ქართველი კინომცოდნეები მიიჩნევენ, რომ ფილმებში თამბაქოს მოწევის კადრების დაფარვა ირანს დაგვამსგავსებს და ეს ერთგვარ ცენზურას, რეჟისორულ საქმიანობაში ჩარევას გაუტოლდება.
დეპუტატი გუგული მაღრაძე ფიქრობს, რომ ფილმებში მოწევის სცენების დაფარვა, ან იმ ფილმების გვიან ჩვენება, სადაც მოწევა ხშირად ჩანს, ხელს არ შეუწყობს თამბაქოს პოპულარიზაციას და ნაკლებად წაახალისებს მოზარდებს თამბაქოს მოსაწევად.
კინომცოდნე თეო ხატიაშვილი კი მიიჩნევს, რომ ფილმებში მოწევის სცენების დაფარვა აბსურდია, რადგან თუნდაც იმ ფილმებში, სადაც სტალინის ან ჩერჩილის კადრებია, მათი განუყოფელი ნაწილი სწორედ ჩიბუხი და სიგარაა. გამოდის, ნახევარ ფილმს ვტოვებთ და ამ გზით აბსურდამდე მივდივართ?
კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ზვიად დოლიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ასეთი აკრძალვები საბავშვო ბაღის დონის თავის მოტყუებაა. მაშინ ფილმები საერთოდ უნდა გადავაგდოთ, რადგან დღეს თუ იქ თამბაქოს მოწევის ჩვენება წავშალეთ, ან მოწევის კადრი დავფარეთ, შემდეგ შეიძლება დავფაროთ სხვა ბევრი რამ და მაშინ ასეთი გამოშიგნული ფილმი რა ფილმი გამოვა?!
ზვიად დოლიძის თქმით, ცივილიზებულ სამყაროში ასეთი რამ არ ხდება, ეს შეიძლება მოხდეს ფუნდამენტურ მუსლიმანურ ქვეყნებში და ეს მარტო ფილმებს არ შეეხება. მაგალითად, იქ ხდება ქალის სხეულის გარკვეული ნაწილების დაფარვაც. უფრო მეტიც, ზოგიერთ მუსლიმანურ ქვეყანაში ოლიმპიურ თამაშებს ან რომელიმე სხვა სპორტულ შეჯიბრებას როცა აჩვენებენ, მოცურავე ქალის სხეულსაც კი ფარავენ.
„ეს მათი საქმეა, ჩვენთან კი რა უნდა დავფაროთ? რომელ პროპაგანდაზე საუბრობენ, როცა შეიძლება, ოჯახში მამა, დედა, ბებია, ბაბუა სიგარეტს ეწეოდნენ და ბავშვი ამას ხედავდეს. მაშინ ავუკრძალოთ მათ, სიგარეტი საერთოდ არ მოსწიონ. ქუჩაში რომ გამოვა ბავშვი, იქაც დაინახავს, რომელიღაც ადამიანი სიგარეტს ეწევა. მოვკლათ ის ადამიანი? კანონმდებლობაში ასეთი რამის ჩადებას თუ აპირებენ, ეს ხომ მიამიტური მსჯელობაა. თუ ჩერჩილისა და სტალინის სიგარეტის მოწევა დავფარეთ, მაშინ შეიძლება გავავრცელოთ ეს კიდევ სხვა რაღაცებზეც. მაინტერესებს, სხვა პრობლემები არ აქვთ ჩვენს პარლამენტარებს? გასაგებია, სიგარეტის მოწევა ცუდია, მაგრამ, ვისაც უნდა, დაანებებს თავს. საერთოდ, ერთ რაღაცას რომ ჩაეჭიდებიან და აკრძალვას უქვემდებარებენ, მეორეს აღარ აქცევენ ყურადღებას. ამ დროს მწეველი ადამიანები არსებობენ, რა ქნან ამ ადამიანებმა? განა არ იციან, რომ სასარგებლო არ არის სიგარეტი?“ - აცხადებს ზვიად დოლიძე და პარალელებზე საუბრობს.
მისივე შეფასებით, უაღრესად დაბინძურებულია ჩვენი დედაქალაქი, ევროპაში დაბინძურებულ ქალაქებს შორის პირველ ადგილზეა, მაშინ არ გავიდეთ ქუჩაში და ჰაერი არ ჩავისუნთქოთ, ანუ დავიხოცოთ. ამიტომ, შესაძლოა, მოწევა ავკრძალოთ სახელმწიფო დაწესებულებებში, კაფეში, რესტორნებში, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ არამწეველებთან ერთად არსებობენ მწეველებიც და ერთი მათგანის უფლებას თუ ვიცავთ, მეორისაც დავიცვათ.
დეპუტატი გუგული მაღრაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ფილმებში სიგარეტის მოწევის სცენების აკრძალვა ან დატოვება მეორე მოსმენის დროს გადაწყდება. ამ ეტაპზე პარლამენტარებს არ გადაუწყვეტიათ, როგორ მოხდება მოწევის პროპაგანდის შეზღუდვა. მთავარია, ფილმებიდან არ ხდებოდეს პროპაგანდა და იმის დემონსტრირება, რომ თურმე მოწევა სანიმუშო საქციელია, რომ ლამაზი, ჭკვიანი, სიმპათიური ადამიანები ეწევიან სიგარეტს. ამან შეიძლება, განმაწყობელი გავლენა მოახდინოს არასრულწლოვანებზე.
„ჩვენ არ ვიცით, ჯერ რა გზას ავირჩევთ, მაგრამ რაღაც გზა უნდა იყოს, რომ არასრულწლოვანები და ის ადამიანები, რომლებიც ჯერ არ ეწევიან, არ მოექცნენ მოწევის სურვილის ქვეშ. ამავე დროს, იმ ადამიანებს, რომლებიც ეწევიან, არ განუმტკიცდეთ დადებითი განწყობა სიგარეტის მიმართ. ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის სპეციფიკიდან და ტექნიკური საშუალებებიდან გამომდინარე. კინოფილმებიდან არ უნდა მოდიოდეს სიგარეტის პროპაგანდა“, - აღნიშნა გუგული მაღრაძემ და შეკითხვის საპასუხოდ, რა ბედი ელის კინოფილმებში ჩერჩილისა და სტალინის კადრებს, რომლებიც ჩიბუხის გარეშე წარმოუდგენელია, აღნიშნა, რომ ეს სცენები ფილმებში დარჩება, რადგან აკრძალვა დოკუმენტურ ძველ ფილმებს არ შეეხება.
უბრალოდ, დეპუტატები აქცენტს გააკეთებენ მხატვრულ ფილმებზე, როგორც პროპაგანდისტულ საშუალებებზე. ასეთებს შორის კი მოხვდება „ჩემი ცოლის დაქალები“, სადაც ყველა ეწევა და ამის მიხედვით, გოგონებსა და ქალებს უჩნდებათ მიბაძვის სურვილი.
დეპუტატის თქმით, მოწევასთან დაკავშირებით ყველა ქვეყანაში სხვადასხვა რეგულაცია მოქმედებს, მაგალითად, აშშ-ში ახალ ფილმებში ასეთი სცენები აღარ არის. მართალია, ძველ ფილმებში მოწევის სცენები დარჩა, მაგრამ ყველამ იცის, რომ ისინი ძველი ფილმებია და დღეს მოწევა სულაც არ არის კარგი ნორმა. დღეს ამ საქციელს არ იწონებს ამერიკული საზოგადოება.
ასე რომ, დეპუტატი გვპირდება გარკვეული რეგულაციების შემუშავებას, რათა ქართული ფილმებიდანაც წამოსული სიგარეტის მოწევის პროპაგანდა მინიმუმადე იყოს დასული.