„სოციალური სამართლიანობა გვკარნახობს, რომ უმუშევრად დარჩენილებზე უმუშევრობის კომპენსაცია გაიცეს“

„სოციალური სამართლიანობა გვკარნახობს, რომ უმუშევრად დარჩენილებზე უმუშევრობის კომპენსაცია გაიცეს“

ვის შეეხება უმუშევრობის კომპენსაცია და რა თანხით განისაზღვრება იგი? ადამიანთა გაღატაკება ნებისმიერი სახელმწიფოსთვის წამგებიანია, ამიტომ უმუშევრად დარჩენილებზე, როგორც წესი, უცხოეთში უმუშევრობის კომპენსაცია გაიცემა. თუმცა საქართველოში ამ პრობლემის გადაწყვეტა ვერ ხერხდება, რადგან უმუშევრობის კომპენსაციისთვის თანხების მოძიება არც ისე იოლია.

პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილეს გოჩა ალექსანდრიას აინტერესებს, რა ურჩევნია სახელმწიფოს, ადამიანების სწავლებისთვის გაღებული თანხა წყალში გადაყაროს და უმუშევრად დარჩენილები საზღვარგარეთ გაუშვას, თუ მათთვის კომპენსაცია გაიღოს და შემდგომში ეს ადამიანები დაასაქმოს?

For.ge გოჩა ალექსანდრიას ესაუბრა.

არის ასეთი მოსაზრება, რომ უმუშევრობის კომპენსაცია რაოდენობის თვალსაზრისით ძალიან დიდი არ უნდა იყოს, რათა არ გააზარმაცოს სამუშაოს მაძიებელი და უქმად ყოფნას არ მიაჩვიოს; არც ძალიან მცირე არ უნდა იყოს, რათა უმუშევრად დარჩენილმა თავის ღირსეულად გატანა ვერ შეძლოს. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს?

- არიან „ტვინიკოსი ექსპერტები“, რომლებსაც მიაჩნიათ, თითქოს უმუშევრობის კომპენსაციის გაცემის დრო ჯერ არ დამდგარა და საამისოდ საქართველო ეკონომიკურად მომწიფებული არ არის. რეალურად, აქ სამ რამეზეა საუბარი - ჰუმანურ მიდგომაზე ადამიანების მიმართ, სოციალურ სამართლიანობასა და ეკონომიკურად გამართლებულ სისტემაზე. ცივილიზებული სამყარო დიდი ხანია მიხვდა, რომ ამ ტიპის კომპენსაციის გაცემა საჭიროა და არავინ ელოდება, ეკონომიკა საკმარისად აქვს განვითარებული თუ ნაკლებად განვითარებული. ამას აკეთებს ყველა წამყვანი და არაწამყვანი ცივილიზებული ქვეყანა სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი სამი მიდგომიდან გამომდინარე. ცხადია, ეკონომიკურად ეს გამართლებულია. იმ ტვინიკოსებს, ვინც ამის წინააღმდეგ გამოდიან, სწორედ ეკონომიკური ნაწილი აშინებთ. განსაკუთრებით, ჩვენნაირ ქვეყნებში, როცა ადამიანი უმუშევრად რჩება, მას ორი ვარიანტი აქვს. პირველი, გრძელვადიან უმუშევრად დარჩეს და განიცადოს დეკვალიფიკაცია, შესაბამისად, ის ცოდნა, გამოცდილება, უნარები, რაც მან წლების განმავლობაში შეიძინა, დაკარგოს. ამით აღმოჩნდება, რომ სახელმწიფომ ტყუილად დახარჯა, გაფლანგა ის ფული და ინვესტიცია, რაც თავის დროზე ამ ადამიანში ჩაიდო. ჩვენთან ხომ საშუალო განათლება უფასოა. დიდწილად, პროფესიული განათლებაც უფასოა. ასევეა უმაღლესი განათლებაც.

თუ აბიტურიენტი ეროვნულ გამოცდებს მაღალ დონეზე ჩააბარებს, მისთვის განათლების მიღება უფასოა. ხანგრძლივი უმუშევრობის შემთხვევაში კი, სახელმწიფოსგან გაღებული ეს ინვესტიცია დაკარგულია და ამის უამრავი მაგალითია საქართველოში. რაც შეეხება მეორე ვარიანტს, ეს მდგომარეობს იმაში, რომ სამსახურის დაკარგვის შემდეგ ადამიანი წავა უცხოეთში, გამოაკლდება ქართულ შრომით ბაზარს. ეს ნიშნავს, რომ საქართველომ კადრი უცხოეთისთვის მოამზადა. აქ მისცა განათლება, გამოცდილება და ეს ადამიანი მაინც წავიდა უცხოეთში. დავუბრუნდეთ პირველ შემთხვევას, როცა უმუშევრად დარჩენილზე სახელმწიფო არ ზრუნავს. სახელმწიფომ რამე კი არ უნდა აჩუქოს და მოწყალება კი არ უნდა გაიღოს, არამედ შექმნას სოციალური დაცვის სისტემის ერთ-ერთი შემადგენელი ასპექტი. სწორედ ეს არის უმუშევრობის შემწეობა. სახელმწიფო კი არ ჩუქნის, არამედ სისტემას ქმნის, საიდანაც ნებისმიერი ჩვენგანი, ვისაც ეს პრობლემა დაუდგება, უმუშევრობის შემწეობას მიიღებს ექვსი, რვა თვის თუ წელიწადის განმავლობაში. ყველა ქვეყანაში ეს სხვადასხვანაირადაა დარეგულირებული, მაგრამ ყველგან გაიცემა უმუშევრობის დახმარება.

სახელმწიფოს შეუძლია თქვას, რატომ უნდა დავეხმარო ახლახანს სამუშაო დაკარგულ ადამიანს, როცა უმუშევართა მთელი კატეგორია მყავს, რომელთაც საერთოდ არ უმუშავიათ?

- სახელმწიფო ამ ადამიანს მხოლოდ ჰუმანური მოსაზრებიდან გამომდინარე კი არ ეხმარება, არამედ - იმიტომაც, რომ ეს ადამიანი გადასახადებს იხდიდა მანამ, სანამ მუშაობდა და სხვებს ეხმარებოდა. მისი გადასახადიდან გაიცემოდა პენსია, სოციალური შემწეობა, პოლიციას აცმევდა, იარაღს ყიდულობდა ჯარისთვის, საჯარო მოხელეს ხელფასს უხდიდა. როცა თვითონ დარჩა უმუშევრად, მასაც დასჭირდა დახმარება. სოციალური სამართლიანობა გვკარნახობს, რომ არსებობდეს სოციალური დაცვის და არა - მოწყალების სისტემა.

ზოგადად, ყოველი ადამიანის უმუშევრად დარჩენა სახელმწიფოსთვის წამგებიანია, რადგან ბიუჯეტში აღარ შევა მის მიერ გამომუშავებული თანხა.

- რაზეც თქვენ ბრძანებთ, აქ შემოდის ეკონომიკური ასპექტიც. რა არის სახელმწიფოსთვის უმთავრესი? უმუშევარი ადამიანის გაღარიბება-გაღატაკებას დაელოდოს, როცა სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი 50 ათასი ქულის მიღმა აღმოჩნდება და მოსთხოვს სახელმწიფოს დახმარებას თუ, რაც შეიძლება მალე დააბრუნოს ეს ადამიანი შრომის ბაზარზე და სახელმწიფო შემწეობის მიმღებიდან გადასახადის გადამხდელად გადააქციოს? სწორედ ეს უნდა იყოს სახელმწიფოს ინტერესი. ამისთვის უნდა ქმნიდეს სახელმწიფო დასაქმების სამსახურს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით შეაგროვებს ვაკანსიებს და უმუშევრად დარჩენილ დარეგისტრირებულ ადამიანს შესთავაზებს ვაკანსიებს. თუ ადამიანს არსებული ვაკანსიების შესაბამისი პროფესიული უნარ-ჩვევები და კვალიფიკაცია არ ექნება, სახელმწიფომ მას უნდა შესთავაზოს პროფესიული განათლების კოლეჯის მომსახურება. ასე მუშაობს ყველა ნორმალური ქვეყანა.

მაგალითად, როცა უმუშევრად გყავს 250 ათასი ადამიანი, ეს ნიშნავს, რომ ეს ადამიანები აკლდებიან მომხმარებლების ბაზას. ეს ადამიანები ხომ ყიდულობენ პურს, კარაქს, თმას იჭრიან, კინოში დადიან, ბავშვები დაჰყავთ მუსიკაზე. ამ ყველაფერს უმუშევრად დარჩენილი ძველებურად ვეღარ განახორციელებს, ანუ იგი მომხმარებელთა საერთო ბაზას მოაკლდება. შესაბამისად, მოხმარება შემცირდება, რაც ბიზნესსაც დაარტყამს. თუკი მასობრივი უმუშევრობა დგება რომელიმე კონკრეტულ ქალაქში, მაგალითად, რუსთავში, „აზოტის“ შემთხვევაში, ან ჭიათურაში, სადაც სხვა სამუშაო არ არის, გარდა მაღაროსი, იქ 300-400 ადამიანის უმუშევრად დარჩენა ნიშნავს, რომ ისე ვეღარ იმუშავებს სასადილო, ავტობუსი, სამარშრუტო ტაქსი. ეს საერთო მოთხოვნას ამცირებს. ცივილიზებულ ეკონომისტებს უცხოეთში ეს ზარალი დათვლილი აქვთ, მაგრამ ჩვენს ვაიეკონომისტებს არ უნდათ, ეს გაიგონ.

სხვადასხვა ქვეყანაში უმუშევრობის კომპენსაცია განსხვავებულია. ჩვენთან როგორ უნდა განისაზღვროს ამ ტიპის შემწეობა?

- უცხოური გამოცდილება ეფუძნება მარტივ ლოგიკას. თუკი დასაქმებული პირი იღებდა 1000-ლარიან ხელფასს, უმუშევრობის შემდეგ მას ნულოვანი შემოსავალი აქვს. უფრო მეტიც, მინუსებშია მისი შემოსავალი გადასული, რადან საბანკო სესხი დარჩა გასასტუმრებელი. მას ჰქონდა სხვა ვალდებულებებიც, ბავშვების სწავლა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. გამოდის, მან უნდა გაყიდოს ყველაფერი, თუ რამე აქვს დარჩენილი, ან დაზოგილი თანხა დახარჯოს, მერე გაღარიბდეს, ამის შემდეგ გაღატაკდეს და სოციალურ აგენტს მიაკითხოს. ამის ნაცვლად, სახელმწიფო უნდა ეცადოს ადამიანს შეუნარჩუნოს მინიმუმ საშუალო ღირსეული ცხოვრების დონე. თუ 500 ლარი აქვს ვიღაცას ხელფასი, მან შეიძლება, სამუშაოს მონახვამდე 300 ლარიც იმყოფინოს გაჭირვებით, ანუ მისი ხელფასის 60%. 1000 ლარი ვისაც აქვს და მისი ოჯახი მიჩვეულია ცხოვრების ასეთ დონეს, მისთვის 60% შეადგენს 600 ლარს. გერმანიაში ზოგიერთი უმუშევარი 2000-ევროიან შემწეობას იღებს, ზოგი-1500-ევროიანს. ეს გამომდინარეობს მათი ოჯახის საშუალო შემოსავლიდან, რაც განისაზღვრება ბოლო ექვსი თვის ხელფასის 60%-ით. ევროპულ ქვეყნებში არა მხოლოდ 1800 ევროს აძლევენ 3000-ევროიანი ხელფასის მქონეს, არამედ საკუთარი ოჯახის წევრების მიხედვით დანამატსაც აძლევენ, რათა ცხოვრების იგივე დონე შეინარჩუნოს.

თუ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტში ამდენი თანხა არ არის, მაშინ გამოსავალს სად ხედავთ?

- ჩვენ ხომ 3000-ევროიან ხელფასზე არ ვლაპარაკობთ საქართველოში? თუ ადამიანს 500 ლარი აქვს ხელფასი, უმუშევრად დარჩენისას მისთვის 300 ლარის გადახდა უნდა ერჩივნოს სახელმწიფოს, ვიდრე ის, რომ დაელოდოს, ეს ადამიანი როდის მიაკითხავს სახელმწიფო ბიუჯეტს 46-ლარიანი დახმარებისთვის. გერმანიაში როცა უმუშევარი პირი რეგისტრირდება დასაქმების სახელმწიფო სამსახურში სამუშაოს მაძიებლად, მას უმუშევრობის შემწეობასთან ერთად საყოველთაო ჯანდაცვის დახმარებასაც უნიშნავენ. ამავდროულად, აქტიურად სთავაზობენ სამუშაოს და ახალისებენ, რომ დასაქმების კერძო სააგენტოებშიც დარეგისტრირდეს. თუკი დასაქმების კერძო სააგენტო უფრო ადრე მოუძებნის სამუშაოს, ვიდრე დასაქმების სახელმწიფო სამსახური, მაშინ სახელმწიფო ამ კერძო სააგენტოს გარკვეულ თანხას უხდის. ამით აჩვენებს, რომ მისთვის ამ ადამიანის დასაქმებაა მთავარი. ეს სახელმწიფოსთვისაც კარგია, რადგან უფრო ადრე შეუწყდება ამ ადამიანს უმუშევრობის შემწეობა და კვლავ გადასახადის გადამხდელი გახდება.

თუ ადამიანს საერთოდ არ უმუშავია და ვიცით, საქართველოში ძირითადად ახლობლობით ხდება დასაქმება, მაშინ სახელმწიფოს ვალდებულება არ აქვს მის წინაშე? ეს ადამიანი განწირული უნდა იყოს, რადგან არ ჰყავდა კარგიპატრონი“?

- განწირულობაზე არ არის საუბარი. აქ სოციალური სამართლიანობაა მთავარი. უმუშევრად დარჩენილს უფრო მეტი დახმარება უნდა მიეცეს, ვიდრე ჩვეულებრივი სოციალური დახმარების მიმღებს, რადგან თავის დროზე მუშაობისას ამ ადამიანს კონტრიბუცია შეჰქონდა ბიუჯეტში. ჩვეულებრივ ადამიანებს კი, ვინც დიდი ხნის უმუშევარია და სიღარიბის ზღვარს მიღმაა, სახელმწიფო უნდა უხდიდეს ღირსეულ სოციალურ დახმარებას. ჩვენი ინიციატივა არ ნიშნავს, რომ ყველა უმუშევარს მიეცეს შემწეობა. თუ ადამიანი თავისი ნებით წამოვიდა სამსახურიდან, ან მძიმე დისციპლინარული დარღვევის გამო გამოუშვეს, მას კომპენსაცია არ ეძლევა. აქ საუბარია შემცირების, მასობრივი შემცირების, რეორგანიზაციის თუ კვალიფიკაციის ნაკლებობის მუხლით გამოშვებულ ადამიანებზე.

იმისთვის, რომ უმუშევრად დარჩენილი არ მიეჩვიოს სახელმწიფოს ხარჯზე არსებობას, რა ბერკეტები მოქმედებს უცხოეთის ქვეყნებში?

- ხშირად გაიგონებთ, რომ უცხოეთში ვიღაცას ურჩევნია სამუშაოს მაძიებლად დარეგისტრირდეს, ვიდრე იმუშაოს, რადგან მაინც იღებს სოციალურ დახმარებას. თუმცა, თუ ვაკანსიის პირველ შეთავაზებაზე უარს იტყვის, 60%-იდან 5%-ით შეუმცირებენ უმუშევრობის შემწეობას. თუ მეორედაც იტყვის უარს ვაკანსიაზე, კიდევ შეუმცირებენ და, თუ მესამედაც იტყვის დაუსაბუთებელ უარს და პროფესიულ გადამზადებასაც არ დათანხმდება, მაშინ საერთოდ შეუწყვეტენ უმუშევრობის შემწეობას. ყველაზე ცუდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, მათ შორის, სომალიშიც მისაღებია უმუშევრობის შემწეობის სისტემა და ეკონომიკის დონე აქ არაფერ შუაშია. რა ეკონომიკის დონეცაა, ის მოხმარებაა ქვეყანაში და, შესაბამისად, ადამიანს იმ დონის უმუშევრობის შემწეობა სჭირდება, რათა ცხოვრების სტაბილური დონე შეინარჩუნოს.