„რუსეთმა თურქეთი, ფაქტობრივად, ალყაში მოაქცია“

„რუსეთმა თურქეთი, ფაქტობრივად, ალყაში მოაქცია“

თუ ტრამპსა და პუტინს შორის ურთიერთობები, დაახლოვების ნაცვლად, ამ ორი, უდიდესი ძალის მქონე ლიდერის შერკინებაში გადაიზარდა, უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ფიქრობს, რომ ერდოღანს, ისევე როგორც ამერიკის ან რუსეთის მოკავშირე სხვა ქვეყნებს, მოუწევთ საკუთარი პოზიციის მკვეთრად ფორმულირება. მისივე თქმით, თურქეთის საზღვრიდან სულ რაღაც 25 კილომეტრში ნატო-ს ორი წევრი ქვეყნის ინტერესი ერთმანეთს დაუპირისპირდა“.

 for.ge ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.

ევროპის ქვეყნებმა უარი უთხრეს თურქეთს მათ ქვეყნებში სააგიტაციო შეხვედრების გამართვაზე. რატომ არის დაინტერესებული ერდოღანი ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრები იმ თურქი მოქალაქეების მხარდაჭერა მოიპოვოს, ეს ნიშნავს, რომ მოგების შანსი არც ისე დიდი აქვს?

ხათუნა ლაგაზიძე: თურქეთში 16 აპრილს დანიშნული რეფერენდუმი, პრეზიდენტის უფლებამოსილებების გაზრდის თაობაზე, თურქეთსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის დაპირისპირების მორიგი მიზეზი გახდა. ევროპის ქვეყნებმა, მათ შორის, გერმანიამ და ჰოლანდიამ, ერთმანეთის მიყოლებით განუცხადეს უარი თურქ მინისტრებს მათ ქვეყნებში სააგიტაციო შეხვედრების გამართვაზე. 

არადა, თურქეთის პრემიერს რეჯეფ ტაიპ ერდოღანს ჰაერივით სჭირდება ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრები იმ თურქი მოქალაქეების მხარდაჭერა, რომლებთაც შენარჩუნებული აქვთ ხმის უფლება თურქეთში გამართულ არჩევნებსა თუ რეფერნდუმში - ევროკავშირში მცხოვრები თურქები უფრო ლოიალურები არიან ერდოღანის მმართველი პარტიის მიმართ, ვიდრე უშუალოდ თურქეთის მაცხოვრებლები. 

მაგალითად, 2015 წლის არჩევნებში გერმანიაში მცხოვრები, არჩევნებში მონაწილე თურქების 60%-მა ხმა ერდოღანის პარტიას მისცა, მაშინ როცა, თავად თურქეთში ეს მაჩვენებელი 50%-ს ვერ გასცდა. თურქეთის პრემიერის და საგარეო საქმეთა მინისტრის პასუხები ერთმანეთზე უფრო მკაცრი და შეიძლება ითქვას, თავშეუკავებელი იყო: მათ ევროკავშირის ქვეყნები ფაშიზმში დაადანაშაულეს და მუქარაც ზედ მიაყოლეს. როგორც მათ განაცხადეს, „ევროპა უფსკრულისკენ მიექანება და მალე ჩაიძირება საღვთო ომებში... ევროპას მუსულმანების შიში მოიცავს“.

თავის მხრივ, გერმანიის მმართველი პარტიის ხელმძღვანელები ღიად აცხადებენ, რომ არ მიესალმებიან თურქეთის ლიდერების ვიზიტს გერმანიაში. თუ მათი ეს განწყობა სახელმწიფო პოლიტიკის რანგში იქნება აყვანილი, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები ნატოს წევრ სახელმწიფოებს შორის?

– ეს ნიშნავს, რომ გერმანიაში ნატო-ს ეგიდით შეხვედრები ვეღარ გაიმართება, რადგან თურქეთი კვლავ რჩება ნატო-ს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ქვეყნად. ერდოღანის მთავარი ბერკეტი ევროკავშირის წინააღმდეგ, სირიელ, ერაყელ და ავღანელ ლტოლვილთა ის მრავალმილიონიანი ნაკადებია, რომელთაც თურქეთი, 2016 წლის მარტის ევროკავშირთან შეთანხმების თანახმად, თავის ტერიტორიაზე იფარავს და მათ ევროპისკენ სვლის საშუალებას არ აძლევს. 

ერდოღანი იმუქრება, რომ თურქეთი გზას გაუხსნის ლტოლვილთა ნაკადებს ევროპისკენ, რაც თურქეთის ახალი პარტნიორის - რუსეთის ინტერესებშიც შედის. მაგრამ, მიუხედავად ემოციებისა, პროცესები ასე შორს ვერ უნდა წავიდეს. და ამის მიზეზი ისევ და ისევ რუსეთია.

თურქეთ-რუსეთის ურთიერთობები ბოლო დროს სულ უფრო აქტიურ ფაზაში შევიდა, რუსეთი თურქეთს ევროკავშირისა და ნატო-ს დასუსტების საქმეში ერთ-ერთი მძლავრ იარაღად განიხილავს?

– ბოლო შეხვედრა ორი ქვეყნის პირველ პირებს შორის 10 მარტს გაიმართა, სადაც განიხილეს ეკონომიკის, ენერგეტიკისა და სამხედრო სფეროებში თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, თურქეთის კომპანიებისა და საკვების პროდუქციისთვის რუსეთში დაწესებული სანქციების შემცირების თემა. ასევე, შეხვედრისას მიაღწიეს შეთანხმებას ერთობლივი, რუსულ-თურქული საინვესტიციო ფონდის შექმნის თაობაზე. თუმცა, მთავარი თემა, რამაც თურქეთის რუსეთთან დაახლოვება განაპირობა, სირიის საკითხია და სირიის კონფლიქტის შედეგად, თურქეთის საზღვრის გასწვრივ ქურთების პოზიციების გაძლიერება და სირიაში ქურთული ავტონომიის შექმნაა, რაც თურქეთის ხელისუფლების აზრით, მათი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას უქმნის საფრთხეს.

რასაკვირველია, რუსეთი თურქეთს ევროკავშირისა და ნატო-ს დასუსტების საქმეში ერთ-ერთი მძლავრ იარაღად განიხილავს. ამასთან, რუსეთის ინტერესებში შედის ევროპისგან იზოლირებული და ნატო-ს სხვა წევრებთან კონფრონტაციით დასუსტებული თურქეთი, რომელიც რუსეთის ამბიციებს შავ ზღვაზე თუ ახლო აღმოსავლეთში ხელს ვეღარაფრით შეუშლის.

რატომ უნდა აწყობდეს თურქეთს, როგორც ნატოს წევრ სახელმწიფოს დასუსტებული ევროპა?

– ამ მრავალფიგურიან თამაშში თურქეთი ყველაზე დაბნეული გამოიყურება, რომელსაც თითქოს უნდა აწყობდეს დასუსტებული ევროპა, რომელიც მას ნაკლებ პრეტენზიებს წაუყენებს, მაგრამ, მეორე მხრივ, მისთვის გაცილებით საშიში გაძლიერებულ რუსეთთან პირისპირ დარჩენაა. თურქი მეცნიერები უკვე შეშფოთებით ლაპარაკობენ იმაზე, რომ რუსეთმა თურქეთი, ფაქტობრივად, ალყაში მოაქცია: რუსეთის მიერ კონტროლირებადი ყირიმისა და აფხაზეთის შავი ზღვის სანაპიროები; თურქეთის კიდევ ერთი მოსაზღვრე ქვეყანა - სომხეთი და რუსეთის მიერ კონტროლირებადი, თურქეთის მოსაზღვრე სირიის ქალაქები - ეს რაც შეეხება საგარეო რკალს. ამასთან, თურქეთი ენერგეტიკულადაც დამოკიდებული ხდება რუსეთზე: რუსეთი თურქეთისთვის გაზის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია და რუსეთივე იწყებს თურქეთში პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობასაც, ისევე როგორც, ევროპისთვის განკუთვნილი ახალი გაზსადენების მშენებლობას.

თურქეთი აპირებს შეიძინოს რუსეთისგან საზენიტო-სარაკეტო სისტემები „ტრიუმფი“ ს-400, რომელიც თითქოსდა ნატო-ს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების ალტერნატივად განიხილება. ამავდროულად, ეს ის რუსეთია, რომლის გენშტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი აცხადებს, რომ მისმა ქვეყანამ დაიბრუნა კონტროლი შავ ზღვაზე, გადაწია რა უკანა პლანზე თურქეთი. 
ეს ის რუსეთია, რომელმაც, ახლახანს, 9 თებერვალს, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ახალი შეფის - მაიკ პომპეოს თურქეთში ვიზიტისას, დაბომბა „პარტნიორი“ თურქეთის პოზიციები სირიის ქალაქ ელ-ბაბთან, რომლის დროსაც დაიღუპნენ და დაიჭრნენ თურქი სამხედროები, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთმა წინა ღამეს გააფრთხილა რუსები მათი სამხედრო შენაერთების განლაგების შესახებ.

სირიის საკითხში თურქეთისა და აშშ-ის დაპირისპირების ქვაკუთხედად „ქურთთა დემოკრატიული პარტია“ და მისი გასამხედროებული ფრთა იქცა, რომლებიც თურქეთისთვის ტერორისტული ორგანიზაციები არიან, აშშ-სთვის კი ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი სირიის კონფლიქტში...

– თურქეთ-სირიის საზღვრის გასწვრივ ქურთების ბუფერული ზონის გაჩენა ის კოშმარია, რომელსაც თურქეთი ასე უფრთხის. აშშ-მ მარტის დასაწყისში დამატებითი ძალები გაგზავნა თურქეთის საზღვართან ახლოს ქურთთა შეირაღებული რაზმების გასამაგრებლად. ასე რომ, თურქეთის საზღვრიდან სულ რაღაც 25 კილომეტრში ნატო-ს ორი წევრი ქვეყნის ინტერესი ერთმანეთს დაუპირისპირდა.

თურქეთს იმედი ჰქონდა, რომ რუსეთი ამ დილემის გადაჭრაში დაეხმარებოდა, მაგრამ რუსეთისთვისაც ქურთული კარტი თურქეთის დასასუსტებლად არანაკლებ მომგებიანი აღმოჩნდა და ისიც აქტიურად აგრძელებს ქურთთა შეირაღებულ ფორმირებებთან ურთიერთობას. მიუხედავად იმისა, რომ ერდოღანმა სთხოვა პუტინს, არ დახმარებოდა ქურთულ შეიარაღებულ ფორმირებებს, პუტინმა უარყო ერდოღანის ეს თხოვნა და დღეს რუსეთი აქტიურად ეხმარება ქურთებს წვრთნასა და აღჭურვაში. 
უფრო მეტიც, სახელმწიფო დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა დააჩქაროს მოლაპარაკების პროცესი ქურთულ ფორმირებებსა და სირიის ხელისუფლებას შორის სირიაში, ფართო უფლებებით აღჭურვილი ქურთული ავტონომიის შექმნის თაობაზე.

თურქეთმა გააუქმა მიმოსვლა ყირიმსა და თურქულ პორტებს შორის და განაცხადა, რომ ის არასდროს არ აღიარებს ყირიმს რუსეთის ნაწილად. ეს იყო ერდოღანის საპასუხო ნაბიჯი რუსეთის წინააღმდეგ?

– ასტანაში, რუსეთის ხელმძღვანელობით, სირიის გარშემო მიმდინარე მოლაპარაკებების ბოლო რაუნდში თურქეთმა აღარ უზრუნველყო სირიის ოპოზიციის ჩაყვანა, რისი თავდებიც ის, მოლაპარაკებების წინა რაუნდებში იყო. სირიის ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე კი, პუტინის ინიციატივებს სირიის კონფლიქტის დარეგულირების შესახებ, განხორციელება არ ეწერა.
თურქეთი და მისი მეზობელი ქვეყნები, მათ შორის, საქართველო ძალზედ სერიოზული გამოწვევის წინაშე დგანან: თურქეთი საკვანძო ქვეყანაა ნატო-ს შავი ზღვის უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში, რომლის გარეშეც, ბუნებრივია, ეს სტრატეგია ვერ განხორციელდება. ამავდროულად, რუსეთი მაქსიმალურად ცდილობს და მომავალშიც შეეცდება, შეავიწროვოს თურქეთის და ნატო-ს გავლენა შავ ზღვაზე, რასაც 2008 წელს მიუნხენის კონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გამოსვლით დაედო სათავე, სადაც მან განაცხადა, რომ ის აღარ დაუშვებს ნატო-ს გავლენის შემდგომ გაფართოებას შავ ზღვაზე. 
მას შემდეგ რუსეთი ამ მუქარას, საქართველოსა და უკრაინის ნაწილების: აფხაზეთის და ყირიმის ოკუპაციით, წარმატებით ახორციელებს კიდეც. შემდეგი სამიზნე აშკარად თურქეთია, რომელიც ნატო-სა და რუსეთის დაპირისპირების ეპიცენტრში ექცევა. თურქეთმა, ბუნებრივია, ეს იცის. ამიტომ, ის, როგორც ჩანს ორმაგი თამაშის თამაშს აპირებდა: რუსეთით თავისი ნატო-ელი პარტნიორების მოთხოვნების დაბალანსებას ცდილობდა, მაგრამ ნატო-სა და აშშ-სთან ურთიერთობის გაწყვეტასაც არ აპირებდა, რუსეთისგან დაცვის მიზნით.

მაგრამ აშშ-ს მხრიდან სირიაზე განხორციელებული შეტევის შედეგად, დიდი ალბათობით, თურქეთს მანევრირების არეალი შეეზღუდება. სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების პასუხად, აშშ-ის მიერ სირიის იმ ავიაბაზის დაბომბვა, საიდანაც, ამერიკული ვერსიით, განხორციელდა ქიმიური შეტევა სირიის მშვიდობიან მოსახლეობაზე, მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს ორ პოლუსად გადაჯგუფებისკენ უბიძგებს. 

ბოლო 6 წლის განმავლობაში ამერიკამ პირველად მიიტანა სარაკეტო იერიში ასადის მიერ კონტროლირებად ობიექტზე, იერიში განხორციელდა იმ ბაზაზე, საიდანაც ასადის რეჟიმმა ქიმიური თავდასხმა მოაწყო. ტრამპის ეს ნაბიჯი სუვერენულ სახელმწიფოზე თავდასხმად შეაფასა რუსეთმა, თუმცა, ტრამპის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა თურქეთმა და ევროპის ქვეყნებმა. როგორ ფიქრობთ, ტრამპის გადაწყვეტილება ერთჯერადი შედეგისთვის იყო გათვლილი, თუ ახალი ადმინიტრაციისგან მოსალოდნელია უფრო რადიკალური ნაბიჯები სირიის ფრონტზე?

– თუ აღმოჩნდება, რომ სირიის ავიაბაზის დაბომბვა ტრამპის მიერ კბილების ერთჯერადი გამოჩენა კი არა, არამედ ახლო აღმოსავლეთში მისი გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია, ასეთ შემთხვევაში, მსოფლიო, დიდი ალბათობით ისევ ორ ბანაკად გადანაწილდება: აშშ-ისა და რუსეთის გარშემო და თურქეთსაც არჩევანის გაკეთება მოუწევს. თურქეთმა უკვე მკვეთრად დაუჭირა მხარი ტრამპის გადაწყვეტილებას დაებომბა სირიის ავიაბაზა, რითიც, ფაქტობრივად, გაემიჯნა რუსეთის პოზიციას, თუ არ დაუპირისპირდა მას.

დაბომბილ ავიბაზაზე ხომ რუსი სამხედროებიც იმყოფებოდნენ და თანაც, აშშ-ის ახალმა სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა არ გამორიცხა რუსეთის თანამონაწილეობა სირიის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების საქმეში. თუ ტრამპსა და პუტინს შორის ურთიერთობები, დაახლოვების ნაცვლად, ამ ორი, უდიდესი ძალის მქონე ლიდერის შერკინებაში გადაიზარდა, ერდოღანს, ისევე როგორც, ამერიკის ან რუსეთის მოკავშირე სხვა ქვეყნებს, მოუწევთ საკუთარი პოზიციის მკვეთრად ფორმულირება.