სანკტ-პეტერბურგის მეტროს სადგურებს „Сенная площадь“-სა და „Технологический институт“-ს შორის აფეთქება მოხდა. რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია სანკტ–პეტერბურგის მეტროში კიდევ ერთი ნაღმის აღმოჩენის შესახებ. ნაღმი, რომელიც არ ამოქმედებულა, მეტროსადგურ „Площадь Восстания“ – ში აღმოაჩინეს. ნაღმი გააუვნებელყვეს, თუმცა ანტიტერორისტული კომიტეტი ნაღმის სიმძლავრესა და ტიპს არ ასახელებს. მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ნაღმი ხელნაკეთი იყო.
რუსეთის გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა სანკტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარ აფეთქებას ტერაქტი უწოდა. ამ დრომდე პასუხისმგებლობა არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. გავრცელებული ინფორმაციით, სანკტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარი აფეთქების სავარაუდო ორგანიზატორი მეტროპოლიტენის კამერებმა დააფიქსირა.
ინტერნეტ გამოცემა „Фонтанка“-მ პეტერბურგის ტერაქტში ეჭვმიტანილის ფოტო გამოქვეყნა. სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენში მომხდარი აფეთქების ფაქტზე ძებნა ორ ადამიანზე გამოცხადდა, ერთ-ერთმა ასაფეთქებელი მოწყობილობა მეტროს ვაგონში დატოვა, მეორემ კი, ბომბი სადგურ „Площадь восстания“-ზე დატოვა. „ინტერფაქსი“-ს ინფორმაციით, მეორე ბომბი ცეცხლმაქრით იყო შენიღბული, რომლის გაუვნებელყოფაც მოხერხდა.
ზოგიერთი მონაცემით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მეტროს ვაგონში დატოვებულ პორტფელში იყო მოთავსებული.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რომელიც სანკტ–პეტერბურგში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, სხვადასხვა ვერსიებს შორის ტერაქტიც განიხილა და პირობა დადო, რომ მომხდარზე გამოძიება უმოკლეს ვადებში დასრულდება. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, აფეთქების მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა განიხილება ყველა ვერსია, მათ შორის ტერორისტული აქტი.
აღსანიშნავია, რომ მომხდარის გამო მოსკოვის მეტროპოლიტენში უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, ვერონიკა სკვორცოვას განცხადებით, სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენში მომხდარი აფეთქების შედეგად ბოლო ინფორმაციით, 10 ადამიანი დაიღუპა და 47 დაშავდა. სკვორცოვას განცხადებით, ორი ადამიანი მძიმე ხარისხის დამწვრობითა და ჭურვის ნამსხვრევებით მიყენებული ჭრილობით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სანკტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარ აფეთქებას ტერაქტი უწოდა რუსეთის გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა ალექსანდრე კურენოიმ, რომლის განცხადებით, ტერორისტების მიზანია ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის დესტაბილიზება და შიშისა და პანიკის დათესვა.
„პროკურორები ყველაფერს გააკეთებენ, რათა ყველა ის მომენტი დააზუსტონ, რომლებმაც ხელი შეუწყო ტერაქტის განხორციელებას“, – აღნიშნა ალექსანდრე კურენოიმ.
მოსკოვში საქართველოს ინტერესების სექცია ცდილობს მოიძიოს ინფორმაცია, სანკტ-პეტერბურგში დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ და არიან თუ არა მათ შორის საქართველოს მოქალაქეები. გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად რუსეთის ოფიციალური სტრუქტურები ახორციელებენ ამ პირების იდენტიფიცირებას.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საკონსულო სამსახური მუშაობს ძალიან აქტიურად და ამ ეტაპზე არანაირი მონაცემები არ არის, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან დაშავებულთა ან დაღუპულთა რიგებში.
„ყველა ტერორისტული აქტი დიდ ზიანს აყენებს საერთო უსაფრთხოებას და მიმართულია მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინებისკენ. ჩვენ ვგმობთ ყველა ტერორისტულ აქტს, ასეთი ტიპის გამოვლენებას. საერთაშორისო საზოგადოების მიზანი უნდა იყოს, რომ შესაძლებელი იყოს ტერორიზმის დამარცხება“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.
მომხდარ ტერაქტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა:
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ რუსეთში, სანკტ-პეტერბურგის მეტროში დღეს მომხდარი აფეთქების გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს“, – აღნიშნულია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.
სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენში მომხდარ ტერორისტულ აქტს მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან. რუს ხალხს თანაგრძნობას უცხადებს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. ფაქტს ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ფედერიკა მოგერინი, რომელიც ლუქსემბურგში ევროკავშირის საბჭოს სხდომას ესწრება.
„ევროკავშირის ყველა საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად თვალყურს ვადევნებთ ინფორმაციას სანკტ-პეტერბურგიდან. ჩვენი ფიქრები რუს ხალხთანაა“, – წერს ფედერიკა მოგერინი.