არასამთავრობოები ერთი და იმავე სქესის წყვილთა უფლებების დასაცავად ისევ დაირაზმნენ. ისინი მიიჩნევენ, რომ აუცილებელია, კონსტიტუციით გარანტირებული იყოს ერთი სქესის მქონე წყვილებისთვის სამოქალაქო პარტნიორობის შესაძლებლობაც.
შესაბამისად, არასამთავრობოები კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრის შესახებ ინიციატივას უარყოფითად აფასებენ და ფიქრობენ, რომ საკონსტიტუციო ჩანაწერი ჰომოფობიურ კონოტაციას ატარებს. ეს კი ხელს უწყობს ლგბტ პირთა მიმართ ნეგატიური განწყობის გაძლიერებას, რასაც მსუსხავი ეფექტი ექნება ადამიანის უფლებების მდგომარეობის დაცვის მხრივ ქვეყანაში. არასამთავრობოთა აზრით, აღნიშნულ საკონსტიტუციო ჩანაწერს პოზიტიურად არ აღიქვამენ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციები, რადგან უკანასკნელი წლებია, ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში აშკარაა ერთი და იმავე სქესის წყვილთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება.
„მივიჩნევთ, ქორწინების შესახებ კონსტიტუციის მუხლს დაემატოს შემდეგი ფორმულირება: „თანაცხოვრების სხვა ფორმები რეგულირდება კანონით“. ასეთ შემთხვევაში, ამ სქესის პირებს შორის ქორწინების კონსტიტუციური აკრძალვის მიუხედავად, ეს ცვლილებები არ იქნება აღქმული, როგორც უფლებრივი მდომარეობის შეზღუდვა და უმცირესობას შეეძლება უფლებრივი გარანტიების მიღება (მემკვიდრეობა, ქონებრივი უფლებები, ურთიერთრჩენის ვალდებულება, პატიმრის თუ ჰოსპიტალიზებული პარტნიორის მონახულება).
განცხადებას ხელს აწერს „სამართლიანი არჩევნები“, „დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „თანასწორობის მოძრაობა“,
საია, ფონდი „ღია საზოგადობა საქართველო“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და სხვა.
თბილისის საკრებულოს დეპუტატი სოსო მანჯავიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ გამოსაკვლევია ამ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების წყაროები და სასწრაფოდ მისაღებია კანონი, რომლის მიხედვითაც, გაირკვევა არა მარტო ნჯო-ების დაფინანსების დეტალები, არამედ მათი შესაბამისობა საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან; ასევე, მათი შესაბამისობა საქართველოს ეროვნული უშიშროების პრინციპებთან.
„მათ ოფიციალურად უნდა მიენიჭოთ ამა თუ იმ უცხოური ფონდის, ან უცხოური სახელმწიფო ფონდის აგენტის სტატუსი. აქ არ იგულისხმება სპეცსამსახურის აგენტი, მაგრამ, როდესაც საქმე გვაქვს გაურკვეველი მიზნებით, ხშირ შემთხვევაში, ეროვნული ინტერესებისა და საზოგადოებრივი განწყობების საწინააღმდეგო ხელოვნურ, მიზანმიმართულ მოქმედებასთან, ბუნებრივია, ჩვენმა სახელმწიფომ უნდა დაიცვას თავისი ხალხი მსგავსი ტიპის ორგანიზაციებისგან. ეს შეესაბამება მსოფლიო პრაქტიკას, თუნდაც შეერთებული შტატების, ისრაელის პრაქტიკას“, - აცხადებს სოსო მანჯავიძე.
მისივე თქმით, არასამთავრობოები ხშირად აპელირებენ ევროპის ქვეყნების გამოცდილებით, რაც არარეალურია. ეს დემაგოგიური დისკუსი მიზანმიმართულად შემოაგდეს საქართველოში, რათა ქართველ ხალხს შეაძულონ დასავლური ცივილიზაცია. ეს არის ამ არასამთავრობოების რეალური მიზანი. სამწუხაროდ, ჩვენი უშიშროების ორგანოები არ ინტერესდებიან იმით, ვინ აფინანსებს ამ ადამიანებს. არც დღევანდელი პარლამენტი ზრუნავს, რომ საკანონმდებლო დონეზე იყოს არასამთავრობოების საკითხი დარეგულირებული.
სოსო მანჯავიძის აზრით, არ შეიძლება, საქართველოს უდიდესი უმრავლესობის ზნეობა და ცხოვრების წესი მუდმივი შეურაცხყოფის რეჟიმში ჰყავდეს ერთი მუჭა, ჩვენი ქვეყნისადმი არაკეთილმოსურნე ძალებისგან დაფინანსებულ ორგანიზაციებს. ყველას მობეზრდა მათი უპასუხისმგებლო და გამაღიზიანებელი მოქმედება, რაც ხელს უშლის საქართველოში ნორმალური პოლიტიკური პროცესის წარმართვას.
დემოგრაფი ანზორ სახვაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ არასამთავრობოები ცდებიან, როცა სამოქალაქო პარტნიორობის შესაძლებლობას ითხოვენ ერთი და იმავე სქესის წყვილებისთვის. თვითონ ტერმინი „სამოქალაქო პარტნიორობა“ აბსურდია. სამოქალაქო ქორწინების რეგისტრაცია ნიშნავს, რომ კანონით დადგენილი წესით ადამიანები მივიდნენ და გაატარონ თავიანთი ქორწინება რეგისტრაციაში ისევე, როგორც ჩვეულებრივმა საპირისპირო სქესის წყვილებმა; ხოლო, თუ მათ პარტნიორობა სურთ, ამისთვის სულაც არ არის საჭირო თავიანთი ურთიერთობის რეგისტრაცია. პარტნიორობის შესაძლებლობას მათ არავინ უშლის და პარტნიორობა გულისხმობს კანონიერ ქორწინებაში არმყოფი ადამიანების ურთიერთობას.
„ამდენად, მათ მიერ შემოთავაზებული ტერმინი „სამოქალაქო პარტნიორობა“ გაუგებარია. სამოქალაქო წესით დადგენილი ქორწინების ფორმის მიღება და ხელის მოწერა სხვა არის, ხოლო პარტნიორობა სულ სხვაა. შესაბამისად ეს ორი ცნება- „სამოქალაქო“ და „პარტნიორობა“ ერთმანეთთან აბსურდი გამოდის. ან უნდა იყოს სამოქალაქო ქორწინება, ხელის მოწერით, ან პარტნიორობა, ხელმოწერის გარეშე. ანუ შეუძლებელია ამ ორი სიტყვის „სამოქალაქო პარტნიორობის“ შეერთება. ევროპას რომ იშველიებენ, იქ სხვადასხვანაირი მიდგომებია. ევროპაში საცდელი ქორწინებებიცაა დაშვებული. სტუდენტები ერთმანეთთან თავისუფალ ურთიერთობაში არიან, გამოცდასავით უწყობენ ერთმანეთს და, თუკი ხასიათებით შეეჩვევიან, რამდენიმე წლის შემდეგ ფაქტობრივი ქორწინების იურიდიულ რეგისტრაციასაც ახდენენ. ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებსაც არავინ უშლის ასეთ ურთიერთობებს და კიდევ რის ჩაწერას მოითხოვენ კანონში? თუ არ მოსწონთ აქაური წესები, წავიდნენ იქ, სადაც უკეთესი წესებია“, - აცხადებს ანზორ სახვაძე და თვლის, რომ არასამთავრობოები ვიღაცის დაკვეთას ასრულებენ.