საპარლამენტო უმცირესობის ინფორმაციით, ტელევიზიებს პარლამენტში გამართული სხდომების გაშუქების შესაძლებლობა ეზღუდებათ. ოთარ კახიძის ინფორმაციით, ამიერიდან კერძო ტელევიზიებს პარლამენტში გამართული სხდომებიდან მხოლოდ იმ სხდომის „ლაივ-სტრიმი“ მიეწოდება, რომელიც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მეორე არხის ეთერში გავა. ოთარ კახიძის განცხადებით, შესაბამისი გადაწყვეტილება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურმა დირექტორმა მიიღო.
„როგორც მოგეხსენებათ, საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველა სხვა კერძო ტელევიაზიას სხვადასხვა კომიტეტიდან, სესიიდან, ბიუროს სხდომიდან ერთიან „ლაივ-სტრიმს“ გადასცემს. ეს არის ე.წ. შავი „ლაივ-სტრიმი“, რომლის შესაძლებლობაც ტელევიზიების საერთო რესურსებით შეიქმნა. შემდგომ თავად ტელევიზია ირჩევს, რომელი კომიტეტის სხდომა აიღოს.
შეიძლება ერთსა და იმავე დროს მიმდინარეობდეს ჯანდაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების სხდომები, ამ შემთხვევაში „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ „ლაივ-სტრიმს“ ყველა ტელევიზიას გადასცემდა და თავად ტელევიზია ირჩევდა, რა გაეშუქებინა. საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის გადაწყვეტილებით, ამიერიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ეთერში რაც გავა, კერძო ტელევიზიები მხოლოდ იმით იხელმძღვანელებენ“, - აცხადებს ოთარ კახიძე.
მისივე თქმით, ეს იქნება პარლამენტის საქმიანობის გამჭვირვალობისა და გაშუქების კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯი - ტელევიზიებმა გააშუქონ ის, რასაც თავად ჩათვლიან საჭიროდ და არა ის, რასაც საჭიროდ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ჩათვლის.
„ისედაც არის კითხვის ნიშნები, თუ რატომ ხდება GDS-ის გუნდის „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ გადასვლა, საუბარია გადაცემების დახურვაზე. ჩვენ პარლამენტის წევრებმა არ უნდა დავუშვათ უკან გადავდგათ ნაბიჯი“, - განაცხადა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ოთარ კახიძემ.
კახიძის განცხადებას, განცხადებით პასუხობს „საზოგადოებრივი მაუწყებელის“ დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე, რომლის შეფასებით, ორგანიზაციას პრაქტიკაში აქვს, ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების პირდაპირ ეთერში გადაცემისას, სრულიად უსასყიდლოდ მიაწოდოს საერთო სიგნალი სხვა მედიასაშუალებებს, რაც მიზნად ისახავს, ინფორმაცია მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს მთელი საზოგადოებისთვის.
მაღლაფერიძის განცხადებით, პარლამენტის სხდომები ისევ ისე გადაიცემა, როგორც აქამდე, მაგრამ მასალას ვერავინ გამოიყენებს არხის თანდართული სამარკო ნიშნის გარეშე. როგორც მაღლაფერიძე აცხადებს, მასალა ყველა მედიასაშულებისთვის იქნება უფასო.
„აქამდე არსებობდა პრაქტიკა, როცა საზოგადოებრივი მაუწყებელი გადასცემდა მასალას, იხარჯებოდა ადამიანური, ფინანსური, ტექნიკური რესურსი, მაგრამ სხვა მედიასაშუალებები გამოიყენებდნენ ჩვენი სამარკო ნიშნის გარეშე, როგორც საკუთარ ნაშრომს. ასე აღარ მოხდება.
ყველასთვის იქნება ღია და უფასო, მაგრამ რასაკვირველია, იქნება მითითებული ჩვენი ნიშანი. ეს ჯდება საერთაშორისო სტანდარტებში. სხვისი ნაშრომის მითვისება და გასაღება საკუთარ ნაშრომად არ არის სწორი. გარდა ამისა, ჯდება ბიზნესისა და კონკურენციის კანონის ფარგლებშიც. საკითხით „მანიპულაციას“ ახდენენ სხვადასხვა მედიასაშუალებები, რომლებსაც ლოგოს გარეშე მიჰქონდათ მასალა“, - აცხადებს ვასილ მაღლაფერიძე.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის სერგი კაპანაძის შეფასებით, მწვავე დებატები, რომელიც არის პარლამენტში, რომელიც არის კომიტეტის სხდომებსა და ბიუროზე, მოსახლეობამდე ვეღარ მივა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ასე გადაწყვიტა GDS-დან საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადასულმა გენერალურმა დირექტორმა. დეპუტატმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მიმართა და აღნიშნა, რომ მოსახლეობის უფლებაა, სრულად მიიღოს ინფორმაცია იმ დებატების შესახებ, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს.
გადათებას რომ „საზოგადოებრივ მაუწყებლის“ გენერალური დირექტორი გეგმავს, არის არა მხოლოდ მისი პირადი პასუხისმგებლობა, არამედ მმართველი გუნდის პასუხისმგებლობა, რადგან არ სურთ, იმ მწვავე კრიტიკის პირდაპირი ეთერით გადაცემა, რომელსაც პარლამენტში აქვს ადგილი.
თუკი ეს გადაწყვეტილება შესრულდა, ეს იმას ნიშნავს, რომ რა პრობლემებიც არის აქტუალური - დაბალი ეკონომიკური ზრდა, სიღარიბე, ინფლაცია, გაზრდილი სახელმწიფო ვალი, რაზეც გვაქვს დისკუსია პარლამენტში, საზოგადოებამდე აღარ იქნება მიტანილი. საპარლამენტო დებატების მთელი იდეა ის არის, რომ ამის შესახებ გაიგოს მოსახლეობამ“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
უმრავლესობა პირობას დებს, რომ ყველა სივრცე დარჩება გახსნილი, რადგან მმართველი გუნდისთვის ღირებულია სწორედ ეს გახსნილობა და დებატები. ჟურნალისტების თხოვნით აღნიშნულ საკითხზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებს შეხვდება.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას განცხადებით, ამ ინფორმაციას დეტალურად არ იცნობს, თუმცა აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ წევრები გახსნილობას და დებატებს არ გაურბიან.
„არანაირი ნიშანი იმისა, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი რაიმე გახსნილობას და დებატებს გაურბოდეს, სახეზე არ არის და არ იქნება მომავალში. მე, პირადად, დავაფიქსირებ ჩემს პოზიციას - აუცილებლად უნდა დავრჩეთ გახსნილები, აუცილებლად ყველა სივრცე დარჩება გახსნილი იმიტომ, რომ ჩვენთვის ღირებულია სწორედ ეს გახსნილობა, დებატები.
არ ვიმსახურებთ იმ კრიტიკას, რომელიც ახლა მოვისმინეთ ოპოზიციის მხრიდან. ამ საკითხში აუცილებლად გავერკვევით და იქნება შესაბამისი ნაბიჯები გადადგმული. თუ ასეთი რამ მართლაც იქნა გაცხადებული საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მხრიდან, იმედი მაქვს, ამ გადაწყვეტილების განხილვის შესაძლებლობა მაინც მოგვეცემა“, - აღნიშნა თამარ ხულორდავამ.