ხელისუფლების არგუმენტით, სამთავრობო უბნის აშენების იდეა ევროპის, აზიის, აფრიკის ქვეყნებშიცაა აპრობირებული და იქაც არსებობს ადმინისტრაციული შენობები, სადაც განთავსებულია პრემიერის ან პრეზიდენტის რეზიდენცია. რამდენად გონივრული და დროულია ეს იდეა ახლა, ამ სოციალური ვითარების ფონზე, ამის შესახებ For.ge-ს ქალაქდაგეგმარების სპეციალისტი ზურაბ ბაქრაძე ესაუბრა.
ზურაბ ბაქრაძე: ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ქალაქმშენებელობითი დაგეგმვითაა შესაძლებელი. ეს ნიშნავს, რომ ერთ ადგილას გაჩნდება ძალიან დიდი სიმძლავრე, ყველანაირი მომსახურების თვალსაზრისით, და დიდი ნაკადები გაივლის ყოველ დილა-საღამოს ამ ტერიტორიაზე. ამიტომ მიწათსარგებლობის გეგმა აუცილებლად დაადგენს, ეს კარგია თუ ცუდი. თავისთავად, გაუგონარი და არასწორი ამ იდეაში არაფერია. გავიხსენოთ ქალაქ ბონის ისტორია. სანამ ბონი დედაქალაქად ითვლებოდა და დასავლეთ გერმანიის სამთავრობო ქალაქი იყო, იქ მთელი ახალი უბანი აშენდა, თავისი სამინისტროებითა და სხვადასხვა უწყებებით. მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა ვიცოდეთ, თბილისისთვის გამართლებულია თუ არა ასეთი კონცეფციის განხორციელება, რომლის თანახმადაც, ერთ ადგილას იქნება შეყურსული სამთავრობო ორგანიზაციები. იქნებ, ქალაქის ცხოვრებისთვის პირიქით სჯობდეს, რომ სამთავრობო ორგანიზაციები გაფანტული იყოს.
სხვადასხვა ადგილას ადმინისტრაციული ნაგებობების განვითარებას თავისი პლუსები აქვს. ზოგადად, მრავალფეროვანი ცხოვრებისთვის სჯობს, რომ სხვადასხვა უბანში განთავსდეს ადმინისტრაციული სიმძლავრეები, სავაჭრო, კულტურული ობიექტები. ეს კონკრეტული უბნის მრავალფეროვნებასაც მოუხდება. სწორედ ქალაქისთვისაა დამახასიათებელი ფუნქციების შერევა და ეს ძალიან კარგი იდეაა. ამიტომ წინასწარ თქმა ძნელია, გაამართლებს თუ არა სამთავრობო უბანი. ამას უარყოფითი მხარეებიც აქვს, რადგან დიდი სიმძლავრეების მიზიდვას იწვევს შეყურსულად. ვთქვათ, რომელიღაც დიდ ღონისძიებას ატარებს ესა თუ ის სამინისტრო და უცხოელებიც ჩამოდიან, ეს გამოიწვევს კონკრეტული უბნის სატრანსპორტო დაბლოკვას და გადატვირთვას. ჩვენთან სამწუხარო ის არის, რომ ქალაქმშენებლობითი დაგეგმვა საერთოდ არ არსებობს. სამთავრობო წრეებში ვიღაცას გაუჩნდება რაღაც აზრი და პირდაპირ დამგეგმავებს ავალებს მის განხორციელებას.
ერთ-ერთმა არქიტექტურულმა ბიურომ მომმართა კიდეც, განაშენიანების გეგმას რა ფასად გააკეთებთ და რა წინაპირობაა საჭიროო. თუმცა ამ შეკითხვაში უკვე ჩამოთვლილი იყო კონკრეტული სურვილები, როგორიცაა სიმჭიდროვე, „კა-2“ კოეფიციენტი ამდენი უნდა იყოსო. ე.ი. თუ ყველაფერი ხელისუფლებამ, ვიღაც კაცმა, ან ერთმა ჯგუფმა უკვე გადაწყვიტა, სად უნდა მოხდეს განაშენიანება, როგორი სიმჭიდროვით, რა სიმძლავრეებით, რა სიმაღლით, მაშინ დაგეგმვა რაღა საჭიროა? ახლაც სამთავრობო უბნის შესახებ გვეტყვიან, ჩვენ შენობებს გავყიდით და იქიდან ამოღებული ფულით სამთავრობო უბანს ავაშენებთო. ასე რომ, ხალხის ფულის ფლანგვაში პირდაპირ ვერ დავადანაშაულებთ.
ასევე მოხდა „ნაციონალების“ დროს, როცა ქუთაისში პარლამენტი ააშენეს, ხოლო ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლო გადაიტანეს. ამან ვითარება გაართულა და პარლამენტარები გამუდმებით ჩივიან, რომ ნახევარი დღე გზაში ეკარგებათ. ეს ქვეყნის დეცენტრალიზაციას წაადგა?
- რაც შეეხება პარლამენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადატანას ქუთაისსა და ბათუმში, ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენისთვის საჭირო იყო სოლიდური ლეგიტიმაციის მიღწევა. 1-2 წლის განმავლობაში დიდხანს უნდა გაგრძელებულიყო საჯარო დებატები, რათა იქ გადატანის ყველა დადებითი და უარყოფითი მხარეები გამოჩენილიყო, ეს ხალხისთვის უნდა ეკითხათ და სრულებით არ იყო გამორიცხული, მთელი მთავრობა და პარლამენტი თბილისიდან გადასულიყო. ეს განტვირთავდა თბილისს, რაღაც ფუნქციებს გაუძლიერებდა, მთელი ქვეყნის დეცენტრალიზაციისთვის კარგი იქნებოდა, თუმცა ეს მხოლოდ ჩემი აზრია.
ქუთაისში პარლამენტის გადატანის ერთ-ერთ მიზეზად საპროტესტო აქციებიდან გაქცევა დასახელდა. იმხანად „ნაციონალებს“ არ სურდათ კარვებისა და საკნების დადგმა
- შეიძლება, ვიღაცამ ესეც იფიქრა, მაგრამ, თუ ასეთ ნაბიჯს დგამ, მაშინ სოლიდურად უნდა გადადგა და მთელი სამთავრობო გუნდი, პარლამენტიც და მინისტრთა კაბინეტიც უნდა გადავიდეს ქუთაისში. თუმცა ამას მომზადება სჭირდება. მთელი საქართველოს მოსახლეობის საქმეა, სად იქნება სამთავრობო დედაქალაქი. ეს ხალხს უნდა სდომოდა და მიშას გადასაწყვეტი არ უნდა ყოფილოყო. ახლაც ზუსტად იგივეა. მთავრობისთვის თბილისში აშენებენ ამხელა უბანს და დიდ ფულს ხარჯავენ. ე.ი. კარგა ხნით კვლავენ იდეას, რომ ქუთაისი გახდეს სამთავრობო დედაქალაქი. ამ დროს ქუთაისის პარლამენტის შენობის ასაშენელად უზარმაზარი თანხა დაიხარჯა. ასეთი უთავბოლობაა ამ ქვეყანაზე.
მაგრამ პარლამენტის ქუთაისში გადატანამ დიდი შვება არ მისცა ადგილობრივებს. ქუთაისელებისთვის წამახალისებელი მხოლოდ ის იყო, რომ დეპუტატებზე ბინები ქირავდებოდა, თუმცა ყველა დეპუტატს არ სურდა იქ დარჩენა და ისევ გრძელ გზაზე სიარულს ამჯობინებდა.
- ეს თქვენი პირადი ლეგიტიმური აზრია, მეც შეიძლება მქონდეს ჩემი აზრი. ამიტომ 3 მილიონ ადამიანს, ამ ქვეყნის ბატონ-პატრონს უნდა ჰკითხონ საკუთარი აზრი. სწორედ ეს არის მთელი ქვეყნის დაგეგმვის საქმე, თუ სად იქნება სამთავრობო დედაქალაქი. მე, როგორც მოქალაქეს, მგონია, რომ მთელი სამთავრობო სექტორი უნდა გადასულიყო ქუთაისში თავისი მთავრობითა და პარლამენტით. ეს გამოიწვევდა საკმაოდ დიდი სიმძლავრეების მოზიდვას და ქუთაისი კულტურის, ეკონომიკის თუ ადმინისტრაციული თვალსაზრისით განვითარდებოდა. თუ არ გვინდა, რომ საქართველო თავკომბალა იყოს და მთელი მოსახლეობის 1/3 თბილისში ცხოვრობდეს, ასეთ ნაბიჯზე უნდა წავიდეთ. მაშინ მარტო ქუთაისი კი არა, მთელი დასავლეთ საქართველო ამოისუნთქავს, მთელ რეგიონში გაჩნდება დამატებითი სიმძლავრეები. ცხადია, ეს სიმძლავრეები მოაკლდება თბილისს და სულ სხვა სიმძლავრეებისთვის გამოთავისუფლდება ადგილი.
როცა ხალხი გარბის ქვეყნიდან, ქუთაისში ერთი პარლამენტისა და სამთავრობო უბნის გადატანა შეაკავებს ამ მასობრივ გაქცევას?
- ამიტომ მხოლოდ პარლამენტის გადატანა არ იყო სწორი გადაწყვეტილება. მთელი მთავრობა უნდა გადასულიყო, რომ აქეთ-იქით სარბენი არ ჰქონოდათ და ამას უნდა მოჰყოლოდა სხვა ღონისძიებებიც, რომლებიც თვითონვე დაიქოქებოდა.
ამისთვის მოხდა დედაქალაქის არაბებისგან გათავისუფლება და დავით აღმაშენებლის თბილისში გადმოსვლა, რომ საპირისპირო ნაბიჯები გადადგმულიყო საუკუნეების შემდეგ?
- ამასთან დაკავშირებით სრულიად განსხვავებული აზრი მაქვს. ვფიქრობ, თბილისი სულაც არ არის საქართველოს დედაქალაქი. მთელი საქართველოს ისტორია აღბეჭდილია იმით, რომ მთავარი კულტურული სიმძლავრეები არ იყო დაკავშირებული თბილისთან. საერთოდაც, საქართველო ქალაქური ტიპის ქვეყანა არ არის, ეს არის ფეოდალური, დეცენტრალიზებული ქვეყანა, რომლის მთავარი კულტურული სიმდიდრეებიც იქმნებოდა გაფანტულად მთელი საქართველოს მასშტაბით. თბილისი იყო რეგიონული ცენტრი, დიდი სავაჭრო ადგილი.
როგორ ფიქრობთ, მთავრობამ რატომ აირჩია მაინცდამაინც ორთაჭალა?
- სადაც ადგილი იპოვეს, ის ამჯობინეს. თორემ ცენტრში გადაჭედილია ყველაფერი. მოქმედი მიწათსარგებლობის გეგმით, ამას სპეციალური ზონა ჰქვია, ხელისუფლებასაც აქ ადგილი ჰქონდა და სამთავრობო უბნის აშენება გადაწყვიტა. ეს ძალიან ვიწრო თვალთახედვაა, ადგილი მაქვს და სამთავრობო უბანს ავაშენებო, იქნებ, სხვა უბანი სჯობდა?!
ორთაჭალის სამთავრობო უბანი განტვირთავს დედაქალაქს?
- განტვირთვა ტყუილია. არაფერს არ განტვირთავს, ორთაჭალა დაიტვირთება ისე, რომ იქ მისვლა შეუძლებელი გახდება. წარმოიდგინეთ, ამდენი ხალხი ყოველ დილით სამსახურში უნდა მივიდეს და ყოველ საღამოს წამოვიდეს, ეს ჩახერგავს ყველაფერს.
საუბრობენ იმაზეც, რომ თუ პროტესტი დაიწყება, ერთ წერტილში განთავსებული მთავრობა პარალიზებული იქნება.
- კრიზისი ან ჯანყი თუ იქნა, ცხადია, მთავრობა ერთ ადგილას შეყურსული და ყველაზე უფრო მოწყვლადი იქნება. საერთოდ, თბილისის ბირთვის გარეთ უამრავ ადგილს იპოვით, სადაც, ასევე, შეიძლება სამთავრობო ქალაქის აშენება. თბილისის ბირთვი ხუთ მთას შორისაა განლაგებული, სადაც მჭიდრო და კომპაქტური ქალაქია გადაჭიმული. ჩვენი დედაქალაქი პირველ მსოფლიო ომამდე და მეორე მსოფლიო ომამდეც არ გაცდენია ამ ხუთი მთით შემოსაზღვრულ ფარგლებს. ამის მერე გავიდა ამ საზღვრებიდან და სწორედ ამ საზღვრებს გარეთ შეიძლება დღესაც უამრავი თავისუფალი ადგილის მოძიება. დიდი დიღმის ათვისება რომ დაიწყეს, ვერ აითვისეს, ასეთი აუთვისებელი კი უამრავი ადგილია.
მოსაწონია, რომ ქალაქი გავიდა თავისი სივრციდან და თავკომბალას დაემსგავსა?
- ვინ მოიწონებს იმას, რომ მთელი ქვეყნის მესამედი ერთ ქალაქში ცხოვრობდეს. ეს უბედურებაა. არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში ასე არ ხდება. ეს ხდება ჩამორჩენილ ქვეყნებში, მაგალითად, მექსიკაში, არგენტინაში. ისინი ჩვენზე უფრო განვითარებულნიც არიან, მაგრამ, ზოგადად, ევროპულ ქალაქებს არ განეკუთვნებიან. საქართველო გაუბედურებული ქვეყანაა. სოფელში ადამიანი შიმშილით რომ არ მოკვდეს, სხვა გზა არ აქვს, უნდა წამოვიდეს თბილისში და ტაქსისტობა დაიწყოს. უნდა დაიბრალოს, რომ მლესავია. ამ დროს გალესვა არ იცის, თოხის მეტი არაფერი დაუჭერია, მაგრამ რა ქნას, ხომ უნდა გადარჩეს?! მის მიერ შელესილი ოთახი ცუდი იქნება, თანაც, მისი ჩამოსვლა დატვირთავს ქალაქს.
როგორც ჩანს, სასტუმროების ინტენსიურ მშენებლობასა და ტურისტების მომსახურებაზე გადავდივართ, მაგრამ სადამდე უნდა ყიდონ შენობები?
- რომ ყიდიან, თავისას ყიდიან? ეს ხომ ხალხისაა. ყველაფრის გაყიდვა პრიმიტიული აზროვნებაა. თუნდაც ავიღოთ ჩიტაძის ქუჩაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა, იმხელა შენობას რომ გაყიდიან და იქ სასტუმროს განათავსებენ, სასტუმროში ნაკლები მისვლა-მოსვლა იქნება და ნაკლებად დატვირთავს იმ უბანს? ცხადია, უფრო მეტად დატვირთავს. ახლა მხოლოდ დღეში ერთხელ მიდიან საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სამსახურში და მთელი დღე იმ შენობაში სხედან, მერე ნახეთ მისვლა-მოსვლა, როცა სასტუმროდ გადაკეთებულ საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში ტურისტები მივლენ და საკონფერენციო დარბაზები განთავსდება. ასე რომ, ჩიტაძის ქუჩას სასტუმრო უფრო გადატვირთავს, ვიდრე საგარეო საქმეთა სამინისტრო. ისედაც ყველაფრის პრივატიზება მოხდა და ამ პროცესს დაარქვეს ზრდილობიანი სიტყვა „პრივატიზება“. სინამდვილეში, ეს იყო სახალხო დოვლათის დატაცება კერძო პირების მიერ. ამას ხელი შეუწყო ბენდუქიძის იდეოლოგიამ, რომელიც პირდაპირ ამბობდა, ყველაფერი უნდა გავყიდოთ, ნამუსის გარდაო. თუ ყველაფერია გაყიდული, ე.ი. ნამუსიც გაყიდული გაქვს. ამას ვერ ხვდებოდა.
როცა ყველაფერს გაყიდიან, მერე უკვე მათ დასაბრუნებლად უკიდურეს ზომებს უნდა მიმართონ. კანონმდებლობა ექსპროპრიაციას უშვებს, ანუ ისევ უნდა შეისყიდონ გაყიდული შენობები კერძო მფლობელისგან. ეს შესყიდვა უფრო ძვირი ჯდება. ევროპაშიცაა ექსპროპრიაციის კანონი, მაგრამ ჯერ უნდა დარწმუნდეს ხელისუფლება, რომ გამოსყიდვაა საჭირო. ქალაქს ყოველთვის შეიძლება დასჭირდეს გარკვეული ტერიტორია საზოგადოებივი მიზნებისთვის. ვთქვათ, ტრამვაის ხაზია გასაყვანი, არადა, იმ ადგილას უკვე კერძო მიწის ნაკვეთია. რა ქნას ხელისუფლებამ, უნდა მოელაპარაკოს ამ ხალხს და, თუ ისინი საბაზრო ფასად არ ყიდიან მიწის ნაკვეთს, მაშინ კანონის ძალით გააყიდინებენ. ჩვენთან გაყიდეს ყველაფერი, მათ შორის, პარკებიც. როგორ შეიძლება, პარკი კერძო საკუთრებაში იყოს? ვაკის პარკში არსებული კერძო კუნძულები ხელს უშლის ამ პარკის ფუნქციონირებას. გონიერი კაცი მივიდოდა კერძო მფლობელთან და ისევ გამოისყიდდა საზოგადოების სასარგებლოდ. ასე მოხდა „მზიურში“, კერძო პირებს მიჰყიდეს იქაურობა და მათაც კორპუსები ჩადგეს. მთაწმინდაზეც იგივეა. დღეს მთაწმინდის პარკი წამგებიანია და ბადრი პატარკაციშვილის შთამომავლები ეძებენ დამხმარე ორგანიზაციებს, რომ როგორმე შეიმუშაონ მთაწმინდის პარკის მართვის მოდელი, რათა ის შემოსავლიანი გახდეს, მაგრამ ვერაფერს მიაღწიეს. მიუხედავად იმისა, რომ ფუნიკულიორზე ასვლა, ატრაქციონზე დაჯდომა საშინლად ძვირია, ეს პარკი მაინც წამგებიანია. თანაც, მავნებლობაა, რომ საზოგადოებას წაართვეს ამხელა მნიშვნელოვანი პარკი.