საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ლეგალურად ცხოვრების უფლება მიეცემათ

საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ლეგალურად ცხოვრების უფლება მიეცემათ

იმ შემთხვევაში, თუკი საბერძნეთში არალეგალურად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს კრიმინალური წარსული, ან სხვა მძიმე დანაშაული არ დაუდასტურდება, ბინადრობისა და მუშაობის უფლება ოფიციალურად დაუდასტურდება. ამისთვის კი, მიგრანტმა სპეციალური მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილონ. ჯერჯერობით უცნობია ამოქმედდება თუ არა ანალოგიური რეგულაციები ევროპის სხვა ქვეყნებში.

საბერძნეთში არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ლეგალიზაციის ხელშეწყობის საკითხის განსახილველად საქართველოს ელჩი საბერძნეთში იოსებ ნანობაშვილი საბერძნეთის მიგრაციის პოლიტიკის მინისტრს იოანის მუზალასს შეხვდა. შეხვედრის მიზანს ამ პროცესში ორ ქვეყანას შორის ერთიანი, კოორდინირებული მიდგომის ჩამოყალიბება იყო.

შეხვედრაზე შედგა შეთანხმება, რომ ბერძნული მხარე შესაბამის ტექნიკურ დახმარებას გაუწევს საქართველოს მიგრაციის შესახებ საბერძნეთის 2014 წლის კანონისა და მასში შესული შესაბამისი შესწორებების ინტერპრეტაციის, ასევე, მათი პრაქტიკული რეალიზაციის საკითხში. ფოკუსირება მოხდება კანონის იმ მუხლებზე, რომლებიც, გამონაკლისის სახით, საბერძნეთში მცხოვრებ ე.წ. „მესამე ქვეყნების“, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, საბერძნეთში ლეგალურად ცხოვრების უფლებას აძლევს.

მხარეები ასევე დაიწყებენ მუშაობას ახალი საკანონმდებლო ინიციატივების შესამუშავებლად, რომელთა საფუძველზეც ე.წ. „მესამე ქვეყნების“, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების ახალი კატეგორიებისთვის, გაიხსნება საბერძნეთის რესპუბლიკაში ლეგალურად ცხოვრების შესაძლებლობები. კანონში შესული ცვლილებით სარგებლობა საქართველოს მოქალაქეებსაც შეეძლებათ.

ამ ეტაპზე უცნობია რა დოკუმენტაციის წარდგენას მოითხოვს ბერძნული მხარე, მაგრამ სავარაუდოდ დოკუმენტაციის ჩამონათვალში იქნება ფულადი გზავნილების დამადასტუერებელი ქვითრები, პასპორტის ასლი, ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან და დამსაქმებლის რეკომენდაცია.

საქმოქმედო გეგმა ორ ეტაპს ითვალისწინებს: პირველი - მიგრაციის შესახებ კანონის ინტერპრეტირება და მეორე - ახალი ინიციატივების ინიცირების შესახებ შესაძლებლობა. საბერძნეთში საქართველოს ელჩის განცხადებით, მხარეების მიერ, პირველ ასეთ შესაძლო კატეგორიად განისაზღვრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე მზრუნველი ადამიანები.

„მუშავდება დოკუმენტაცია, რომელიც ბერძნულ მხარეს გადაეცემა. რაც შეეხება შესაბამის დოკუმენტაციას, პირი, რომელიც დაადასტურებს, რომ 7 წლის განმავლობაში გადარიცხვებს ახორციელებდა საქართველოში, სხვადასხვა დოკუმენტებთან ერთად, ეს დოკუმენტი შეიძლება ლეგალიზაციის საფუძვლად ჩაითვალოს.

ასევე, არის სხვადასხვა კატეგორიები, ოჯახის მომვლელები, კატეგორიები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს უვლიან და ა.შ. ჩვენი მიზანია იმგვარად აიგოს ეს სტრატეგია და ისეთი ტიპის ინიციატივები დავაყენოთ ჩვენი ბერძენი კოლეგების წინაშე, რომ მაქსიმალურად მოიცვას ფართო ფენები“, - აღნიშნა იოსებ ნანობაშვილმა.

დაგეგმილი ღონისძიებების ეფექტიანად წარმართვის მიზნით, საქართველოს საელჩო გეგმავს თანამშრომლობას საბერძნეთში მოღვაწე ქართველ იურისტებთანაც, რომელთაც საბერძნეთის კანონმდებლობასთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება გააჩნიათ, ხოლო ბერძნული მხარე თავის მხრივ, გამოყოფს სამართლებრივ საკითხებზე პასუხისმგებელ შესაბამის პირს.

აღსანიშნავია, რომ საბერძნეთში არალეგალურად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებისთვის ბინადრობისა და მუშაობის უფლების ოფიციალურად მინიჭების საკითხზე მუშაობა 2012 წელს დაიწყო, 2014 წელს კი საბერძნეთის რესპუბლიკამ აღნიშნული ცვლილება მიიღო. 2014 წლიდან ამ პროცედურას ახორციელებდა ერთადერთი ორგანიზაცია და ეს იყო საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო.

დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ოკრიბელაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ შსს-ში უწყებაში ძალიან ბევრი განცხადება დაგროვდა. მისი თქმით, 2014 წელს ჩაბარებულ საბუთებზე დღესაც არ არის მიღებული დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილება.

„არალეგალებისთვის ამ კანონს აქვს ორი პლუსი: პირველი - როგორც კი აბარებ საბუთს, შენ გაძლევენ ცნობას, რომ ჩაბარებული გაქვს საბუთები, ამ ცნობის საფუძველზე ფაქტიურად უკვე ხდები ლეგალი. კერძოდ, იმ თვალსაზრისით, რომ ქუჩაში თუკი პოლიცია გაგაჩერებს, არ გაკავებს, დეპორტს არ გიკეთებს, რადგან გაცემული ცნობა უკვე არის ლეგალური საბუთი, მაგრამ შენ ამ საბუთით არ გაქვს მუშაობის უფლება.

მეორე - შემდეგ უკვე უნდა გაიარაო გასაუბრება და ამის მერე გაძლევენ ბინადრობის უფლებას. აქ იყო ერთი პრობლემა, იმის გამო, რომ ამას აკეთებდა მხოლოდ შსს და ერთ ადგილას მიიღებოდა გადაწყვეტილება, დაგროვდა ძალიან დიდი რიგი. ამიტომ, თებერვლის ბოლოს, უკვე მარტის დასაწიყისში შსს-ს მიერ აღნიშნული საკითხების განხილვის უფლებამოსილება გადაეცა ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს, რის შემდეგაც პროცედურა დაჩქარდა“, - აცხადებს გიორგი ოკრიბელაშვილი.

აღსანიშნავია, რომ საბერძნეთის ტერიტორაზე დაახლოებით 80 ათასი ქართველი იმყოფება, აქიდან 50% არალეგალია. როგორც ოკრიბელაშვილი ამბობს, მნიშვნელოვანია, როდესაც საქართველოს მოქალაქეს არალეგალურად არ მოუწვეს ყოფნა საბერძნეთის ტერიტორიაზე.

„დღეს არის ერთადერთი პრობლემა, ბევრი ბერძენი დამსაქმებელი, რომელსაც არალეგალურად ჰყავდა პირი დასაქმებული, ვერ რისკავს ამ ცნობის გაცემას, რაც პრობლემატურია, თუმცა მოგვარებადი. ათენში არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ეხმარებიან ადამიანებს ამ ცნობის აღებაში, ასევე ადვოკატები.

ადამიანი, რომელიც 18 წელია საბერძნეთის ტერიტორაზე არის, მას შეუძლია დაამტკიცოს, რომ 7 წელი არალეგალურად იმყოფება საბერძნეთის ტერიტორაზე და თუ მას კრიმინალური წარსული, ან სხვა მძიმე დანაშაული არ დაუდასტურდება, ასეთ შემთხვევაში მას აქვს უფლება მიიღოს ბინადრობის უფლება. ეს ნიშნავს, რომ არ იქნება არალეგალი და ექნება ლეგალურად მუშაობის უფლება. ეს არის ძალიან კარგი და ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა“, - ამბობს გიორგი ოკრიბელაშვილი.

როგორც ოკრიბელაშვილი აცხადებს, ახალი რეგულაციების ამოქმედება მნიშვნელოვანია თავად საბერძნეთისთვის, რადგან საბუთის მაძიებელი ერთი კონკრეტული ადამიანი საბერძნეთის ბიუჯეტში 300 ევროს იხდის. თუ გავითვალისწინებთ იმას, რამდენი არალეგალი ქართველი იმყოფება, მათ შორის რამდენია „მესამე ქვეყნიდან“ შესული, საერთო ჯამში საბერძნეთის ბიუჯეტში არალეგალებისგან საკამოდ დიდი თანხა შედის.

„რაც შეეხება საქართველოს და რას აძლევს ემიგრაცია საქართველოს. ემირგაციის ყველაზე დიდი შედეგი არის წელიწადში მილიარდ 200 მილიონი ევროს გადმორიცხვა, რომელიც მიემართება ჩვენი ოჯახების კვებაში. მარტო საბერძნეთიდან კვირაში მინიმუმ 18 ტონა ამანათი შემოდის. ეს არაპირდაპირი ინვესტიციაა ეკონომიკაში, ამ მილიარდ 200 მილიონი ევროთი სტიმულირდება სამშენებლო ბიზნესი, ადგილობრივი წარმოება და ა.შ. აი ამას აძლევს ემიგრაცია საქართველოს.

მაგრამ რას აძლევს მათ საქართველო? - არც არაფერს. მათ არ აქვთ საშუალება ანგარიში გახსნან ბანკში, შეიქმნან თავისი საბანკო ისტორია, არ აქვთ საშუალება ისარგებლონ საყოველთაო დაზღვევის პაკეტით, რომელიც მართალია საზღვარგარეთ არ ვრცელდება, მაგრამ ეს ადამიანები ფიზიკურად საქართველოს მოქალაქეები არიან, ბუჯეტში გათვლილია ამ ადამიანზე ეს თანხები, მაგრამ მათ რა აქედან? ეს არის მთელი ისტორია. ემიგრაცია საქართველოს საკმაოდ ბევრ სარგებელს აძლევს, მაგრამ ადეკვატური უკანარგება ნამდვილად არ არის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გიორგი ოკრიბელაშვილმა.

ექსპერტი სოსო ცინცაძე ფიქრობს, რომ არალეგალებისთვის ბინადრობისა და მუშაობის უფლების მიცემა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ხელისუფლებას და სახელმწიფოს ღირსებას არ მატებს, ეს არის ქვეყნის ტრაგედია, როდესაც ჩვენი მოქალაქეები კოლონიურ შრომას ეწევიან და თანაც არალელაგურად.

„უკეთესი იქნება საქართველოში შეიქმნას ცხოვრების ისეთი პირობა, რომ ყველა დაბრუდნეს, მაგრამ სამწუხაროდ, ეს შეუძლებელია. ვმსჯელობთ იმაზე, რომ ჩვენი გამათხოვრებული მოქალაქეები ლეგელაურად იმუშავებენ პლანტაციებში. როგორ გგონიათ საბერძნეთში კონდიციონერებით გაგრილებულ ოთახებში სხედან, ცივ პეპსიკოლას სვამენ და ისე მუშაობენ? არა ბატონო, 40 გრადუს სიცხეში პლანტაციებში მუშაობენ, ეს არის კოლონიური შრომა.

ჩვენი მოქალაქეები კოლონიურ შრომას ეწევიან და თანაც მალულად. ადგილობრივი ბერძენი თავის ცოლს, ან შვილს არასოდეს არ გაუშვებს ამ მონურ შრომაზე. ვმსჯელობთ იმაზე, კარგია რომ მიეცათ მუშაობის უფლება, მაგრამ კარგი იქნება ის, რომ საქართველოში იყოს ცხოვრების პირობები, რათა არავის თვალი არ ეჭიროს გაქცევაზე“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.

მისივე თქმით, არალეგალების ზუსტი აღრიცხვა შეუძლებელია, რადგან ეს პროცესი დინამიურია, ზოგი ბრუნდება, ზოგი მიდის ქვეყნიდან, ზოგიც ერთი ქვეყნიდან, მეორე ქვეყანაში მიდის, მხოლოდ მინიმალური რაოდენობა ბრუნდება საქართველოში.

„დღეს ქართული სოფლები დაცლილია მადილოსნებისგან. არ არსებობს ისეთი ოჯახი, საიდანაც ორი ქალბატონი არ იყოს წასული საზღვარგარეთ სამუშაოდ, ეს უკვე არის საშინელება და დიდი ტრაგედია, რაც ხელისუფლებას და სახელმწიფოს ღირსებას არ მატებს. ჩვენ გვიხარია, რა კარგია მისცეს ლეგალურად შრომის უფლება, მაგრამ რა პირობებში მისცეს შრომის უფლება, ეს ვიცით?

ვინმემ იცის, დაცულია თუ არა მათი უსაფრთხო შრომის პირობები, ან სამედიცინო მომსახურეობა? ქართველი ქალები სადღაც სარდაფს ქირაობენ, რომ ღამე გაათიონ და დილით ისევ პლანტაციებში გარბიან, რომ სახლში ორი კაპიკი გამოგზავნონ. სამწუხაროდ, ეს არის ქართული რეალობა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო ცინცაძემ.