ტრამპი რეიგანის პოლიტიკას იმეორებს

ტრამპი რეიგანის პოლიტიკას იმეორებს

აშშ მძლავრი ეკონომიკური ნახტომისთვის ემზადება, - შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრმა სტივ მნუჩინმა განაცხადა, რომ საგადასახადო რეფორმა, რომლის გეგმასაც თეთრი სახლი მოგვიანებით გამოაქვეყნებს, ქვეყნის ისტორიაში ყველზე მასშტაბური იქნება. მინისტრმა დაადასტურა, რომ ბიზნესისთვის გადასახადები მთელი 20 პროცენტით, 35-დან 15 პროცენტამდე შემცირდება.

დონალდ ტრამპის ეკონომიკური გარღვევის მიმართ ინტერესი და მოლოდინი მსოფლიოში არ მცირდება. მისი განცხადებებიდან გამომდინარე, პროგნოზებიც არაერთგზის გაკეთდა, რომლის თანახმადაც რამდენიმე სფეროში სერიოზული ცვლილებების მოლოდინი ჩნდება. ეს შეეხება ვაჭრობას, საგარეო პოლიტიკას, ჯანდაცვას, გადასახადების პოლიტიკას და ა.შ.

ტრამპი ჯერ კიდევ არჩევნებამდე გადასახადების ისეთ შემცირებას პროგნოზირებდა, რომელიც თავის დროზე რონალდ რეიგანმა განახორციელა. მან პირობა დადო, რომ არც ერთი ამერიკული ბიზნესი არ გადაიხდიდა 15%-იან მოგების გადასახადზე მეტს.

თავის დროზე, უცხოური მედია წერდა, რომ 2016 წლის შემოდგომაზე სწორედ ეკონომიკური პრობლემები აწუხებდა ამერიკელ ამომრჩეველს ყველაზე მეტად, რაც გამოიწვია იმან, რომ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში რიგითი ამერიკელების ცხოვრების დონე ვერ დაუბრუნდა 2008 წლის კრიზისამდე არსებულ მაჩვენებელს.

თავისი ეკონომიკური პროგრამით ტრამპმა ამომრჩევლები დაარწმუნა რომ მათი მატერიალური მდგომარეობა მალე გაუმჯობესდებოდა. როგორც ჩანს, აშშ-ს ახალმა პრეზიდენტმა დაპირებების შესრულება დაიწყო.

ტრამპის გაპრეზიდენტებამდე ცნობილი იყო, რომ ის აპირებდა მემკვიდრეობაზე გადასახადის გაუქმებას, საგადასახადო შეღავათების დაწესებას ბავშვების აღზრდაზე, ფიზიკურ პირებზე საგადასახადო ტვირთის შემცირება 39,6%-დან 33%-მდე. ტრამპის გეგმებში შედიოდა საგადასახადიო ტვირთის შემცირება ბიზნესისთვისაც – 35% – დან 15%-მდე. ის თვლის, რომ ეს ზომა დაეხმარება ამერიკას გაუწიოს კონკურენცია ირლანდიას და ბრიტანეთს, სადაც გაედინება დიდი ამერიკული კომპანიების მოგების ნაწილი.

ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი მიმართულება ასევე იქნება ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ის აცხადებდა, რომ ობამას პერიოდში უმუშევარი ამერიკელების რაოდენობა 14 მილიონით გაიზარდა. უმუშევრობასთან ბრძოლის ერთ-ერთ საშუალებად ის მიიჩნევს ბრძოლას არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ. მან განაცხადა კიდეც, რომ გააძევებს ქვეყნიდან 11 მლნ. არალეგალ მიგრანტს, გააუქმებს სხვადასხვა სავაჭრო-ეკონომიკურ შეთახმებებს პირველი რიგში, მექსიკასა და ჩინეთთან. ტრამპი ვარაუდობს, რომ ამ ზომებს მოყვება ამ ქვეყნებში გატანილი ქარხნების დაბრუნება შტატებში.

ექსპერტები ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკით მოელიან მეტ ეკონომიკურ სტიმულირებას და ნაკლებ „ამერიკულ-დემოკრატიულ“ პროცესებს მსოფლიოში. მათივე შეფასებით, ტრამპი არის დამატებითი დიდი და კარგი ეფექტი საფონდო ბირჟისთვის.

როგორც ექსპერტები პროგნოზირებენ, მალე საქართველოსნაირი  ჩამოკიდებული ქვეყნებიც მიხვდებიან, რომ საკუთარი თავი თვითონ უნდა ირჩინონ.

შევა თუ არა ტრამპი აშშ-ს საუკეთესო პრეზიდენტების სიაში, ისტორია გადაწყვეტს, თუმცა რეიგანის პოლიტიკასთან პარალელების გავლება უკვე შესაძლებელია.

რეიგანსაც მაშინ მოუხდა პოლიტიკურ სცენაზე გამოსვლა, როდესაც ექსპერტების შეფასებით, აშშ-ს ეკონომიკას პულსი ძლივს ესინჯებოდა. მისი პირველი საგადასახადო კანონპროექტი 1981 წლის აგვისტოში შევიდა ძალაში. საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის მაქსიმალური მაჩვენებელი 70%-დან 50%-მდე შემცირდა, მინიმალური კი 14%-დან 11%-მდე.

სპეციალისტთა მტკიცებით, რეიგანის რევოლუციამ შეძლო და ამერიკა დაძრა დაბალი გადასახადების, მყარი დოლარის, თავისუფალი ვაჭრობისა და ნაკლები რეგულირებისაკენ. რეიგანის ეკონომიკის გასაღები კი ადამიანების ქცევის შეცვლა გახდა - მათ გაუჩნდათ მეტი პატივისცემა სამუშაოს, ინვესტირებისა და წარმოების მიმართ.

„ამის მისაღწევად პირადი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი არამარტო მნიშვნელოვნად შემცირდა, არამედ მისი ინდექსირებაც მოხდა 1985 წლის ინფლაციის გათვალისწინებით. ზღვრული საგადასახადო განაკვეთი არასახელფასო შემოსავალზე 70%-დან 28%-მდე შემცირდა. შემცირდა კორპორატიული გადასახადიც – საგადასახადო ბიჯი 34%-დან 46%-მდე გაიზარდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გადაეკვეთა ზღურბლი მანამ, სანამ მისი შემოსავლები არ იქნებოდა საგრძნობლად მაღალი“, - წერს კალიფორნიელი ეკონომისტი, ართურ ლაფერი, The Wall Street Journal -ის ერთ-ერთ სტატიაში (არტურ ლაფერი იყო კალიფორნიელი ეკონომისტი და მონაწილეობდა სენატის არჩევნებში, რომელმაც ანალიტიკურად შეაფასა საპროცენტო გადასახადის განაკვეთი და მოგვცა შემდეგი მრუდი, რომელიც მოგვიანებით მოიხსენიება, როგორც ლაფერის მრუდი).

შეგახსენებთ, რომ ამერიკის პრეზიდენტების რეიგანის და ბუში-უფროსის მმართველობის პერიოდში (1980-1992 წლები) ამერიკაში ეკონომიკის პოლიტიკაში გამოჩნდა ეკონომისტ-რეფორმატორების კონსერვატორული ფრთა, რომელთაც წამოიწყეს ამერიკის ეკონომიკურ პოლიტიკაში დებატები და მოითხოვდნენ ამერიკის საგადასახადო-საბიუჯეტო განაკვეთის შემცირებას. ისინი ასაბუთებდნენ, რომ ამერიკის ნაციონალური პრობლემები: დაგროვების დაბალი დონე, წარმოების სტაგნაცია, ინფლაცია გამოწვეულია მაღალი გადასახადებით. ამ იდეების გენერატორი იყო კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი - რობერტ მანდელი, რომლის ძირითადი არგუმენტი იყო ლაფერის მრუდი.

როგორც ჩანს, აშშ-ს მილიარდერი პრეზიდენტი ქვეყნის წარმატებული ეპოქის გამოცდილების პრაქტიკაში გამოყენებას გეგმავს.

კარგი იქნებოდა, საქართველოსაც გაეზიარებინა მსგავსი გამოცდილება, რომელსაც, წარმატებული ეპოქისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ქვეყნის მილიარდერი ლიდერი ამერიკელებზე გაცილებით ადრეც კი ჰყავდა. უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკურ სტიმულირებას საქართველოს მთავრობაც გეგმავს, თუმცა ექსპერტები თვლიან, რომ ცვლილებათა პაკეტი საკმაოდ ფრაგმენტული და არასაკმარისია ეკონომიკური კლიმატის შესაცვლელად.