დიდგორობა შესაძლოა, უქმე დღედ აღარ გამოცხადდეს. დიდგორის გამარჯვების დღის უქმედ გამოცხადების ერთ-ერთი ინიციატორი, დეპუტატი ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ თურქეთის საელჩოს თხოვნაა, იქნებ, კანონპროექტი არსებული სახით არ მიიღონ, რადგან 12 აგვისტო ასოცირდება მათ წინაპრებთან და შესაძლოა, გამოჩნდეს გარკვეული ჯგუფი, რომელიც ამ თემას გამოიყენებს. გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ დეპუტატის თქმით, აუცილებელია, ისტორიკოსებთან დამატებითი კონსულტაციის გავლაც.
„ჩვენ მეორე მოსმენამდეც ისედაც ვეძებდით უფრო ოპტიმალურ ვარიანტს. თურქეთი ჩვენი მეზობელია, იგი ჩვენი მეგობარია და საერთოდ არ აქვს კავშირი იმ თურქეთთან. მაშინ თურქები არც იყვნენ, ოსმალეთის იმპერიაც არ იყო, მაგრამ თურქეთის საელჩომ თავისი აზრი გამოთქვა“, - აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.
მას შემდეგ, რაც დეპუტატებმა ნუკრი ქანთარიამ, აკაკი ზოიძემ, ლერი ხაბელოვმა, შოთა ხაბარელმა, კობა კობალაძემ, ლევან კობერიძემ და კარლო კოპალიანმა მოამზადეს კანონპროექტი და 23 მარტს პარლამენტმაც პირველივე მოსმენით დაუჭირა მხარი დიდგორის დიდი გამარჯვების დღედ გამოცხადების ინიციატივას, თურქული მხარის რეაქცია მყისიერი იყო. თურქეთის საელჩომ საქართველოს პარლამენტს მეგობრობის თხოვნით არაოფიციალურად მიმართა და კანონპროექტის არსებული სახით მიღებისგან თავშეკავება სთხოვა. თურქეთის საელჩოში ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრაც გაიმართა. შესაბამისად, აღნიშნული კანონპროქტის განხილვაც შეჩერდა.
პარალელურად, ქართული საზოგადოების უკმაყოფილებამ არ დააყოვნა და პასუხად გაისმა, რას ვიზეიმებთ და რას არა, ჩვენი საქმეა. ჩვენ გვეკითხებიან თურქები, მოგვწონს თუ არა მათ ქვეყანაში სიკვდილით დასჯის აღდგენა?
ზოგიერთები უფრო მეცნიერულად შეუდგნენ ამ საკითხის შეფასებას და შეახსენეს თურქებს, რომ, მართალია, დავით აღმაშენებლის თანადროული თურქ-სელჩუკები დღევანდელი თურქების წინაპრები არიან, მაგრამ ახლანდელი თურქების წინაპრები თავის დროზე შეერივნენ ბერძნებს, ქართველებს, სომხებს და სხვა ხალხებს. რაც შეეხება დიდგორის ბრძოლას, დავით აღმაშენებელი მაშინ კოალიციურ მხედრობას ებრძოდა, სადაც თურქებს გარდა, ქურთები, არაბები, წინა აზიაში მცხოვრები სხვა მუსლიმანები შედიოდნენ.
თეოლოგი ლევან აბაშიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ დასაფიქრებელია, რამდენად აუცილებელია კიდევ ერთი დღესასწაულის შემოღება. მით უმეტეს, როცა უამრავი ახალი დღესასწაული შემოვიღეთ, რომელთა გაუქმებაც ძალიან ძნელია. თეოლოგის თქმით, არ შეიძლება, ჩვენი კანონმდებლები განუწყვეტლივ აწესებდნენ ახალ თარიღებს და ამით ურაპატრიოტობას ამჟღავნებდნენ. რეალურად, დიდგორობას იმიტომ კი არ ვდღესასწაულობთ, რომ სახელმწიფომ მოგვიწოდა მისი აღნიშვნა, არამედ, თუ საზოგადოებას მიაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანი დღეა, ხალხი ისედაც აღნიშნავს მას.
შესაბამისად, ოფიციალური გადაწყვეტილებები ზოგჯერ არ ამართლებს. ახალგაზრდებს რაც არ უნდა ვუთხრათ ზემოდან, რომ ესა თუ ის თარიღი იდღესასწაულონ, ისინი მაინც ისე დაისვენებენ, რომ არც დაფიქრდებიან, რატომ ისვენებენ. უფროსი ასაკის თაობა 7 ნოემბერსაც ისვენებდა, მაგრამ მაინცდამაინც არ ეხატებოდათ გულზე ეს თარიღი. დიდგორობის აღნიშვნას კი ოფიციალური მითითება არ სჭირდება, მას ისედაც ზეიმობს ჩვენი ხალხი.
„ძალიან ცუდია, როცა ქვეყანა არათანამედროვეა. გამარჯვებების აღნიშვნა, ძეგლების დადგმა მე-18 საუკუნეში მთელ ევროპაში მოდაში იყო. დაახლოებით ათი წლის წინ ფრანგებმა სთხოვეს ინგლისელებს, ლონდონის სადგურ „ვატერლოოსთვის“ სახელი გადაერქმიათ, რადგან ეს ლონდონში ჩასულ ფრანგებში ცუდ ასოციაციას იწვევდა. ეს მაშინ, როცა ფრანგებს თავად ჰქონდათ საკუთარი გამარჯვების აღმნიშვნელი სადგური პარიზში, აუსტერლიცის სადგური, რომელიც რუსებისა და ავსტრიელებისთვის ცუდ მოგონებას უკავშირდებოდა. ეს სახელები დარქმეული იყო კარგა ხნის წინ. ახლა ევროპაში არავინ არქმევს გამარჯვებების აღმნიშვნელ სახელებს. თანამედროვე ტენდენცია აღარ არის, რომ, აი, ჩვენ გავიმარჯვეთ თურქ-სელჩუკებზე, რომ ქრისტიანებმა გავიმარჯვეთ მუსლიმანებზე თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენივე მოქალაქეები არიან მუსლიმანებიც. ჩვენი აზერბაიჯანელებიც ხომ, გარკვეულწილად, მათი შთამომავალნი, ანუ თურქულენოვანნი არიან. პირიქით, ასეთი პოლიტიკა რაღაცნაირად უნდა შერბილდეს. 21-ე საუკუნეში ასეთი რამის შემოღება საჭირო არ არის“, - აღნიშნა ლევან აბაშიძემ, რომლის აზრითაც, ეკლესიას ასეთი თარიღების გამოცხადება არ სჭირდება, რადგან ქრისტიანული გამარჯვება და ქრისტიანული ბრძოლა ცოტა სხვანაირი გაგებაა.
ეს არ ნიშნავს მაინცდამაინც ხმლით გამარჯვებას. გასაგებია, როცა ხმლით შემოდიან, ხმლითვე უნდა უპასუხო, მაგრამ ქრისტიანობაში მთავარი სწორედ ის არის, რასაც იესო ქრისტე ამბობდა-ქარქაშში ჩადე შენი ხმალიო. ამიტომ ეს არის არადროული, ურაპატრიოტული გადაწყვეტილება.
„კი, ბატონო, დიდგორობა ვიდღესასწაულოთ ხალხის დონეზე. დღევანდელი პოლიტიკოსები კომკავშირში რომ იყვნენ, საბჭოთა პერიოდშიც მახსოვდა ეს თარიღი. დამოუკიდებელ საქართველოში კი ეს სრული ურაპატრიოტიზმია. 21-ე საუკუნეში მე-12 საუკუნის დასაწყისში მოგებული ომის გამო უნდა დავისვენოთ?!“
ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ დიდგორის ბრძოლა დღევანდელ თურქეთთან კავშირში არ არის. ახლანდელი თურქები სხვა ხალხია და სხვა სახელმწიფოა თურქეთი, მათი ნათესაობა კი არაფერს ნიშნავს.
„თურქები ცოტა უფრო თავშეკავებულნი უნდა იყვნენ ყველა საკითხთან მიმართებით, რადგან შემოსულები არიან და ძალით წართმეული აქვთ ტერიტორიები, მათ შორის, ჩვენი ტერიტორიებიც. დიდგორის დღის განსაკუთრებულად აღნიშვნა სხვის საწინააღმდეგოდ მიმართული აქტი არ არის. დიდგორის ბრძოლა უმნიშვნელოვანესი იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და ეს თარიღი ნამდვილად უნდა აღინიშნებოდეს. ასევე, არადამაჯერებელია თურქების მხრიდან იმით აპელირება, რომ თურმე ამ თარიღს გარკვეული ძალები სათავისოდ გამოიყენებენ. ეს არის ისტორიული ფაქტი და ისტორიას პატივისცემა, ახალგაზრდობამდე მიტანა სჭირდება. ისტორია პატრიოტული მეცნიერებაა და ამ ტრადიციებზე უნდა აღიზარდოს მომავალი თაობა“, - აღნიშნა გიორგი ოთხმეზურმა.
მანვე განმარტა, რომ თურქებს უნდა ჰყოფნოდათ იმდენი ტაქტი, რომ ამ თარიღის ოფიციალური გამოცხადებისგან თავშეკავება არ მოეთხოვათ ქართველებისთვის, მაგრამ, რადგან ეს მოითხოვეს, ქართულ მხარესაც ტაქტიანად უნდა აეხსნა რეალური სიტუაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ თარიღზე უარის თქმა თურქების მოთხოვნის შემდეგ უკანდახევად აღიქმება.