ბათუმის ვანდალიზმის შემოქმედები დაკავებული არიან

ბათუმის ვანდალიზმის შემოქმედები დაკავებული არიან

მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხირკვიას, ბრალი ოფიციალურად წარედგინათ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფური დანაშაულის ორგანიზების და ხელმძღვანელობის ბრალდებით, 11–12 მარტის ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით, მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია დააკავეს.

ღოღობერიძე და ჩხიკვია სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა, ან მათზე თავდასხმა.

ღოღობერიძის ადვოკატის ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაცია „კორუფციასთან ბრძოლის“ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი მერაბ ღოღიბერიძე თავდაპირველად სამართალდამცველებმა, ბათუმში ღვედის არქონის გამო დასაჯარიმებლად გააჩერეს, მოგვიანებით კი პოლიციისთვის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.

ბათუმის მოვლენების განვითარებამდე, არასამთავრობო ორგანიზაცია „კორუფციასთან ბრძოლის“ საინფორმაციო ცენტრის ხელმღვანელმა მერაბ ღოღობერიძემ აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან საპროტესტო აქცია გამართა, სადაც საამმართველოს უფროსის, კახა ბუხრაძის გადადგომას ითხოვდა. 11-12 მარტს პლაზას მიმდებარე ტერიტორიაზე, სამართალდამცავებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა, სადაც რამდენიმე პირი დააკავეს. პროტესტის ნიშნად, აქციის მონაწილეებმა აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გადაინაცვლეს.

ღოღობერიძის ადვოკატი პაატა შავაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა, რადგან ღოღობერიძის დაკავებით, პირადად აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი კახა ბუხრაძე და აჭარის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლაშა გოგნიაშვილი არიან დაინტერესებული.

„მერაბ ღოღობერიძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა, მაგრამ საქმეზე მტკიცებულებები ჯერ არ ჩაგვბარებია, რომელიც 14 ტომს შეიცავს. აქედანვე მიმაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს ვერ გადალახავს ეს საქმე. მერაბ ღოღობერიძე მის ოჯახს გამართლებული დაუბრუნდება. პირველი წარდგენის ეტაპზე შევეცდებით გირაოთი გავათავისუფლოთ. თვითონ ბრალს არ აღიარებს და როგორ შეიძლება ადამიანმა არჩადენილი დანაშაული აღიაროს?! იგი ამ დროისთვის შიმშილობს, რადგან უკანონო დაკავებას აპროტესტებს. მის მიმართ მტკიცებულებები გაყალბებულია. სწორედ ამ ცრუ ბრალდების გამო, უკიდურეს ზომას მიმართა“, – აცხადებს პაატა შავაძე.

რაც შეეხება მეორე დაკავებულს, ირაკლი ჩხვირკიას, როგორც ცნობილია, მან სოლიდარობა გამოუცხადა აქციის მონაწილეებს და აქტიურად ჩაერთო პროცესებში. ჩხირკვია ერთ–ერთი იყო, რომელიც ბათუმში მიმდინარე აქციის დროს ქალაქში ჩავიდა, მომიტინგეებს სოლიდარობა გამოუცხადა და საზოგადოებას სოლიდარობისკენ მოუწოდა.

სწორედ, ჩხვირკიას მხრიდან გაჟღერებული იყო მთავრობის გადადგომისა და აქციის ორგანიზატორთა ხელშეუხებლობის მოთხოვნა. ამ განცხადებებიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ „ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოებისადმი აქციის სოლიდარობისკენ მოწოდებაში დაადანაშაულა. მოგვიანებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩხვირკია პარტიიდან გარიცხა, რადგან ჩხირკვიას მიერ ბათუმის მოვლენებისას გაკეთებული განცხადებები პარტიასთან შეთანხმებული არ ყოფილა.

ამის მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობა“ ირაკლი ჩხვირკიას დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულ დევნად აფასებს. როგორც პარტიაში აცხადებენ, ივანიშვილის რეჟიმი აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას, რისი კიდევ ერთი გამოვლინებაც არის ირაკლი ჩხვირკიას დაკავება ბათუმის მოვლენების ორგანიზების აბსურდული ბრალდებით.

როგორც მირდატ ქამადაძე აცხადებს, აშკარაა, რომ რეჟიმი რეპრესიების ახალი ტალღით ცდილობს საკუთარი უმძიმესი დანაშაულების გადაფარვას.

„ირაკლი ჩხვირკვიას დაკავება იმ ბრალდებით, რა ბრალდებითაც იგი დააკავეს, არის ცალსახა მაგალითი იმისა, რომ ხელისუფლება ახორციელებს პოლიტიკურად განსხვავებული მოსაზრების ადამიანების რეპრესიას.

ვინაიდან, ირაკლი ჩხვირკვია დაკავებულია ბათუმის მოვლენების ორგანიზების აბსურდული ბრალდებით, რადგან იმ საღამოს ჩხირკვია ბათუმში საერთოდ არ იმყოფებოდა და ის ბათუმში დილის 4 საათზე ჩავიდა, როდესაც ბათუმში ის ვანდალური ფაქტები უკვე განხორციელებული იყო“, – აცხადებს მირდატ ქამადაძე.

აღსანიშნავია, რომ 11-12 მარტს ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი კახა ბუხრაძეც დაიკითხა. ბუხრაძე კატეგორიულად უარყოფს ღოღობერიძის მხიდან გაჟღერებული ფრაზის „თათრებში წესრიგს ვამყარებ“ გამოყენებას. ბუხრაძის ჩვენებიდან ირკვევა, რომ 11 და 12 მარტს თბილისში იმყოფებოდა.

ჩვენებაში ბუხრაძე ასევე საუბრობს მერაბ ღოღობერიძის საკითხზეც და ამბობს, რომ მისი დანიშვნიდან დაახლოებით 10 დღეში მერაბ ღოღობერიძემ და გოჩა შავაძემ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შეხვედრა სთხოვეს და სწორედ, ამ შეხვედრის დროს, მას ადგილობრივი ადათ-წესების და ძველი კადრების შენარჩუნება სთხოვეს. ბუხრაძის თქმით, ღოღობერიძეს ჰქონდა კიდევ ერთი თხოვნა, რომ პატრულს არ დაეჯარიმებინა, რადგან მართვის მოწმობის გარეშე მართავდა ავტომანქანას.

„უარი ვუთხარი. დამემუქრა, მალე კორუფციაში გამხელო. ასევე შენახული მაქვს ღოღობერიძის სატელეფონო მიმოწერა, სადაც ღოღობერიძე ჩემგან თურქული ტრაილერების შეუფერხებლად გატარებასაც მოითხოვდა. მას შემდეგ, რაც მე მას უარი ვუთხარი თურქული ტრაილერების დაჩქარებულად გატარების თაობაზე, ფეისბუკ გვერდზე, ტელევიზიასა და პრესაში ჩემი მისამართით დაიწყო ნეგატიური ხასიათის ინფორმაციის აქტიური განთავსება“, – ამბობს გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში კახა ბუხრაძე.