დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი დაუმძიმდა. გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საქმე გვაქვს ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით - განზრახ მკვლელობის მომზადებასთან. გამოძიების მტკიცებით, მამალაძემ ანგარებით განიზრახა ძლიერმოქმედი მომწამვლელი ნივთიერების გამოყენებით პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა.
მთავარმა პროკურატურამ დაასრულა გამოძიება ბრალდებულ გიორგი მამალაძის საქმეზე და არსებითი განხილვის მიზნით საქმე წარიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში. საქმე სასამართლოში წარიმართა მამალაძის ბრალდების ნაწილში, თუმცა გამოყოფილ საქმეზე პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას. მიმდინარეობს რამდენიმე ვერსიაზე მუშაობა, მათ შორის დაგეგმილი შესაძლო დანაშაულის სხვა ობიექტების და ბრალდებულ მამალაძის სავარაუდო თანამზრახველების დადგენის მიზნით.
საქმეზე წინასასამართლოს სხდომა 5 მაისს გაიმართება. გამოძიების ფარგლებში საქმეზე ჩატარდა 600-მდე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, დაიკითხა 70-მდე მოწმე, ჩატარებულ იქნა 20-მდე ჩხრეკა/ამოღება და 100-მდე დათვალიერება, სხვადასხვა პირებისგან ამოღებულ ელექტრონული ინფორმაციის მატარებლებზე შესწავლილ იქნა მთლიანობაში 500-მდე გბ მოცულობის ინფორმაცია.
ასევე, საქმეზე დაინიშნა და ჩატარდა ბიოლოგიური, ქიმიური, სამედიცინო, ტოქსიკოლოგიური, ჰაბიტოსკოპიური, ფონოსკოპიური, კალიგრაფიული, ბალისტიკური და კომპიუტერული ექსპერტიზები. გამოძიების მტკიცებით, მიღებული ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური დასკვნით დადასტურდა, რომ პროკურატურის მიერ მოპოვებული ვიდეოჩანაწერები არ შეიცავს მონტაჟის ნიშნებს, არის უწყვეტი, ავთენტური და მასზე ასახულია და საუბრობს სწორედ გიორგი მამალაძე.
ასევე, მიღებული ქიმიური, ტოქსიკოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ ბრალდებულის ბარგიდან ამოღებული ნივთიერება წარმოადგენს სწრაფი მოქმედების ძლიერ შხამს - ნატრიუმის ციანიდს, რომლის ოდენობა საკმარისი იყო რამდენიმე ადამიანის სიცოცხლის მოსასპობად. რაც შეეხება ბალისტიკური და ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნას, დადგინდა, რომ ბრალდებულის ბინიდან ამოღებული პისტოლეტი წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებულ უნომრო ცეცხლსასროლ იარაღს, რომელიც ვარგისია გამოსაყენებლად.
რაც შეეხება შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მოტივს, გამოძიების მტკიცებით, 2015 წლის ნოემბრიდან მამალაძე მუშაობდა საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსად. მუშაობისას მას უარყოფითი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტთან, ხოლო მისი თანამდებობიდან განთავისულება თეთრუაშვილს დაუკავშირა.
„მამალაძე კარიერულ წინსვლად განიხილავდა უშუალოდ საქართველოს საპატრიარქოში არსებული მაღალი თანამდებობის დაკავებას, რომელიც მას შესაძლებლობას მისცემდა საპატრიარქოს სტრუქტურაში არსებულ სამოქალაქო თანამდებობებზე დაენიშნა მასთან დაკავშირებული პირები და თანამდებობიდან გამომდინარე, საკუთარი ზეგავლენა გაეზარდა.
ამასთან, გიორგი მამალაძე კარიერული წინსვლის დამაბრკოლებლად აღიქვამდა კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილს და მიაჩნდა, რომ ეს უკანასკნელი ცდილობდა მის გათავისუფლებას სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორის თანამდებობებიდან“, - ამბობს პროკურატურა.
გამოძიებით ირკვევა, რომ არსებული მატერიალური და იერარქიული მდგომარეობის შენარჩუნებისა და მომავალში კარიერული წინსვლის უზრუნველსაყოფად, გიორგი მამალაძემ ანგარებით განიზრახა ძლიერმოქმედი მომწამვლელი ნივთიერების გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა. ამ მიზნით გაემგზავრა გერმანიაში, ვინაიდან ჩათვალა, რომ უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში შეინიღბებოდა მისი განზრახვა, ამავდროულად მომწამვლელი ნივთიერების გამოყენებით გამოწვეული სიკვდილის მიზეზისა და დანაშაულის ჩამდენი პირის დადგენა გართულდებოდა საგრძნობლად.
„გიორგი მამალაძემ უმოკლეს ვადაში შეიძინა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი 0,8740 გრამი მომწამვლელი ნივთიერება „ნატრიუმის ციანიდი“-ს შემცველი ფხვნილი. 2017 წლის 10 თებერვალს, გერმანიაში გამგზავრებამდე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გიორგი მამალაძე დაკავებულ იქნა, ხოლო მისი ბარგის დათვალიერებისას ამოღებულ იქნა ფარულად შენახული, მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი მომწამვლელი ნივთიერება „ნატრიუმის ციანიდი“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
დეკანოზი გიორგი მამალაძე ამბობს, რომ შეძლებს სასამართლოზე დაამტკიცოს, რომ ციანიდის შოვნა შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა, რაც მისივე თქმით, გამოძიებამაც კარგად იცის.
„გამოძიებამ კარგად იცის, რომ ციანიდის შოვნა ქალბატონმა შორენამ მთხოვა. რასაკვირველია, მე შევძლებ სასამართლოზე ამის დამტკიცებას. ამაზე აუცილებლად ვისაუბრებ ვრცლად სასამართლოზე. ახლა მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ბრალდება სრულიად მცდარია და ეს გამოჩნდება. არ არის დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს. თუ საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებობს იოტისოდენა სამართალი, ჩემს უდანაშაულობას დავამტკიცებ“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას მამა გიორგი მამალაძემ.
მამა გიორგი მამალაძისთვის ბრალის დამძიმებას გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქო. როგორც საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, ამ შემთხვევაში არსებობს სახელმწიფო ორგანო, რომელიც ატარებს გამოძიებას.
„ამ შემთხვევაში მე როგორ უნდა დავადასტურო, ან არ დავადასტურო ის, რასაც საგამოძიებო უწყება ამბობს?! გამოძიებაში ჩართული არ ვარ, პროკურატურის განცხადებებს ვეცნობი ისე, როგორც თქვენ. რაც შეეხება ვიდეოკადრების ავთენტურობას, ამას ხომ ექსპერტიზა ადგენს. მე ხომ ვერ ვიტყვი, ავთენტურია კადრი თუ არა?
ჩვენ სხვა გზა რა გვაქვს, რომ არ ვენდოთ ექსპერტიზას? გამოძიებაზე რომ გვეკითხებიან, სხვა რა გზა გვაქვს, ჩვენ თვითონ ხომ ვერ ჩავატარებთ გამოძიებას? - არსებობს სახელმწიფო ორგანო, რომელიც ატარებს გამოძიებას და გვინდა თუ არ გვინდა, ვუსმენთ მას“, - აღნიშნა დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა.
პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ მტკიცებულებას არ იზიარებს ბრალდებულის ადვოკატი. მიხეილ რამიშვილის განმარტებით, თუ პროკურატურაში ფიქრობენ, რომ „მარილზე გასვლა“ ანგარებაა, ეს მათი პოზიციაა. ადვოკატის განცხადებით, აღნიშნული ბრალის მტკიცება პროკურატურის პრეროგატივაა, თუმცა მისთვის გაუგებარია, თუ სად იკვეთება საქმის მასალებში ანგარება. გარდა ამისა, მამალაძეს ამ ეტაპზე არ სურს, რომ მისი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.
„თავიდანვე, როდესაც დეკანოზ მამალაძეს ბრალი წაუყენეს, საუბარი იყო შორენა თეთრუაშვილზე და არა პატრიარქის მკვლელობის მცდელობაზე. ეს იყო 11 თებერვალს, დაკავებიდან მეორე დღეს. უბრალოდ, თავდაპირველად იყო ბრალი წარდგენილი 108-ე მუხლით და ახლა არის 109-ე მუხლით, თუმცა, რით დაადასტურებენ ანგარებას, ამას ჩვენ ვნახავთ“, - აცხადებს მიხეილ რამიშვილი.