კახა კალაძის განცხადებით, „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულება იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ არ ვიყოთ დამოკიდებულები რუსულ ბუნებრივ აირზე. ენერგეტიკის მინისტრმა ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების შეძენასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება, ქვეყანა სრულად დაიტვირთოს აზერბაიჯანული ბუნებრივი აირით.
„ხელშეკრულება, რომელიც გაფორმდა „გაზპრომთან“, გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ არ ვიყოთ დამოკიდებულები რუსულ ბუნებრივ აირზე. ანუ, მიღებული თანხით, ჩვენ შეგვიძლია, ვიყიდოთ ბუნებრივი აირი აზერბაიჯანიდან, ასევე არის შესაძლებლობა, ვიყიდოთ ირანში. თუმცა, დღევანდელი გადმოსახედიდან, მივიღეთ გადაწყვეტილება სრულად დავიტვირთოთ აზერბაიჯანული ბუნებრივი აირით.
ეს არის ორწლიანი ხელშეკრულება. ორი წლის შემდეგ ჩვენ ვიქნებით უფრო მყარ პოზიციებზე, რადგან გვექნება გაზსაცავი, იქნება დასრულებული შაჰდენიზის პროექტი, საიდანაც გვექნება დამატებითი მოცულობები და გვექნება უფრო მეტი ბერკეტი, რომ ვესაუბროთ „გაზპრომს“, თუნდაც იგივე, 10%-ზე გადასვლაზე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად ქვეყანა სრულად დაიტვირთება აზერბაიჯანული ბუნებრივი აირით, განმარტებას არ აკეთებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რომლებიც „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასაც ითხოვს.
რომან გოცირიძის განცხადებით, ხელშეკრულება ზიანის მომტანია როგორც საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის კუთხით, ასევე სახელმწიფოსთვის წამგებიანია ფინანსური თვალსაზრისითაც. გოცირიძის განცხადებით, სახელმწიფო მიიღებს ფინანსურ ზარალს, ვინაიდან ტრანზიტის ფულადი ანაზღაურებით შეძლებს შეიძინოს ორჯერ ნაკლები მოცულობის ბუნებრივი აირი, ვიდრე 10%-ს ნატურით გადახდის პირობებში იღებდა.
for.ge–სთან საუბრისას ედუარდ შევარდნაძის ყოფილი მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში თემურ ბასილია აცხადებს, რომ მხოლოდ დადებითად შეიძლება შევაფასოთ გადაწყვეტილება ქვეყნის სრულადა აზერბაიჯანული ბუნებრივი აირით დატვირთვის შესახებ. მისი თქმით, აზერბაიჯანი არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სავაჭრო პარტნიორი და მეგობარი. ზოგადად, ქვეყანას უნდა გააჩნდეს ნატურალური გაზის მიღების ალტერნატიული გზები და ამ მიმართულებით ძალიან კარგი იქნება, თუ ქვეყანას ექნება ირანიდან მისი მიღების შესაძლებლობა. ასევე, შენარჩუნებული უნდა იყოს რუსეთიდან მისი მიღების შესაძლებლობაც.
„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კახა კალაძის კომენტარებში ვნახე, გახლავთ, რომ ქვეყანას ორი წლის შემდეგ ექნება გაზსაცავი. ეს გახლავთ ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი. ჯერ კიდევ დაახლოებით 15 წლის წინ დაიწყო ამ პროექტზე საუბარი, მაგრამ სამწუხაროდ, მაშინ ქვეყანას არ ჰქონდა მისი აშენების ფინანსური შესაძლებლობა.
როგორც ჩანს, საქართველოში ბევრს დაავიწყდა, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს 2008 წლის დასაწყისში მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ლადო გურგენიძის ინიციატივით და მაშინდელი პრეზიდენტის ეკონომიკურ საკითხებში თანაშემწის რომან გოცირიძის მონაწილეობით ქვეყანამ გამოუშვა 500 მილიონი დოლარის ღირებულების ევროობლიგაციები და შესაბამისად, აიღო ამ მოცულობის საგარეო ვალი.
გახსოვთ ალბათ, სააკაშვილი აცხადებდა რომ ერთ-ერთი მიმართულება, რისთვისაც ეს სესხი უნდა ყოფილიყო გამოყენებული, გახლდათ სწორედ გაზსაცავის მშენებლობა. საბოლოოდ, არც გაზსაცავი აშენებულა და არც ის არის ცნობილი, რაში დახარჯა სააკაშვილის რეჟიმმა ის 500 მილიონი დოლარი. არაერთხელ მისაუბრია იმის შესახებ, რომ აუცილებელია გამოძიების ჩატარება, რადგან საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ მოხდა ამ 500 მილიონი დოლარის დატაცება და მითვისება პირადად სააკაშვილის და მისი რეჟიმის მაღალი თანამდებობის პირების მიერ“, – აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თემურ ბასილია.
რაც შეეხება „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროებას, ბასილია აცხადებს, რომ აქ არსებობს გარკვეული ვალდებულებები და პროცედურები, რომელსაც უნდა მივდიოთ. გარდა ამისა, ასეთი მგრძობიარე თემების გასაჯაროება, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის უსაფრთხოებასთან, სრულიადაც არ გულისხმობს მის პრესაში გამოქვეყნებას.
„სახელმწიფოში არსებობს საიდუმლო, კლასიფიცირებული ინფორმაცია, რომელზეც ხელი მიუწვდება მხოლოდ მცირერიცხოვან ჯგუფს. ასე გახლავთ აშშ-სა და ევროგაერთიანების ქვეყნებში. შეიძლება, რომ სპეციალური ჯგუფის შექმნა მთავრობისა და პარლამენტის კომპეტენტური პირების მონაწილეობით, რომლებიც გაეცნობოდნენ ამ ხელშეკრულებას.
შემიძლია, მაგალითად მივიტანო ბაქო-სუფსის ნავთობსადენის პროექტზე მუშაობის საწყისი ეტაპი. ახლა 23 წელიწადზე მეტია გასული და უკვე შეიძლება ამ თემაზე ლაპარაკი: მხოლოდ სამ ადამიანს გვქონდა სრული ინფორმაცია- პრეზიდენტ შევარდნაძეს, მე და ჩემს ერთ-ერთ თანამშრომელს ვინც თარჯიმნობას მიწევდა. გარწმუნებთ, ჩვენ რომ საჯაროდ გველაპარაკა დროზე ადრე ამ თემის დეტალებზე, ეს პროექტი არ განხოციელდებოდა.
რაც შეეხება ე.წ. ნაციონალური მოძრაობის და რომან გოცირიძის მოთხოვნას, მათ ჯერ პასუხი უნდა გასცენ საზოგადოებას, რატომ არ გაასაჯაროვეს 2008 წელს ენგურჰესის და ქართული ენერგეტიკული სისტემის რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმება; ასევე, რატომ არ გაასაჯაროვეს სააკაშვილისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეთანხმება კახა ბენდუქიძის თბილისში მოვლინებისა და საქართველოს სტრატეგიული ობიექტების რუსეთისთვის გადაცემის თაობაზე და ბევრი სხვა“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისასთემურ ბასილიამ.
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ IRI-ის სოციალური კვლევის თანახმად, რომელიც 2017 წლის 22 თებერვლიდან 8 მარტის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა, IRI-ის მიერ გამოკითხულთა უმეტესობა, კერძოდ 58% ნეგატიურად აფასებს „გაზპრომთან“ გაფორმებულ ახალ ხელშეკრულებას, ხოლო 11% - პოზიტიურად. შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, რომ ხელისუფლება ქვეყანაში რუსული ბიზნესის შემოყვანით არის დაკავებული.
თუმცა, განსხვავებულია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ კვლევა, რომელშიც დეტალურად არის წარმოდგენილი საქართველოში დაფუძნებული ის კომპანიები, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეები ფლობენ. კვლევის მიხედვით, ელექტროენერგია ის სფეროა, სადაც რუსული კომპანიები და რუსეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული კომპანიები ყველაზე ფართოდ არიან წარმოდგენილნი ქართულ ბაზარზე.
რუსეთიდან ყველაზე მსხვილი ინვესტიციები განხორციელდა შემდეგ კომპანიებიში: შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველო“ (სოფლის ნობათი), შპს „მობიტელი“(ბილაინი), შპს „ენერგია“, შპს „ჯლს“, შპს „კარლსბერგ საქართველო“(ბალტიკა), შპს „ელექტრონი“, შპს Club-2100, შპს „ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტ“, შპს ELITE DEVELOPMENT, შპს „ემბავუდ ჯორჯია“.
2013 წელს ამ სიაში შედიოდა „ტიფლისკი ვინნი პოგრებ“, „სტრომოსი“ (რუსთავის ავტოდრომი) და „ტრიდე“. მათ შორისაა უმსხვილესი რუსული „ინტერ რაო“, რომლის აქციონერები რუსეთის ხელისუფლებასთან აფილირებული კომპანიები არიან. საქართველოში „ინტერ რაოს“ ეკუთვნის ენერგეტიკის გამანაწილებელი კომპანია სს „თელასის“ 75% თბოსადგური შპს „მტკვარი ენერგეტიკი“ და მსხვილი ჰიდროელექტროსადგურები - „ხრამჰესი 1“ და „ხრამჰესი 2“.
მასვე მართვაში აქვს გადაცემული კავკასიაში ყველაზე მძლავრი ელექტროსადგური „ენგურჰესი“.IDFI-მ გამოიკვლია, რომ 2011 წელს „ხრამჰესის“ გაყიდვიდან მიღებული თანხა (99 774 000 ლარი) ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობის აშენებას მოხმარდა. ეს არის მხოლოდ მცირე ჩაონათვალი იმ რუსული კომპანიებისა, რომლებიც საქართველოში არიან წარმოდგენილი.
for.ge-სთან საუბრისას ექსპერტი, სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდრები მიკროფონთან და კამერის წინ იყვნენ პროევროპელები, ხოლო ქმედებით ხელს უწყობდნენ რუსული კაპიტალის შემოსვლას. მისივე თქმით, ის, რაც ენერგეტიკის სფეროში ხდებოდა, ამას არაფერი ჰქვია თუ არა ქართულ-რუსული გარიგება.
„სამწუხაროდ, თემა არახალია. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა 2008 წლის ომის შემდეგ. მაშინ, როდესაც საომარი მოქედებებით ერთგვარი გზავნილი შესთავაზა რუსეთმა პოტენციურ ინვესტორებს, რომელთაც საქართველოში ინვესტიციის ჩადების სურვილი ჰქონდათ.
2008 წელს, როდესაც იბომბებოდა საქართველოს ტერიტორიები, დაზიანდა არაბების ხელში მყოფი ფოთის პორტი, გერმანელების ხელში მყოფი კასპის ცემენტის ქარხანა, თურქების ხელში მყოფი ქარხანა და ა.შ. არც ერთი ის ობიექტი არ დაზიანებულა, რომლის ინვესტორი და მფლობელი იყო რუსული კოპანია ან რუსეთის მოქალაქე. დიახ, ეს ცხადზე უცხადესი გზავნილი იყო თავისი შინაარსით, რომ საქართველოში მშვიდად შეიძლება თავს გრძნობდნენ მხოლოდ რუსული ინვესტიციები. სამწუხაროდ, ასეთ პოლიტიკას მოვიხსენიებთ, როგორც რბილ ძალას“, – აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე იხსენებს, რომ 2003 წლიდან 2012 წლამდე გარდა რიტორიკისა, „ნაციონალურ მოძრაობას“ არც ერთი ანტირუსული ნაბიჯი არ გადაუდგავს. მისი თქმით, ნაცმოძრაობის რიტორიკაც კი რუსეთის სასარგებლო იყო.
„როდესაც ქვეყნის პირველი აცხადებს, რომ რუსეთთან ომი არ არის დამთავრებული, ბუნებრივია, რომ დასავლეთის კაპიტალისთავს არიდებდა იმ ქვეყანაში შესვლას, რომელსაც საომარი მოქმედება ჰქონდა რუსეთთან. ასე რომ, დასავლეთის კაპიტალის დაფრთხობისთვის ანტირუსული რიტორიკა გამოსადეგი იყო რუსეთისთვის, აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ სტრატეგიული ობიექტები გადასცეს რუსეთს.
იმ ფორმულამ, რაზედაც ხშირად იყო ლაპარაკი, რომ ფულს სუნი არ აქვსო, გაამართლა. ვგულისხმობ ბენდუქიძის დამოკიდებულებას, რომელმაც დიდი როლი შეასრულა რუსული კაპიტალის საქართველოში დამკვიდრებაში, თავისთავად ის, რომ ბენდუქიძე წამოიყვანეს რუსეთიდან, დასტური იყო იმისა, რომ ნაციონალურ მოძრაობას რუსეთთან შეხმატკბილებული ურთიერთობა ჰქონდა“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.