„უბრალო მოქალაქემ უკეთ იცის, რა სჭირდება სახელმწიფოს, ვიდრე იმ პოლიტიკოსებმა, ვისაც ჟვანეცკი ზედაპირზე მოქცეულ ნალექს ეძახის“

„უბრალო მოქალაქემ უკეთ იცის, რა სჭირდება სახელმწიფოს, ვიდრე იმ პოლიტიკოსებმა, ვისაც ჟვანეცკი ზედაპირზე მოქცეულ ნალექს ეძახის“

ზაზა ფირალიშვილის განცხადებით, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებიდან ჩანს, რომ მის ავტორს სრულიადაც არ სურს, ერთი მორიგი პოლიტიკური საპნის ბუშტის შემქმნელად მოგვევლინოს. როგორც ფილოსოფოსი ამბობს, იგი არ ჩქარობს პირველი ნაბიჯების გადადგმას და არც ყალბი ხალხურობის ნიღაბს იკეთებს.

for.ge ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის თქმითთვითმმართველობის არჩევნების ფონზე ახალი პარტია შეიქმნება. ეს იქნება ცენტრისტული პარტია, რომლის მთავარი ამოცანა იქნება მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება და კოალიციური მთავრობის ფორმირება. უსუფაშვილის თქმით, მას ყავს გუნდი, იგი ჯერ ვერ აკომპლექტებს პარტიას. რას ფიქრობთ, რატომ ვერ აკომპლექტებს გუნდს უსუფაშვილი? რა შანსები აქვს მას და საერთოდ, რამდენად მარტივია დღეს ქართულ პოლიტიკაში პარტიის დაკომპლექტება?

ზაზა ფირალიშვილი: ნამდვილად არ ვიცი, როგორ მიმდინარეობს ახალი პარტიის შექმნის პროცესი. ერთი მხრივ, დღევანდელ საქართველოში პარტიის შექმნა არ არის რთული. ყოველთვის მოიძებნება რამდენიმე ასეული ადამიანი, რომელიც მიიჩნევს, რომ მას სათანადოდ არ აფასებენ, რომ მას ქვეყნიერების გადაკეთების რეცეპტი უპყრია ხელთ, მისი ღირსებებიც ვერ დააფასეს ვერც ნაციონალებმა და ვერც ოცნებამ და ასე შემდეგ. აღარაფერს ვამბობ იმ ადამიანებზე, ვინც იოლად დაიჯერებს ხმებს, რომ უსუფაშვილის პოლიტიკური გააქტიურების უკან ბიძინა ივანიშვილი დგას და მასთან ფინანსური ხეირის იმედით მივა.

ჩვენი პოლიტიკური მითოლოგიის ერთ-ერთი მთავარი ასპექტი ხომ სწორედ ესაა: ივანიშვილი წვრილმანებამდე აკონტროლებს ყველაფერს - მასთან დაპირისპირებასაც კი. ასე იყო შევარდნაძის დროსაც, სააკაშვილის ეპოქაშიც და ასეა დღესაც. სხვა თემაა, თუ რა გავლენას ახდენდა და ახდენს ეს მითოსი ჩვენს პოლიტიკურ პროცესებზე და როგორ შეეწირებიან ხოლმე თავად ხელისუფალნი მას. გამოჩნდებიან ისეთი ბიზნესმენებიც, ვინც, ისევ და ისევ, ამ მითის იმედით ფულსაც გაიმეტებენ.

მოკლედ, შეიძლება განმეორდეს ყველაფერი ის, რაც აქამდეც არაერთხელ მომხდარა და ჩვენს თვალწინ ზარზეიმით გაჩენილა ათასგვარი პოლიტიკური პარტია და სულ მალე 200 თუ 300 მკვდრადშობილს მიერთებია. ის, რაც ბატონმა დავითმა განაცხადა, ყველა ამ ფაქტორის გამორიცხვას და საკმაოდ რთული გზის დაწყებას ნიშნავს. ამდენად, ნამდვილად არ გამიკვირდება, თუ პარტიის შექმნა რთული პროცესი აღმოჩნდება.

განცხადებიდან ჩანს, რომ მის ავტორს სრულიადაც არ სურს, ერთი მორიგი პოლიტიკური საპნის ბუშტის შემქმნელად მოგვევლინოს. იგი არ ჩქარობს პირველი ნაბიჯების გადადგმას და არც ყალბი ხალხურობის ნიღაბს იკეთებს. ამიტომაც, ასე ვიტყვი: ნამდვილად არ ვიცი, როგორი პოლიტიკური მომავალი ექნება ამ წამოწყებას. ვფიქრობ, რომ არც თავად ბატონი დავითი ელის, რომ მყისიერი წარმატების იმავე გზას გაივლის, რომელიც თავის დროზე „მრგვალმა მაგიდამ“, „მოქალაქეთა კავშირმა“, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თუ „ქართულმა ოცნებამ“ განვლეს. მაგრამ თავისთავად ის, რომ გაიჟღერა ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელმა რამდენიმე იდეამ, უკვე პოლიტიკური ცხოვრების პოზიტიური განვითარების ნიშანია. პოლიტიკური გამოცდილება ხომ მხოლოდ კულუარული ბრძოლების გამოცდილება არ არის. ის, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, სახელმწიფოსათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იდეების დაბადებისა და განხორციელების გზაცაა.

შეგიძლიათ დაასახელოთ ეს იდეები?

– მე მხოლოდ ჩემი შთაბეჭდილება შემიძლია მოგახსენოთ. უპირველეს ყოვლისა, ესაა საჯაროდ გაცხადებული აზრი იმის შესახებ, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობის ამ საფეხურზე, როდესაც მის არსებობას მუდმივად ემუქრება საფრთხე, ჩვენ არა გვაქვს უფლება, რომ სახელმწიფო ათასგვარი პოლიტიკანური თუ სნობური იდეოლოგიური თამაშების მსხვერპლად ვაქციოთ. ჩემს ახალგაზრდობაში ხშირად ვსაუბრობდით ხოლმე იმაზე, თუ რა როლი შეასრულა ამგვარმა იდეოლოგიურმა თამაშობანამ და პოლიტიკურმა თავქარიანობამ პირველი ქართული რესპუბლიკის ბედში. მსგავსი რამისაგან ღმერთმა დაგვიფაროს.

მაგრამ როდესაც თვალს ვადევნებთ, თუ როგორ ეთამაშებიან რელიგიას პოლიტიკური პიარის მიზნებით გამოგონილი ახალი აღმსარებლობით, როგორ იოლად თამაშობენ ჯარის იდეით მაშინ, როდესაც სულ მცირე, ერთი კრიტიკული რეგიონი გვაქვს და ხვალ როგორ შეიცვლება ვითარება ჩვენს რეგიონში, კაცმა არ იცის, როდესაც ვიცით, თუ როგორ ფიქრობენ ჩვენი ნაციონალ-მისტიკოსები ქართული ეკონომიკის შექმნას პურისა და ღვინის წარმოებით, ან, კიდევ უკეთესი, წყლის ექსპორტით; როგორ აიგივებენ ჩვენს დაახლოებას დასავლეთთან ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებასთან; როდესაც ვუცქერთ, ჩვენი ლიბერალები როგორ ცდილობენ, ლიბერალიზმზე თავის ზერელე წარმოდგენები მოგვახვიონ თავს და რა იოლად აღმჩნდნენ პოლიტკორექტულობის დოქტრინების ტყვეობაში.

როდესაც წლების განმავლობაში ვადევნებთ თვალს, ეს ორი ყაიდის ექსტრემიზმი - კონსერვატული და ლიბერალური - როგორ შობს ერთმანეთს და ადგილს აღარ უტოვებენ ვინმე სხვას; როდესაც ვუცქერთ, ჩვენი მოხელეებისათვის უკვე ათწლეულებია როგორ იქცა სახელმწიფო ნეპოტიზმის, ფუფუნებისა და ვულგარული ძღომის საშუალებად და „პოლიტიკური მიზანშეწონილობის“ წყალობით როგორი წარმატებულები არიან მორალური თუ სამართლებრივი დანაშაულის ტვირთის მატარებელი ადამიანები, არ შეიძლება, ეჭვი არ გაგიჩნდეს, რომ ყოველივე ამან ქართული სახელმწიფოს მიმართ უიმედობა შეიძლება გააჩინოს რიგით მოქალაქეში.

პუტინისტებიც ხომ აქ არიან ჩასაფრებულები თავისი რბილი ძალით, მეთოდურად და თანამიმდევრულად ცდილობენ ჩვენს დარწმუნებას, რომ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოებრიობა ისტორიული ქიმერაა, რომ ამერიკის „მონობა“ კიდევ უფრო მძიმეა, ვიდრე რუსული. ისინი მეთოდურად ცდილობენ ჩვენი ცხოვრების სეგმენტების დაკავებას: ეკონომიკისა (გაიხსენეთ დოქტრინა: „პოლიტიკა და ეკონომიკა სხვადასხვა სფეროებია და ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ“), კულტურისა („ნუ ავურევთ პოლიტიკასა და ხელოვნებას ერთმანეთში“) და ასე შემდეგ. თითქოს ათასობით დახოცილი და ათიათასობით დევნილი, განადგურებული სოფლები და შეურაცხყოფილი ადამიანები „სულ რაღაც“ პოლიტიკა იყოს. აღარ გავიხსენებ რუსეთთან ურთიერთობის ორსაუკუნოვან ისტორიას.

ასეთმა უზნეო აბსურდმა მხოლოდ იმ საზოგადოებაში შეიძლება მოძებნოს ადგილი, სადაც უკვე ნახსენები თავქარიანობა და ისტორიული გზების გაურკვევლობა ბატონობს. ამ განცხადებამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა ის, რაც ებრაელებმა თავისი დევნილობის პირველივე დღეებიდან იცოდნენ და ამ ერთი ციდა ხალხმა სწორედ ასე შეძლო ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფო შეექმნა.

რა ხდება? ვიღაც იტყვის, რომ ისტორიულმა გამოცდილებამ ვერაფერი გვასწავლა და არ იქნება მართალი. ჩვენმა უბრალო მოქალაქემ გაცილებით უკეთესად იცის, რა სჭირდება მის სახელმწიფოს, ვიდრე იმ პოლიტიკოსებმა, ვისაც მიხაილ ჟვანეცკი ზედაპირზე მოქცეულ ნალექს ეძახის. უბრალოდ, პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი ვერ ხვდება, თუ რა მნიშვნელოვანი ძვრებია ჩვენს საზოგადოებრივ აზროვნებაში და ისევ 90-იანი წლების სტერეოტიპებშია ჩაკეტილი.

კიდევ ერთს მოგახსენებთ. დავით უსუფაშვილის განცხადებაში ამჯერად უკვე პოლიტიკოსის მიერ იქნა გაცხადებული ის, რაზეც წლების მანძილზე ძალზე ხშირად ვსაუბრობდით არაპოლიტიკოსები: თავისუფალი მოქალაქეების სახელმწიფო არ ნიშნავს მხოლოდ ურთიერთგანსხვავებულ შეხედულებათა თავისუფალ დაპირისპირებას. ასეთი მანკიერი გაგება ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებას მუდმივ რევოლუციურ რეჟიმში ამყოფებს და ერთი ძალის მიერ მეორის ძირიანად მოსვრა სრულიად ბუნებრივი ჩანს.

სახელმწიფოებრივი ცხოვრება, ამავე დროს, გულისხმობს კონკურენტი ძალების დიალოგსა და თანამშრომლობას, მათ შეთანხმებას ისეთ ღირებულებებზე, რომელთა რევიზიაც ვერავითარ იდეოლოგიას ვერ ძალუძს. ასეთია, პირველყოვლისა, ქართული სახელმწიფოს იდეა, რადგან მის გარეშე ვერც ადამიანის უფლებები გვექნება, ვერც ეკონომიკა, ვერც კულტურა და ა.შ.

საბოლოოდ: ნებისმიერი იდეა თუ იდეოლოგია განვითარების ჩვენს საფეხურზე ბოროტებად შეიძლება იქცეს, თუ ის საფუძველშივე დაუპირისპირდება სახელმწიფოებრიობის იდეას, თუ ის არ ამოდის პიროვნებისა და სახელმწიფოს ინტერესთა ბალანსის პრინციპიდან. დემოკრატიაც, ადამიანის თავისუფლების იდეაც, ეროვნული იდეაც, რელიგიური რწმენაც, მიუხედავად მათი კეთილშობილებისა, შეიძლება სახელმწიფოებრივად საშიშ იდეებად იქცნენ, თუ მათი მქადაგებლები და განმახორციელებლები სახელმწიფოსა და პიროვნების ინტერესთა ბალანსის პრინციპს დაარღვევენ და თავს იოლად მისცემენ ჩვენთვის ესოდენ საყვარელ ზერელე იდეოლოგიურ თამაშებს. ამიტომაც არის ჩვენში ასეთი აუცილებელი ლებერალიზმისა და კონსერვატიზმის დიალოგი და არა დაუძინებელი მტრობა, რომელიც დღეს გაბატონებულა ჩვენს მსოფლმხედველობრივ სივრცეში.

რა იქნება მთავარი წინააღმდეგობა?

– ასეთი წინააღმდეგობა რამდენიმე შეიძლება დავასახელოთ. პირველ რიგში ის, რომ დღევანდელ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს არ აწყობს ისეთი გამოცდილი მოთამაშის გამოჩენა, რომლის მიმართაც საზოგადოების არც ისე მცირე ნაწილში საგრძნობი სიმპათია არსებობს. ყველაფერი გაკეთდება საიმისოდ, რომ ამომრჩეველმა დაივიწყოს გაწონასწორებული და კონსტრუქციული პარლამენტის თავმჯდომარე და ახსოვდეთ იმ პარტიის წევრი, რომლის წარმომადგენლებიც ერთნაირსქესიანთა ქორწინებას ადამიანის უფლებების სფეროდ მიიჩნევენ - მიუხედავად იმისა, რომ უსუფაშვილი რამდენჯერმე საჯაროდ დისტანცირდა ამ იდეისაგან.

არ დაგვავიწყდეს პუტინისტური „რბილი ძალის“ მესვეურებიც, რომლებისთვისაც პროდასავლურ ფლანგზე ამ მოთამაშის გამოჩენა ძალზე არასასურველია, რადგან ეს ვნებს მათ პროპაგანდისტულ დოქტრინას, თითქოს დასავლურ კურსს საქართველოში მხოლოდ ნაციონალები და მათთან ასოცირებულები უჭერენ მხარს.

მოკლედ, ბატონი დავითი ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების ძალზე მნიშვნელოვან ნერვს შეეხო და ეს ჩემთვის მისი მომავალი პოლიტიკური პარტიის ბედზე მნიშვნელოვანი რამ არის.

რაც შეეხება საკონსტიტუცი ცვლილებებს, რომელიც მთავრობასა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირების მიზეზი ხდება. კონსტიტუციის პროექტის თანახმად, ქვეყანა საბოლოოდ გადადის პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე. ძალიან კრიტიკულია პრეზიდენტი, რომლის განცხადებით, კონსტიტუციის პროექტი, რომელიც მმართველმა ძალამ შექმნა, არ გამოხატავს მოსახლეობის ინტერესს, რადგან წარმოდგენელი კანონპროექტით მცირდება პრეზიდენტის ფუნქციები. ბატონო ზაზა, რამდენად აუცილებელია პრეზიდენტის უფლებამოსილებების არსებულ სახელისუფლებო სისტემასთან შესაბამისობაში მოყვანა?

– მე არ ვარ კონსტიტუციონალისტი და დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების თვალსაზრისით კი, ვფიქრობ, მე, როგორც მოქალაქეს, მჭირდება საკმარისი უფლებებით აღჭურვილი პირი, ვინც ჩემს მიერ მინიჭებული მანდატით გარკვეულ ფარგლებში კონტროლს გაუწევს ხელისუფლებას და კრიტიკულ სიტუაციებში პოლიტიკურ ცხოვრებას დააბალანსებს. როგორი სწორიც არ უნდა იყოს „ოცნების“ მიერ წარმოდგენილი პროექტი სამართლებრივი თვალსაზრისით, მთელი წინარე ბატალიები ცხადჰყოფს, რომ მის მესვეურებს სწორედ ამგვარი ფუნქციის მატარებელი ინსტანციის არსებობა არ სურთ.

მათ თავადვე შესძინეს მოსალოდნელ ცვლილებებს უარყოფითი ელფერი. ერთია, როდესაც ოპოზიცია, მით უმეტეს - გაკოტრებული, გაკრიტიკებს და სხვაა, როდესაც ამას შენგან დამოუკიდებელი და ამომრჩევლის მანდატით აღჭურვილი ინსტანცია აკეთებს. ამიტომაც არის აუცილებელი საყოველთაოდ არჩეული პრეზიდენტი. ამით ხელისუფლება ერთადერთისა და განუმეორებელის მდგომარეობას კარგავს, ხოლო პოლიტიკური კრიზისების ჟამს რჩება ინსტანცია, რომელიც სახელმწიფოებრივი ცხოვრების მემკვიდრეობითობას უზრუნველყოფს.

კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარული კომპონენტი უქმდება და მანდატები პროპორციული წესით მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით გადანაწილდება. მაშინ როდესაც ჩვენ არ გვყავს ძლიერი თვითმმართველობა, რამდენად გამართლებულია ქვეყნისთვის მაჟორიტარული სისტემის გაუქმება? თუ გავითვალისწინებთ, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა მსოფლიოს 90 ქვეყანაშია, მათ შორის, აშშ-ში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში.

– უნდა გავიმეორო: მე არც სამართალმცოდნე ვარ და არც, მით უმეტეს - კონსტიტუციონალისტი. ამიტომაც, შემიძლია ვთქვა, რომ თუ ვინმე იტყვის, რომ დეპუტატების არჩევის მაჟორიტარული წესი დემოკრატიულია, დავეთანხმები. ჩვენი კულტურისათვის მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ პრინციპებსა და პროგრამებს, არამედ იმასაც, თუ ვინ განახორციელებს მათ და ვენდობით თუ არა ამა თუ იმ პიროვნებას და მის პოლიტიკურ გუნდს.

მაგრამ ჩვენს რეალურ ვითარებებში პიროვნებების როლი და მათი კუთვნება რომელიმე გავლენიანი პოლიტიკური ლიდერის წრისადმი გადაჭარბებულ როლს ასრულებს. ვკარგავთ ან უგულებელვყოფთ პრინციპებს. შედეგად ვიღებთ მაჟორიტარებს, რომელთა კრიტიკულად დიდი ნაწილი ან სრულიად გულგრილია თავისი ამომრჩევლის პრობლემების მიმართ, ან სარგებლობს დიდ ლიდერთან ახლობლობით (ხშირად, უბრალოდ, ამგვარი ახლობლობის შთაბეჭდილებას ქმნის) და თავის რეგიონში ფეოდალივით იქცევა. ამას დაუმატეთ ის პოლიტიკური კორუფციაც, რომელიც არჩევნების დროს რეგიონებში გაჩაღდება ხოლმე, რაც მმართველ ძალას წინასწარვე აძლევს უპირატესობას. სწორედ ამან განსაზღვრა მაჟორიტარული წესით არჩევის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება.

მისი ასე თუ ისე ნორმალურად ჩატარება ამომრჩევლისა და არჩეულის საკმაოდ მაღალ პოლიტიკურ კულტურას და მეტ ისტორიულ გამოცდილებას გულისხმობს. როგორც ჩანს, ჩვენ ჯერ არა ვართ ამისთვის მზად. ამის აღიარებაც უკვე საქმეა და, თქვენ წარმოიდგინეთ, წინ გადადგმული ნაბიჯიცაა. ალბათ, დადგება დრო, როდესაც თავადვე გაგვიკვირდება, თუ რატომ მიიღო მაჟორიტარულმა არჩევნებმა ასეთი მახინჯი სახე.

ცუდია, რომ მაჟორიტარული წესით არჩევნებზე უარის თქმა ადგილობრივი თვითმმართველობების შეზღუდვის შესახებ პროექტის თანხლებით ხდება. ამაზე ბევრია ნათქვამი და აღარ გავიმეორებ, თუ რის ნიშნად შეიძლება იქნას ეს აღქმული.

კეთდება ასეთი შეფასებაც, რომ ხელისუფლება ცდილობს ხელი შეუშალოს ოპოზიციის გაერთიანებას, რომელსაც სათავეში შესაძლოა პრეზიდენტი მარგველაშვილი ჩაუდგეს. დღეს, საზოგადოებაში ჩნდება მოთხოვნა ახალი ძალის შესახებ და პრეზიდენტი ყალიბდება როგორც ლიდერი, ხელისუფლების ალტერტანივა?

– აბა, რა გითხრათ? ის რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი ბედავს და კრიტიკულ აზრს გამოთქვამს - უნდა ვაღიაროთ, რომ გაცილებით უფრო კორექტულად, ვიდრე მას უპირისპირდებიან, თუნდაც, ევროპულად განათლებული ოპონენტები - ჯერაც არ ნიშნავს, რომ მას პოლიტიკური ამბიციები აქვს და რომ იგი ოპოზიციის გამაერთიანებლად მოგვევლინება. როლი, რომელიც მან იკისრა, არ გახლავთ ოპოზიციონერის როლი.

რა პრეტენზიებიც უნდა გვქონდეს მის მიმართ, არ უნდა დავუკარგოთ, რომ იგი შეეცადა არსებულ საკონსტიტუციო ფარგლებში პრეზიდენტის ქცევის მოდელი შეემუშავებინა და თანაც იგი პირველი იყო, ვისაც ეს დაეკისრა. აბა, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ იგიც „ქართული ოცნების“ ლიდერის მეხოტბედ მოგვლინებოდა. ხოლო ის, თუ რას იზამს ის მომავალში, ნამდვილად არ ვიცი.

ზოგადად ვიტყვი, რომ ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების ამ ეტაპზე რაიმეს წინასწარ განსაზღვრა ძნელია. ამას ვერც ვერავითარი სოციოლოგია ვერ გვიკარნახებს. ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ სოციოლოგებმა, ალბათ, სერიოზულად უნდა გადახედონ თავის მეთოდებს. ტრამპისთვის ყველაზე ხელსაყრელ სოციოლოგიურ შედეგებშიც კი, იგი თავის კონკურენტს ჩამორჩებოდა. როგორც ჩანს, მკვლევარებმა მხედველობაში არ ან ვერ მიიღეს მხედველობაში ის პროცესები, რომლებიც სააშკარაოდ არ ჩანდა ძველი პარადიგმებით ჩატარებული სოციოლოგიურ კვლევების ზედაპირზე.