საქართველოს მოქალაქეებს რუსული ენის ტურგენევისეულ ცოდნას არავინ მოსთხოვს, მაგრამ რუსეთის სახელმწიფო სათათბირო უკვე ამზადებს მზაკვრულ კანონპროექტს პასპორტების მასობრივ დარიგებასთან დაკავშირებით ყოფილი რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც რუსულ ენას მეტ-ნაკლებად ფლობენ.
რუსეთში არც მალავენ, რომ ეს იქნება ანექსიის შესაძლებლობა და ეს მეთოდი უკვე აპრობირებულია აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონსა და დნესტრისპირეთში.
თუ რას მისცემს ქართველებს რუსული პასპორტის დარიგება, ამის შესახებ რუსული მედია წერს, რომ პირველ რიგში, ეს იქნება რუსეთის ტერიტორიაზე მუშაობის ლეგალური უფლება, რუსული პენსიის მიღება და სხვა მნიშვნელოვანი პრეფერენციები. ამასთან, ქართველებს შეეძლებათ იცხოვრონ ერთიან სივრცეში რუსეთში წასულ თავიანთ ახლობლებთან ერთად.
თუ რა სარგებელს მიიღებს მოსკოვი პასპორტიზაციით, გათვლა მარტივია. ეს იქნება ანექსიის კარგი შესაძლებლობა და, ასევე, რუსეთისადმი ლოიალური ელექტორატის ჩამოყალიბება, მოკლედ, „რუსული სამყაროს“ გაფართოება. ეს რუსეთისთვის მისწრებაა, რადგან ამ ქვეყნიდანაც ხდება ტვინებისა და სამუშაო ძალის გადინება.
თუმცა რუსულ პასპორტიზაციას უარყოფითი მხარეებიც აქვს. იმიგრანტთა ნაკადი შესაძლოა, ტვირთად დააწვეს რუსეთს და იმავე პრობლემის წინაშე დააყენოს, როგორც ევროპა. ამის მიუხედავად, რუსი ხალხის 78% მხარს უჭერს ახალ მოქალაქეთა მიღებას. რუსული გამოცემა „როსბალტის“ ჟურნალისტი ანდრეი ნიკოლაევი სწორედ რუსული პასპორტების შესაძლო მასობრივ დარიგებაზე პედალირებს და ამბობს, რომ ევროპული ვიზალიბერალიზაციის „სიკეთეს“ ქართველები მალე დაინახავენ, ვინაიდან ქართველებს არ აინტერესებთ ევროპული კულტურითა და მუზეუმებით ტკბობა, როცა სამუშაო არ აქვთ. ღარიბ ქართველებს კი ევროპელებიც გაისტუმრებენ სიტყვებით, „დავაი, იდი“.
„რომელ ევროპულ ქვეყანაში შიმშილობენ მოხუცები $70-იანი პენსიით? რომელ ევროპულ ქვეყანაშია ერთ ნაგვის ბუნკერზე სამი ადამიანი, რომელიც საჭმელსა და ტანსაცმელს ეძებს?!“-აინტერესებს რუს ჟურნალისტს. ამდენად, ასკვნის, რომ ევროპული ვოიაჟები მხოლოდ იმ ქართველებს შეეხებათ, ვინც აქამდეც კარგად ცხოვრობდა და, ვინც ევროპა მანამდეც შემოიარა. ხოლო მათთვის, ვინც გაჭირვებულია, ევროპის კარი დახურულია და ევროპაში წასვლა უფრო გამკაცრდება.
ამრიგად, რუსეთმა საქართველოს ვიზები არ გაუუქმა, მაგრამ რუსული პასპორტების დარიგებით უფრო მზაკვრული სიურპრიზი მოუმზადა. რა საფრთხე ელის საქართველოს რუსეთის ამ გეგმის განხორციელების შემთხვევაში?
ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ რუსული პასპორტები ნამდვილად საშიში ინსტრუმენტია ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ხელში. სანამ, საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური ვითარება დაძაბულია, დიდი უმუშევრობა და სამუშაო ადგილების დეფიციტია, რუსეთი კვლავაც მიმზიდველი იქნება. შესაბამისად, რუსული პასპორტი ბევრისთვის შეიძლება აღმოჩნდეს ამ პრობლემიდან გამოსავალი.
სწორედ ეს აქვს გათვლილი რუსეთს, სადაც, პარალელურად, სამუშაო ძალის მაღალი დეფიციტია, ეს ქვეყანა დემოგრაფიულადაც კლებადია და მას სჭირდება მიგრანტების ნამატი. თუმცა მიგრანტების პრობლემა რუსეთს ჯერ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში არ შეაწუხებს, რადგან თავად ეს ქვეყანა არაა იმდენად მიმზიდველი, რომ ღარიბი მიგრანტი დაინტერესდეს იქ ჩასვლით. რუსეთში არანაირი სოციალური დახმარების პროგრამა არ მოქმედებს ღარიბი მიგრანტებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ მუშაობა. მათ არავინ გამოკვებავს და ისინი შიმშილით მოკვდებიან რუსეთში.
„ამიტომ რუსეთში წასვლის მოტივაცია მხოლოდ შრომისუნარიან ადამიანებს ექნებათ, რომლებსაც შეუძლიათ დასაქმდნენ მშენებლობებზე, სოფლის მეურნეობაში, სხვადასხვა სფეროში, სადაც რუსებს აკლიათ სამუშაო ძალები. ეს მიმზიდველი იარაღია. სწორედ ამიტომ არ მისცა რუსეთმა საქართველოს უვიზო მიმოსვლა, რადგან უვიზო მიმოსვლის შემთხვევაში, ჩვენს მოქალაქეებს ნაკლებად დააინტერესებდათ რუსული პასპორტების ქონა. რუსების ამბიცია სხვანაირია. ევროკავშირს საქართველოს ჩაყლაპვა არანაირად არ სჭირდება. ამიტომაც არ გვაძლევს ისეთ შეღავათებს, რომლებიც საქართველოსთვის დამაზიანებელი იქნება.
რუსეთი კი ისეთ შეთავაზებებს იძლევა, რომელიც საქართველოს, როგორც სახელმწიფოს აზიანებს. ჩვენ გვაქვს სისუსტეები, ჩვენ ვართ მოწყვლადი სახელმწიფო და რუსეთი ამ ხერხითაც აწარმოებს ჩვენს წინააღმდეგ ომს“,-აღნიშნა კახა გოგოლაშვილმა.
მიაღწევს თუ არა რუსეთი შედეგს და დათანხმდებიან თუ არა ქართველები რუსულ შეთავაზებას, ამის შესახებ ექსპერტი ფიქრობს, რომ გარკვეული უარყოფითი შედეგი ამ შემოთავაზებას ექნება. ამიტომაც საქართველოს ხელისუფლებამ ადეკვატური ზომები უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი შეიძლება გადაიბირონ რუსებმა და რუსეთში სამუშაოდ ქართველების მნიშვნელოვანი ნაწილი გაემართოს.
„სწორედ აქ არის დილემა, ორმაგი მოქალაქეობა მისცენ თუ არა საქართველოს მოქალაქეებს, გაუადვილონ თუ არა ორი პასპორტის ქონა. არ შეიძლება, ჩვენი მოქალაქე წავახალისოთ, რომ ოკუპანტი სახელმწიფოს პასპორტი აიღოს. პირიქით, იმ ადამიანმა, ვინც აიღებს ოკუპანტის პასპორტს, აუცილებლად უნდა დაკარგოს საქართველოს მოქალაქეობა. პასპორტი არ გახლავთ ფარატინა ქაღალდი, ეს არის რეალური ვალდებულება იმ სახელმწიფოს, ანუ რუსეთის მიმართ. როგორ გინდათ, ადამიანმა, რომელმაც, წესით, უნდა იომოს ქვეყნისთვის, გულის ჯიბეში ატაროს იმ ქვეყნის პასპორტი, რომელსაც უნდა ეომოს თავისი ტერიტორიების გასათავისუფლებლად?! ამას ფიგურალურად ვამბობ, თორემ აუცილებელი არ არის ბრძოლა. აქ საჭიროა ხისტი მიდგომის გამოვლენა. თორემ, თუ დინებას მივყევით, საითაც გაგვიყვანს დინება, იქ აღმოვჩნდებით. შეიძლება, ამ დინებამ გაგვიყვანოს რუსეთში, ვოლგის სანაპიროზე, ან „მასკვა რეკაში“ გამოგვრიყოს. ბევრი რამ დამოკიდებულია ქართველ ხალხზე, მაგრამ, თუ ჩვენი ხელისუფლების ნება არ გამოჩნდება, ჩვენი ხალხი იფიქრებს, ჩვენს თავს უნდა ვუშველოთო. მართლაც, რუსული პასპორტის აღებით საკუთარ თავს უშველიან, მაგრამ დაღუპავენ ქვეყანას“.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი ჩვენთან საუბარში არ გამორიცხავს, რომ რუსული პასპორტების დარიგება მართლაც იგეგმებოდეს. თუმცა ეჭვობს, რომ რუსები ამას ვერ გასწვდებიან, საამისო რესურსები არ ეყოფათ, რადგან ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის დაკმაყოფილებაც უჭირთ. შესაბამისად, ისე არ მოხდება, რომ სამმა მილიონმა საქართველოს მოქალაქემ სასწრაფოდ რუსული პასპორტი ჩაიდოს ჯიბეში და თავი რუსეთის მოქალაქედ გამოაცხადოს.
„არა მგონია, ასე მოხდეს, თუმცა რუსები რომ ეცდებიან, ესეც ცალსახაა. რუსეთის განზრახვა ის არის, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ხელი აიღოს დამოუკიდებლობაზე და ისევე მიეტმასნოს რუსეთს, როგორც ეს ისტორიულად ხდებოდა. იმედი მაქვს, ქართული საზოგადოებაც ასე გულხელდაკრეფილი არ იჯდება. არა მგონია, საქართველოში მოსახლეობის კრიტიკულმა მასამ, მთლიანმა საზოგადოებამ დაივიწყოს, რომ დამოუკიდებლობა ღირებულია, ევროორიენტაცია მნიშვნელოვანია. თორემ ვიღაცები შეჭირვების კვალობაზე ასეთ ნაბიჯს რომ გადადგამენ, ეს გასაკვირი არ არის“.