„ვცდილობთ, დავამსხვრიოთ ის სტერეოტიპი, რომელიც ჩუღურეთის რაიონში არსებულ ყველაზე ცუდ მდგომარეობას, ყველაზე გაუმართავ ინფრასტრუქტურას უკავშირდებოდა“, - აცხადებს For.ge-სთან საუბარში ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე.
აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია წარმატებით დასრულდა. შეძელით იმის განხორციელება, რაც ჩაფიქრებული გქონდათ?
- ერთ-ერთი საუკეთესო, რაც ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა თბილისში და, შეიძლება ითქვას, საქართველოშიც, ეს არის აღმაშენებლის გამზირის მარჯანიშვილის მოედნიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე ნაწილის რეაბილიტაცია. გასული წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ეს პროექტი და ოქტომბერში მოსახლეობას უკვე მივულოცეთ ძველი თბილისის პირველი ეტაპის დასრულება. ამან გარკვეულ წილად დაამსხვრია ის სტერეოტიპი, რომელიც ჩუღურეთში არსებულ ყველაზე ცუდ მდგომარეობას, ყველაზე გაუმართავ ინფრასტრუქტურას უკავშირდებოდა. დღეს ეს რაიონი ერთერთი გამორჩეულია სხვადასხვა პროექტებით, რომლებიც უკვე დასრულდა, ან ახლაც მიმდინარეობს, ან ძალიან მალე დასრულდება. ვგულისხმობ ბევრ ქუჩასა და ეზოს, რომლებიც, როგორც მინიმუმ, 60-იანი წლების შემდეგ არ შეკეთებულა.
ზემო ჩუღურეთს ყველა მთავრობის დროს ყველაზე ნაკლები ყურადღება ექცეოდა. ეს სტერეოტიპიც შეცვალეთ?
- პირველივე დღიდან დავიწყეთ ზემო ჩუღურეთის ყველაზე პრობლემატური საკითხების მოგვარება, რაც გულისხმობს, გაუვალი საერთოდ ამორტიზირებული ქუჩების კაპიტალურად მოწყობას. მათ შორის იყო ძირითადი დიდი ქუჩები : მნთაობის ქუჩა, აბაშის ქუჩა, ბაგრატიონის ქუჩა და სალიას ქუჩა. წელს ასევე ვაგრძელებთ ქუჩების მოწესრიგებას და ამჟამად ვმუშაობთ ზემო ჩუღურეთის საკვნაძო ქუჩებზე: ასხინის, ლებარდეს, ქვალონის და ხონის ქუჩებზე. მალე დავიწყებთ ყირიმის ქუჩის რეაბილიტაციას. ასევე მალე დასრულდება ცაიშის დიდი ქუჩაც, რომელიც ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურის დაკვეთით წარმოებს. ქუჩები, რომლებიც ვახსენე, მათი რეაბილიტაცია ამ უბნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.
უნდა აღინიშნოს, რომ ზემო ჩუღურეთში, ისევე როგორც მთელ ჩუღურეთის რაიონში, ყოველ წელს მიმდინარეობს სკვერების სარეაბილიტაციო, განახლებითი სამუშაოები და ასევე სრულიად ახალი სკვერების მშენებლობები. მიმდინარე აღდგენითი სამუშაოები უტარდებ ასორმოცამდე სკვერს. რაც შეეხება სკვერების თანამედროვე პროექტებით მშენებლობებს, ხშირ შემთხვევაში მიგდებულ და, არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ ნაგავსაყრელად ქცეულ ტერიტორიებზე ვახორციელებთ. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ კუმისის და გორკის ქუჩებზე მოწყობილი ლამაზი სკვერები. წელს ვგეგმავთ 6 ახალი მწვანე სივრცის, სკვერის მოწყობას, რომელსაც დიდი სიამოვნებით გადავცემთ მოსახლეობას. მოზარდებისთვის და ახალგაზრდებისთვის ვგეგმავთ ახალი სტადიონის აშენებას ხუდადოვის N173-ში, სადაც აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა ცხოვრობს. ჯამში კი, რეაბილიტაცია ოცამდე არსებულ სტადიონს ჩაუტარდება.
თუ ვსაუბრობთ კეთილმოწყობის და ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე, უნდა ითქვას, რომ ჯერ კიდევ რჩება სხვადასხვა ტიპის მოუგვარებელი თემები. მაგალითად, პირველ რიგში აღვნიშნავდი წყალ-კანალიზაციის ქსელების ჯერ კიდევ ამორტიზებულ მდგომარეობას ჩვენს რაიონში. წყალ-კანალიზაციის სისტემის გაუმართაობა პირდაპირ კავშირშია ძველი შენობა-ნაგებობების მდგრადობის თემებთან. აქედან გამომდინარე მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს GWP-სთან და ხშირად შეუძლებლობის ზღვარზე ვაგვარებთ ბევრ საჭირბოროტო პრობლემას.
ჩვენს რაიონში თითქმის არ დარჩენილა არც ერთი ძველი თბილისური ტიპის ეზო, რომ არ გვენახა და შეგვესწავლა არსებული მდგომარეობა. აქაც ვართ თანმიმდევრულები. ჩვენი ფინანსური ასიგნების ფარგლებში ამხანაგობებს თანადაფინანსებით ვეხმარებით საცხოვრებელი სახლების გამაგრებაში, სახურავების ახალი თუნუქით მოწყობაში, ეზოების წყალ-კანალიზაციის სისტემის მოგვარებაში, ასფალტის საფარის დაგებაში და დედაქალაქში მომქმედ იბევრი პროგრამების ეზოებში განხორციელაბში.
როგორც ვთქვი, ჩვენს რაიონში მიმდინარეობს მწვავე ავარიული სახლების საყრდენი კედლების გამაგრებითი სამუშაოები. თუმცა ამისგარდა, ასევე, ზემო ჩუღურეთში, ინტენსიურად წარმოებს, ფერდობების და გზების დამჭერი კედლების სამუშაოები, რაც ყველაზე აქტუალურია მეწყერ საშიში ზონებისთვის. იმედი მაქვს, რომ ასეთი პროექტების განხორციელებისათვის ჩვენს რაიონს მომავალშიც ექნება საშუალება მხარში ამოუდგეს მოსახლეობას მძიმე პირობების გაუმჯობესებაში.
არ შემიძლია არ აღვნიშნო ერთი კარგი ფაქტი, რომელიც ყველა ჩუღურეთელს გაუხარდა. ჩიტაიას ქუჩაზე შენდება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით 300 ბავშვზე გათვალისწინებული საბავშვო ბაგა-ბაღი, რომელიც საქართველოში საუკეთესო იქნება.
სამწუხაროა და უნდა ითქვას ისიც, რომ სოციალური ფონი ჩვენს რაიონში ჯერ კიდევ სასურველის ნიშნულს ვერ მიუახლოვდა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ სოციალურად დაუცველი ჩვენი მოქალაქეებისათვის დახმარების ინტესივობა 4-ჯერ არის გაზრდილი. სხვადასხვა პროგრამებით ვეხმარებით თანამოქალაქეებს და ვუფინანსებთ სამედიცინო გამოკვლევებს, ოპერაციებს, შემდგომი მკურნალობის პერიოდს, მედიკამენტოზურ მკურნალობას დასხვა.
განსაკუთრებული ყურადღების არეალში გვყავს მრავალშვილიანი დედები.
ის, რომ ჩუღერეთის რაიონში ხუთი უფასო სასადილო მუშაობს, სადაც 3400 სოციალურად დაუცველს ყოველდღიურად ცხელ სადილს ვაწვდით, თითქოსდა, კარგი ტონი არ არის, მაგრამ ამითაც ვცდილობთ, თუნდაც ელემენტარულად დავეხმაროთ ჩვენს მოსახლეობას.
როდესაც აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია განიზრახა ქალაქის მთავრობამ , პირველ რიგში, ალბათ, გადასარჩენი იყო ისტორიული ძეგლები. მოგვარდა ძეგლების პრობლემა გამზირის რეაბილიტაციასთანერთად, თუ კიდევ დარჩა ისეთი შენობები, რომლთა შენარჩუნებაც მომავალი თაობისთვის საშურია?
- ეს შეკითხვა კონკრეტიკას უკავშირდება. შევეცდები, კონკრეტულად გიპასუხოთ. ჩუღურეთის რაიონში კულტურული მემკვიდრეობის 535 ძეგლია, აქედან აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის 47 ძეგლის რეაბილიტაცია მოხდა. წელსაც ჩაფიქრებული გვაქვს რამდენიმე უნიკალური ძეგლის გადარჩენა. კერძოდ, წინამძღვრიშვილის 39-ში უნიკალური ეზოა, სადაც ქართველი კინემატოგრაფისტები ხშირად იღებენ ფილმებს. რად ღირს თუნდაც რეზო ესაძის ფილმი „ერთი ნახვით შეყვარება“, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ფილმია. ეს ფილმი სწორედ ამ ეზოშია გადაღებული.
გარდა იმისა, რომ თბილისის განვითარების ფონდის მიერ ხდება ამ ტიპის სახლების რეაბილიტაცია, გამგეობის კომპეტენციის ფარგლებშიც ვუწევთ ქალაქს დახმარებას.
გამგეობა და ქალაქის კეთილმოწყობის სამსახური ჩართულია ძეგლების გადარჩენის საქმეში. რაც შეეხება ისტორიული ძეგლების იერსახეს, ამისთვის ეტაპობრივად ზრუნავს თბილისის განვითარების ფონდი, რომელსაც თავისი მახასიათებლები აქვს, თუ როგორ უნდა გადაარჩინოს ძეგლის იერსახე. თანაც, ამ სახლებში მარტო სახლის იერსახე არაა მთავარი, არამედ მათ შიდა ნაწილში ხშირად გვხდება უნიკალური სადარბაზოები, რომელთაც ხელოვნებათმცოდნეების სკრუპულოზური მუშაობა სჭირდებათ.
ახლახანს რეაბილიტირებული აღმაშენებლის გამზირის ერთ-ერთ ეზოში აღმოჩნდა დიდი ფართობის მქონე ეკლესიის ნაშთი, რომელსაც უამრავი მნახველი ყავს. ამ ტაძრის რეაბილიტაცია თუ იგეგმება?
- ალბათ, გულისხმობთ აღმაშენებლის №38-ში მდებარე ნახევრად დაშლილ ტაძარს. მისი უწმინდესობის გადაწყვეტილებით, ეს ტაძარი უნდა დაუბრუნდეს ქართულ საზოგადოებას. საამისოდ მოვლინებულია სასულიერო პირი, რომელსაც ცოტა ხნის წინ შევხვდი. ასევე, იმავე ეზოში შეხვედრა გვქონდა მოსახლეობასთან, მათი აზრიც გვაინტერესებდა და მათგან დადებითი მუხტი წამოვიდა. ასე რომ, ტაძარი უნდა აღდგეს. იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე დაიწყება ამ მართლმადიდებლური ტაძრის მშენებლობა.
ჩუღურეთის ძველ რაიონში, ალბათ, არაერთ აღმოჩენის შესახებ გსმენიათ ან გინახავთ რომელიც თბილისელებისთვის დაფარული იყო.
- ძველი ჩუღურეთი იმითაც გამოირჩევა, რომ ყოველდღიურად საინტერესო ისტორიულ დეტალებს ვხვდებით. მაგალითად, რეაბილიტაციის დროს აღმაშენებელზე მდებარე ერთ-ერთი ულამაზესი სახლის ფასადზე, მესამე სართულის თავზე უზარმაზარი ნიშა არსებობდა. არქიტექტორები თანხმდებოდნენ, რომ ამ ნიშაში რაღაც სკულპტურა ან გამორჩეული საგანი იდგმებოდა. მოგვიანებით სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების დროს სახლის სარდაფში აღმოაჩინეს არწივის უზარმაზარი სკულპტურა. ეს სკულპტურა დაუბრუნდა ისტორიულ ადგილს და ამშვენებს შენობას.
ალბათ, ტურისტების ყველაზე დიდი ნაკადი მთაწმინდისა და სოლოლაკის შემდეგ ჩუღურეთშია...
- რასაკვირველია, ეს ჩაფიქრებული იყო კიდეც. როდესაც 2016 წლის 5 თებერვალს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავად დააანონსა ამ პროექტის დაწყება, ერთ-ერთ ლაიტმოტივად იყო აღებული, რომ ტურისტებით უფრო დატვირთული მარჯვენა სანაპირო გეგმაზომიერად გადანაწილებულიყო ქალაქის ძველ ნაწილში. ასე რომ, ნამდვილად ბევრი ტურისტი სტუმრობს ჩვენს რაიონს. სხვათა შორის, რეაბილიტაციის პროცესშიკიდევ ერთ სიურპრიზს წავაწყდით - აღმაშენებლის გამზირზე ჩვენს გამგეობასთან ძალიან ახლოს მდებარე ყველაზე ხანდაზმულ შენობას 7 წელიწადში 200 წელი უსრულდება. ამ შენობას აწერია კიდეც, რომ ამ სახლში ცხოვრობდა ეგნატე ნინოშვილი, თბილისში ჩამოსვლისას ამ შენობაში ჩერებოდა ლევ ტოლსტოი. ამ ნაგებობის აშენების თარიღი დაფარული იყო მანამ, სანამ რეაბილიტაციისას არ აღმოჩნდა წარწერა მინიშნების სახით.
და ბოლოს, თქვენი რეაქცია მაინტერესებს, როცა აღმოაჩინეთ, რომ „მილიონერი“ ყოფილხართ?„ახალი საქართველოსა“ და „მედიატორის“ ერთობლივი კვლევით, დედაქალაქის მთავრობაში მილიონერებს შორის დასახელდით.
- პირველი ეფექტი იყო გაკვირვების. შესაბამისად, პირველად მეუღლეს ვახარე, რომ ვიყავით „მილიონერები“, მანაც სიხარულით მიიღო ეს ამბავი. რასაკვირველია, ეს - ხუმრობით. თუმცა ამის უკან ბევრი რამ იმალება, რადგან ეს არ არის პირველი და ახალი შემთხვევა. ეს ჯგუფი, ვინც ამას ემსახურება და პერმანენტულად ასეთ თემებს ახმოვანებს, საზოგადოებას არასწორ ინფორმაციას აწვდის.
გარკვეული პერიოდის წინ თავად სიტყვა „მილიონერს“ ჩვენს საზოგადოებაში ცუდი ჟღერადობა ჰქონდა. დღესაც ამ განზრახვის მიზეზი ჩემი რეპუტაციის შელახვის მცდელობაა. აქ ალბათ, საუბარია იმ ქონებაზე, რომელიც მე და ჩემს მეუღლეს, ასევე, ჩემს ძმას გაგვაჩნია. ჩემს თავს მდიდრად ვთვლი, რადგან მე და ჩემს ძმას, ჩვენს ოჯახს რაჭაში მამისეული სახლი გვაქვს. ამით ნამდვილად ვარ მილიონერი. რაც შეეხება ჩუღურეთის რაიონში მდებარე სახლს, რომელიც ჩემი მეუღლის დიდი ბაბუის მემკვიდრეობაა, იგი რიგითი ჩუღურეთელების სახლებისგან არაფრით გამოირჩევა. მძიმე მანქანის გავლის შემთხვევაში ისევე ზანზარებს ჩვენი სახლი, როგორც ბევრი ჩუღურეთელის სახლი. ამის მიუხედავად, მილიონერი ნამდვილად ვარ, რადგან მყავს ძალიან ბევრი მეგობარი, გულშემატკივარი, ვიცნობ საუკეთესო ადამიანებს, მაქვს, ჩემი აზრით, გამორჩეული ბიბლიოთეკა, მყავს სამი შვილი, მაქვს ბრწყინვალე ოჯახი და ეს ჩემთვის ყველაზე დიდი სიმდიდრე და ბედნიერებაა. ის, რასაც ეს ადამიანები ცდილობენ, წარმოაჩინონ, თითქოს მილიონერი ვარ, აღებულია ჩემი ოჯახის ქონებრივ იდეკლარაციიდან. საინტერესოა, რომ იმ ქონებრივ დეკლარაციაში სხვა რამეებიც წერია, მაგალითად, როგორ გვაქვს ოჯახის წევრებს აღებული სესხი გარკვეულ მიზეზთა გამო.
თვითმმართველობის არჩევნების წინ სამიზნედ მაინცდამაინც თქვენ რატომ ამოგირჩიეს ქალაქის მთავრობის სხვა წევრებთან ერთად?
- რევანშისტებისთვის, რომლებიც თავის დროზე ხელმოცარული პოლიტიკოსები, ან საჯარო მოხელეები იყვნენ, მიუღებელია, თუკი ჩვენი ხელისუფლების პირობებში რაიმე კარგი კეთდება. დღეს ისინი ხელისუფლებაში არ არიან და ყველა მეთოდს მიმართავენ, რომ ჩვენ ცუდ პერსონებად წარმოგვაჩინონ. ეს „ნაციონალების“ ჩვეული ხელწერაა. ცოტა ხნის წინ „დათვალეს“, თუ რამდენი „მილიონერი“ იყო საკრებულოში, შემდეგ უკვე პარლამენტის წევრებზე იყო აპელირება. ახლა კი ქალაქის მთავრობის წევრებს მიადგნენ. მინდა გითხრათ, რომ ასეთი ადამიანები ჩემთვის არასოდეს იყვნენ სამაგალითოები, უფრო მეტიც , ყოველთვის მიუღებლები იყვნენ. აქედან გამომდინარე არ ვიქნები მართალი თუ კიდე დამატებით რამეს გეტყვით ამ თემასთან დაკავშირებით.