ჯანდაცვის კვლევა სერგეენკოს თვალში არ მოუვიდა

ჯანდაცვის კვლევა სერგეენკოს თვალში არ მოუვიდა

საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 81,5% მიიჩნევს, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში სამედიცინო მომსახურება გაძვირდა, მოსახლეობის 59%-ს ჯანდაცვის მომსახურებისა და მედიკამენტებისათვის ჯიბიდან გადახასახდელი თანხა გაეზარდა. ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ფონდის კვლევას არ უნდობლობას უცხადებს. მისთვის „კურაციოს“ მეთოდოლოგია გამოცანაა.

კვლევაში 100-მდე ექსპერტი მონაწილეობდა და დადებითი კომპონენტების გარდა, მათ რამდნიმე მნიშნველოვან გამოწვევეზეც გაამახვილეს ყურადღება: ხარჯთეფექტურობის მიღწევა ჯანდაცვის დაფინანსებაში; საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მართვა-ადმინისტრირების კუთხით არსებული ხარვეზები; საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დიზაინი;

რესპონდენტებმა კი, ძირითადად, ფინანსებზე გააკეთეს აქცენტი. 81.5% მიიჩნევს, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში სამედიცინო მომსახურება გაძვირდა; 59% თვლის, რომ ამ პერიოდში ჯიბიდან გადახდამ იმატა; 89%-ის აზრით, ბოლო 6 თვეში მოსახლეობის ფინანსური დაცვის კომპონენტი გაუარესდა;

სპეციალისტთა შეფასებები თანხვედრაშია „საქსტატის“ ოფიციალურ მონაცემებთან, რომლის მიხედვითაც 2016 წლის განმავალობში ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება გაძვირდა 5.78%-ით, საავადმყოფოების მომსახურება კი - 0.92%-ით. მოსახლეობის ფინანსური დაცულობის გაუარესებაზე მიუთითებს შინამეურნეობების კვლევის მონაცემებიც: 2010 წლიდან 2015 წლამდე14%-ით არის მომატებული იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებსაც ჯანდაცვაზე კატასტროფული დანახარჯი დაუდგათ.

„2010-15 წლებში სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ჯანდაცვითი ხარჯი უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე მათი შემოსავალი. ქალაქში კი, პირიქით. ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ ქალაქის მოსახლეობამ საყოველთაო ჯანდაცვით, ალბათ, უფრო მეტად ისარგებლა, ვიდრე სოფლის მოსახლეობამ.

ბოლო 2 წლის განმავალობაში ჯანდაცვით პროგრამებზე სულ დაიხარჯა 254 მლნ ლარით მეტი წლის დასაწყისში დაგეგმილთან შედარებით. აქედან საყოველთაო ჯანდაცვაზე სულ დახარჯულია დაგეგმილზე 215 მლნ ლარით მეტი“, - აღნიშნულია კვლევაში.

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ „კურაციოს“ კვლევას გამოცანა უწოდა. როგორც სერგეენკომ აღნიშნა, ის არ ემთხვევა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული კვლევებს.

„ჩემთვის დღემდე გამოცანაა, მათი მეთოდოლოგია, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე შევხვდით. ისინი იყენებენ 100-მდე ექსპერტის შეფასებას. მე მათ ვთხოვე, მაგრამ ვერ მოივიპოვე ამ ექსპერტების სია. თუკი საქართველოში 100 ადამიანია, რომელიც თანაბრად ძლიერია ჯანდაცვის ყველა მიმართულებაში, ჩვენთვის ეს ფასდაუდებელი რესურსი იქნებოდა. ვერ მოვიძიეთ მათი სია, შესაბამისად, ვერ დავდებ თავს, რომ ამ ტიპის კვლევა არის მაღალი ხარისხის.

ჩვენ გვაქვს საკუთარი კვლევები, რომლებსაც ვატარებთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და მსოფლიო ბანკთან ერთად. მედიკამენტებზე ფინანსური ბარიერი არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი სოციალურად დაუცველებისა და პენსიონერებისთვის“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ძირეული რეფორმირებით დაიწყო, ჯერჯერობით მას მხოლოდ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და ექსპერტები აკრიტიკებენ. ბენეფიციარებს ამ ეტაპზე უკმაყოფილება არ გამოუთქვამთ.