„ილია მეორისა და ფაშა-ზადეს შეხვედრამ ნათელყო, რომ რელიგიისგან არ უნდა შევქმნათ პრობლემები“

„ილია მეორისა და ფაშა-ზადეს შეხვედრამ ნათელყო, რომ რელიგიისგან არ უნდა შევქმნათ პრობლემები“

„მთელ მსოფლიოში შესაძლოა, ანალოგი არ მოიძებნოს იმისა, რომ მუსლიმანური რელიგიის შეიხი პატრიარქს ეწვევა, ხელზე კოცნის, აღიარებს მას თავის უხუცესად“, - განაცხადა კავკასიის მუსლიმანთა სულიერმა ლიდერმა შეიხ ულ ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა-ზადემ საქართველოს პატრიარქთან შეხვედრისას.

მანვე ილია მეორეს უიშვიათესი ადამიანი, კავკასიის უხუცესი უწოდა, რომლის მხარდაჭერასაც მუდამ გრძნობდა, მათ შორის, კომუნისტურ რთულ პერიოდშიც, როცა სასულიერო პირად ყოფნა რთული იყო.

ამასთან, ფაშა-ზადე გამოუტყდა პატრიარქს, რომ იგი მისი ოჯახისთვის წმინდანი იყო. ამიტომაც ოჯახთან ერთად ესტუმრა ილია მეორეს, გადასცა აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის მოკითხვა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და ბაქოში მიიწვია მისი უწმინდესობის 40 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნად. ფაშა-ზადეს არც იმის თქმა დავიწყნია, რომ აზერბაიჯანის მოსახლეობას, მუსლიმან მრევლს საქართველოს პატრიარქი ძალიან უყვარს.

თავის მხრივ, უწმინდესმა შეახსენა სტუმარს, რომ საქართველოში 400-მდე მეჩეთი, ჯამე, მათი სკოლები და გამომცემლობებია. ამდენად, იგი იმედოვნებს, რომ ქართული დაწესებულებებიც თავისუფლად იქნება აზერბაიჯანში.

თეოლოგ ლევან აბაშიძის აზრით, ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო მაინც აღმოსავლეთის ნაწილია და მუსლიმანებით გარშემორტყმულ ჩვენს რეგიონში მარტო ხმლის ქნევა არ ყოფილა, ჩვენ თანაცხოვრებისა და ტოლერანტობის დიდი კულტურა გვაქვს. ალბათ, შემთხვევითი არ არის, რომ ერეკლე მეფის ლაშქარში ქართველებთან ერთად კრწანისის ველზე მუსლიმანებიც იბრძოდნენ. მეორე მხრივ, ილია მეორისა და ფაშა-ზადეს შეხვედრამ ნათელყო, რომ ესაა თანამედროვეობა და რელიგიისგან არ უნდა შევქმნათ პრობლემები. მართალია, სხვადასხვა სარწმუნოება გვაქვს, მაგრამ ვახერხებთ მშვიდობიან თანაცხოვრებას.

„პატრიარქი თვითონ არის იმ რეგიონიდან, რომელიც ჩრდილო კავკასიას ესაზღვრება. მისი ბავშვობა ვლადიკავკაზს უკავშირდება. უწმინდესი მორწმუნე ოჯახში იზრდებოდა, ამავე დროს, მის ოჯახს უდიდესი პატივისცემა ჰქონდა სხვისი სარწმუნოების მიმართ. სხვათა შორის, პატრიარქი კერძო საუბრებში იხსენებდა კიდეც, რომ მათ ოჯახს მუსლიმანებისთვის ჰქონდა ოთახი, სადაც ფეხსაცმელებით არ შედიოდნენ, იქ ხალიჩები ეფინა და მუსლიმანებს უშვებდნენ სალოცავად. სხვათა შორის, ზოგიერთი ჩვენი „პატრიოტი“ ამას მინუსად უთვლის პატრიარქს, ნახეთ, რას ამბობს, მუსლიმანებს უშვებდა თავის სახლში და ალოცინებდაო. დიახ, ალოცინებდა, რადგან ჩვენ ერთმანეთის სარწმუნოებას პატივს ვცემთ, არავის არ ვახვევთ თავს, გინდა თუ არა, გადმოდი ჩემს სარწმუნოებაზე. ეს არ ნიშნავს, რომ მე სუსტი ვარ ჩემს სარწმუნოებაში, პირიქით, ძლიერი ვარ სარწმუნეობაში და ამიტომაც ვიქცევი ასე.

ფაშა- ზადეს ვიზიტი და მისი სიტყვები ჩვენი პატრიარქის მიმართ ეს არის აღმოსავლური ზრდილობის, პატივისცემის გამოხატულება. ფაშა-ზადე ჩვენი მეზობელი ქვეყნის ყველაზე მრავალრიცხოვანი სარწმუნოების ლიდერია, ის არის მუსლიმანების ლიდერი სამხრეთ კავკასიაში, ჩვენი პატრიარქი კი მართლმადიდებლების ლიდერია. სხვათა შორის, ირანისტი გიორგი ლობჟანიძეც იხსენებდა, რომ აიათოლაც ემთხვია ჩვენს პატრიარქს ხელზე ირანში“, - აღნიშნა ლევან აბაშიძემ For.ge-სთან საუბარში.

რაც შეეხება პატრიარქის ნათქვამს საქართველოში 400 მეჩეთის, ჯამეს არსებობის შესახებ, თეოლოგის თქმით, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უფრო წინ ვართ აზერბაიჯანთან შედარებით. ჩვენთან უფრო დაცულია ადამიანის უფლებები, მათ შორის, რელიგიური თვალსაზრისითაც. ამიტომ ჩვენთან გაცილებით იოლია იყო მუსლიმანი, ვიდრე აზერბაიჯანში იყო მართლმადიდებელი ქრისტიანი.

თეოლოგის თქმით, პატრიარქს სტუმრისთვის 400 მეჩეთისა და ჯამეს შეხსენება იმისთვის დასჭირდა, რომ, სავარაუდოდ, მხედველობაში ჰქონდა საინგილო, სადაც ყოველდღიურად ველოდებით, რომ შეიძლება ჩვენი მღვდელი არ შეუშვან. თუ ჩვენ ვხსნით მეჩეთებს, ეს ჩვენი შიდა საქმეა და საკუთარ მუსლიმან მოქალაქეებს ვუხსნით მეჩეთებს. ეს ნიშნავს, რომ ამ მხრივ თავისუფლებაა საქართველოში. ჩვენთან მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები მუსლიმანური ქვეყნების საპატრონონი არ არიან, ისინი ჩვენი საპატრონოები არიან. თუნდაც ჩვენი აჭარელი მუსლიმანები რატომ უნდა იმართებოდნენ ბაქოდან?!

ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური აღნიშნავს, რომ ჩვენმა უწმინდესმა, ილია მეორემ ძალიან სწორად წამოჭრა ქართული დაწესებულებების გახსნის საკითხი აზერბაიჯანში, რადგან, სამწუხაროდ, საქართველოში ამდენი მეჩეთი, ჯამე გაიხსნა, ჩვენთან დაცულნი არიან მუსლიმანები, რასაც ვერ ვიტყვით აზერბაიჯანში მცხოვრებ ქართველებზე.

„ამას სახელმწიფოებრივ დონეზე მოვლა, პატრონობა სჭირდება და ეს დიდი ხნის წინ უნდა გაგვეკეთებინა. ასევე, პატრონობა სჭირდება აზერბაიჯანის, სომხეთისა და დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ქართულ ძეგლებს. მისასალმებელია, რომ ასეთი შეხვედრა შედგა და ასეთი ურთიერთობა გამოხატა საქართველოში სტუმრად ჩამოსული მუსლიმანური რელიგიის შეიხმა. სასიხარულოა, რომ ასეთი პატივისცემა აქვთ ჩვენი პატრიარქის მიმართ. ასეთი დიდი სახელი სწორედ ჩვენი უწმიდესის უშუალო დამსახურებაა.

ვფიქრობ, კავკასიის მუსლიმანთა სულიერი ლიდერის ნათქვამს ისლამისტების თვალშიც ექნება ღირებულება. როცა ფაშა-ზადე ჩვენს უწმინდესს მიმართავს, თქვენ ჩვენი წმიდანი ხართო, ამით მხოლოდ საკუთარ დამოკიდებულებას კი არ გამოხატავს, არამედ, როგორც ჩანს, უმაღლეს მუსლიმანურ საზოგადოებაშიც ასეთი განწყობაა ჩვენი პატრიარქის მიმართ“, - აღნიშნა გიორგი ოთხმეზურმა ჩვენთან საუბრისას.