23 მარტს ძმებმა ლევან და გიორგი ყარამანიშვილებმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში საკუთარი წილების 40%-ის კოლექტივისთვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ განაცხადეს, რასაც გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ კონტრწინანადებით უპასუხა და ყარამანიშვილებს მათ მფლობელობაში არსებული „ტელეკომპანია საქართველოს“ წილების დათმობა მოსთხოვა, ვინაიდან თვლიდა, რომ ყარამანიშვილების შეთავაზება არსებულ ვითარებას არ ცვლიდა.
გვარამიას განცხადებას განცხადებით უპასუხეს ყარამანიშვილებმა:
„გაუგებარია, თუ რას გულისხმობდა გენერალური დირექტორი, როცა საუბრობდა იმაზე, რომ ჩვენი შეთავაზება „პრაქტიკულად არ ცვლის საქმის ვითარებას“. რის შეცვლაზეა საუბარი? ჩვენ არასდროს ჩავრეულვართ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში, რომელსაც ყოველთვის თავად მენეჯმენტი და ჟურნალისტები განსაზღვრავდნენ. ეს ასე იქნება მომავალშიც“, - ნათქვამია ყარამანიშვილების განცხადებაში.
ეჭვების გასაქარწყლებლად ყარამანიშვილებმა გამოხატეს მზადყოფნა, კოლექტივისთვის გადაეცათ „ტელეკომპანია საქართველოს“ 51%, ხოლო წილების გადაცემის დეტალები შეთანხმებულიყო ყველა თანამშრომლის მონაწილეობით, ღიაობისა და სამართლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით.
შეთავაზებას გვარამიას თანხმობით უპასუხა, თუმცა შესთავაზა ფორმა - „შპს რუსთავი 2 ჩემია“, კოლექტივის ფართო ჩართულობით, რისი დემონსტრირებაც მოხდა პირდაპირ ეთერში. გვარამიას მიერ წამოყენებული ახალი მოთხოვნა, რომ შეიქმნას გაურკვეველი შუამავალი შპს, რომელიც კოლექტივის ნაცვლად ჩაერთვება მოლაპარაკებებში, მიუღებელი აღმოჩნდა ყარამანიშვილებისთვის.
„დაიწყო უცნაური მინიშნებები, რომ შესაძლოა, რომელიმე თანამშრომელი გადავიდეს გაუგებარ „მეორე მხარეს“. გუნდის მხარეებად დაყოფა იმ უპრეცედენტო გარე წნეხის პირობებში, რომელშიც ვიმყოფებით, არაგონივრული და დამაზიანებელია. გვინდა ყველას კარგად ესმოდეს - ამგვარი სქემა არის უმოკლესი გზა იმისკენ, რომ „რუსთავი 2“-ის აწმყოსა და მომავლის შესახებ გადაწვეტილება მიიღოს არა სრულმა კოლექტივმა, არამედ პირთა მცირე ჯგუფმა, რაც არასდროს ყოფილა ჩვენი ინიციატივის მიზანი“, - უპასუხეს გვარამიას ლევან და გია ყარამანიშვილებმა.
ყარამანიშვილების განცხადებამ საჯარო გახადა შიდა დაპირისპირება, მათ შორის ისიც, რომ თავად ყარამანიშვილები „რუსთავი 2“-ის ფორმალური მფლობელები არიან. ამას ნიკა გვარამიას განცხადებებიც მოწმობს:
„ადამიანების დახარბება და კოლექტივში ბზარის შეტანა, რაღაც მითიური დივიდენდებით და ჩემი ხელფასის და ვინ რა პრემია მიიღო, ამის ყველასთვის მოყოლით, არის ძალიან ცუდი საქციელი და ამაზე უარესს ნორმალური ბიზნესმენი და მენეჯმენტზე ელემენტარული წარმოდგენის მქონე ადამიანი ვერ გააკეთებს.
ძვირფასო დამფუძნებლებო: მოელაპარაკეთ ვისაც და რა ფორმითაც გნებავთ. კოლექტივის უმრავლესობამ პასუხი გაგცათ ღია ეთერით. აწი ვისაც გნებავთ, იმას გადაეცით თქვენი წილები და რა ოდენობითაც გნებავთ... ამ დისკუსიაში წარმოვაჩინეთ ერთი მკაფიო პოზიცია - წილების გადმოცემა თვალის ასახვევად, რომ კოლექტივი წყვეტს ამიერიდან ყველაფერს, არ გამოვა. არ ვაპირებთ ლეღვისფოთლობას.
საბოლოო ჯამში, ვერც მე და ვერც ბევრი „რუსათვი 2“-ელი, საერთოდ ვერ ვხვდებით, რა განზრახვით დაიწყეს ეს ყველაფერი ძმებმა ყარამანიშვილებმა... ეს გამოცანად რჩება, ისევე, როგორც ამ შემოთავაზებების მიზანი. გამოუცნობ კითხვად რჩება, სამი წელი რომ კიევიდან ფეხს ვერ დგამდა დაპატიმრების შიშით (და ეს შიში სრულიად ლეგიტიმური იყო), ის კაცი უცაბედად როგორ აღმოჩნდა თბილისში უზენაესის გადაწყვეტილების წინა დღეებში, სად გაქრა მისი დაპატიმრების რისკი, თუნდაც უკრაინულ „ვიკილიქსზე“ საგანგებოდ გამოდებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე და რაში დაჭირდა კოლექტივში ამგვარი ტექტონიკური ძვრების შეტანა?
P.S. გამადიდებელი შუშით ვუყურებთ ყველაფერს ბოლო სამი წელია და ყველაფერზე რომ შეკითხვები გვიჩნდება, იმედია არავის უკვირს“, - წერს ნიკა გვარამია.
ქიბარ ხალვაშის ადვოკატის პაატა სალიას განცხადებით, შპს „რუსთავი 2 ჩემიას“ შექმნის შემთხვევაში და კოლექტივისთვის წილების იმ მოცულობით გადანაწილება, როგორც გვარამიას ჰქონდა დაფაზე დაწერილი, ასეთ შემთხვევაში ამ ადამიანებს (ვინც იქ დაფაზე ეწერა), ექნებოდათ „ტელეკომპანია საქართველოში“ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება, აირჩევდნენ დირექტორად გვარმიას და უკვე გვარამიას, როგორც „ტელეკომპანია საქართველოს“ დირექტორს შესაძლებლობა ექნებოდა მონაწილებოა მიეღო „რუსთავი 2“ის პარტნიორთა კრებაში.
„ამ შემთხვევაში ყველაზე მეტი ხმა - 51% ექნებოდა, ყარამანიშვილებს ექნებოდათ 40% და ნიჟარაძეს 9%. ანუ, ჯამში ყველაზე მეტი ხმა 51% ექნებოდა გვარმიას მიერ წარმოდგენილ შპს-ს. ამისთვის უნდოთად შპს-ს შექმნა და მართვის სადავეების თავის ხელში აღება. სავარაუდოდ, ეს ჰქონდა გეგმაში გვარამიას, რომ თვითონ ემართა ტელეკომპანია.
ამ დროს გამოჩნდა ყარამანიშვილი და თქვა, რომ არა, ბატონო! ასე არ იქნება, არ ვაძლევ რაღაც შპს-ს, 50%-ს, ვაძლევ მთელ კოლექტივს და დავიწყებ კოლექტივთან მოლაპარაკებასო. არ ვიცი რა მოლაპარაკება მიმდინარეობს კოლექტივთან, ან საერთოდ მიმდინარეობს თუ არა, ეს მათი შიდა თემაა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პაატა სალია.
გვარამია-ყარამანიშვილების დაპირისპირება არხის თანამშრომლებზეც აისახა. არსებული ინფორმაციით, „რუსთავი 2“-ის გუნდი სამ ნაწილად გაიყო. გვარამიას გუნდი, რომელიც ამ პროცესში აწარმოებს თავის თამაშს და მათ ამ თამაშში ზურგს უმაგრებს ფორმულა კრეატივი, კურიერი და პოლიტიკური თოქ-შოუების რედაქცია - კერძოდ, გიორგი ლაფერაშვილი, დიკო ჯოჯუა, ნოდარ მელაზე, გიორგი გაბუნია, ნათია ტრაპაიძე, თამარ ბაღაშვილი, ეკა კვესიტაძე, რუსუდან ვაშაკიძე, აკაკი გოგიჩაიშვილი, მიხეილ სესიაშვილი.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილთან მიბმულ გუნდს, ეს არის ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც პერსონალურად გარკვეული სიახლოვე აქვს მიხიელ სააკაშვილთან, სწორედ ამ გუნდში არის ნანუკა ჟორჟოლიანი, თეა ადეიშვილი, ვანო ჯავახიშვილი, ეკა სარია და კურიერის ჯგუფი. რაც შეეხება მესამე ჯგუფს, ეს არის ჟურნალისტების კატეგორია, რომლებსაც ამ პროცესში ნეიტრალური პოზიცია უკავიათ. ამ დაპირისპირებაში თავიდან გამოკვეთილი პოზიცია არ ჰქონდა ზაალ უდუმაშვილს, თუმცა, ის უკვე გვარამიას გუნდში მოიაზრება.
ჟურნალისტის ვახტანგ კომახიძის განმარტებით, ამ პროცესში ღიად ჩანს, რომ გვარამია ცდილობს უფრო მეტს, ვიდრე დირექტორი. მისი თქმით, გვარამია ყოველთვის დემონსტირებას უკეთებდა თავის პერსონას ვიდრე ერთ-ერთი ტელეკომპანიის დირექტორი, ხან შემოქმედებით სფეროში, ხან პოლიტიკურში და ხანაც პროკურატურის სფეროში.
„რთულია გვარამიაზე ამ წუთას საუბარი. არის სასამართლო დავა, მკაფიოდ თქვა სასამართლომ, რომ ტელეკომპანია იყო წართმეული. სტრასბურგის ჩართვა და შემაკავებელი მექანიზმების ამოქმედებაც ცხადია, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება შეიცვლება და სხვა სამართალი დადგება.
სამართლებრივი პროცესი რეალითი შოუს რეჟიმში გადაიტანეს, ქმნიან ახალ რეალობას, რომ თითქოსდა გადაწყვეტილია სამართლიანობის საკითხი და ახლა უკვე შიგნით რაღაცა პროცესებზე მსჯელობენ. ძალიან ხელოვნურად ანვითარებენ რაღაცა პროცესებს, რომ ჩვენ ვმართავთ სიტუაციას „რუსთავი 2“-ის გარშემო“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ კომახიძე.
რაც შეეხება „რუსთავი 2“-ის გუნდის სამ ნაწილად გაყოფას, კომახიძეს აინტერესებს როდის გაჩნდა ნეიტრალური ჯგუფი, რადგან მისი თქმით, „რუსთავი 2“-ში ნეიტრალური ჯგუფი არასოდეს ყოფილა.
„არხზე ყოველთვის იყვნენ პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები და ახლა გაჩნდნენ ნეიტრალურები? ნეიტარლურები სააკაშვილსა და გვარამიას შორის, ეს ნეიტრალიტეტი არ არის, რბილი პოზიციაა, რომ ორივესთან კარგად იყვნენ. თუ არსებობდნენ ნეიტრალური ადამიანები, მაშინ როგორმე სხვაგანაც გამოავლენდნენ თავს როგორც დამოუკიდებლები და მიუკერძოებლები. ასე რომ, ამ პროცესს ნეიტრალური და მიუკერძოებელი ადამიანები არ უნდა წარმოექმნა“, - აღნიშნა ვახტანგ კომახიძემ.
ინტერნეტ გამოცემა for.ge-ს მთავარი რედაქტორის გიორგი იაკობაშვილის განმარტებით, მთელი 10 წელიწადი რითაც იყო დაკავებული ნიკა გვარამია, მისი თანამოაზრეები და თანამზრახველები, ეს იყო სხვისი წილებისა და სხვისი ბიზნესების ხელში ჩაგდება, იგივე გრძელება ახლა, უბრალოდ, ახლა ერთმანეთს დაერივნენ.
„უბრალოდ შთაბეჭდილება მრჩება, რომ, როგორც ჩანს, სამართლებრივ ბრძოლასაც აგებენ სტრასბურგში, წაგებული აქვთ ყველგან. თუ მოახერხებს გვარამია და საკონტროლო პაკეტს ხელში ჩაიგდებს, ამ ყველაფერს შეფუთავს დავას არა ვიღაცა მითიური ყარამანიშვილების, ხალვაშის, დვალსა და აქიმიძეს შორის, არამედ როგორც ჟურნალისტების კოლექტივის, რედაქტორების წინააღმდეგ, რომლებიც მფლობელები არიან. შემდეგ ამას მოჰყვება რეაქცია დასავლეთიდან, რომ აი, ჟურნალისტებს თავის მედიასაშუალებას ართმევენ. ამის იმედი აქვთ. საქართველოში ერთხელ მოხდა კლასიკური შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტებს წაართვეს მედიასაშუალება და ეს იყო presa.ge. ასეთი რაღაცა არ მომხდარა და არ მოხდება“, - აცხადებს გიორგი იაკობაშვილი.
მისივე თქმით, ყველა ჯგუფი ცდილობს პროცესი გაწელოს და ყველამ თავისი ქულები დაიწეროს.
„როგორც ამბობენ გვარამიას დაჯგუფება არის გიგა ბოკერიას მხარეს, მეორე დაჯგუფება სააკაშვილის მხარეს, მაგრამ როცა ამბობენ, რომ იქ არის მესამე დაჯგუფება, რომელიც არც ერთი მხარე არ არის, მათ ტელევიზიაში მუშაობა უნდათ, პირველ რიგში მე მაგათთან მაქვს კითხვა - თუ ტელევიზიაში უნდოდათ მუშაობა, ამდენი წელი „რუსთავი 2“-ში რას აკეთებდნენ? „რუსთვი 2“ არ არის ტელევიზია, ეს არის მკვლელების და მოძალადეების პოლიტიკური რუპორი და სხვა არაფერი. ასე რომ, მე ყველაზე ძალიან იმ მესამე ჯგუფის არ მჯერა და არ მწამს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გიორგი იაკობაშვილმა.
ჟურნალ „თბილისელების“ პოლიტიკის გვერდის რედაქტორი ნინო ხაჩიძე ამბობს, რომ აბსოლუტურად გაუგებარი დარჩა, რა მიზანს ემსახურებოდა „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერით გადაცემული თითქოს შიდა თათბირის კადრები, რომლის მიზანიც იყო შპს-ს დაფუძნება მეტად ამაღელვებელი სახელწოდებით „რუსთავი 2 ჩემია“ და რა კავშირი აქვს ან ერთს ან მეორეს „რუსთავი 2“-ის კუთვნილების თემასთან.
„თუმცა, თუ ამ კონკრეტული ტელეკომპანიისა და მასთან ასოცირებული პოლიტიკური ძალის შესახებ არსებული გამოცდილებით ვიმსჯელებთ, ეს, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური ქცევა, სავარაუდოდ, გარკვეულ მიზანს უნდა ემსახურებოდეს. კერძოდ, გარკვეული აზრის შექმნას, ოღონდ არა შიდა ქართული რეალობისთვის.
დიდი ალბათობით, ამ ჩანაწერს გამოიყენებენ ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსის დასარწმუნებლად, რომ „რუსთავი 2“ ჭეშმარიტად ქართული თავისუფალი სიტყვის მებაირახტრეა და ის ეკუთვნის არა მხოლოდ გამარჯვებულ ხალხს, არამედ მის კოლექტივს. როგორც წესი, დასავლელი პოლიტიკოსების ნაწილი, ჩემი დაკვირვებით, დიდად არ ცდილობს, საფუძვლიანად გაერკვეს საკითხში, იქნებ იმიტომ, რომ ვერ წარმოუდგენიათ ამ დონის აფერა ჩემთვის უცნობ მიზეზთა გამო.
ასეთ შემთხვევაში კი, ის ჩანაწერი, რომელიც „რუსთავი 2“-ის ეთერით ვიხილეთ, თავის საქმეს გააკეთებს, იმისდა მიუხედავად, შპს „რუსთავი 2 ჩემია“ შეიქმნება თუ არა. სამაგიეროდ, საშუალებას მისცემს მათ თქვან, რომ აი, ეს კერძო პირებისა და მათ უკან მდგომი პოლიტიკური ძალის ტელეკომპანია კი არა, ჟურნალისტების საკუთრება და ნამდვილი სახალხო ტელევიზიაა“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ნინო ხაჩიძე.
მისივე თქმით, არც ისაა გამორიცხული, რომ ამ გზით თანამშრომლების შენარჩუნებას ცდილობდნენ, რომ კოლექტივი არ დაიშალოს და მათზე ზრუნვის ეფექტი შექმნან.
„სიმართლე გითხრათ, მიჭირს ამის ჩამფიქრებელთა მიზან-მოტივების გამოცნობა, იმიტომ რომ მათი ტვინების მუშაობის სქემა ჩემთვის მიუწვდომელია და ჩემთვის ცნობილ არისტოტელესეულ ლოგიკაში არ ჯდება. ოღონდ პირადად ჩემთვის დღესავით ნათელია, რომ არც თავისუფალ სიტყვასთან, არც გამოხატვის თავისუფლებასთან, არც ჟურნალისტების უფლებებთან და არც მაყურებლის ობიექტურად ინფორმირებულობასთან ამ პროცესს არანაირი კავშირი არ აქვს და არც შეიძლება, ჰქონდეს.
ეს კამპანია ემსახურება კონკრეტულ პოლიტიკურ მიზანს, თორემ არანაირი პრობლემა არ არის მათთვის, ვინც ამჟამად აფინანსებს „რუსთავი 2-ს“, ახალი ტელეკომპანიის შექმნა, მით უფრო, რომ მათ თავიანთი მაყურებელი არათუ სხვა სიხშირზე, ვფიქრობ, მარსზეც კი გადაჰყვება. ერთი სიტყვით, ეს სუფთა წყლის ცერემონიალმაისტრობაა, მაგრამ უკვე ისეთი არასერიოზული ფორმა მიიღო, რომ, სავარაუდოდ, შიდა რღვევის პროცესის დაწყებაა მოსალოდნელი, რასაც უკვე თვით სტრასბურგის ყველაზე გულჩვილი მორიგეც კი ვერ უწამლებს“, - აცხადებს ნინო ხაჩიძე.
ანალიტიკოსების შეფასებით, გვარამიამ ძალიან კარგად იცოდა რას ნიშნავდა პოლიტიკურად ამბიციურ ლიდერებზე მუშაობა, რადგან მიშასთან მუშაობის გამოცდილება ჰქონდა, ამიტომაც დააზღვია საკუთარი ხელფასი. მათივე შეფასებით, რაღაცა მომენტში გვარამიამ მოახერხა სიტუაცია ჩაეგდო ხელში, თავისი თამაში დაეწყო და ამის შედეგად, დღეს უკვე აშკარად ვაჭრობს.
როგორც ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ამბობს, „რუსთავი 2“-ის ქონება ერთი წარმომავლობისაა, ეს უკავშირდება ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს, მისი საკუთრებაა ეს ტელევიზია.
„ბოლომდე რომ მიყვეთ და მოიძიოთ თანხების მოძრაობა, ნახავთ ასეთ სურათს - სააკაშვილის ბრძანებით დაფინანსებული, ან უშუალოდ მის მიერ არის დაფინანსებული. აქ ცრუმაგიერი პირები არიან ყარამანიშვილები და ახლა კიდევ ქმნიან ცრუმაგიერ პირს, თითქოს „რუსთავი 2“-ის კოლექტივს. თითქოს კოლექტივი შემოდის თამაშში. რასაკვირველია, ეს ყველაფერი არის თვალშინ ნაცარის შეყრა.
გვარამიას აქვს სტატუსი, სააკაშვილისგან მიბარებული აქვს ეს ქონება სამართავად და კონკრეტული პოლიტიკური ამოცანების შესასრულებლად. ახლა დაიწყო ახალი თამაში, ვინც მეტ ხეირს მისცემს გვარამიას, ისიც მას მოემსახურება. ჯერჯერობით ტელევიზია კვლავ სააკშვილის მიერ არის კონტროლირებადი. საკონტროლო პაკეტს ისევ სააკაშვილი ფლობს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილი.
ანალიტიკოსის ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, შესაძლებელია გვარამიას ჰქონდეს სურვილი, რომ სხვადასხვა მაქინაციებით ჩაიგდოს ხელში „რუსთავი 2“-ის საკონტროლო პაკეტი თუ არა, მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც, რაც არ არის გასაკვირი.
„დღეს გვარამია არის ჩვეულებრივი დაქირავებული მენეჯერი, მართალია უცნაური კონტრაქტებით და პირობებით, მაგრამ არის. აქ მთავარი არის ის, რომ ყველა მათი ქმედება, წილების გადანაწილება თუ დაუფლება, არ არის ლეგიტიმური ერთი მარტივი მიზეზის გამო. ჯერ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც წილები ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, არ არის გაუქმებული და მეორე - სტრასბურგის სასამართლოს არ გამოუტანია თავისი საბოლოო ვერდიქტი.
ასე რომ, რა გადათამაშებებიც არ უნდა მოაწყოს ახლა გვარამიამ კოლექტივში და ვისაც არ უნდა გაუნაწილოს ვითონ ყარამანიშვილების მიერ დათმობილი წილები, ეს ყველაფერი არის კანონის სივრციდან გასული ქმედებები. გათვლილია გარე აუდიტორაზე ზემოქმედებისთვის, შესაძლოა, თავად სტრასბურგის სასამართლოსთვის, რომ უნდათ შექმნან სურათი, თითქოს ხელისუფლება უპირისპირდება ჟურნალისტების კოლექტივს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.