ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ანტიკორუფციული აქციები პროცესებს პირდაპირ „სისხლიან შედეგებამდე“ მიიყვანს. რუსეთი საერთო სახალხო პროტესტმა მოიცვა, მოსახლეობა კორუფციის წინააღმდეგ გაერთიანდა. პარალელურად კი, რუსეთი ურთიერთობებს აღრმავებს ირანთან, რომელთაც საერთო ინტერესი აერთიანებთ - რეგიონში დასავლეთის და აშშ–ის გავლენის შემცირება.
რა ინტერესები აერთანებთ მოკავშირეების გარეშე დარჩენილ ირანს და რუსეთს და რამდენად შესაძლებელია ანტიკორუფცულმა აქციებმა სახიფათო სახე მიიღოს? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ანალიტიკური საბჭოს მკვლევარს ზურაბ აგლაძეს ესაუბრა.
დასავლეთთან დაპირისპირებული რუსეთი ურთიერთობას აღრმავებს ირანთან. ირანის პრეზიდენტმა რუს კოლეგასთან შეხვედრაზე აღნიშნა საბოლოო მიზანი რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის გაძლიერებაა. როგორ ფიქრობთ, რუსეთ–ირანის კავშირების გამყარება მესამე ძალის წინააღმდეგ არის მიმართული? ცნობილია ისიც, რომ ირანი და რუსეთი სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მთავარი მხარდამჭერები არიან...
ზურაბ აგლაძე: ირანს და რუსეთს ყოველთვის კარგი ურთიერთობები ჰქონდათ, მათ შორის ეს შეეხება იარაღით ვაჭრობის საკითხს. საკმაოდ ბევრ საკითხში რუსეთი მხარს უჭერდა ირანს, რადგან მის ინტერესებში შედიოდა. ირანის კარტს ათამაშებდა დასავლეთთან, რადგან მის განკარგულებაშია ატომური ბომბი. ეს ურთიერთობები არც გაციებულა, დღემდე არსებობს. თავის მხრივ, ეკონომიურად მიმზიდევლია ირანისთვის რუსეთი, ბევრ რამეში სჭიდრება მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ძალიან განვითარებული არ არის.
მოკავშირეების გარეშეა დარჩენილი როგორც ირანი, ასევე რუსეთი...
-რასაკვირველია, ბევრი ალტერნატივა არ აქვს ირანს, ამიტომაც ბუნებრივია, რომ ინარჩუნებს რუსეთთან ურთიერთობას. რუსეთის მხრიდანაც ბუნებრივია, ირანის საკითხის რეგულარულად წინ წამოწევა, რადგან ამერიკასთან საკმაოდ კარგი სავაჭრო თემა იყო აქამდე, მაგრამ ტრამპის განცხადების შემდეგ კითხვის ნიშნები დაისვა, ამერიკა როგორ გააგრძელებდა ურთიერთობას ირანთან. ამის ფონზე, ირანმა ინტენსიური გახადა ურთიერთობა რუსეთთან, რუსეთი ცდილობს ამ კარტის გათამაშებას, რომ კიდევ ერთი ბერკეტი გაიჩინოს, რაც ბუნებრივი პროცესია და ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ.
ირანი ურთიერთობას აღრმავებს რუსეთთან, მაგრამ ასევე აწუხებს რუსეთის დამთბარი ურთიერთობა ისრაელთან. როგორ ფიქრობთ, რუსეთ–ისრაელის ურთიერთობამ შესაძლებელია ბზარი შეიტანოს რუსეთ–ირანის ურთიერობაში?
- ეს არის საერთაშორისო ურთიერთობები, ამიტომ, ირანი აცნობიერებს იმას, რომ შესთავაზებული მეგობრობის მიუხედავად, რუსეთი უარს არ იტყვის ისრაელთან ურთიერთობაზე. ეს გეოპოლიტიკა არის, ამიტომ აქ ერთია წუხილის გამოხატვა და მეორეა, რა არჩევანი აქვს ირანს. ირანს არ აქვს ბევრი არჩევანი, არ აქვს იმის ფუფუნება, რომ რუსეთის სახით კიდევ ერთი მეგობარი მოიძულოს. სხვათა შორის, ირანს მოუწევს ამ ურთიერთობის ატანა მომავალშიც.
რუსეთი ცდილობს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების გაუმჯობესებას. თავის მხრივ, პრეზიდენტი ტრამპი ირანის წინააღმდეგ უფრო მკაცრ მოქმედებებს ემხრობა, ამ პროცესში როგორ ჯდება ამ სამეული ქვეყნის ურთიერთობა?
- მიუხედავად იმისა, რა პიროვნული ურთიერთობა შეიძლება ჩამოუყალიბდეს პუტინს და ტრამპს, გეოპოლიტიკური, სახელმწიფო ინტერესები და უსაფრთხოების გარემო სხვა არის და მას პიროვნული ინტერესი ნამდვილად ვერ გადაწონის. ალბათ, სწორი ტაქტიკა აირჩიეს ტრამპის მოწინააღმდეგებმა, ტრამპი იმდენად კარგად ჩააბეს რუსეთთან ურთიერთობებში, რომ ახლა ტრამპს უწევს ერთგვარი თავის დაცვა, რაც გამოიხატება იმაში, რომ არავითარ დათმობაზე არ მიდის რუსეთთან, საკმაოდ რადიკალურ განცხადებებს აკეთებს. თავისი ქმედებით იძულებულია დაუმტკიცოს საზოგადოებას, რომ ის არ იმართება რუსეთისგან და რუსეთს არაფერი აქვს საერთო მის არჩევასთან.
რუსეთმა და ირანმა კარგად მოახერხეს განსხვავებების გვერდზე გადადება, რადგან ორივეს საერთო ინტერესია დასავლეთის და აშშ–ის გავლენის შემცირება. ორი ქვეყნის ინტერესების დაახლოებამ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს დასავლეთის და ამერიკის პოლიტიკაზე, რომელთაც საერთო ინტერესები აქვთ სირაში?
- გასაგებია, მათი ინტერესები ემთხვევა სირიაში, მაგრამ ეს არ იქნება გადამწყვეტი. რუსეთ-ირანის ურთიერთობების უფრო მჭიდრო დაახლოების საფუძველი შეიძლება გახდეს ამერიკის ახალი ადმინისტრაციის გადაწყვეტილება – ირანის მიმართ სანქციების გამკაცრება. წინააღმდეგ შემთხვევაში ირანს ნამდვილად არ უღირს მეტ-ნაკლებად დამთბარი ურთიერთობები და მოხსნილი სანქციები გაცვალოს რუსეთთან ურთიერთობაზე იმიტომ, რომ არაფერს აძლევს იგივე ეკონომიკური კუთხით.
მაგრამ ირანი რუსეთის მნიშვნელოვანი პარტნიორია...
- რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი პარტნიორია, მაგრამ არა ერთადერთი და გადამწყვეტი. თავის დროზე დასავლეთის სანქციებმა გაცილებით დიდი ეფექტი გამოიღო ირანის ეკონომიკაზე, ვიდრე რუსეთთან ურთიერთობამ. ამიტომ, ირანი არ გაცვლის დასავლეთთან ურთიერთობას რუსეთთან ურთიერთობებზე. ამ შემთხვევაში ირან–რუსეთის ურთიერთობების გასაღები მაინც ვაშინგტოშია.
ირანი დაელოება მოვლენების განვითარებას. ერთია რა განცხადებას აკეთებს ტრამპი და მეორეა რეალაურად რა ქმედებებს მოაყოლებს. ეს ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. კერძოდ, როგორი იქნება ევროპა-ამერიკის ურთიერთობა, რა ურთიერთობა ექნება რუსეთს და ამერიკას. ამიტომ, მთლიან კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ცალკე ვერ ამოვიღებთ რუსეთ-ირანის ურთიერთობებს.
ამ ფონზე საინტერესო პროცესები ვითარდება რუსეთში, ანტიკორუფციულმა აქციებმა, რომლებიც ბოლო 5 წლის განმავლობაში დიდი მასშტაბებით გამოირჩევა, რა გავლენა შეიძლება იქონიოს რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობებზე?
- ძნელია რუსეთს და რუს ხალხს გაუგო. რა თქმა უნდა, ძნელი იქნება რაღაცა გარდატეხის შეტანა რუსეთის პოლიტიკურ გარემოში, თუმცა ვფქირობ, რომ ეს დასაწყისია. იმდენი ხანია პუტინი მართავს ქვეყანას, რომ ალბათ, მოსაბეზრებელიც კი არის რუსეთისთვის. ვფიქრობ, რომ მობეზრდათ, რაღაცა ცვლილებები იქნება. კარგია, რომ აქცენტი კორუფციაზე გაკეთდა და არა პოლიტიკაზე.
მათი ლეგიტიმური უფლებაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, სახელმწიფოს სთხოვენ ამის მოგვარებას. მაგრამ ცუდია ის, რომ რუსეთი ვერ მოაგვარებს კორუფციას. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით პუტინის რეჟიმი უძლურია. ერთ-ერთმა დეპუტატმა განაცხადა – რუსეთში კორუფციასთან ბრძოლა საფრთხეს უქმნის რუსეთის სუვერენიტეტსო, რაც ერთი მხრივ მართალია.
წარმოვიდგინოთ, რომ წინა პლანზე წამოიწია კორუფციულმა გეგმებმა და გარიგებებმა, დაიწყოს გამოძიება, ალბათ, კადიროვის რეჟიმიდან დაწყებული და უშალოდ კადიროვით დაწყებული საკმაოდ ბევრი მაღალჩინოსნის დაპატიმრება მოუწევთ. როგორ წარმოგიდგენიათ კადიროვი რომ დააპატიმრონ, ამას ხომ სერიოზული კატაკლიზმები მოჰყვება ჩეჩნეთში.
მართლაც, რთულია რუსეთში კორუციასთან ბრძოლა, რადგან პუტინმა პრაქტიკულად ყველა ის ადამიანი უნდა დააპატიმროს, ვისზეც მისი რეჟიმი და ამ რეჟიმის წევრები დგანან. პარაქტიკულად შეუძლებია რუსეთში კორუფციის აღმოფხვრა. 1987 წელს არავინ იფიქრებდა, რომ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა, მაგრამ მოხდა ეს კატაკლიზმა, დაინგრა ძალიან დიდი და ამავე დროს ძალიან ცუდი იმპერია, რასაც საბჭოთა კავშირი ერქვა. ვფიქრობ, რომ შესაძლებელია იგივე სცენარი განვითარდეს და სწრაფად მოხდეს პოლიტიკური ცვლილებები.
რუსეთში პოლიტიკური ცვლილელები როგორ შეიძლება საქართველოზე აისახოს?
- მოკლევადიან პერსპექტივაში შეიძლება აისახოს საქართველზე და რეგიონის ქვეყნებზე ეკონომიკურად. ასევე, რაღაცა სახის ცვლილებები მოხდეს უსაფრთხოების გარემოზე, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, რა თქმა უნდა, ეს დადებითის მომტანია. დაახლოებით ვირუსს ჰგავს ეს ვითარება, ალბათ, უნდა მოვიხადოთ ეს ვირუსი, რომელსაც წამალი არ შველის. მჯერა, რომ ისტორიული ფანჯარა გამოჩნდება.
რუსი ანალიტიკისოები წერენ, რომ ალექსეი ნავალნი რომელიც ანტიკორუფციული აქციის ორგანიზატორია, გაუჭირდება პროცესების მართვა. როგორ ფიქრობთ, ნავალნის უკან შესაძლოა, დასავლეთიც იდგეს?
- დასავლეთი საკმაოდ დიდ ფულს ხარჯავს რუსეთის პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. მომხრე ვარ ამ პროცესის გაძლიერების, რომ განეიტრალდეს პუტინის პროპაგანდისტული მანქანა და ალტერნატიული ინფორმაცია მიეწოდოს მოსახლეობას, რასაც ეფექტი ექნება. ბუნებრივია, დასავლეთმა ეს უნდა გააკეთოს და ვფიქრობ, დაგვიანებულიც კი არის.
რაც შეეხება ნავალნის, არ ვიცი შეძლებს თუ არა ლიდერობას, საკმაოდ დიდი ხანი გაძლო პუტინის ოპოზიციაში, ალბათ, აქვს ამის შესაძლებლობა. თუმცა, ბორის ნემცოვისგან განსხვავებით, ნავალნის მისივე განცხადებებიდან გამომდინარე ნამდვილად ვერ წარმოვიდგენ ლირებარ-დემოკრატად. რუსეთის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ოპოზიციური ლიდერების მარგინალიზაცია მოახდინონ, ან ფიზიკური განადგურება, როგორც ბორის ნემცოვის შემთხვევაში იყო.
რამდენად შესაძლებელია ანტიკორუფციულმა აქციებმა სახიფათო სახე მიიღოს? რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ანტიკორუფციული აქციები პირდაპირ მიდის „სისხლიან შედეგებამდე“...
– ხელისუფლების განცხადებებიდან ჩანს, რომ აშკარად შეაწუხა ამ პრობლემამ. მოსახლეობა პოლიტიკურ მოთხოვნებს არ აყენებს, საერთო სახალხო პროტესტია კორუფციის წინააღმდეგ. საერთო კონსენსუსია - ქვეყანაში არის კორუფცია და ეს უნდა აღმოიფხვრას. რაც შეეხება პუტინის განცხადებას, ყველას გვახსოვს სისხლიანი რევოლუციები, ამიტომ გამორიცხული არაფერია. თუმცა, წინასწარ ძალიან რთულია დასკვნების გაკეთება.
ვფიქრობ, პროცესების განვითარება დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორი იქნება ეკონომიკური მდგომარეობა. თუ არ შეიცვალა არსებული სოციალურ-ეკონომიკური მოდელი, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია ხელისუფლების ცვლასთან და პოლიტიკურ მოდელთან, ძალიან გაუჭირდებათ პროცესების შენარჩუნება. როგორი იქნება ეს ცვლილებები, არ ვიცი, მაგრამ პუტინის რეჟიმი და რუსეთი ამ ფორმით დიდი ხანს რომ ვერ გაძლებს, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.