„მდინარეები უნდა სუნთქავდეს, მათი გადახურვა, შენობების ჩადგმა და ზედ მიწის დაყრა არ შეიძლება“

„მდინარეები უნდა სუნთქავდეს, მათი გადახურვა, შენობების ჩადგმა და ზედ მიწის დაყრა არ შეიძლება“

თბილისში მდინარეების კალაპოტები შენობებისგან გათავისუფლდება და რეკრეაციულ ზონებად მოეწყობა.  კალაპოტების გამწვანება ქალაქში სუფთა ჰაერის გავრცელების შესაძლებლობას შექმნის.   

როგორც მიწათსარგებლობის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის თანათავმჯდომარე მერაბ ბოლქვაძე ამბობს, ეს კალაპოტები ძირითადად ვერეს ხეობას, დუქნის ხევს (ლილო), გლდანის ხევსა და წოწორას ხევს (დიღომი) მოიცავს. 

„ყველა დახურული მდინარე უნდა გაიხსნას, კალაპოტები ლანდშაფტური სივრცეების სახით მოეწყოს, მდინარეთა კასკადი პატარა წყაროების სახით გაკეთდეს, მდინარეები აუცილებლად უნდა სუნთქავდეს, მათი გადახურვა, შენობების ჩადგმა და ზედ მიწის დაყრა არ შეიძლება. გვახსოვდეს 13 ივნისის მაგალითი“,-ამბობს მერაბ ბოლქვაძე და დასძენს, რომ ეს არ ნიშნავს, შენობებს დღესვე მივადგეთ და დავანგრიოთ. უბრალოდ, ქალაქს ზოგადი ხედვა უნდა ჰქონდეს, რომ ასეთ ადგილებში არაფერი აშენდეს, ხოლო რა შეცდომაც დაშვებულია, გამოწორდეს, ვინაიდნ ნიაღვარის ან ნალექის წამოსვლის შემთხვევაში, საფრთხის ქვეშ სწორედ მდინარის კალაპოტში მდებარე სახლები აღმოჩნდება.   

ქალაქგეგმარების სპეციალისტი ზურაბ ბაქრაძე For.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ თბილისის მდინარეების კალაპოტის შენობებისგან გათავისუფლება ძალზე ზოგადი, მაგრამ, ამავდროულად, სწორი მოსაზრებაა. ქალაქში რაც უფრო მეტი ღია მდინარე იქნება, მით უკეთესი. თუმცა ასეთი საკითხების გახმიანება ადვილია, განხორციელება ძნელი. ამიტომ, თუ იზიარებენ იმ აზრს, რომ ვერეს ხეობა მართლაც გასასუფთავებელია, უპირველესად უნდა დაიწყონ ვერეს ხეობაში ამ რამდენიმე წლის წინ აშენებული მაგისტრალის გაუქმება. სწორედ ეს უნდა გაითვალისწინოს მიწათსარგებლობის გეგმამ და მაშინ დაუჯერებს ადამიანი მერაბ ბოლქვაძეს. 

„რას აკეთებს მერაბ ბოლქვაძე? ახალი მიწათსარგებლობის გეგმით გააუქმა მაგისტრალი ვერეს ხეობაში? სამწუხაროდ, ხალხი დაიხოცა, უბედურება მოხდა, მაგრამ ბუნებამ სამართლიანად დაგვინგრია ეს ადგილი. რაც ადამიანებმა სისულელე გააკეთეს, ის მდინარემ გამოასწორა. ამ დროს კი ადამიანებმა კიდევ მეორე სისულელე ზედ დაამატეს და ის გზა ისევ აღადგინეს; ამიტომ მერაბ ბოლქვაძის ნათქვამი მხოლოდ ლამაზი სიტყვებია. ვერეს ხეობაში მაგისტრალის გაუქმება ადვილად შეიძლება. მაგისტრალის აშენების მერეც გზა არ განტვირთულა, რა მდგომარეობაც იყო ჭავჭავაძის პროსპექტზე, რომლის დუბლადაც ეს მაგისტრალი ააშენეს, იგივე მდგომარეობაა; გზის მშენებლობა არაფერს შველის, თანაც, გზას ხუთი წლით ვინ აშენებს? ათწლიანი ეფექტი მაინც ხომ უნდა ჰქონდეს, თუ 50-წლიანი არა? 10 წელიც არ არის გასული და მაგისტრალი უკვე ვერ შველის ჭავჭავაძის პროსპექტს. გამოდის, ის ხეობაც დაიკარგა და ჭავჭავაძესაც არაფერი ეშველა. სინამდვილეში, უნდა გაეტარებინათ ღონისძიებები ინდივიდუალური ტრანსპორტის შესამცირებლად. ყველა ევროპული ქალაქი ამ მიმართულებით ვითარდება. ისინი გზებს კი არ აშენებენ, არამედ ამცირებენ ინდივიდუალურ ტრანსპორტს და ზრდიან საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ველოსიპედს და ა.შ. მარტო ქართული მენტალიტეტი ვერ იტანს ამას, ასეთივე მენტალიტეტი აქვს ქალაქისა და ცენტრალურ მმართველობას. ფულს აკეთებენ ახალი მანქანების შემოზიდვაში, საოცარი ტემპით იზრდება მანქანების რაოდენობა“, - განმარტავს ზურაბ ბაქრაძე. 
რაც შეეხება სხვა მდინარეების ხეობებს, ქალაქგეგმარების სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ყოველ მათგანში სხვადასხვანაირი მდგომარეობაა და მათ კონკრეტული შესწავლა სჭირდებათ. უნდა დაიდოს გეგმა, თუ როგორ მოხდება იქ მცხოვრები ადამიანების დაკმაყოფილება.დაუშვებელია, რაც გააკეთეს აბანოთუბანში, საიდანაც ხალხი გაასახლეს და ე.წ. ინტელიგენციას დაურიგეს ბინები შესანიშნავ აივნიან სახლებში. კიდევ უფრო დიდი საშინელება გააკეთა საბჭოეთმა, როცა გერმანელები საქართველოდან ყაზახეთში გადაასახლა. 

„იმედია, ასეთ რამეებს არ გააკეთებენ მდინარის გასახსნელად, რომ ხალხი აყარონ და სადღაც გაუშვან. რაც შეიძლება, ნაკლები ზარალი უნდა მივიღოთ“. 

საქართველოს ეკოლოგიური აკადემიის წევრი, პროფესორი თემურ ვეკუა  For.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ მდინარეების კალაპოტი ბუნებრივი სახით უნდა შენარჩუნდეს და არავითარი სამშენებლო, არქიტექტურული ჩარევა, თუ სანიტარული ნივთიერებების ჩაშვება არ შეიძლება. თბილისი ფაქიზი და ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში თვითონვე არეგულირებდა თავის საცხოვრებელ გარემოს. ასეთი უაზრო ურბანიზაცია, რომელიც ახლა მიმდინარეობს, უარყოფით შედეგს მალე გამოიღებს. როცა ძველი კომუნიკაციები გამოვა მწყობრიდან და ყველაფერი მდინარეებში ჩაედინება, ეს კატასტროფა იქნება. ამიტომ საერთოდ არ უნდა განიხილებოდეს მდინარის კალაპოტებში მშენებლობის უაზრო პროექტები. მით უმეტეს, თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა ისეთია, რომ მომავალი თაობა უკვე განწირულია.  

„ვინც გასცა მდინარის ჭალებში მოსახლეობის ჩასახლების ნებარეთვები, სწორედ მათ უნდა აუშენონ ამ ადამიანებს ახალი სახლები და სხვაგან ჩაასახლონ. არც ერთი თავმოყვარე პიროვნება იქ ჩასახლებაზე ნებართვას არ გასცემდა. ერთი კაცის დაღუპვად არ ღირს ეს კორპუსები. 13 ივნისს ბავშვები დაიხრჩვნენ. ბოლომდე არ არის გამოძიებული, რაც მოხდა. ერთ-ერთი მიზეზი სვანიძის ქუჩაზე მდებარე ძაღლების თავშესაფარიც იყო, ის პიროვნება ახლა გამოდის და ზღაპრებს ყვება. ჯერ ხალხს მივხედოთ და ძაღლების პრობლემა ადვილად მოსაგვარებელია. პლუს ამას, იქ  მანქანები, კამაზები, გენერატორები იყო ჩახერგილი. მათ გადაკეტეს წყლის მიმოქცევა და ტრაგედიამაც არ დააყოვნა“,-აცხადებს თემურ ვეკუა, რომლის აზრითაც, სანამ მდინარეების კალაპოტში ჩასახლებული მოსახლეობის აყრაზე ვიფიქრებთ, ჯერ უნდა მოვახდინოთ ამ მდინარეების კალაპოტების გაკეთილშობილება. ეს ნიშნავს, რომ უბედურება თუ მოხდება, მდინარეებს მეტი გამტარიანობა უნდა ჰქონდეს. საერთოდაც, უნდა ჩატარდეს თბილისის სრული ეკოლოგიური ექსპერტიზა. თორემ ახალი მერი მოდის, ახალ საქმეს აკეთებს, ძველი მერი -სულ სხვა საქმეს, მათი საქმეები კი არ ეფუძნება სერიოზულ ექსპერტთა დასკვნას.