ლევან მოსიაშვილის და ალენ პიზენის ქართულ- ფრანგული გაზაფხული

ლევან მოსიაშვილის და ალენ პიზენის ქართულ- ფრანგული გაზაფხული

ორი დღეც და საფრანგეთში მოღვაწე ქართველი მხატვარი, ლევან მოსიაშვილი, ფრანგ მეგობარ ფოტოხელოვან, ალენ პიზენთან ერთად, ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვეღარ დაგელოდებათ. ლევან მოსიაშვილმა, რომელმაც თავისი ნამუშევრებით ქართული ეპოქა შექმნა, ყოველი წლის აპრილში სამშობლოში ანგარიშის ჩასაბარებლად ბრუნდება.

21 აპრილს, პარლამენტის ევროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, მხატვარმა ლევან მოსიაშვილმა და ფრანგმა ფოტოხელოვანმა ალენ პიზენმა ერთობლივი გამოფენა - „გაზაფხულის ფერები“ გამართეს, რომელიც 30 აპრილამდე გაგრძელდება.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ლევან მოსიაშვილის ახალი 30-მდე აბსტრაქცია, ხოლო ალენ პიზენის 14-მდე ფოტონამუშევარი, რომელიც განსხვავებული ხედვით გამოირჩევა. ქართველი მაყურებლისთვის გამოფენილი ნამუშევრები იმედისმომცემი, ხალასი და პოზიტიურია.

ამბობენ, რომ მოსიაშვილის ნახატებში ბევრი ქართული მზეა. როგორც მხატვარი აღნიშნავს: „არ არსებობს, რომ საფრანგეთში ნიჭიერება არ დაინახონ, ვერ შენიშნონ ან ფეხი დაგიდონ, ურთიერთობის დიდი კულტურა აქვთ და პრიორიტეტების დაყენება სწორად იციან“.

იქნებ ამიტომაც გასცდა საზღვრებს საქართველოს მზე და გაანათა არა მარტო საფრანგეთი, არამედ გერმანია, აშშ, იაპონია, ჩინეთი, იტალია, ინგლისი, თურქეთი და სხვა მრავალი ქვეყანა.

ლევან მოსიაშვილი, 1998 წლიდან,საფრანგეთში პირველი დებიუტის შემდეგ მარსელის, ხოლო კარი-ლე-რუეში ფერწერის კონკურსის გამარჯვებული გახდა, ამ პირველ გამარჯვებებს სხვა უამრავი ჯილდო მოჰყვა, რომელსაც ახლახანს კიდევ ერთი შეემატა, („საფრანგეთი კულტურის ქვეყანა“), თუმცა როგორც მხატვარი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, დაჯილდოვებები მწვერვალი არ არის და უნდა დარჩე ისეთი, როგორიც მიხვედი დაჯილდოვებამდე.

მიუხედავად მსოფლიო აღიარებისა, ლევან მოსიაშვილი დარჩა სამშობლოსა და უანგარო ურთიერთობების მოსიყვარულე ლევან მოსიაშვილად. თუმცა, ქართველ საზოგადოებას საქმე სხვანაირად აქვს, მხატვრის თქმით, ახლანდელ და 10-15 წლის წინანდელ თბილისში არა მარტო დეკორაცია, არამედ ადამიანები, ურთიერთობები შეიცვალა, რაზეც გული სტკივა, მაგრამ საკუთარ ნამუშევრებში ამ განწყობის ასახვა არ სურს.

რა ხდება გარედან გალამაზებული თბილისის გულში, რა სტკივა ლევამ მოსიაშვილს და რა განწყობას წაიღებს მხატვრის მეგობარი, ფრანგი ფოტოგრაფი, საფრანგეთში, სადაც ქართული მზე შეიყვარეს?
რომანტიზმი კარგია, ოცნებებიც - ხანდახან, თუმცა რეალობა ჯიუტია და თანაც დიდი ხნით თვალს ვერ დახუჭავ. კორუფციულმა სისტემამ და ნეპოტიზმმა, რომელიც არა მარტო ხელოვნებას ემუქრება, საქართველოში მყარად გაიდგა ფესვები, ლევან მოსიაშვილი კი ფიქრობს, რომ ეს სისტემა ხელოვნებას გასაქანს ვერ მისცემს და ვერც ხელოვანი განვითარდება ამ სივრცეში.

„ეს არასოდეს მითქვამს საჯაროდ, მაგრამ ახლა უნდა გითხრათ ჩემი გულის ტკივილი. ძალიან ხშირად ვაწყდები, რომ კომერციული თვალსაზრისით იწყებენ ურთიერთობებს და არა ნიჭის, ბიოგრაფიის, გამოცდილების, კომპეტენციის მიხედვით. სიტყვა კომპეტენცია წლებია გამქრალია საქართველოში. დამოკიდებულებები კი, მხოლოდ შედეგზე ორიენტირებულია, თუ რა მექნება მე თქვენთან ურთიერთობით, რაც ძალიან სამწუხაროა“, - აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას ლევან მოსიაშვილი.

ხშირად მიფიქრია რა სულის პატრონი ყოფილა ექვთიმე თაყაიშვილი. ლევან მოსიაშვილთან საუბრის დროსაც გამიელვა ამ ფიქრმა და, ალბათ, შემთხვევითი სულაც არაა მაშინდელი საქართველოსა და საფრანგეთის კავშირი, თუმცა თაყაიშვილის მგავსად შემოგვინახავს ვინმე დღეს ქართულ საგანძურს? იქნებ კაპიკებში იყიდება კიდეც ქართული ხელოვნება. მოსიაშვლის გულისტკივილი ხომ სწორედ, ქართულ საგანძურს უკავშირდება.

„ჩვენს ქვეყანას სხვა ვერ მიხედავს, ჩვენი მისახედია და გამდიდრების სურვილით შეპყრობილნი ნუ დავაცარიელებთ, ისედაც ძვირფასი ნამუშევრებით დაცლილ სამშობლოს“, - ამბობს ლევან მოსიაშვილი.

გურამ დოჩანაშვილის თქმისა არ იყოს: „დაწოლისას, დაძინებამდე არის ერთი, რაღაც პატარა, გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით“. ვიცით, თანაც როგორ! თუმცა, სულიერ კრიზისში მყოფ ადამიანებს რთულია მოსთხოვო ექვთიმესავით გმირობა.

მიუხედავად მხატვრის გულის ტკივილისა, ის ამბობს, რომ სამშობლოს ვერ შეელევა და მომავლის იმედით გამსჭვალული მომავალ გეგმებსაც საქართველოს უკავშირებს. ივნისის თვეში შატო ზეგაანში მოსიაშვილის გამოფენა იგეგმება, სადაც მხატვრის ყველა პერიოდი იქნება წარმოდგენელილი. გაყიდული ნამუშევრებიდან შემოსული თანხა კი, მთლიანად თელავის სამხატვრო, საბავშვო სკოლის აღდგენას მოხმარდება.

მოსიაშვილის ფრანგი მეგობარი კი, თავის ფოტონამუშევრებს კლასიკურ მუსიკას ადარებს და მომავალ გეგმებს ისიც უკავშირებს საქართველოს. ამბობს, რომ ის და ლევანი 12-13 წელმა მეგობრებად შეადუღა და საფრანგეთი-საქართველოს კულტურულ დუეტს, ალბათ, მომავალ წელსაც იხილავს ქართველი მაყურებელი.

ალენ პიზენი მომავალში საქართველოს ფოტოების გამოფენას გეგმავს და ამბობს, - „მე უნდა ვაჩვენო საქართველო ჩემს მეგობრებს საფრანგეთში“.