შავ ზღვაში მორიგი სამხედრო ხომალდის გამოგზავნა იგეგმება

შავ ზღვაში მორიგი სამხედრო ხომალდის გამოგზავნა იგეგმება

შავ ზღვაში მორიგი სამხედრო ხომალდის გამოგზავნა იგეგმება, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობას გააძლიერებს. საფრანგეთში ვიზიტად მყოფი თავდაცვის მინისტრისა და მისი ფრანგი კოლეგის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველოს საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერება იყო. აღინიშნა, რომ ქართული მხარე კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებს კარგად ასრულებს. 

ლევან იზორიამ და ჟან-ივ ლე დრიანიმ კონტრაქტის მომდევნო ეტაპის შესახებ იმსჯელეს, რაც თავდაცვითი სისტემის გამოყენებისთვის მიზნად ქართველი სპეციალისტების გადამზადებას ისახავს. ამავე შეხვედრაზე საუბარი შეეხო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერებაში საფრანგეთის ჩართულობის დინამიკას. 

„საფრანგეთის მხრიდან დინამიკა მზარდია, კერძოდ, წელს შავ ზღვაში მორიგი სამხედრო ხომალდის გამოგზავნა იგეგმება, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ემსახურება. საფრანგეთი ჩვენ სტრატეგიულ მოკავშირედ რჩება და ჩვენი სამხედრო აღმშნებელობის საქმეში უფრო დიდ წვლილს შეიტანს“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

შავ ზღვაში რეგიონის უსაფრთხოების სისტემის გაძლიერების აუცილობაზე საუბრობენ სამხედრო ანალიტიკოსები. ექსპერტი, უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში, მამუკა ნებიერიძე განმარტავს, რომ  შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერებაში საფრანგეთის ჩართულობა ემსახურება უსაფრთხოებას, მას აქვს პრევენციის სახე. კერძოდ, რუსეთის მხრიდან არ მოხდეს შესაძლო აგრესია. 

„ლაპარაკია მშვიდობის შენარჩუნებაზე, რაც მნიშვნელოვანია. თუ ნატოსთან ურთიერთობიდან გამომდინარე, სამხედრო დონეზე მოკავშირეები არ არიან, მხარს მაინც გვიჭერენ და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის გადმოცემას აპირებენ. თუ დამატებით სამხედრო ხომალდი გადმოგვცეს, ეს - მით უკეთესი, რაც, რასაკვირველია, გაზრდის ჩვენს სამხედრო შესაძლებლობებს. სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით შავი ზღვის რეგიონში ფრანგული სამხედრო ხომალდის შემოსვლა, რასაკვირველია მისასალმებელია.

ვიცით, რომ საფრანგეთი მზად არის გადმოგვცეს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მოწინააღმდეგის თვითმფრინავების და რაკეტების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული, ეს არის ჩვენი საჰაერო სივრცის დაცვა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას მამუკა ნებიერიძე.

სამხედრო ანალიტიკოსის, ვახტანგ მაისაიას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი ნატო შექმნის უსაფრთხოების საზღვაო მუდმივმოქმედ დაჯგუფებას, ეს ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერების ერთ-ერთი წინაპირობა იქნება.

„საუბარია იმაზე, რომ ნატომ შექმნას მუდმივმოქმედი საზღვაო დაჯგუფება, რომელიც არის რეალური უსაფრთხოების განმსაზღვრელი კომპონენტი. საუბარი არ არის ერთი გემის შემოსვლაზე. ჩვენ ისედაც ვართ უსაფრთხოების ჩიხში და ნებისმიერი რუსული ქმედების საპირწონე ჩვენთვის არის მომგებიანი გარემო. სამწუხაროდ, ჩვენ სამხედრო-საზღვაო კომპონენტი არ გაგვაჩნია და როგორც ჩანს დღევანდელი თავდაცვის ხელმძღვანელობის ხელში არც გვექნება. 

ქვეყანას, რომელსაც გააჩნია 9 ათასი კვადრატული კილომეტრი საზღვაო აკვატორიის სივრცე, აუცილებლად უნდა ჰქონდეს საზღვაო კომპონენტი, ფლოტზე არ არის საუბარი, ფლოტს არავინ გვთხოვს, მაგრამ სამხედრო საზღვაო ძალები უნდა გვყავდეს. ჩვენ თუ არ შეგვიძლია, რომ თავადვე უზრუნველყოთ ჩვენი ქვეყნის საზღვაო უსაფრთხოება, მაშინ ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც მოდის ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეებისგან, ეს არის პოზიტიური მოვლენა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

გარდა ამისა, თავდაცვის მინისტრებმა ნატო-სა და ევროკავშირის ეგიდით საერთაშორისო მისიებში საქართველოსა და საფრანგეთის ერთობლოვ მონაწილეობაზეც იმსჯელეს. ფრანგ კოლეგასთან საუბრისას ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ ქვეყანა მზად არის საქართველომ ოცეულის დონის ქვედანაყოფი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2018 წლის სექტემბრამდე შეინარჩუნოს.
საქართველო ევროკავშირის ასოცირებული წევრია, რაც ნიშნავს, რომ ევროპის უსაფრთხოების და თავდაცვითი პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია, შესაბამისად, აღნიშნული მისიაც ამ კონცეფციის ფარგლებში ხორციელდება.  მამუკა ნებიერიძე თქმით, ქვეყნის ვალდებულებაა, მონაწილეობას ღებულობდეს ევროპული უსაფრთხოების დამტკიცების საქმეში.

„როგორც ჩანს, ჩვენ გვაწყობს მონაწილეობას ვიღებდეთ ევროკავშირისა და ნატოს ეგიდით არსებული მისიებში, ეს არის საგარეო პოლიტიკა. საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებიდან გამომდინარე, როგორც ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების გაძლიერების კონტექტსტში, ეს, პირდაპირ, სამხედრო უწყებას არაფერს არ აძლევს, მაგრამ საერთო ჯამში საგარეო პოლიტიკის გადმოსახედიდან რასაკვირველია კარგია. 

დეკლარირებული გვაქვს ჩვენი საგარეო კურსი - ეს არის დასავლეთთან ინტეგრაცია და ასეთ მისიებში მონაწილეობა ხელს უწყობს და უფრო მეტად რწმუნდებიან მხარეები, რომელთაც უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, რომ ჩვენ მზად ვართ გაწვრიანებისთვის, ღირსეული პარტნიორები ვართ იმიტომ, რომ მონაწილეობას ვიღებთ სამხედრო და სამშვიდობო ოპერაციებში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მამუკა ნებიერიძემ.