სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აცხადებს, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მამალაძე პენიტენციურ დაწესებულებაში მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ბრალდებულმა დეკანოზმა კათოლიკოს-პატრიარქ და სინოდის წევრებთან შეხვედრა 4 აპრილს მოითხოვა.
ბრალდებული დეკანოზის მიერ შიმშილობის დაწყების ფაქტის არ სჯერათ სასულიერო პირებს. საპატრიარქოს პენიტენციურ სისტემასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი, დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი ფიქრობს, რომ მამა გიორგი მამალაძის შიმშილობის ფაქტი ადვოკატებისგან გაზვიადებულია. დეკანოზმა ეჭვი გამოთქვა ბრალდებულის მიერ საპატიმროში შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნა, რომ თავად მას ეს ფაქტი ჯერჯერობით არ გადაუმოწმებია.
„მამა გიორგის მონახულებაზე საპატრიარქოში არ ყოფილა საუბარი. აღდგომამდე შესაძლოა მოვინახულო ან მე ან სხვამ. შესაბამისი განცხადება ალბათ გაკეთდება. მამა გიორგი ხომ ჩვენი ტკივილია და ბუნებრივია, ჩვენც გვაწუხებს მისი პრობლემები, თუმცა მე ვფიქრობ, ადვოკატებისგან ეს ფაქტი გაზვიადებულია.
ვერც ერთი ადამიანი ვერ მოიძიებს მსგავს პრეცედენტს, რომ რომელიმე ქრისტიანი განსაცდელში ყოფილიყოს და დაეწყოს შიმშილი. პირიქით, შეიძლება მარხვა დაიწყოს მკაცრი. იმედი მაქვს, რომ მამა გიორგის შესახებ ეს ინფორმაცია არ არის ზუსტი და მამა გიორგი კი არ შიმშილობს, შეიძლება მან მარხვა გაამკაცრა“, - აცხადებს მამა გიორგი თევდორაშვილი.
რაც შეეხება გიორგი მამალაძის მოთხოვნას კათოლიკოს-პატრიარქთან და სინოდის წევრებთან შეხვედრის თაობაზე, for.ge-ს ინფორმაციით, მამალაძის მოთხოვნის შესახებ საქმის კურსში არიან წმინდა სინოდის წევრები, თუმცა, ჯერჯერობით ბრალდებულის მონახულების შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ამ დრომდე უცნობია მეუფე დიმიტრის პოზიცია.
თუმცა, საპატრიარქოს პენიტენციურ სისტემასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ სასურველი იქნება მისმა მღვდელმთავარმა მოინახულოს მის მიერ ხელდასმული სასულიერო პირი საპყრობილეში. და თუ მეუფე დიმიტრი მას არ მოინახულებს, ასეთ შემთხვევაში, დეკანოზი გიორგი თევდორაშვილის განცხადებით, ალბათ, რომელიმე სასულიერო პირი აუცილებლად მოინახულებს ბრალდებულ სასულიერო პირს.
ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ გიორგი მამალაძე კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან და სინოდის წევრებთან შეხვედრის მოთხოვნით შიმშილობას განაგრძობს. მისივე თქმით, დაკავებულმა დეკანოზმა პროტესტის უკიდურეს ფორმას ორი დღის წინ მიმართა.
„ეტყობა, საპატრიარქოს წარმომადგენლებისთვის ეს არის მძიმე მარხვა, მაგრამ მამა გიორგისთვის არის უმძიმესი მდგომარეობა. ეჭვის ნუ შეიტანს ნურავინ ჩემს საუბარში, საპატიმრომ დოკუმენტალურად დაადასტურა, რომ მამა გიორგი შიმშილობს, საკვებს არ ღებულობს უკვე მესამე დღეა. მძიმე მარხვის დროს ადამიანი გარკვეულ საკვებს ღებულობს. მამა გიორგი მხოლოდ წყალს ღებულობს, ისიც მცირე რაოდენობით.
სანამ ჩემს სიტყვებში ეჭვს შეიტანს, კეთილი ინებოს შებრძანდეს და თვითონ გაერკვეს, მარხულობს მამა გიორგი, თუ შიმშილობს. მისი მდგომარეობა დაუძლურდა, ძალიან სუსტად გრძნობს თავს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, აქამდეც არ იყო სახარბიელო და დღეის მდგომარეობით კიდევ უფრო რთულია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მიხეილ რამიშვილმა.
როგორც ცნობილია, დაკავებულმა დეკანოზმა დაკითხვამდე პატრიარქთან, ან სინოდის წევრებთან შეხვედრა ითხოვა, თუმცა, პატრიარქის ჯანმრთელობის, ხოლო სინოდის უსაფრთხოების მოტივით, დაკავებულ დეკანოზთან შეხვედრა ვერ შედგა, რადგან სახელმწიფოს თხოვნა იყო, მღვდელმთავრებს მაქსიმალურად შეეკავებინათ თავი საპატიმრო დაწესებულებაში მისვლისგან. თუმცა, როგორია ამ შემთხვევაში უწმინედისის გადაწყვეტილება, ეს უცნობია.
მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მამა გიორგის ერთადერთი მოთხოვნაა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან და სინოდის წევრებთან შეხვედრა. მისივე თქმით, გამოძიება ტენდენციურად მიმდინარეობს. ძალიან ბევრ შეუსაბამო მოქმედებებს ახორციელებენ და შესაძლებელია ამიტომ უნდა შეხვედრა.
„ეტყობა რაღაც სათქმელი აქვს და შეხვედრა უნდა პატრიარქთან და სინოდის წევრებთან. შემიძლია გითხრათ, რომ იმ საქმეზე რაზეც ბრალი აქვს წაყენებული, ყველა კითხვას დეტალური პასუხი გასცა. ეტყობა არის რაღაცა, რაზეც პატრიარქთან, სინოდის წევრებთან და მისი სულიერ მამასთან უნდა საუბარი. ვერ გეყვით რაზე უნდა საუბარი, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არ ეხება საქმეს.
წმინდა სინოდის წევრია მეუფე დიმიტრი, მისი სულიერი მამა არის, აუცილებლად სჭირდება მას მისი სულერ მამასთან შეხვედრა. წარმოუდგენელია, უარი თქვან შეხვედრაზე. თუ პატრიაქი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ შეძლებს, თუმცა, შეუძლებელია არაფერია. ალბათ, წმინდა სინდოს წევრები შეძლებენ და ინახულებენ მამა გიორგის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მიხეილ რამიშვილმა.
ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზი გიორგი მამალაძე სახალხო დამცველის წარმომადგენელმა, საბა ბრაჭველმა მოინახულა, რომლმაც შიმშილობის ფაქტი დაადასტურა.
„მამა გიორგი მამალაძე ნამდვილად შიმშილობს. მას გამოცხადებული აქვს შიმშილობა, რასთან დაკავშირებითაც მოვინახულეთ კიდეც. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. რამე განსაკუთრებული ჩივილი არ გააჩნია. მისი მოთხოვნაა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრა“, - განაცხადა საბა ბრაჭველმა.
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა მამა გიორგის ძმისთვის დაცვის მოხსნა ოფიციალურად მოითხოვეს. ოფიციალური მოთხოვნა პროკურატურაში გუშინ გაიგზავნა. რაც შეეხება ოჯახის სხვა წევრებს, როგორც ადვოკატმა განმარტა, ოფიციალური განცხადება პროკურატურაში ამ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში შევა. დეკანოზის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას თქმით, დეკანოზის ოჯახის წევრებისთვის დაცვის მოხსნა სარისკო ნაბიჯია, რადგან ოჯახის უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
„მამა გიორგი მამალაძე აპირებს ამ რისკზე წასვლას. მართალია რისკია და შეიძლება მსხვერპლიც კი იყოს ეს ნაბიჯი მისთვის იმ გაგებით, რომ მისი ოჯახის უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ნამდვილად არის დღესაც საჭირო მისი ოჯახის უსაფრთხოების დაცვა, ვინაიდან ის არის უკანონო პატიმარი წინასწარ პატიმრობაში და საზოგადოებასთან ვერ ახდენს კომუნიკაციას.
ადვოკატებს გაუთქმელობის ვალდებულებას არ გვიხსნიან და მაღალი იერარქიის სასულიერო პირები არ შემოდიან და მის პოზიციას არ ისმენენ. რჩება ერთადერთი გზა, რომ სასამართლოდან გაიგოს ხალხმა სიმართლე. სასამართლო იყოს საჯარო და ეს არგუმენტი არ იყოს დახურვის საფუძვლად, ის აპირებს, რომ გადადგას ეს ნაბიჯი. თუმცა, სასამართლოს საჯაროობის გარანტია ესეც ვერ იქნება“, - აღნიშნა გიორგი ფანცულაიამ.