„იმ მასკარადს ვაპროტესტებ, რასაც არჩევნები ჰქვია, არც ერთ კანდიდატს არ ვაღიარებ“, - საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ასეთი განწყობა სუფევდა ფრანგ ამომრჩეველთა იმ ნაწილში, რომლებმაც პარიზის ქუჩებში „ბარიკადების ღამის“ გატარება გადაწყვიტეს.
საფრანგეთი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მოლოდინშია. 7 მაისის შემდეგ გადაწყდება, საფრანგეთის სათავეში ინტერნაციონალისტური ძალა მოვა, თუ ნაციონალისტური. პირველ ტურში კი საპრეზიდენტო კანდიდატმა ემანუელ მაკრონმა 23,75% მიიღო, ხოლო მარინ ლე პენმა - 21,53%.
რას მოუტანს საფრანგეთს ან ერთი, ან მეორე კანდიდატის გამარჯვება? ამის შესახებ For.ge-ს ექსპერტი სოსო ზაალიშვილი ესაუბრა.
მარინ ლე პენს დავესესხები, ამ არჩევნებით მართლაც წყდება „მოუთოკავი გლობალიზაციის ბედი, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს ცივილიზაციას“?
- ამ შემთხვევაში, დავეთანხმები მარინ ლე პენს, რომელიც საფრანგეთში ანტიგლობალისტური ძალების წარმომადგენლად ითვლება. რაც მოხდა საფრანგეთის არჩევნების პირველ ტურში, ეს მოსალოდნელი იყო. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები რეალურად ახლაღა დაიწყო, ანუ მეორე ტურის შემდეგ. პროგრამა მინიმუმი ლე პენმა შეასრულა, ის მოხვდა მეორე ტურში, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტურში მისი მოხვედრა კითხვის ნიშნის ქვეშ იყო საფრანგეთში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე. ყველა ებრძოდა მარინ ლე პენს, ყველა კანდიდატი მის წინააღმდეგ გამოდიოდა. აქედან გამომდინარე, მეორე ტურში გასვლა დადებითი მოვლენაა მისთვის და მისი პარტიისთვის.
რაც შეეხება სამომავლო შედეგებს, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოახერხებს ლე პენი ფინანსური სახსრების ორგანიზებას, რათა საკუთარი საარჩევნო კამპანია წარმართოს მეორე ტურამდე. მოგეხსენებათ, არჩევნები პირდაპირ კავშირშია ფინანსებთან. თუ ლე პენმა შეძლო თანხების მოძიება, ის შეძლებს კონსერვატორული ნაწილის თავის მხარეს გადაყვანას. იმის შანსიც არსებობს, რომ სოციალისტებმა არ დაუჭირონ მხარი მაკრონს, რადგან ეკონომიკის მინისტრობისას მაკრონის მიერ წარმოებული ეკონომიკური პოლიტიკა სწორედ სოციალისტების კრიტიკის ქარ-ცეცხლში ტარდებოდა. ასე რომ, შეიძლება იგივე ვარიანტი გათამაშდეს, რაც ჰილარი კლინტონისა და ბერნი სანდერსის ამომრჩეველთა შორის, როცა ბერნი სანდერის ამომრჩევლებმა არ დაუჭირეს მხარი კლინტონს. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ ლე პენი შეძლებს ფინანსების მობილიზებას.
აშშ-ის არჩევნებიდან გამომდინარე, ზოგიერთებს დეჟავუს შეგრძნება აქვთ და ფიქრობენ, რომ საფრანგეთშიც დაახლოებით იგივე მოვლენები ვითარდება, რაც დონალდ ტრამპის არჩევნების წინ და ამ არჩევნებშიც მოსკოვის გავლენა იგრძნობა.
- კრემლის გავლენას ვერც აშშ-ის არჩევნებში ვხედავდი. ეს არის დემოკრატების მიერ მოგონილი მითი, რომლითაც ჰილარი კლინტონი ცდილობდა თავისი დონორების, ანუ დამფინანსებლების წინაშე თავის გამართლებას. გამოდის, მილიონობით ამერიკელმა თურმე რუსეთის გავლენით მისცა ხმა კონსერვატორ პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს? 2012 და 2014 წლებშიც რომ წააგო არჩევნები დემოკრატიულმა პარტიამ სენატსა და კონგრესში, მაშინაც რუსები ჩაერივნენ?!
ბევრის მთქმელია, რომ საფრანგეთის არჩევნებში ოთხი წამყვანი კანდიდატიდან სამი აღტაცებული იყო პუტინით. მაკრონზე რას იტყვით?
- სხვათა შორის, მაკრონი პრორუსულად განწყობილად არ ითვლება. ის ამბობს, თავის ადგილზე უნდა დავსვა პუტინიო. რამდენად გამოუვა ეს, არ ვიცი. სწორედ მაგაშია საქმე, რომ ახლა მსოფლიო ლიბერალური კაპიტალი, გლობალისტური კაპიტალი მიდის მაკრონის მხარეს, ხოლო მსოფლიო ანტიგლობალისტური კაპიტალი, წესით, უნდა წავიდეს ლე პენის მხარეს. თუმცა მარინ ლე პენს ერთი სერიოზული პრობლემა აქვს, რომელმაც შეიძლება განაპირობოს მისი დამარცხება მეორე ტურში. უფრო სწორად, მარინ ლე პენის მამას აქვს პრობლემა მისი ანტისემიტიზმიდან და ანტისიონისტობიდან გამომდინარე. ამან შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშოს მისი ქალიშვილის დამარცხებაში.
ერთ-ერთი ვერსიით, მაკრონი შესაძლოა იყოს აშშ-ის მმართველი წრეების მარიონეტი. ფიქრობთ, რომ ეს კანდიდატები ზესახელმწიფოთა გავლენისგან დამოუკიდებლები არიან?
- აშშ-ის მმართველი წრეების მარიონეტი მაკრონი ვერ იქნება, რადგან აშშ-ის პრეზიდენტის პოზიცია საფრანგეთთან, გერმანიასთან, ევროპის სხვა ქვეყნებთან მიმართებით ძალიან მარტივია. ტრამპი ამბობს, გადაიხადეთ თანხები და დაგეხმარებით, არ გადაიხდით და არ დაგეხმარებით. ისედაც თუ გავითვალისწინებთ ფრანგების დამოკიდებულებას ამერიკელების მიმართ, აშშ-ის მარიონეტობა არარეალურია.
პერსონალურ დონეზე როგორ შეაფასებთ ამ კანდიდატებს? მაკრონის ირგვლივ თითქმის არ არსებობს კომპრომატები.
- მეტი რა კომპრომატი უნდა, 25 წლით დიდი ცოლი ჰყავს.
ეს მაკრონის ერთადერთ კომპრომატად ითვლება, მაგრამ ლე პენის მიმართ უფრო მეტი ბრალდება გაისმის, მას ადანაშაულებენ ქსენოფობიურ, პროტექციონისტურ პოლიტიკაში. მთლიანობაში, არა მხოლოდ ევროპის თავის ტკივილია, რომელი კანდიდატი იქნება მათთვის მომგებიანი, არამედ საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია, ლე პენი უფრო დაუჭერს მხარს თუ მაკრონი?
- საქართველოში ამ საკითხს ზერელედ უდგებიან. ის ძალები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჩვენ არ გვჭირდება ევროპასთან ინტეგრაცია, თვლიან, რომ მარინ ლე პენის ხელისუფლებაში მოსვლა, რომელიც ევროპაკავშირს ებრძვის, იგივეა, ირმა ინაშვილი რომ ებრძვის ევროკავშირს. სინამდვილეში, ეს სულ სხვადასხვა რამეა. მარინ ლე პენს ევროკავშირის მიმართ სხვა რამის გამო აქვს ხისტი დამოკიდებულება, განსხვავებით ქართველი ევროსკეპტიკოსებისგან. საფრანგეთში სამუშაო ადგილების პრობლემაა, რომელსაც მიგრანტები იკავებენ. გარდა ამისა, ფრანგებს თავდაცვისა და უშიშროების, ტერორისტული, ნაციონალური, ეროვნული პრობლემები აქვთ. საერთოდ, ფრანგები თავიდანვე გლობალიზმის წინააღმდეგნი იყვნენ. დავუშვათ, ლე პენმა მოიგო არჩევნები, მის დროს საფრანგეთი შენგენიდან არ აპირებს გამოსვლას და ვერც გამოვა, რადგან ამას პარლამენტის გადაწყვეტილება სჭირდება. უსაფრთხოების ახალი კონცეფციიდან გამომდინარე, უფრო მეტი ინტეგრაცია იქნება ქვეყნებს შორის, რაც ავტომატურად გამოიწვევს გარკვეულ საკითხებში დათმობას მარინ ლე პენის მხრიდან. ისე არ გამოვა, რომ შენ თურქები არ შეუშვა საფრანგეთში და თურქებისგან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება მოითხოვო.
ყოველ შემთხვევაში, მარინ ლე პენმა ევროკავშირის სიკვდილი იწინასწარმეტყველა, რომელიც მალე მოკვდება, რადგან ის ხალხს არ სჭირდება.
- ევროკავშირის სიკვდილს მეც ვწინასწარმეტყველებ და ბევრი სხვაც ამბობს ამას, მაგრამ საქმე ისაა, ჩვენი მოტივი რა არის, ანუ ჩვენი აზრის მამოძრავებელი რა არის. მე ვამბობ, რომ ეკონომიკური პრობლემები აქვს ევროკავშირს და ამით არის მისი მარცხი განპირობებული, ვიღაცას მიაჩნია, რომ მას რუსები გადაყლაპავენ, სხვებს სხვა არგუმენტები აქვთ.
პირველ ტურამდე ამბობდნენ, რომ ლე პენის, ფიიონის, მელანშონის გამარჯვება კრემლის გამარჯვება იქნებოდა. ვისი გამარჯვება იქნება რუსეთისთვის სასიხარულო 7 მაისის არჩევნებში?
- ახლა ისეთი სიტუაციაა შექმნილი მსოფლიოში, რომ სწორედ ეს არის მარინ ლე პენის ერთ-ერთი პრობლემა, რადგან რუსებისთვის სულ ერთია, ვინ მოიგებს საფრანგეთის არჩევნებს. საფრანგეთთან შედარებით, რუსეთისთვის უფრო მნიშვნელოვანია გერმანიის არჩევნები, რადგან საფრანგეთის ეკონომიკა გადაბმულია რუსეთზე. ისედაც რუსებს აქვთ საფრანგეთზე ზემოქმედების შესაძლებლობა, თანაც, საფრანგეთში ტერორისტული აქტები გახშირდა და მათ მაინც მოუწევთ თანამშრომლობა რუსეთთან. რაც შეეხება გერმანიას, მათი არჩევნები რუსეთისთვის მართლაც მნიშვნელოვანია. ამიტომ მეეჭვება, რომ საფრანგეთის არჩევნებში რუსებმა ფული ჩადონ.
ვინ გაიმარჯვებს საფრანგეთის არჩევნებში, ეს არჩევნებამდე სამი-ოთხი დღით ადრე გამოჩნდება, როცა დაიწყება მეორე ტურის წინასაარჩევნო ბატალიები. იქ დავინახავთ, ლე პენი შეხვდება თუ არა ბიზნესმენებს, პროფკავშირებს, გავა თუ არა რეგიონებში, ამის მიხედვით გამოჩნდება, მოახერხა თუ არა მან თანხების მობილიზება. ასე რომ, ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით, რომელია უფრო ძლიერი კანდიდატი. სოციოლოგიური კვლევების თანახმად, რომლებმაც რატომღაც ჰილარი კლინტონის გამარჯვება იწინასწარმეტყველეს, 60% აქვს მაკრონს და 30%-მარინ ლე პენს.
საფრანგეთისთვის უფრო პროგრესული ვისი გამარჯვება იქნება?
- მარინ ლე პენი უფრო იზოლაციონისტია, მაკრონი უფრო გლობალისტი. გლობალიზმს თავისი პლუსი აქვს, იზოლაციონიზმს - თავისი. მე რომ ვიყო საფრანგეთის მოქალაქე, ლე პენს მივცემდი ხმას. თუნდაც მარტო ცოლის გამო არ მივცემდი ხმას მაკრონს.