ახალი ცივი ომი და ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები

ახალი ცივი ომი და ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები

იდლიბის პროვინციაში სირიის ხელისუფლების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ, რომელსაც 72 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით მოქალაქემ კი ინტოქსიკაცია მიიღო, აშშ-მ სამხედრო იერიში განახორციელა. ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ვაშინგტონმა 59 ე.წ. ტომაჰავკის ტიპის შორი რადიუსის მოქმედების 50-ზე მეტი რაკეტა გამოიყენა.

საპასუხოდ რუსეთმა სირიაში სამხედრო გემები გადაისროლა. თურქული მედიის ინფორმაციით, რუსული სამხედრო გემები ბოსფორის სრუტის გავლით სირიის სანაპიროებისაკენ მიემართებიან. არსებული ცნობით, სირიაში ფრეგატი „ადმირალი გრიგოროვიჩიც“ ბრუნდება.

ამერიკამ ბოლო 6 წლის განმავლობაში პირველად მიიტანა სარაკეტო იერიში ასადის რეჟიმის მიერ კონტროლირებად ობიექტზე. დონალდ ტრამპის განცხადებით, იერიში განხორციელდა იმ ბაზაზე, საიდანაც ასადის რეჟიმმა ქიმიური თავდასხმა მოაწყო. საჰაერო თავდასხმები ჰომსში მდებარე ალ შარიათის სამხედრო საჰაერო ბაზაზე, ხმელთაშუა ზღვიდან მოხდა, სადაც ორი ხომალდია განთავსებული. ავიაბაზაზე დარტყმას მოჰყვა მსხვერპლი, საჰაერო დარტყმების შედეგად სრულად განადგურდა ინფრასტრუქტურა, განადგურებულია 9 სამხედრო თვითმფრინავი.

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ასადს „სირიელ დიქტატორს“ უწოდებს და აცხადებს, რომ განკარგულება გასცა სირიის იმ სამხედრო საჰაერო ბაზის წინააღმდეგ დარტყმაზე, საიდანაც ქიმიური იარაღით შეტევა განხორციელდა. პრეზიდენტი ტრამპი სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყებისას ფლორიდაში იმყოფებოდა. მომხდარის ფონზე რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს სახელმწიფო მდივანი, რომელმაც, მისი თქმით, სირიაში ქიმიური იარაღი არ გაანადგურა. უკვე ცნობილია, რომ 12 აპრილს მოსკოვში ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჩადის.

„ჩვენ მივიჩნევთ, რომ დარტყმა პროპორციულია, ვინაიდან სამიზნე იყო ობიექტი, რომლიდანაც განხორციელდა იდლიბის პროვინციაში ქიმიური იარაღით შეტევა. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო პარტნიორებთან და შემიძლია ვთქვა, რომ ახლო აღმოსავლეთში მოკავშირეების უმეტესობამ მხარი დაუჭირა ჩვენს ქმედებებს. მოსკოვთან, ვლადიმერ პუტინთან კონტაქტი არც დარტყმამდე და არც დარტყმის შემდეგ არ გვქონია, რადგან ვაშინგტონი მოსკოვისგან თანხმობას არ ელოდებოდა“, - აცხადებს რექს ტილერსონი.

ტრამპის გადაწყვეტილებას სირიაში შაირათის ავიაბაზის დაბომბვას მიესალმება აშშ-ის სენატორი ჯონ მაკკეინი, რომლის შეფასებით, მიესალმება აშშ-ის შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმს, რომლებმაც მთავარსარდალის ბრძანების საფუძველზე მნიშვნელოვანი მესიჯი გააგზავნეს, რომ აშშ მეტი აღარ დადგება გვერდზე მაშინ, როდესაც ასადი პუტინის დახმარებითა და წაქეზებით უდანშაულო სირიელებს ხოცავს ქიმიური იარაღის გამოყენებით. მისივე განცხადებით, წინა ადმინისტრაციისგან განსხვავებით, პრეზიდენტმა ტრამპა ქმედითი ნაბიჯი გადადგა, როდესაც სირიაში უაღრესად კრიტიკულ მომენტს დაუპირისპირდა. ამისთვის კი, მაკკეინის განცხადებით ტრამპი ამერიკელი ხალხის მხარდაჭერას იმსახურებს.

„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ ტაქტიკურმა წარმატებამ სტრატეგიული პროგრესი მოგვიტანოს. ამ სტრატეგიის პირველი ზომა ასადის სამხედრო-საჰაერო ძალების განადგურებაა. ჩვენ ასევე უნდა გავაძლიეროთ ასადის ოპოზიციის მხარდაჭერა და უსაფრთხოების ზონები შევქმნათ, რათა ჰუმანიტარული კრიზისი გადავჭრათ. ამასთან ერთად ჩვენ უნდა განვაგრძოთ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია“, - აღნიშნა ჯონ მაკკეინმა.

ამერიკა დარწმუნებულია, რომ აშშ და მისი მოკავშირეები „ისლამურ სახელმწიფოს“ გაანადგურებენ და დაიცავენ ცივილიზაციას. აშშ-ის გადაწყვეტილებას სირიაში სამხედრო იერიშებთან დაკავშირებით, მხარდაჭერას უცხადებს დასავლეთი.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუ იმედოვნებს, რომ ასადის რეჟიმის საშინელებების მიმართ გამოჩენილი სიმტკიცე გავლენას მოახდენს არა მხოლოდ დამასკოზე, არამედ თეირანზე, ფხენიანზე და სხვაგან.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-მარკ ეირო ინფორმირებული იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის მიერ სირიის ავიაბაზაზე განხორციელებული დარტყმების შესახებ, რომელმაც აშშ-ის მიერ განხორციელებულ დარტყმას „დანაშაულებრივი რეჟიმის გაფრთხილება“ უწოდა. სირიაში ავიაბაზაზე განხორციელებული საჰაერო დარტყმას, მნიშვნელოვანს უწოდებს ანკარა.

ვიცე-პრემიერის ნუმან ქურთულმუშის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა განაგრძოს ბაშარ ალ-ასადის ბარბაროსულ რეჟიმთან ბრძოლა. აშშ-ს სრულად უჭერს მხარს დიდი ბრიტანეთის მთავრობა. როგორც ოფიციალური წარმომადგენელი ამბობს, ეს სათანადო პასუხია ქიმიური იარაღის გამოყენების იმ ბარბაროსულ შეტევაზე, რომელიც სირიის რეჟიმმა განახორციელა.

ერთადერთი ვინც აშშ-ს აკრიტიკებს, ეს „ეროვნული ფრონტის“ ლიდერი, საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი მარინ ლე პენია, რომლის შეფასებით, გაოცებულია აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, რომელმაც, მისივე თქმით, არაერთხელ განაცხადა, რომ არ ჩაერეოდა სირიის კონფლიქტში. მარინ ლე პენი იმედოვნებს, რომ ერაყის ან ლიბიის სცენარი არ გამეორდება, ვინაიდან იმ პროცესებმა ქაოსი გამოიწვია, რამაც ფუნდამენტალისტი ისლამისტები და ტერორისტული სტრუქტურები გააძლიერეს.

ასეთივე პოზიცია აქვს რუსეთს. პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ ამერიკის მიერ სირიაზე განხორციელებული დარტყმა სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიაა, რაც საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას წარმოადგენს და განხორციელებულია მოგონილი საბაბით. გარდა ამისა, რუსეთი აჩერებს სირიაში ინციდენტების თავიდან აცილების მემორანდუმს აშშ-სთან.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დაუშვებლად მიიჩნევს სირიის ტერიტორიაზე ნებისმიერ სამხედრო ოპერაციას, რომელიც შეთანხმებული არ არის ასადის ხელისუფლებასთან. აშშ–ის სარაკეტო დარტყმები კრემლმა სუვერენული სირიის საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევად შეაფასა.

სერგეი ლავროვის უწყებაში თვლიან, რომ აშშ-მ ძალის დემონსტრირება გადაწყვიტა იმ სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც საერთაშორისო ტერორიზმს ებრძვის და პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც აშშ ასე უგუნურად იქცევა, რაც, ლავროვის უწყების მტკიცებით, კიდევ უფრო ამძაფრებს მსოფლიოში არსებულ პრობლემებს და საფრთხეს უქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებას.

რუსული მხარე ამტკიცებს, რომ იდლიბის პროვინციაში ქიმიური იარაღი სირიის სამთავრობო ძალებს არ გამოუყენებიათ. დამასკოს ქიმიური იარაღი უბრალოდ არ აქვს და ეს დადასტურებული იყო კვალიფიციური სპეციალისტების მიერ. სერგეი ლავროვი ამბობს, რომ შესაბამისი დასკვნა „ქიმიური იარაღის აკრძალვის“ ორგანიზაციამ გააკეთა. ბოლო წლების განმავლობაში ამ ორგანიზაციამ ყველა ის ობიექტი შეამოწმა, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ ან შეიძლება ჰქონოდათ სირიის სამხედრო-ქიმიურ პროგრამასთან.

„აშშ-ის მიერ გადადგმული ნაბიჯი კიდევ უფრო ანადგურებს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს. აშშ-მ ვერ შეძლო რაიმე ფაქტის მოყვანა, რაც დაადასტურებდა იდლიბში ქიმიური იარაღის გამოყენების. ცხადია, რომ აშშ-ის ეს ოპერაცია წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი. ნებისმიერი სპეციალისტისთვის აშკარაა, რომ ვაშინგტონმა საჰაერო დარტყმების შესახებ გადაწყვეტილება იდლიბში მომხდარ მოვლენამდე მიიღო, ხოლო იდლიბის ინციდენტი საბაბად გამოიყენეს ძალის დემონსტრირების მიზნით. საჰაერო დარტყმების განხორციელება მხოლოდ იმათ აწყობს, ვისაც ასტანაში და ჟენევში მოლაპარაკებების პროცესის ჩაშლა და სირიში ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა სურთ“, - აცხადებს სერგეი ლავროვი.

პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობათა მკვლევარი, თამარ კიკნაძე ამბობს, რომ ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა ცივი ომის პერიოდს აგონებს, როდესაც აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის ღია ომი არ მიმდინარეობდა, მაგრამ სადღაც მესამე ქვეყნებში ისინი ერთმანეთს ებრძოდნენ, მაგალითად - კორეა და ვიეტნამი.

„ანალოგიური ვითარებაა. ასეთი ურთიერთობის პირობებში ვერ გაიგებ, ვინ გამოიყენა ქიმიური იარაღი. რუსები ამბობენ, რომ შეიძლება ამბოხებულებს ჰქონდათ ქიმიური იარაღი და უბრალოდ იქიდან გაჟონაო. ფაქტია, რომ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ აშშ-ს განეხორციელებინა საჰაერო დარტყმები. ურთიერთობები მწვავდება, არ მოველოდები, რომ ამერიკა და რუსეთი ერთმანეთის წინააღმდეგ დაიწყებენ საომარ მოქმედებებს, მაგრამ სიტუაციის გართულება გარდაუვალია.

სირიაში მარტო რუსეთი არ არის, იქ არის ირანი და ჩინეთი, რომელთა ინტერესებში შედის ასადის ხელისუფლების ყოფნა. ვფიქრობ, ვაჭრობა ახალი ეტაპიდან დაიწყება და იმედია, რომ რაღაცაზე მოილაპარაკებენ. ძალიან რთული პერიოდია, ყალიბდება ახალი მსოფლიო წესრიგი, დასავლეთი რუსეთთან მიმართებაში არის ერთიანი, ვნახეთ, რომ დიდმა ბრიტანეთმა აშშ-ს დაუჭირა მხარი, ეს გასაკვირი არ არის, ისინი ერთი ალიანსის წევრები არიან. ჩვენ უნდა ველოდოთ სიტუაციის სხვა ფაზაში გადასვლას, მაგრამ რუსეთ-ამერიკის პირდაპირ დაპირისპირებას ალბათ, არ უნდა ველოდოთ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თამარ კიკნაძე.

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი დარწმუნებულია, რომ 12 აპრილს მოსკოვში ამერიკის სახელმწიფო მდივანისა და რუსეთის ხელისუფლების პირველი პირების შეხვედრა მარტივი არ იქნება, რადგან, მისი თქმით, მხოლოდ სირია და ჩრდილო კორეა არ არის საფრთხის შემცველი მსოფლიოსთვის, არამედ დედამიწის ფორმატისთვის საფრთხის შემცველი არის რუსეთი.

„ქიმიური იარაღის დამამზადებელი და გამსაღებელი არის რუსეთი. მისი გამოყენება და შედეგიც სიცოცხლის ბოლომდე დაამახსოვრდება ყველას, ვინც 4 აპრილს იხილა ის ამაზრზენი კადრები. აქ უკვე საჭირო იქნებოდა სერიოზული კონტრშეტევის განხორციელება და ეს შეძლო ამერიკის პრეზიდენტმა, რომლის მიმართაც ხშირი იყო ქილიკი და რაღაცა უნდობლობა.

დარწმუნებული ვარ, რომ მისი წინამორბედი ასეთ მკაფიო რეაგირებას ვერ მოახდენდა სიტუაზეა. დღეს ისრაელიც კი აღფრთოვანებულია ამერიკის ხელისუფლების მიერ გადადგმული საპასუხო ნაბიჯით, იგივე პოზიცია აქვს ევროპის ქვეყნებსაც და როდესაც დიდი ბრიტანეთი გამოდის მხარდამჭერი ასეთი ქმედების, მიზეზი საკუთარ თავში უნდა ეძიოს რუსეთმა“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

მისივე თქმით, სირიის ხელისუფლებაზე თავდასხმამდეც რუსეთის მხრიდან მკაფიო ლუსტრაცია იყო ისიც, რომ რუსეთს არ სურს ქიმიური იარაღის გამოყენების საკითხის განხილვა.

„მორიგი დემაგოგიაა ის, რასაც ვისმენთ ბატონი პუტისგან და მცდელობაა იმისა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოზე ისევ ვეტო დაადოს ნებისმიერ საკითხს, რომელიც სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებას ეხება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.

შექმნილი ვითარება რამდენად იქონიებს გავლენას პროცესებზე, სამხედრო ანალიტიკოსის ვახტანგ მაისაიას შეფასებით, ჯერჯერობით ამაზე საუბარი ძნელია, რადგან ჯერ არ ვიცით როგორი იქნება ირანის პოზიცია.

„ტრამპმა აქტიური პირდაპირი ქმედება განახორციელა და ამან გამოიწვია რუსეთის დაბნეულობა. როგორი იქნება რუსეთის შემდეგი რეაქცია, ეს იქნება მნიშვნელოვანი, ჯერჯერობით ისინი დაბნეულები არიან, რადგან არ ელოდნენ ასეთ ქმედებას ამერიკისგან და განსაკუთრებით ახალი ადმინისტრაციისგან.

თუმცა, უკვე შეიძლება ითქვას, რომ ვაშინგტონის გადაწყვეტილება დაასამარებს იმ პოზიტიურ ურთიერთობას, რომელიც შეიმჩნეოდა ამერიკა-რუსეთის თანამშრომლობის დონეზე. განსაკუთრებით საინტერესოა ირანი, რომელმაც შეიძლება დიდი აგრესია გამოხატოს ამერიკის მიმართ. კერძოდ, ხელი შეუწყოს ISIS-ის გააქტიურებას“, -აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაიამ.