სევდანარევი სახალისო მოგონებები

სევდანარევი სახალისო მოგონებები

მსახიობებს საკუთარი პროფესიის გამო ხშირად არააორდინალურ მდგომარეობაში უხდებათ მოხვედრა. ზოგჯერ ეს სიტუაციები საკმაოდ მწარეა, მაგრამ გადის დრო და ტკბილ მოგონებათა რანგში გადადის.

კინორეჟისორი ელდარ შენგელაია იხსენებდა:

“ცისფერი მთების” პრემიერა გვაქვს კინოს სახლში... იმ პერიოდში ქალბატონ სესილიას დაქვეითებული ჰქონდა სმენა, არადა, სურათი, ცხადია, ჩვეულებრივ ხმაზე მიდიოდა.

ჩვენება დასრულდა.ძალიან კარგად მიიღო მაყურებელმა. გამოვედი, მილოცავენ, შთაბეჭდილებას მიზიარებენ, ჩემთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალბატონ სესილიას შეფასებაა. როგორც იქნა, მივედი და...

„ეს რა ქენი, შე კაცო? ხალხმა კარგად კი მიიღო, მაგრამ რად გინდა - არაფერი ისმის, ის სიტყვები და მთელი ის იუმორი დაიკარგა“, - მსაყვედურობს. უმალ მივხვდი, საქმე რაშიც იყო და დავამშვიდე: „ქალბატონო სესილია, ეს პირველი ასლია, ცოტა ვერ არის კარგად გაკეთებული. ხვალინდელ ჩვენებაზე მეორე ასლი იქნება და თუ გინდათ, მოდით-მეთქი. მოვალო, - იმ წუთში არ დამთანხმდა?!

მეორე დღეს მოვიყვანე ჩემი უსაყვარლესი ბიძა სანდრო ანდრონიკაშვილი, რომელიც სესილიას ხნისა იყო და მასავით ყურმძიმე. სააპარატოში შევედი, ხმა ნორმაზე ბევრად მაღლა დავაყენებინე. ჩვენება დაიწყო და ის ჩვენი ეკრანი ყვირის და ყვირის. როდესაც დასრულდა, მაყურებლებმა მითხრეს - ძალიან კარგი ნამუშევარია, მაგრამ რას გვერჩი, რას დაგვაყრუე ხალხიო. ხოლო ქალბატონმა სესილიამ – აი, ახლა ნამდვილად კარგია და ყველაფერი შესანიშნავიაო. მერე სანდროს მივუბრუნდი. ბიძაჩემიც ძალიან კმაყოფილი დარჩა. ერთი სიტყვით, ყველა კი დავაყრუე, მაგრამ ჩემთვის უმთავრესი იყო, თავად ქალბატონ სესილიას გაეგო და გახარებოდა. მახსოვს, მითხრა კიდეც, ჩემი ნამუშევარი არ ვიცი, მაგრამ ფილმი ძალიან კარგიაო.”

მსახიობი მედეა ჩახავა, რომელმაც დოდო აბაშიძესთან ერთად “ბაში-აჩუკსა” და “ჭრიჭინაში” ითამაშა, ერთ სახალისო ისტორიას იხსენებდა:

“ჭრიჭინას” იმ ეპიზოდს, სადაც მე და ბიჭიკო წვიმის ქვეშ ვდგავართ, ზამთარში ვიღებდით. დაგვპირდნენ, ისეთი თბილი წყალი იქნება, გესიამოვნებათო. მაგრამ გაყინული წყალი გამოუშვეს. გადაღებისას თავი შევიკავეთ და არ ავძაგძაგდით, მაგრამ მერე დაგვაწყებინა კანკალი. გადასაღები იყო კიდევ ერთი დუბლი. სანამ ტანსაცმელს უთოთი გვიშრობდნენ, მე სპირტით მზელდნენ. დოდომ ეს რომ დაინახა, გაუკვირდა, რას შვრებით, გათბობა ასე კი არ უნდა, ჩაასხით ჭიქაშიო. მიაწოდეს და გადაჰკრა. ვიფიქრე, მოკვდება-მეთქი, მაგრამ პირიქით, მართალი აღმოჩნდა. თუმცა, მე მაინც ვერ დამიყოლიეს, რომ სპირტი დამელია”.

დოდო აბაშიძის მუშტის ძალაზე ლეგენდები დადიოდა. ჩხუბს თვითონ არასდროს დაიწყებდა, მაგრამ თუ გამოიწვევდნენ, ვეღარავინ უმკლავდებოდა. გურამ ლორთქიფანიძემ ერთხელ ერთი ამბავი გაიხსენა:

“ეს შემთხვევა მამაჩემის მეგობარმა მიამბო. ვაკის პარკთან ღია რესტორანი იყო. ერთხელ დოდო იქ ქეიფობდა მეგობრებთან ერთად, თორმეტნი იყვნენ, ჩხუბის შემძლე ხალხი, მაგრამ ძალიან ნასვამები. შემოსულა ოთხი ახალგაზრდა “კაგებეშნიკი”. დოდოს მაშინ “ბაში-აჩუკში” იღებდნენ და წვერი ჰქონდა მოშვებული. ამ ოთხმა გაუწყალეს გული, დოდოს წვერს შეეხნენ, დაცინვა დაუწყეს. იარაღით იყვნენ. გადაკეტეს და წავიდა ჩხუბი. დოდოს უჩხუბია, როგორც ვეფხვს. მეორე დღეს ჩემთან რომ მოვიდა, რას ჰგავდა იცით? ყური გახეული, ცხვირი მოგლეჯილი. ვერ წააქციეს თურმე. მარტომ იჩხუბა და გაიმარჯვა”.

რაიხსტაგზე დროშის აღმმართველი მელიტონ ქანთარია სიბერეში ცოტა გამომწვევად იქცეოდა ხოლმე. ერთხელ სოხუმში, სუფრაზე დოდო აბაშიძეს აუხირდა, გაუწყალა თურმე გული. დოდომ ვეღარ მოითმინა და ალიყური უთავაზა. ქანთარია ისე დაიბოღმა, დოდო მილიციას დააჭერინა. სასამართლო და ციხე ელოდა. ქანთარიას თბილისიდან აკადემიკოსები მიუგზავნეს შუამავლად – ჩიქობავა, ვეკუა, ფიფია. არაფერმა გაჭრა. ბოლოს ვაკის პარკის რესტორნის დირექტორი უგულავა ჩაერია. მისი თხოვნით გაუშვეს. მელიტონ ქანთარიას უთქვამს, რესტორნის დირექტორი მომიგზავნა და როგორ არ გავუშვებდიო. “აკადემიკოსები ფეხებზე დაიკიდა” – იხსენებდა გურამ ლორთქიფანიძე.

ეს სახალისო ისტორია კი მსახიობ გიჟური კომახიძეს შეემთხვა.

“ერთი მშვენიერი დღეა. კინოსტუდიის ეზოში მივედი მონტაჟზე. მისვლა ცოტა ადრე მომივიდა და დრო რომ მომეკლა, ნელი ნაბიჯით ვცემ ბოლთას. მოულოდნელად, კარგა ხნის უნახავი მეგობარი – ნუგზარ შარია დავინახე. გადავეხვიეთ ერთმანეთს, მოვიკითხეთ და ვსაუბრობთ სასხვათაშორისოდ.

ერთიც, ვნახოთ, ეზოში ავლიპ ზურაბიშვილი შემოვიდა, კინოსტუდიის რამდენიმე თანამშრომელი ახლავს და მოაცილებენ დიდი პატივისცემით. თურმე ბატონ ავლიპზე დოკუმენტურ ფილმს იღებდნენ და იმიტომ მოსულა. გაგვისწორდნენ მე და ნუგზარს. ავლიპი შეჩერდა. შეჩერდნენ ამალის წევრებიც. ფსიქიატრი ჩვენკენ დაიძრა. მოგვიახლოვდა და შეჩერდა.

- თქვენი სახელი ყმაწვილო? – მეკითხება.
- გიჟური, ბატონო.
- როგორა, როგორა? – ყურზე ხელი მიიდო კაცმა, ხომ არ მომეყურაო.
- მე მქვია გიჟური, ვაჟი ვარ ვაჟური, ძლიერ მიყვარს ვაზის ნაჟური, - ჩავარაკრაკე ექსპრომტი. ავლიპს მთელი გულით შევეცოდე.
- ესა, - ჩემზე ანიშნა მხლებლებს, - ხშირად ამბობს ხოლმე ასეთ ლექსებს?
- არც ისე, - უთხრეს.
- სხვა რამესაც ხომ არ აშავებს ხოლმე?
- რა უნდა დააშაოს, ბატონო ავლიპ?
- აი, ვთქვათ, ფანჯრის ქვით ჩამსხვრევა, “იუპიტერი ვარო”, ძახილით.
- არა, ეგეთი რამეები ჯერ არ შეგვინიშნავს.
- კარგიიი, ყმაწვილო, - მომიბრუნდა მე. – როცა მოიცლი, ჩემს კლინიკაში შემომიარე, შვილო. მე უფრო უიმედო პაციენტებიც შემომიბრუნებია სააქაოსკენ.
- გეახლებით, ბატონო ავლიპ, - ამომიჯდა გული.
- თქვენი გვარი, ყმაწვილო, - ახლა ნუგზარს მიუბრუნდა აკადემიკოსი.
- შარია, ბატონო.
- ვაა, როგორა?
- შარია, შარია, - გაუმეორა ნუგზარმა.
- არააა, ეს მეტისმეტია, - მიუბრუნდა მხლებლებს. დღეს ძალიან თარს ფეხზე გამოვედი. ეს გიჟურიო, ეს კიდევ შარია. დროზე გამიშვით, თორემ აქ მართლა შარს არ გადავეყარო, კაცო, - თქვა და ჩქარი ნაბიჯებით გაგვეცალა”.