლა. მართალია, ჯონ ბასს „კრიზისული მენეჯერი“ შეარქვეს, რომელსაც ვაშინგტონი ყველა ცხელ წერტილში აგზავნიდა, მაგრამ ქართული კრიზისის განმუხტვა ჯონ ბასმა ვერ შეძლო.
ცალკე საუბრის თემაა მეთიუ ბრაიზა, სააკაშვილის პერსონაზე უზომოდ შეყვარებული ამერიკელი, რომელიც სააკაშვილის პროკურატურაში დაბარების გამო ამბობდა, შესაძლოა, საქართველო მაპს არც იმსახურებდესო. ასევე, ბრაიზას ეკუთვნის ცნობილი სიტყვები, „ეს არის ტერორისტული ოპერაცია და მსგავსი რამ დასაშვებია“, საუბარია ვანო მერაბიშვილის კადრზე, სადაც ის ორ გვამს ითხოვდა.
რატომ გეგმავენ ამერიკელები 2300 დიპლომატის დათხოვნას?!
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ამერიკა ამცირებს ხარჯებს არა მარტო საგარეო პოლიტიკური, არამედ სამხედრო დახმარების მიმართულებითაც. მაგალითად, უკრაინას შეუმცირეს დახმარების 68%, რომელიც თავის დროზე ობამამ გამოუყო. დახმარება ეკუთვნოდა საქართველოსაც, მოლდოვასაც, თუმცა ამ დახმარებების შემცირება პირდაპირ ჯდება ტრამპის მიერ განხორციელებულ პოლიტიკაში.
ამდენად, ამერიკელ დიპლომატთა სახლში გაშვება რექს ტილერსონის გადაწყვეტილება არ არის. უბრალოდ, ტილერსონი ცდილობს, როგორმე გაამართლოს დიპლომატებისთვის გაწეული ხარჯების შემცირება და იმაზე გადაიტანოს აქცენტი, რომ ეს თანხები იხარჯებოდა არამიზნობრივად, ამ თანხების გაფლანგვა დიპლომატების ოჯახის წევრების მიერ ხდებოდა.
„მე თუ მკითხავთ, ამერიკელ დიპლომატებს რთული სამუშაო აქვთ გასატარებელი. ბოლოს და ბოლოს, ეს პრესტიჟის ამბავიცაა, რომ ამერიკელ დიპლომატთა ოჯახის წევრები გამოირჩეოდნენ თავიანთი სტატუსითა და ყველანაირი ფორმით. თუმცა ცალკე საკითხია, კონკრეტულმა დიპლომატებმა რა მოუტანეს ამერიკას. ამის ანალიზი, ალბათ, უშუალოდ ამერიკის ჩასატარებელია. აქ მთავარია, სწორად აწვდიდნენ თუ არა ცალკეული დიპლომატები ამერიკის ხელმძღვანელობას ინფორმაციას, თუნდაც იმავე სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის პერიოდში კონტექსტიდან ხომ არ ჭრიდნენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს?! ყოველთვის ღირსეულად იქცეოდნენ თუ არა?!
საკმარისია გავიხსენოთ 2011 წლის 26 მაისს ამერიკის მაშინდელი ელჩის კომენტარები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და ხდებოდა სააკაშვილის სისხლიანი დიქტატურის „გაპრავება“. სხვათა შორის, ამერიკელებს ეს სჩვევიათ, მათი პოლიტიკა პინოჩეტის მიმართაც არ იყო ისეთივე, როგორც ჩვენ გვგონია, რომ ამერიკელები მუდმივად იცავენ დემოკრატიას“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ და ამერიკის ეროვნული ინტერესების კლასიფიკაციის საკითხსაც გამოეხმაურა.
მისივე თქმით, თვით ამერიკის სამეცნიერო აკადემიური წრეები გამოარჩევენ ამერიკის ეროვნული ინტერესების ოთხ კლასიფიკაციას: ეს არის სასიცოცხლო, მთავარი, მნიშვნელოვანი და პერიფერიული ინტერესები. აკადემიური წარმომადგენლები იმასაც აღიარებენ, რომ ადამიანის უფლებების დაცვა ეს არის ამერიკელების პერიფერიული ინტერესი. მართლაც, ზოგჯერ ამერიკელები ადამიანის უფლებებს იყენებენ, როგორც თავიანთი რბილი ძალის ინსტრუმენტს.
ვახტანგ მაისაიას ამერიკელთა ასეთი მიდგომა არც უკვირს, რადგან ამერიკა მაინც პრაგმატული ტიპის სახელმწიფოა, რომელიც იზოლაციონიზმიდან არც ისე დიდი ხნის წინ გამოვიდა. დღესაც ტრამპის საგარეო პოლიტიკა მიანიშნებს, რომ ამერიკელები ისევ უბრუნდებიან იზოლაციონიზმის დოქტრინას.
„ამიტომაც ტრამპმა შეამცირა საერთაშორისო და სამხედრო დახმარებების პროგრამები. ეს ამის პირდაპირი ინდიკაციაა. ჯერ კიდევ როდის ვამბობდი, რომ ტრამპი გაიმარჯვებდა არჩევნებში და საგარეო პოლიტიკაში განახორციელებდა ნეოიზოლაციონისტურ პოლიტიკურ კურსს“.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სიმართლეს თუ ვიტყვით, ამერიკელი დიპლომატები ძალზე ხელგაშლილად ცხოვრობენ. ასევე, დიდი შემოსავალი აქვს კრწანისში დაბინავებულ ეუთოს და სხვა მისიებს.
„მათი ერთ-ერთი წარმომადგენელი მეუბნებოდა, დღეებს ვითვლი, პენსიაზე როდის გავალ, რადგან ავსტრალიაში უკვე შერჩეული მაქვს კარგი სასტუმრო, პირველ სართულზე თავისი ბარით. აქ ფული დავაგროვე და უნდა წავიდე, ის სასტუმრო ვიყიდო და იქ ვიცხოვროო. აქედან გამომდინარე, ამერიკელი დიპლომატების მიმართ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გამოვლენილი ეკონომიურობა ზედმეტად არ მიმაჩნია.
მეორე უკიდურესობაა ჩვენი დიპლომატები. ხშირად გაიგონებთ, ემიგრანტებს ვერ აქცევენ ყურადღებასო. ამ დროს რა ქნას თურქეთში ჩვენმა ელჩმა, როცა სამი ადამიანი ჰყავს შტატში, ბენზინის ფული კაპიკები აქვს. იყო დრო, ტელეფონის ფულს ვერ იხდიდნენ. ალექსანდრე (საშა) ჩიკვაიძე მიყვებოდა, საბერძნეთში ელჩად რომ იყო, დილით, სანამ სამსახურში წავიდოდა, ფანჯრიდან იყურებოდა და ელოდა, იქვე ახლოს მცხოვრები მათივე საელჩოს მესაკუთრის მანქანა როდის გავიდოდა, რადგან ქართველებს მისი შენობის ვალი ჰქონდათ. არც ეს ვარგა, მაგრამ ამერიკელებს ფული ყოველთვის ბლომად ჰქონდათ, გაიზარდა მათი ოჯახის წევრების აპეტიტიც, თავიანთთვის ცალკე სკოლებს იშენებენ, ცალკე სპორტულ მოედნებს. საქართველო რომელი დიდი დიპლომატიური წერტილია ამერიკისთვის, ამხელა საელჩო და მიწის ქვეშ კიდევ ორი იმდენი ჰქონდეს?!“-მიაჩნია სოსო ცინცაძეს.
მისივე თქმით, 2300 ამერიკელი დიპლომატის რაოდენობის შემცირება ჯერ მხოლოდ პროექტის დონეზეა. ტილერსონმა შექმნა კომისია, რომელსაც ტრამპი, ალბათ, დაამტკიცებს, სადაც ჩამოთვლილი იქნება, თუ რომელი დიპლომატიური თანამდებობები გაუქმდება. აქ ლაპარაკია ხელოვნურად შექმნილ თანამდებობებზე, გაბერილ შტატებზე.
ტრამპს მოუწევს დიპლომატთა ხარჯების შემცირება, რადგან მან ისედაც უნდა შეამციროს გადასახადები, რასაც დაჰპირდა ამერიკელებს. თანაც, შიდა ვალი იზრდება, სამხედრო ხარჯებიც მატულობს. მექსიკასთან კედელი, ალბათ, აღარ აშენდება, რადგან ტრამპს საამისოდ ფული არ აქვს. ამდენად, ამერიკის ახლანდელი პრეზიდენტი პერიოდულად იცვლის თავის პრიორიტეტებს. თუ ადრე იძახდა, ვაჭრობას გავაუქმებ მექსიკასა და კანადასთანო, ასე არ იქნება. იგი ჩინეთსაც დაუტკბა. ამხელა ფლოტი გაგზავნა კორეაში და მარტო სამხრეთ კორეაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის დაყენება მილიარდი დოლარი ჯდება. მართალია, ტრამპი ამბობს, ეს ფული სამხრეთ კორეამ უნდა გადაიხადოსო, მაგრამ სამხრეთ კორეა არც „ჰო“-ს ამბობს, არც „არა“-ს. პარალელურად, შემცირდა „იუსაიდის“ ხაზით დახმარებები, საქართველოს გაუნახევრდა თანხები. ეს იმით აიხსნება, რომ ტრამპი ბიზნესმენია და ფულის ფასი კარგად იცის.
ამის მიუხედავად, სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ ამერიკის დიპლომატია კადრების გარეშე არ დარჩება. თავის დროზე ნიქსონიც აპირებდა კადრების შეკვეცას, მაგრამ ეს პოლიტიკა მიივიწყა. მხოლოდ რამდენიმე ასეული კაცი შეამცირა, ისიც ფარულად, რადგან კისინჯერმა ლამის თავი მოიკლა, პირიქით, უფრო მეტი კადრი მჭირდებაო.
„არ იფიქროთ, დიპლომატები აღარ ეყოლება ტილერსონს და ამიტომ საქართველოს ვერავინ მიხედავს. საქართველოსადმი რა ინტერესიც ჰქონდა ტრამპს არჩევნებამდე, იგივე ინტერესი აქვს და ექნება დღესაც, ხვალაც, ზეგაც“.