ევა გოცირიძე მედიას ცენზურას უწესებს
მართა ლაბაძე
ევა გოცირიძის ინიციატივას, რომელიც მოსამართლეთა კრიტიკის აკრძალვას ითვალისწინებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები მოსამართლეების შეურაცხყოფის დასჯად ქმედებად გამოცხადებას ითხოვენ, რადგან, მათი განცხადებით, ბოლო დროს პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებული განცხადებები გამოხატვის თავისუფლებას სცდება.
ინიციატივის ავტორს ძირითადი შენიშვნა ჟურნალისტების მიერ მოსამართლეების მიმართ არაკორექტული გამონათქვამების გამო აქვს, ამბობს, რომ კრიტიკა დასაშვებია, თუმცა არა შეურაცხყოფა.
„ზოგიერთ შემთხვევაში საქმე გვაქვს მოსამართლეების დაშინებასთან, მათ შორის სამსახურის დაკარგვის მოთხოვნასთან დაკავშირებით, ისევე როგორც იყო შემთხვევები საჯარო განცხადებებისა სასმართლოს გადაწყვეტიოლებებისადმი დაუმორჩილებლობის თაობაზე. დადგა დრო, რომ ეს საკითხი საბოლოოდ გადაწყდეს ისე, როგორც საჭიროა.
ზოგიერთი ნაწილი კანონის მიხედვით უნდა გადაწყდეს, მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი. მთავარი არის ცნობიერება და კულტურა, მივხვდეთ, რომ მოსამართლის ხელაღებით ლანძღვა არ შეიძლება და თუ მას გავლანძღავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ვეღარ იქნება ისეთი ავტორიტეტული, ძლიერი და სამართლიანი, როგორსაც ჩვენ ლეგიტიმურად ველით, რომ უნდა იყოს“, - განცხადა ევა გოცირიძემ.
მედიის წარმომადგენლებს აკრიტიკებს იუსტიციის საბჭოს კიდევ ერთი წევრი შოთა გეწაძე, რომელიც ახალ რეგულაციებს მხარს უჭერს.
„ვართ მომსწრენი ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებისა, როდესაც ხდებოდა მოსამართლეთა არა კრიტიკა, არამედ ლანძღვა, მათი პიროვნული შეურაცხყოფა. რასაც ზოგიერთი მედიის წარმომადგენელი უწოდებს კრიტიკას, ის არის ლანძღვა“, - აცხადებს შოთა გეწაძე.
ახალი რეგულაციების წინააღმდეგია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ვახტანგ მჭდლიშვილი, რომელის შეფასებით, სისხლის სამართლის და სამოქალაქო კოდექსში უკვე არსებობს ასეთი ჩანაწერები. თუმცა მჭედლიშვილი აღნიშნულ საკითხზე ფართო დისკუსიის და მსჯელობის მომხრეა.
„რაც შეეხება ცალკე მოსამართლეზე, მისი ღირსებისთვის ცალკე რეგულაციების და სასჯელის დადგენას, კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ. დღევანდელი კანონმდებლობა არეგულირებს როგორც სამოქალაქო, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წესით, ასევე სისხლის სამართლის წესით სხვადასხვა საკითხებს, მსგავს რეგულაციებს და ყველას ღირსება უნდა იყოს თანაბარი“, - აცხადებს ვახტანგ მჭედლიშვილი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთი წევრი კახა სოფრომაძე ფიქრობს, რომ ლანძღვა-გინება უნდა დასრულდეს, მაგრამ ეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე არ უნდა მოხდეს. სოფრომაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე სანქციებზე საუბარი ზედმეტია, რადგან თემა წამოწეულია მხოლოდ სამსჯელოდ.
„ეს ახალი ინიციატივა ემსახურება იმას, რომ გავარკვიოთ სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და შეურაცხყოფას შორის. მიმაჩნია, რომ ეს ქვეყანაში დაამკვიდრებს პრაქტიკას და კულტურას, ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს გამოხატვის თავისუფლება და შეურაცხყოფის მიყენება. დღეს მასიური სახე მიიღო მოსამართლეების ლანძღვამ.
იქედან გამომდინარე, რომ მოსამართლეს საჯარო მოხელისგან განსხვავებით არ შეუძლია ყველა ბრალდებაზე პასუხი გასცეს, ცოტა უფრო მეტი დატვირთვა გვაქვს მოსამართლეების მიმართ. ამ ეტაპზე სამსჯელოდ წამოწეულია თემა, რაზეც ფართო მსჯელობა უნდა მოხდეს“, - განაცხადა კახა სოფრომაძემ.
მედიის წარმომადგენლებს და ექსერტებს იმედი აქვთ, რომ პარლამენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივას მხარს არ დაუჭერს, რადგან ეს არის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. თუმცა, გოცირიძის ინიციატივას დადებითად აფასებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, რომლის განცხადებით, გარკვეული არგუმენტები შემოთავაზებულია, თუმცა, მოსამართლეების შეურაცხყოფის საკითხს კანონპროექტის სახე ჯერ არ აქვს.
„მოსაზრების, დისკუსიისა და განსჯის ეტაპზე საუბარია, რომ გარკვეული ზღვარი იყოს დაცული გამოხატვის თავისუფლებასა და იმ დასაშვებ კრიტიკას შორის, რომლის მიღმა უკვე შეიძლება სასამართლოს შეურაცხყოფის, ან ზემოქმედების შემადგენლობა იყოს. „სისხლის სამართლის კოდექსში“ მოქმედი ნორმაა, რომელიც სასამართლოს საქმიანობაში ჩარევას, ან ხელის შეშლას ეხება და ეს ისედაც დასჯადი ქმედებაა, მაგრამ რაც შეეხება გამოხატვის თავისუფლებას, თქვენ იცით, რომ კონვენცია და კონსტიტუცია ამ უფლებას იცავს, მაგრამ ეს აბსოლუტური უფლება არ არის.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება აქვს და შეგვიძლია, აქედან ვიხელმძღვანელოთ, როდის შეიძლება კრიტიკა დასაშვებად ჩაითვალოს და როდის ირღვევა ადამიანის პატივი და ღირსება. ამ თემაზე დისკუსიის გახსნა ურიგო არ იქნება, რათა გარკვეული ჩარჩო არსებობდეს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
გოცირიძის ინიციატივას არ იზიარებს სახალხო დამცველი და ფიქრობს, რომ სასამართლოსადმი პატივისცემა უნდა გაზარდოს პირველ რიგში სასამართლომ. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, საინტერესოა, რატომ სხვა ჯგუფებზე არ არის მსგავსი ინიციატივა, რატომ არ უნდა დავიცვათ მაშინ ნებისმიერი პოლიციელი, ჟურნალისტი ან ჯარისკაცი.
„მაშინ შემოვიღოთ აბსოლუტურად ყველა პროფესიულ ჯგუფებზე მსგავსი შეზღუდვები და ნახევარი საქართველო გამოვკეტოთ ციხეში. მე ვერ მოვისმინე ვერანაირი არგუმენტი თუ რატომ არის ასეთი ცვლილების განხორციელება აუცილებელი. სასამართლოსადმი პატივისცემა უნდა გაზარდოს პირველ რიგში სწორედ სასამართლომ და იმ გადაწყვეტილებებმა, რომელიც იქნება სამართლიანი და საზოგადოებას გაუჩენს მეტ ნდობას სასამართლო ინსტიტუტის მიმართ“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
იურისტი ლევან ალაფიშვილი დარწმუნებულია, რომ ევა გოცირიძის სასაცილო იდეას განხორციელება არ უწერია და ეს თვითონ საბჭომაც იცის, რადგან ასეთი კანონის მიღება უკან, საბჭოთა კავშირში დაბრუნება იქნება, რომლის გაცნობიერება, როგორც ჩანს, ყველას არ შეუძლია. მისივე თქმით, ვისაც ევროპულ სასამართლოსთან შეხება აქვს, ან ჰქონია, უნდა იცოდნენ, რომ ეს იყო საბჭოთა კავშირში და დღეს აღარ ვართ საბჭოთა კავშირში.
„საბჭოთა კავშირის პერიოდში არა მხოლოდ მოსამართლეების, არამედ ზოგადად შეურაცხყოფა სისხლის სამართლის ქმედებად იყო გამოცხადებული. შესაბამისად, ამ მუხლის გამოყენება ხდებოდა სხვადასხვა მიზნისთვის, მათ შორის, პირველ რიგში, მედიისთვის და საჯარო კრიტიკისთვის.
დემოკრატია და საბჭოთა კავშირი თავისი რეგულაციებით, მათ შორის კრიტიკასთან, საჯაროობასთან, დებატებთან, როგორც ცეცხლი და წყალი ისეა შეუთავსებელი. ამას თუ ვინმე ვერ აცნობიერებს, ძალიან ჩამორჩენილია იმ მატარებელს, რომლითაც საქართველო შესაძლოა ცოტა პრობლემებით, მაგრამ მაინც წინ მიდის დემოკრატიულ ოჯახში დამკვიდრებისთვის“, - ამბობს ლევან ალაფიშვილი.
ინტერნეტ გამოცემა for.ge-ს მთავარი რედაქტორი გიორგი იაკობაშვილი ამბობს, რომ მოსამართლეს მეტი ვალდებულება გააჩნია და თავი პრივილეგილებულ მდგომარეობაში არ უნდა ჩაიყენოს.
„მოსამართლის წინააღმდეგ არ შეიძლება რამე ცილისწამება და არასწორი ინფრომაციის გავრცელება, მეეზოვეს, ან ავტობუსის მძღოლის მიმართ შეიძლება? მე ამას არ ვემხრობი. ჩვენ გვახსოვს ვინც იყვნენ და რა ხალხიც იყვნენ ის მოსამართლეები. ქართველმა მოსამართლეება ის დიკრედიტაცია, რაც საკუთარ თავს წლების განმავლობაში გაუკეთეს, ჩვენ არ დაგვიწყებია. ვიცით ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს ვინც იყვნენ, რასაც აკეთებდნენ, როგორც იქცეოდნენ და მერე ადოკატებად იქცნენ.
ვიცით სააკაშვილის დროსაც ვინც იყვნენ მოსამართლეები, ზოგი ზონდერობიდან გახდა მოსამართლე, ზოგი მოსამართლე იყო და მერე გახდა ზონდერი, მაგრამ დღეს უფლებადამცველებად გვევლინებიან. ვერ გავიგე რა გამოდის, საზოგადოებაში რაღაცა პრივილეგირებული ჯგუფები უნდა შეიქმნას? ასე არ შეიძლება, ჩვენ ყველანი ერთიანად ვართ საქართველოს მოქალქეები და კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა ვიყოთ“, - ამბობს გიორგი იაკობაშვილი.
მისი თქმით, მოსამართლემ კეთილი უნდა ინებოს და კეთილსინდისიერად შეასრულოს თავისი მოვალეობა. ხოლო ჩვენც მოქალაქეებმა და მათ შორის ჟურნალისტებმა კეთილი ვინებოთ და ინფორმაციას, რომელსაც გავავრცელებთ კონტროლი გავუწიოთ.
„ვიცოდეთ, რომ არსებობს კანონმდებლობა და არასწორი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში ის დაისჯება. ამ შემთხვევაში ყველა პროფესია თანაბარი უნდა იყოს. არაფრით ჩემზე უკეთესი არ არის მოსამართლე, ის რახან დღეს მოსამართლის სკამზე ზის, ეს არ ნიშნავს, რომ ჩემზე აღმატებულია. პირიქით, მას მეტი ვალდებულება გააჩნია და პრივილეგილებულ მდგომარეობაში არ უნდა ჩაიყენოს თავი.
ცალმხრივად რთულია მაგაზე საუბარი, მაგრამ რაღაცა ისე ხდება, რომ ადამიანთა გარკვეულმა ჯგუფებმა წარმოიდგინეს და ახლა ცდილობენ საზოგადოების დარწმუნებას, რომ რაღაცა პრივილიეგიებით ისარგებლონ. აგერ, ახლა, მოსამართლეებმაც ჩათვალეს. ჩვენც ჟურნალისტებიც ვცოდავთ, თითქოს რაღაცა განსაკუთრებული კასტა ვართ.
არატრადიცული ორიენტაციის ჯგუფი - ლგბტ-ს რასაც ვეძახით, მაგის დამკვიდრება უნდათ საზოგადოებაში, რომ ისინი განსაკუთრებული ხალხი არიან და მათთან დაკავშირებით განსაკუთრებული რეგულაციები უნდა ამოქმედდეს კანონმდებლობაში. ნახევრად ხუმრობით ვიტყვი, მაგრამ მარიხუანას დეკრიმინალიზაციამ გამოიწვია ის, რომ ვინც კი პლანს ეწევა, რატომღაც გადაწყვიტეს, რომ ისინი არიან საზოგადოების მამოძრავებელი ძალა. ასე არ შეიძლება“, - აცხადებს გიორგი იაკობაშვილი.
ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე მოსამართლეთა კრიტიკის აკრძალვის ინიციატივის ავტორს ურჩევს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვეაში იქნებ უცხოური პრაქტიკა ენახა. უცხოური მედია მაქსიმალურად ცდილობს იყოს კორექტული სასამართლოს და მოსამართლის ვერდიქტის მიმართ, რადგან იმ ვერდიქტს ფსიქოლოგიური ძალა აქვს.
„რითია ეს მიღწეული, საკანონმდებლო მექანიზმებით, თუ უბრალოდ საზოგადოების შეგნებით, არ ვიცი. მაგრამ ის, რომ ამის მიღწევა საჭიროა, ეს ფაქტია. არის ინსტიტუტები, რომელთა ავტორიტეტის მოკლა სახელმწიფოსთვის ძალიან სახიფათოა.
კანონით აიკრძალება, თუ შეგნებაზე ზემოქმედებით, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ეს უნდა იყოს. სასურველია, რომ ეს შეგნებით ჩამოყალიბდეს და არა კანონით. თქვენ სწორი ბრძანდებით, კანონი როგორ კი ამოქმედდება, რაღაცა ერთ დეტალში ცენზურის როლში, მერე ძალიან ძნელია იმის გარკვევა სადამდე გაგრძელდება ამ კანონის მუშაობა როგორც ცენზურის. შეიძლება ძალიან ბევრ რამეზე გადავიდეს.
ამიტომ, სასრუველია ჩავხედოთ ევროპულ გამოცდილებას, სადაც ეს თემა მეტ-ნაკლებად მოგვარებულია, ანუ სასამართლოს ავტორიტეტის დაცულობა მეტ-ნაკლებად მოგვარებულია. ამ ქვეყნისთვის აუცილებელია ასეთი დაცულობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ქაოსში გადავალთ და სასამართლო სისტემა საერთოდ აზრს დაკარგავს“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.