მთავრობის გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებში კომერციული ატაშეები დაინიშნებიან, რომელთა მთავარი მოტივი დამატებითი ნვესტიციების მოზიდვა იქნება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კომერციული ატაშეების საშუალებით შესაძლებელი გახდება საქართველოს შესაძლებლობების გაცნობა, უფრო მეტი პოტენციური ინვესტორისათვის, მეტი შემსყიდველის დაინტერესება ქართული საექსპოტრო პროდუქციისთვის.
„მნიშვნელოვანია, რომ მუშაობას დაიწყებს კომერციული ატაშეების ინსტიტუტი. ისინი იქნებიან საქართველოს ერთგვარი ეკონომიკური ელჩები განსაკუთრებით პრიორიტეტულ ბაზრებზე და სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოს საელჩოებში იმუშავებენ. მათი საშუალებით შესაძლებელი გახდება ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობების გაცნობა უფრო მეტი პოტენციური ინვესტორისათვის, მეტი შემსყიდველის დაინტერესება ქართული საექსპორტო პროდუქციით და მეტი საერთაშორისო ბიზნესის შემოსვლა საქართველოში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ირკვევა, რომ კომერციული ატაშეები თავდაპირველად საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან, ასევე - ჩინეთში და სპარსეთის ყურეში დაიწყებენ საქმიანობას, ამის შემდეგ კი, ეტაპობრივად დაიწყებენ მუშაობას კომერციული ატაშეები სხვა ქვეყნებში. კომერციული ატაშეები უმაღლეს პროფესიულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ, ისინი უნდა იყვნენ ეკონომიკური, ბიზნეს განათლების მქონე პირები.
აღსანიშნავია, რომ კომერციული ატაშის სტატუსი კანონში მთავრობის ინიციატივით საქართველოს პარლამენტმა ერთი წლის წინ განსაზღვრა. დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილების შედეგად, კომერციულ ატაშეს ეკონომიკის მინისტრი სამი წლის ვადით დანიშნავს და მის საქმიანობასაც გააკონტროლებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვარაუდობს, რომ კომერციული ატაშეების ინსტიტუტი ფუნქციონირებას სექტემბრიდან დაიწყებს. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ სტრუქტურაში კომპონენტებს - „აწარმოე საქართველოში - ექსპორტი“ და „აწარმოე საქართველოში - ინვესტიციები“ - უფრო პრიორიტეტული მნიშვნელობა აქვს, კომერციული ატაშეები კი დამხმარე კომპონენტია.
„იქნება ძალზე მკაცრი შერჩევითი ნაწილი როგორც მიზნობრივი ბაზრების და შესაბამისად, ქვეყნების, ასევე კონკრეტულად მიზნობრივი კანდიდატების. ამ პროცესის დაწყებას უახლოეს პერიოდში ვაპირებთ და შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ამას დაახლოებით 3-4 თვე დასჭირდება“, - აცხადებს გიორგი გახარია.
ატაშეების საელჩოებში წარგზავნის აუცილებლობაზე საუბრობენ ეკონომიკის ექსპერტები და თვლიან, რომ ინვესტიციის ზრდისთვის კომერციული ატაშეების დანიშვნა, ეს არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი იმისათვის, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდის ქვეყანაში ინვესტიციების რაოდენობა.
ედუარდ შევარდნაძის ყოფილი მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, თემურ ბასილია ამბობს, რომ საქართველოს საელჩოებში კომერციულ ატაშის თანამდებობის შემოღება სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან საქართველო უნდა გახდეს ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა და ამისთვის ინვესტიციების მოზიდვა აუცილებელია.
როგორც ბასილია ამბობს, საქართველოს შესაძლებლობების შესახებ ბევრ პოტენციურ ინვესტორს არა აქვს რეალური ინფორმაცია. ამიტომაც, აუცილებელია საზღვარგარეთ საელჩოებში იყოს სპეციალურად გამოყოფილი პირი, ვინც მიაწოდებს ასეთ პირებს და ორგანიზაციებს შესაბამის ინფორმაციას, დააინტერესებს მათ საქართველოში ინვესტიციების ჩადებით და სისტემატიურად იმუშავებს მათთან.
„გარდა ამისა, ქართულ ბიზნესსაც სჭირდება დახმარება პოტენციური პარტნიორების მოძებნაში და კომერციულ ატაშეებს მნიშვნელოვანი როლის შესრულება აქაც შეუძლიათ. რაც შეეხება კითხვას, არის თუ არა საკმარისი კომერციული ატაშეების დანიშვნა ინვესტორების მოსაზიდად, ინვესტორების მოსაზიდად პირველ რიგში აუცილებელია, თავად ჩვენი ქვეყანა, საქართველო იყოს ინვესტორებისთვის მიმზიდველი.
ის, რაც გასულ წელს ხდებოდა ლარის გაცვლით კურსთან დაკავშირებით, ნამდვილად არ უწყობს ხელს ინვესტიციების მოზიდვას, ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა, ისევე როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძიებელი სასამართლო, აუცილებელი წინაპირობაა სერიოზული ინვესტიციების შემოსასვლელად.
ამ თვალსაზრისით, მთავრობამ სწორი ნაბიჯი გადადგა როდესაც დაიწყო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ახალი პროგრამა. ეს სერიოზული სიგნალია ინვესტორებისთვის, რომ ქვეყნის საფინანსო სისტემა სწორი მიმართულებით ვითარდება და ის რეციდივები, რაც წინა პერიოდში ლართან დაკავშირებით ხდებოდა, აღარ განმეორდება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თემურ ბასილია.
მისივე თქმით, დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ კომერციული ატაშეს თანამდებობებზე შეირჩეს შესაბამისი კვალიფიკაციის და გამოცდილების მქონე ადამიანები, ისეთი პირები, რომლებმაც არა მხოლოდ კარგად იციან უცხო ენები, არამედ შეუძლია ინვესტორებთან ურთიერთობა.
„ინგლისურში არსებობს ასეთი გამოთქმა „სეილს მენ“ - ადამიანი, ვისაც აქვს განსაკუთრებული ნიჭი და უნარი, რომ კარგად გაყიდოს პროდუქტი. სწორედ, ასეთი ნიჭის და უნარის მქონე პირები უნდა შეირჩეს, ვინც შეძლებს დაარწმუნოს ინვესტორები საქართველოს პოტენციალში, რომ ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების გაკეთება უსაფრთხოც არის და მომგებიანიც.
ვეთანხმები ეკონომიკის მინისტრს, რომ პირველ რიგში კომერციული ატაშეები უნდა დაინიშნოს ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ძირითად სავაჭრო პარტნიორებსა და ეკონომიკურად ყველაზე პოტენციურ ქვეყნებში. რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისით დიდი პოტენციალია ჩინეთში, ინდოეთში, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, მაგრამ ჩემი აზრით, უმთავრესი პრიორიტეტი მაინც აშშ და ევროგაერთიანების ქვეყნები უნდა იყოს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თემურ ბასილიამ.
ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ დიპლომატიის შეუცვლელი ნაწილია ეკონომიკური დიპლომატია, მით უმეტეს 21-ე საუკუნეში. როგორც ცისკარიშვილი აცხადებს, ქვეყანამ გამოიარა საბჭოთა პერიოდი, როდესაც ამ ქვეყანას გააჩნდა ე.წ. სავაჭრო წარმომადგენლობა, რომელიც არ იყო საელჩოს შემადგენლობაში, ისინი დაკავებული იყვნენ მხოლოდ ეკონომიკური საკითხებით.
„ალბათ მნიშვნელოვანია, რომ დაინიშნოს ისეთი ადამიანი, რომელიც დაკავშირებული იქნება ეკონომიკურ საკითხებთან, რადგან ეს ყველაფერი ისევ საელჩოს ფარგლებში განვითარდება, ცხადია, გაუგებარი იქნება თუ თავად ელჩი არ იქნება ჩართული ამ საქმიანობაში. მაგრამ თუ გვყავს ისეთი ელჩი, რომელმაც იცის ეკონომიკა და შეძლება ურთიერთობა დაამყაროს ინვესტორებთან, ალბათ არ არის აუცილებელი, რომ ასეთ ქვეყანაში გვყავდეს კომერციული ატაშე.
მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ჩვენ გვყავს ელჩი, ქალბატონი თამარ ბერუჩაშვილი, რომელიც წლების განავლობაში გახლდათ საქართველოს საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა მინისტრი. ნებისმიერ შემთხვევაში ეკონომიკური დიპლომატია უნდა გაძლიერდეს, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ აუცილებელია ამისთვის რაიმე ინსტიტუციის შექმნა“, - ამბობს სოსო ცისკარიშვილი.