19 აპრილს პარლამენტში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ დეპუტატებისთვის ეთიკის კოდექსის შექმნის საკითხი კიდევ ერთხელ დადგა დღის წესრიგში. კანონმდებლები არასამთავრობოებთან ერთად აღნიშნულ დოკუმენტზე მუშაობას უკვე შეუდგნენ. პროექტის თანახმად, საპარლამენტო ტრიბუნებიდან ნათქვამი შეურაცხმყოფელი ფრაზებისა და ფიზიკური დაპირისპირების გამო სანქციები დაწესდება.
ეთიკური ნორმების დაცვა მოუწევთ სხვა ტიპის საჯარო მოხელეებსაც.
20 აპრილს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება 30 მუხლისგან შედგება, სადაც კონკრეტულადაა გაწერილი, როგორ უნდა მოიქცეს საჯარო მოხელე საზოგადოებასთან ან მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომელთან მიმართებით; როგორ შეძლოს თავაზიანობის, ობიექტურობის, მიუკერძოებლობის გამოვლენა; საჯარო მოხელემ უნდა აიღოს მხოლოდ კანონით ნებადართული საჩუქარი და თავიდან აირიდოს ისეთი საჩუქარი, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელებაზე.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ეთიკა მორალურობის სინონიმია, რამდენად შეძლებენ ჩვენი საჯარო მოხელეები დაექვემდებარონ ეთიკურ კანონებს მათი მორალის გაუთვალისწინებლად?!
სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ხათუნა კაჭარავა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ
ეთიკა და მორალი ადამიანისთვის დამახასიათებელი ღირსებაა. ამდენად, აუცილებელია ეთიკის კოდექსის შემუშავება. უფრო მეტიც, ეთიკური ნორმების დაცვა ყველა სფეროში აუცილებელია. თითქმის არ არსებობს მედიაბრენდი, რომელსაც საკუთარი ეთიკური შინაგანაწესი არ გააჩნია. ამიტომ საჯარო მოხელეებმაც უნდა იცოდნენ, ქრთამის აღების შემთხვევაში რა სასჯელი ელით, რა ითვლება საჩუქრის აღებად, რომელი ქცევის ნორმებია დასაშვები, რისი თქმა არ შეიძლება და რომელი სიტყვები არ უნდა გამოიყენონ.
„მე თვითონ ჟურნალისტის პროფესიულ ეთიკას ვკითხულობ. სხვათა შორის, ჟურნალისტის პროფესიულ ეთიკასთანაც დაკავშირებითაც მიმდინარეობს დავა, არის თუ არ ეს საჭირო, რადგან ადამიანს შეუძლია თვითრეგულირებით დაარეგულიროს ბევრი ეთიკური საკითხი. თუმცა, სამწუხაროდ, თვითრეგულირება არ მუშაობს ჩვენს საზოგადოებაში. ეტყობა, არ ვართ მორალური საზოგადოება. ამიტომ პარლამენტარებსაც, მასწავლებლებსაც, ექიმებსაც უნდა ჰქონდეთ თავიანთი ეთიკური კოდექსი, რომელსაც ისინი დაიცავენ თავიანთი საქმიანობის დროს.
საჯარო მოხელეთა მხრიდან ფიზიკური შეხლა-შემოხლა, სიტყვიერი შეურაცხყოფა აღმაშფოთებელია და ყველაზე დაბალგანვითარებული კულტურის მქონე ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთები თავს ინუგეშებენ, რომ ასეთი დაპირისპირება სხვა ქვეყნების პარლამენტებშიც ხდება, ეს არ არის ჩვენთვის კრიტერიუმი. ეს სამარცხვინო საქციელია. ამიტომ სასწრაფოდ უნდა გადაწყდეს ეს საკითხი“, - აღნიშნა ხათუნა კაჭარავამ.
მოახდენს თუ არა სანქციების დაწესება ჩვენს საჯარო მოხელეებზე გავლენას, თუკი მათ მორალური ბერკეტები არ ამუხრუჭებთ, ხათუნა კაჭარავა მიიჩნევს, რომ ასი პროცენტით არ იქნება დაცული ეთიკის ყველა ნორმა, მაგრამ კანონის სიმკაცრის გამო ყურადღებას მაინც მიაქცევენ ამ ნორმებს.
„რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ზოგიერთებს ჰგონიათ, თითქოს კანონით შეიძლება ყველაფრის დარეგულირება. ასეთ ხალხს ისიც ჰგონია, რომ თითქოს კანონით შეიძლება, ქალი ვაიძულოთ, მოვეწონოთ, რადგან კანონში წერია, თუ კარგი სიტყვები უთხარი ქალს, მას უნდა მოეწონო. ეს უმეცარი ხალხის მცდელობაა, კანონის ჩარჩოებში მოაქციონ მორალის საკითხები, რომლებიც კანონში არ ეტევა.
„ადამიანი თავაზიანი რომ უნდა იყოს, ეს კანონის მოთხოვნა კი არ არის, არამედ სულ სხვა რამის მოთხოვნაა. იგი სახლში უნდა იყოს გაზრდილი. რამდენი კანონიც არ უნდა დაწერონ, რომელი კანონი დაარეგულირებს იმას, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სტუმრად მისულ პრეზიდენტს სახეში არ უყურებს?! განწირულია იმის მცდელობა, რომ კანონით დაარეგულირონ, თუ როგორი პარლამენტარები უნდა ჰყავდეთ. სინამდვილეში, ჩვენ უკვე ისეთ პარლამენტი გვყავს, რომელსაც კანონი ვერაფერს უშველის. უფრო მეტად სახლში, ოჯახში უნდა ემუშავათ მშობლებს. ცემა-ტყეპა მსოფლიოს ყველა პარლამენტშია და ამას კანონი ვერ უშველის. პლატონიდან, არისტოტელედან მოყოლებული, არსებობდა ეთიკის პრობლემა, მაგრამ, რაც პლატონმა და არისტოტელემ ვერ გადაწყვიტეს, იმას დღევანდელი პარლამენტი გადაწყვეტს?“ - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.