სასამართლო სისტემის გაძლიერების მიზნით, მართლმსაჯულების ხუთწლიანი სტრატეგია უკვე მომზადებულია, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები კი, მოსამართლეთა მიმართ გამოთქმული შეურაცხმყოფელი და ცილიმწამებლური განცხადებების შეზღუდვას ითხოვენ.
სტრატეგია, რომელიც 2017-2021 წლებზეა გათვლილი, XII თავისგან შედგება და როგორც ავტორები განმარტავენ, დოკუმენტის შექმნის მიზანია, სასამართლოს ცხადი ხედვა გააჩნდეს, თუ რა მიმართულებით სურს განვითარება მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში და რა ტაქტიკური ნაბიჯები უნდა გადადგას დასახული მიზნების მისაღწევად.
დოკუმენტი ოთხ ძირითად ნაწილად არის დაყოფილი. პირველი ნაწილი სასამართლო სისტემის წინარე ისტორიას ასახავს, მეორე ნაწილი სასამართლოს მისიასა და სასამართლო ხელისუფლების ხედვას სისტემის განვითარებისა. შემდგომი ნაწილი ხუთ სტრატეგიულ მიმართულებას ეხება და თითოეული მიმართულებით არსებულ გამოწვევებს, ძირითად ამოცანებსა და მიზნის მიღწევის მთავარ ზომებს მიმოიხილავს. ბოლო ნაწილი კი, სტრატეგიის განხორციელების მექანიზმს და მონიტორინგისა და შეფასების პროცედურას ეხება.
სტრატეგიაში ნათქვამია, რომ დოკუმენტის მთავარი ამოცანებია: ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის, სასამართლოს ინსტიტუციური დამოუკიდებლობის, ასევე მოსამართლეთა მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა.
გამოწვევების საპასუხოდ, დოკუმენტის ავტორები მიიჩნევენ, რომ სამივე ინსტანციაში მოსამართლის საგამოცდო ვადით დანიშვნა უნდა აიკრძალოს. ასევე უზენაესი სასამართლოს წევრების არჩევა სამუდამო ვადით უნდა დადგინდეს. ამას გარდა, მათი მოსაზრებით, უნდა დადგინდეს, რომ მოსამართლეს ფუნქციური იმუნიტეტი აქვს, რომ მის წინააღმდეგ შეუძლებელია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელის შეტანა, თუ ზიანის გამოწვევა დაკავშირებულია მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებასთან.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ მკვეთრად უნდა განისაზღვროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სტატუსი, ფუნქციები და დამოუკიდებლობა. ასევე, მისი ანგარიშვალდებულება იყოს მხოლოდ მოსამართლეთა კონფერენციისა და საზოგადოების წინაშე.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, რომელიც სტრატეგიის ერთ-ერთი ავტორია, განმარტავს, რომ გეგმა განხილული იქნება როგორც პარლამენტთან, ასევე აღმასრულებელ შტოსთან, საელჩოებთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ერთად.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც საკითხი მოსამართლეთა კონფერენციაზე იქნება განხილული, საბჭო სტრატეგიის დამტკიცების თაობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს.
გვენეტაძისგან განსხვავებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე სტრატეგიაზე საუბრისას განსაკუთრებულ ყურადღებას მოსამართლეთა მიმართ გამოთქმულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე ამახვილებს და ამბობს, რომ საზოგადოებაში სასამართლოს მიმართ პატივისცემის გრძნობა და ცნობიერება უნდა ამაღლდეს იმის თაობაზე, რომ არ შეიძლება, მოსამართლის ხელაღებით ლანძღვა და შეურაცხყოფელი გამონათქვამების გამოყენება, რომელსაც ადგილი ზოგიერთი პოლიტიკოსის და ჟურნალისტის მხრიდან აქვს.
მისი თქმით, ეს გამოხატვის თავისუფლების ბოროტად გამოყენებაა.
„ეს საკითხი სასამართლოს წინაშე სერიოზული გამოწვევაა, რომელიც დღეს არსებობს. არ მგონია, რომ მოსამართლეებისთვის „მონების“, „კრიმინალების“ ძახილით დამოუკიდებელ და ობიექტურ მართლმსაჯულებას შევქმნით. სასამართლოს ავტორიტეტი ყველას მხრიდან დაცული უნდა იყოს. კრიტიკა დასაშვებია, მაგრამ შეურაცხყოფა და მოსამართლეების მიმართ ზიზღის გამომხატველი განცხადებების გაკეთება მხოლოდ ნეგატიური განწყობის მომტანია. საერთაშორისო კვლევების თანახმად, მედიის მხრიდან წამოსული საფრთხე ყველაზე სერიოზულ რისკად არის დასახელებული. გამოსავალს ცნობიერების ამაღლებასა და ზოგიერთი მექანიზმის გაუმჯობესებაში ვხედავ“, - აცხადებს გორიციძე.
გოციძიე განმარტავს, რომ კანონმდებლობით, პიროვნებას, რომელსაც სასამართლოში მის წინააღმდეგ ცილისწამებაზე სარჩელი შეაქვს, ვალდებულია ამტკიცოს, რომ ცილისწამება სინამდვილეს არ შეესამამება.
„როგორც იტყვიან, უნდა ამტკიცოს, რომ აქლემი არ არის. ნებისმიერი პირი, რომელიც მიიჩნევს, რომ მისი რეპუტაცია შელახულია, დაუცველია მაშინაც კი, როცა სასამართლოში მიდის, რადგან ასეთი სარჩელის განხილვა იმ პროცედურით შეუძლებელია, რომელიც დადგენილია. მიმაჩნია, რომ კანონი უნდა შეიცვალოს. მთავარია, ცნობიერების და კულტურის ამაღლება, რომ მივხვდეთ, მოსამართლის ასე ხელაღებით ლანძღვა არ შეიძლება. თუ მას გავლანძღავთ, ის ისეთი ავტორიტეტული და ძლიერი არ იქნება, როგორსაც ველით, რომ უნდა იყოს. ეს პრობლემების მოგვარების გზა არ არის“, - აცხადებს გოცირიძე, რომლის მოსაზრებასაც ეხმაურება უმცირესობის წევრი ოთარ კახიძე.
როგორც for.ge-ს კახიძემ განუცხადა, ყველაზე საინტერესო და გასაკვირია ის, რომ სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს ყველაზე მეტად აღელვებთ არა ის პრობლემები, რაც სასამართლო სისტემაში აქვთ, არამედ მოსამართლეთ მიმართ გამოთქმული კრიტიკა.
კახიძის მოსაზრებით, მოსამართლეები კრიტიკის მიმართ გახსნილები უნდა იყვნენ და მოწოდებული იყვნენ, რომ თავიანთი ავტორიტეტი აიმაღლონ, რომელიც საზოგადოების თვალში დაცემულია.
„თურმე, მათთვის მიუღებელია, როცა მოსამართლეებს აკრიტიკებენ და მათ ქმედებებს აფასებენ. როცა ურთმელიძის ან ნაზღაიძის ქმედებებს აფასებენ, რომელთა მიღებულ გადაწყვეტილებას სტრასბურგის სასამართლო აჩერებს, აქ სასამრთლოს მოტივაცია ჩანს. მათ სურთ, რომ მოსამართლეების კრიტიკა აკრძალონ. სტრატეგია დონორი ორგანიზაციების მიერ იყო მომზადებული და რაც სტრატეგაშია გაწერილი, არ შეიძლება, არ მოგეწონოს. საუბარია მართლმსაჯულების დახვეწასა და განვითარებაზე, მაგრამ ამას ცხოვრებაში გატარება სჭირდება, რადგან ცარიელ ფურცელზე ეს სიტყვები არ უნდა დარჩეს. შეიძლება, კარგი სტრატეგია გვქონდეს, მაგრამ ის სასამართლო არსებობდეს, რომელიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს. ჯერჯერობით ვხედავთ, პოლიტიკური ნება იმის თაობაზე, რომ სასამართლო ქვეყნის სამსახურში იყოს და არა ივანიშვილის, არ არსებობს“, - აღნიშნავს კახიძე.
სტრატეგიაზე საუბრისას უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ყურადღებას დოკუმენტის შინაარსზე ამახვილებს და for.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ მას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების თვითკრიტიკა მოეწონა, რადგან თვითკრიტიკა რეფორმის გაღრმავებისთვის აუცილებლი წინაპირობაა.
მისი თქმით, გასასწორებელია ის ხარვეზები, რაც კანონმდლობაში არსებობს და რაც მოსამართლეთა დამოუკიდებელობას ეხება.
„მოსამართლეთა თვითმმართველობის როლი გასაზრდელია. სასამართლოს თავმჯდომარეობის წესი შესაცვლელია. ეს კარგი რაღაცეებია, თუმცა რამდენიმე სადავო საკითხი იყო. დავის საგანი იქნება კანონშემოქმედებებით პროცესში მოსამართლეების ჩართულობა თუნდაც სასამართლოს მოწყობასთან დაკავშირებით. მათი ჩართულობა დღეს კონსულტანტის, მოსამართლის და მრჩევლის დონეზე გამოიხატება. საკითხავია, რა დამატებით მექანიზმებს ითხოვენ მოსამართლეები მათი საქმიანობის რეპუტაციის სამართლებრივი დაცვისთვის. თუ პატივს საქმიან რეპუტაციას და ღირსებას ვცემთ, მაშინ ის მოსამართლისთვისაც უნდა დავიცვათ, ისევე როგორც მეწარმისთვის, მშენებლისთვის და პედაგოგისთვის. სხვა თემაა პროფესიულ საქმიანობაში ჩარევა და დანაშაულის ჩადენა თანამდებობის პირის მიმართ, რომელიც საზოგადოების დაშინებას ემსახურება“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.
კანონმდებელი მიიჩნევს, რომ მოსამართლეებს კანონი ზღუდავთ გადაწყვეტილება შინაგანი რწმენით მიიღონ.
„მოძველებულია და კანონიდან ამოსაღებია ნორმა, რომლის მიხედვით, მოსამართლე ვერ გამოიტანს კანონით განსაზღვრულ სასჯელზე ნაკლებ სასჯელს იმის გამო, რომ არა აქვს პროკურორის თანხმობა. ეს ზურაბ ადეიშვილის დროინდელ ანაქრონიზმს წარმოადგენს და მივყვებით ამ ანაქრონიზმს იმის გამო, რომ ეს არის ეფექტური ბერკეტი გამოძიების ხელში, დადოს საპროცესო შეთანხმება. ამ დროს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რამ ილახება - მოსამართლის დამოუკიდებლობა. მოსამართლეს კანონი ზღუდვას შინაგანი რწმენით მიიღოს გადაწვეტილება“, - დასძინა ქუცნაშვილმა.
თანაგუნდელის მსგავსად, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მომზადებულ სტრატეგიას დადებითად აფასებს და for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მსგავსი დოკუმენტი პირველად შეიქმნა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
მისი თქმით, სასამართლო ხელისუფლებას სტრატეგია არასოდეს არ ჰქონია და მნიშნელოვანია, რომ აღმასრულებელი და საკანონმდებლო, ასევე სასამართლო ხელისუფლებები თანხმდებოდნენ იმაზე, მართლმსაჯულების სისტემის ხედვა როგორი უნდა იყოს.
„პრინციპი ღირებულია და მესამე ეტაპის რეფორმა ამ სტრატეგიას ეხმიანება. ერთიანი ხედვაა, რომ სასამართლოს რეფორმაზე მუშაობას გავაგრძელებთ. ღიად ვისაუბრებთ იმაზე, სად გადის ზღვარი შეურაცხყოფასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის, რადგან ეს სისტემას არტყამს. სასამართლო სისტემა არ უნდა ჩაიკეტოს და ის გახსნილობა კარგია, რასაც ფართო დისკუსიით წარმოვაჩენთ“, - დასძინა ბესელიამ.