„ეს იყო „შაყირნარევი“ საუბარი და მაშინ, ვერ ვხდებოდი თუ ასეთი მიმართულებით გამოიყენებდნენ ამ საუბარს“

„ეს იყო „შაყირნარევი“ საუბარი და მაშინ, ვერ ვხდებოდი თუ ასეთი მიმართულებით გამოიყენებდნენ ამ საუბარს“

დეკანოზი გიორგი მამალაძის მტკიცებით, ის შეძლებს სასამართლოზე დაამტკიცოს, რომ ციანიდის შოვნა შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა. მისივე თქმით, ეს გამოძიებამაც კარგად იცის, ხოლო ბრალდების მთავარი მოწმის, ირაკლი მამალაძის ქმედება „ემსახურება სურვილს, რომ საზოგადოებაში თავი გამოიჩინოს, როგორც „გმირმა“ და „საქართველოს მხსნელმა“.

for.ge გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ბრალდებულ დეკანოზ, გიორგი მამალაძესთან.

მამა გიორგი, უწმინდესთან და სინოდის წევრებთან შეხვედრის მოტივით შიმშილობაც კი დაიწყეთ. თუმცა, ამან შედეგი არ გამოიღო. ფიქრობთ, რომ მისი უწმინდებობა, ან თქვენი სულიერი მეუფე დიმიტრი შეგხვდებათ?

მამა გიორგი მამალაძე: საქმე ის გახლავთ, რომ გერმანიიდან დაბრუნებისთანავე უწმინდესი და მეუფეები გეგმავდნენ ჩემს მონახულებას. შემდეგ, ყველასთვის ცნობილია, რომ ხელისუფლების მოთხოვნით, ისინი იძულებული გახდნენ თავი შეეკავებინათ. მე მესმის მათი. ჩემი აზრით, ჩემი მონახულება სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს.  

რატომ ითხოვთ შეხვედრას? ეს უკავშირდება ბრალდებას, თუ ამ შემთხვევაში არსებობს ისეთი რამ, რაც უნდა იცოდეს უწმინდესმა?

- ჩემდამი წაყენებულ ბრალდებებზე სასაუბროდ რასაკვირველია, არ მოვაცდენ მის უმწინდესობას, ეს მეორეხარისხოვანი საკითხია. აქ საქმე ეხება საქართველოს ავტოკეფალურ ეკლესიაში არსებულ პრობლემებს. არის რაღაცა, რაზე საუბარიც აუცილებლად უნდა შედგეს, ეკლესიის ინტერესი უპირველესია.

რას იტყვით ბრალდებაზე, რატომაც მოხდა თქვენი დაკავება?

- ამაზე აუცილებლად ვისაუბრებ ვრცლად, მაგრამ არა ახლა. ახლა მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ბრალდება სრულიად მცდარია და ეს გამოჩნდება, რამეთუ არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადდეს...

შეძლებთ სასამართლოზე იმის დამტკიცებას, რომ ციანიდის შოვნა ქალბატონმა შორენამ გთხოვათ?

- რასაკვირველია! ეს გამოძიებამაც კარგად იცის.

რას იტყვით ჩანაწერზე რომელიც გავრცელდა, როგორ ფიქრობთ რატომ გადადგა ეს ნაბიჯი ირაკლი მამალაძემ?

- ჩანაწერის სრული ვერსია არ არის წარმოდგენილი, რაც შინაარსს კარგავს. თუმცა, რაც წარმოდგენილია, იმაში ჩანს ჩემი უხამსი მეტყველება და ამაზე, კიდევ ერთხელ, მინდა შენდობა გთხოვოთ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - ეს იყო „შაყირნარევი“ (მაპატიეთ ჟარგონისათვის) და არანაირი ბოროტმოქმედება არ იგულისხმებოდა, უბრალოდ, მაშინ ვერ ვხდებოდი თუ ასეთი მიმართულებით გამოიყენებდნენ ამ საუბარს.

ირაკლი მამალაძემ რატომ გადადგა ეს ნაბიჯი, შემიძლია პირდაპირ ვთქვა - ეს ემსახურება მის სურვილს, რომ საზოგადოებაში თავი გამოიჩინოს, როგორც „გმირმა“ და „საქართველოს მხსნელმა“. სამწუხაროდ, ირაკლი მამალაძის ამბიცია და მავანთა მზაკვრული ინტერესები კარგად დაემთხვა ერთმანეთს.

დღეს თუ შეგიძლიათ თქვათ, რომ მამალაძე შეგნებულად შევიდა თქვენთან ახლო ურთიერთობაში? ის ამბობს, რომ თქვენი იყავით მისი წყარო, ასე იყო?

- მე ირაკლის ძმიშვილის ნათლია ვარ, ღმერთმა შეგვინდოს ორივეს: მას მისი საქციელი და მე ჩემი წინადაუხედაობა. მე პირდაპირ ვაცხადებ, რომ არც ერთი ჟურნალისტის საინფორმაციო წყარო არ ვყოფილვარ.

იმედი გაქვთ, რომ შეძლებთ სასამართლოზე თქვენი სიმართლის დამტკიცებას?

- თუ საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებობს იოტისოდენა სამართალი, ჩემს უდანაშაულობას დავამტკიცებ.

ახლოვდება უფლის აღდგომის დღესასწაული, რას ეტყვით უწმინდესს, თქვენს ოჯახს და სრულიად საქართველოს?

- თითოეული ჩვენთაგანის ლხინიც და განსაცდელიც საწინდარი ყოველთვის ყოფილიყოს იმისა, რომ ჩვენს გულებში აღსდგეს ქრისტე!