ხვედელიძის ოჯახი შურისძიების მოტივს გამორიცხავს

ხვედელიძის ოჯახი შურისძიების მოტივს გამორიცხავს

შს მინისტრის ყოფილ მოადგილე გელა ხვედელიძეზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სსსკ-ს 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ყოფილი მაღალჩინოსანს ნიუ ჰოსპიტალში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. გელა ხვედელიძეს ყბა-სახის მოტეხილობა აქვს, მას თვალისა და ყბის ოპერაცია ჩაუტარდა.

ორი ნიღბიანი პირი შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს თავს საცხოვრებელ სახლთან, თარხნიშვილის ქუჩაზე დაესხა. შემთხვევის დროს გელა ხვედელიძესთან ერთად იმყოფებოდა მისი მეუღლე, რომელმაც გამოძიებას უკვე მისცა ჩვენება. მარეხი ფერაძის განცხადებით, მის მეუღლეს თავს მაშინ დაესხნენ, რომდესაც ის ტელეფონზე საუბრობდა. ფერაძე ფიქრობს, რომ თავდამსხმელები მას ელოდებოდნენ. ოჯახს ვერსიები არ აქვს, თუმცა შურისძიების მიზნით თავდასხმის მოტივს გამორიცხავს.

„სამი წუთით ადრე გამოვიდა და მეც ჩამოვედი. მეუღლე საუბრობდა ტელეფონზე და უცებ დაესხა ეს ორი ნიღბიანი თავს. არავითარი, არანაირი მუქარა, არ ვიცი გაოგნებული ვარ. სახლთან მოხდა, ორი ახალგაზრდა ბიჭი იყო. საერთოდ არაფერი არ უთქვამთ. შევესწარი თავდასხმას, ვცდილობდი ნიღაბი ჩამომეხსნა ერთ-ერთი თავდამსხმელისთვის, მაგრამ ვერ შევძელი, უცებ გაიქცნენ. თავდამსხმელები, სავარაუდოდ, 25-30 წლის ასაკის პირები იყვნენ“, - აცხადებს მარეხი ფერაძე.

შს მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, გელა ხვედელიძის საქმეში ამ ეტაპზე ცეცხლსასროლი იარაღი არ ფიგურირებს. როგორც ხუციშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქმეზე სამართალდამცველების მხრიდან რეაგირება სწრაფად მოხდა და გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს.

„პირველადი მონაცემები რაც გვაქვს, არის ის, რომ ცეცხლსასროლი იარაღი არ ფიგურირებს. დანარჩენს ალბათ, გვეტყვის გამოძიება, რომელიც ინტენსიურად მიმდინარეობს. ჯერჯერობით, სანამ გამოძიების შედეგები არ იქნება, რაიმე მოტივზე საუბარი ნაადრევია“, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის მოადგილე 2013 წლის 12 მაისს გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების გამო დააკავეს. ხვედელიძემ, პირადი ანგარიშსწორების მიზნით, „ქართული ოცნების“ ყოფილ აქტივისტს გიორგი ფარესიშვილს პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური კადრები ინტერნეტში გაუვრცელა. გელა ხვედელიძეს ერთწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს და გაათავისუფლეს. ხვედელიძე, რომელიც ასევე დაახლოებული იყო ყოფილ ძალოვნებთან, ერთგვარი შუამავლის როლს ასრულდებდა ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებს შორის.

გაზეთ „ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე აცხადებს, რომ ხვედელიძე მასთან მეგობრობის გამო დაისაჯა და გახდა ანგარიშსწორების მსხვერპლი სუს-ის უფროსის მოადგილის სოსო გოგაშვილის მხრიდან. როგორც კილაძემ აღნიშნა, გელა ხვედელიძე გუშინ მასთან იმყოფებოდა და საუბრობდა მოსალოდნელ საფრთხეებზე, რომელიც შესაძლოა, ელისო კილაძის მიერ გამოქვეყნებულ და მომავალში გამოსაქვეყნებელ მასალებს მოჰყოლოდა.

კილაძის განცხადებას, რომ შს მინისტრის ყოფილ მოადგილეზე თავდასხმა სუს-ის უფროსის მოადგილის მიერაა ორგანიზებული, აბსურდულს უწოდებენ სუს-ში. ყოფილ მაღალჩინოსანზე განხორციელებულ თავდასხმას აფასებენ საკანონმდებლო ორგანოში. უმრავლესობა გამოძიების დასრულებას ელოდება.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ამბობს, რომ მომხდარის მოტივს გამოძიება დაადგენს.

„სამწუხაროდ, ნამდვილად ამაზრზენი ფაქტი მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დროული და ღირსეული გამოძიება მოხდეს ამ საშინელი შემთხვევის. დანარჩენი გამოძიების თემაა. ჩვენი გუნდის პოზიცია არის ის, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს ამ საკითხის ადეკვატური და ღირსეული გამოძიება“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

საპარლამენტო ოპოზიცია გელა ხვედელიძეზე თავდასხმას დაუსჯელობის სინდრომს უკავშირებს. „ნაციონალური მოძრაობის“ მდივანი თინათინ ბოკუჩავა შიდა სახელმწიფოებრივ დაპირისპირებაზე საუბრობს და პროცესები შევარდაძიესეულ ერას აგონებს.

„კრიმინალი მკვეთრად არის გაზრდილი ჩვენს ქვეყანაში და ამას გრძნობს ნებისმიერი ჩვენი თანამოქალაქე. რაც შეეხება ამ კონკრეტულ თავდასხმას, შეიძლება სახეზე გვქონდეს შიდა სახელმწიფოებრივი დაპირისპირება, რაც ასევე ძალიან შემაშფოთებელია და ტენდენციად იქცა დღევანდელი მთავრობის პირობებში. ასეთივე დაპირისპირების ნიშნები იყო ბათუმში და არის ბევრი სხვა მაგალითები, რაც მე პირადად შევარდაძიესულ ერას მაგონებს“, - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

სახელმწიფოს გამოძიების დროულად დასრულებისკენ მოუწოდებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი კიკნაველიძე, რომლის შეფასებით, როდესაც ადამიანებს თავს ესხმიან და დამნაშავეები დაუსჯელები რჩებიან, ჩნდება სერიოზიული ეჭვები ხელისუფლების ჩართულობის შესახებ, რაც მისი თქმით, ყველაზე მეტად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს.

„ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია გამოძიება დასრულდეს სწრაფად, დამნაშავეები დადგინდეს სწრაფად, რომ მომავალში არავის აღარ გაუჩნდეს ცდუნება, რომ ვინმეს თავს დაესხას ქუჩაში, მაგრამ ეს არის ბოლო წლების ქართული რეალობის განუყოფელი ნაწილი, ძალადობა და შემდეგ ამ ტიპის ძალადობის გამოუძიებლობა. ეს ყველაზე მეტად აზიანებს თითოეული მოქალაქის უსაფრთხო გარემოს საქართველოში“, - განაცხადა ირაკლი კიკნაველიძემ.