ევროკომისიის საიტზე გამოქვეყნებულ ბაზაში იმ უხარისხო თოჯინების სია აღმოჩნდა, რომლებიც საქართველოშიც იყიდება. ამ სიის ნახვის შემდეგ „საქართველოს სტრატეგიული განვითარების ცენტრმა“ გერმანიის ერთ-ერთ ლაბორატორიაში ათი თოჯინა გაგზავნა შესამოწმებლად, რომელთაგან ცხრა ჯანმრთელობისთვის მავნე ქიმიურ ნივთიერებას - ფტალატებს შეიცავდა.
რამდენად უვნებელია ჩვენი სათამაშოები და რატომ ჯობდა საბჭოთა თოჯინა ახლანდელს, ამის შესახებ For.ge-ს მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაცია „ეტიკის“ ხელმძღვანელი ამირან შენგელია ესაუბრა.
გასულ წელს ჩვენ ვწერდით, რომ ქართულ მაღაზიებში 10-დან 9 სათამაშო მავნე ნივთიერებას „დი-2-ეთილჰექსილფტალატს“ შეიცავდა. ევროკავშირში აკრძალული ამ ნივთიერების შემცველობა 1 მგ/გ-ზე მეტი არ უნდა ყოფილიყო, საქართველოში შემოტანილ სათამაშოებში კი ამ ნივთიერების შემცველობა 50, 80, 100-ჯერ აღემატებოდა ნორმას, რაც აზიანებდა ადამიანის რეპროდუქციულ ჯანმრთელობას, მოქმედებდა მის ნაყოფიერებასა და თირკმელებზე. რატომ შეიცავს საქართველოში შემოტანილი სათამაშოები ყველანაირ სიბინძურეს?
- ევროპამ ხმარებიდან ამოიღო ჩინური სათამაშოები. სამწუხაროდ, ჩვენთან არ არის ლაბორატორია, რომელიც დადებს დასკვნას, კარგია თუ ცუდი კონკრეტული სათამაშო. ის, რომ ევროპის ლაბორატორიამ ათიდან ცხრა თოჯინაში მავნე ნივთიერება აღმოაჩინა, ნიშნავს, რომ თითქმის არ გვაქვს კარგი სათამაშო. ეს მარტო სათამაშოებს არ შეეხება. ბავშვისთვის განკუთვნილი ფერადი თეფშებიდანაც გადადის მელანომა და ათასგვარი უბედურება. რა თქმა უნდა, ერთბაშად ჩვენი შვილები არ ავადდებიან, მაგრამ ამ დაავადებებს იღებენ ნელ-ნელა. ასე იშხამება ჩვენი ორგანიზმი.
1994-95 წლებში ჩვენი ორგანიზაცია რომ შევქმენით, გაზეთს ვუშვებდით და იმ გაზეთში დავწერეთ საქართველოში შემოტანილი მავნე სათამაშოების შესახებ. ვინმე დაინტერესდა ამით? მთავრობას არ აქვს მიღებული კანონი მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ. ამ კანონს დღეს თუ არა, ხვალ მაინც მიიღებენ, მაგრამ შს სამინისტროს უნდა ჰქონდეს ამის გაკონტროლების საშუალება. მას შემდეგ, რაც გერმანული ლაბორატორიიდან საგანგაშო დასკვნა მივიღეთ, რომ აქ შემოტანილი თოჯინები არ გახლავთ კარგი პროდუქცია, ეს უნდა გადაეგზავნოს შს სამინისტროს და მან ამოიღოს ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქცია.
ამ დასკვნის შემდეგ გინახავთ რომელიმე მეწარმე, ვინც გადაყარა ან უარი თქვა ამ თოჯინების გაყიდვაზე? თოჯინების ქუჩაში გაყიდვაც არ შველის საქმეს, უნდა განადგურდეს ისევე, როგორც უვარგისი საჭმელი ნადგურდება. თორემ საჭმელს თავისი ვადა აქვს და გარკვეული დროის შემდეგ ისედაც ვერ მივირთმევთ, პლასტმასი კი ძალიან დიდხანს ინახება. თანაც, იაფია ეს სათამაშოები, რადგან დამზადებულია ჯანმრთელობისთვის მავნე მასალისგან. მათ შორის, „დი-2-ეთილჰექსილფტალატისგან“, სპეციფიკური დასახელება აქვს, ცოტა ძნელი გამოსათქმელია. ისიც გასაგებია, რომ მშობელს ფული არ აქვს, ბავშვს უვნებელი სათამაშო უყიდოს. თუმცა, რა ურჩევნიათ მშობლებს, ახლა გადაიხადონ ცოტა ძვირი კარგ სათამაშოში, თუ მერე ბავშვი ატარონ ექიმთან და მკურნალობისთვის გადაუხადონ ათჯერ უფრო მეტი, ვიდრე სათამაშო ღირს? ფაქტობრივად, ამ ასაკის ბავშვი პირით თამაშობს და სათამაშოებს პირთან იტანს. საფრანგეთთან მქონდა შეხება, იქ ბავშვის ფერადი ფინჯანი და კოვზი რვა ევრო ღირს. ეს იმიტომ, რომ ფრანგები ისეთ პროდუქციას აწამოებენ, რომელიც ბავშვისთვის მავნე არ არის. საქართველოში კი ლარიან-ორლარიან სათამაშოს ვყიდულობთ, იმწუთას ბავშვს არაფერი ემართება და ზიანი არ ჩანს, მაგრამ მავნე ნივთიერება ორგანიზმში თანდათანობით გროვდება. ეს ნებისმიერ სათამაშოს შეეხება. არსებობს უფრო ძვირად ღირებული სათამაშოებიც, რომლებიც ეკოლოგიურად, ჯანმრთელობისთვისაც მავნებელი არ არის.
რა გარანტიაა, რომ ძვირადღირებული თოჯინები სანდოა? იქნებ, ისინიც ჩინეთშია დამზადებული, ოღონდ შედარებით უკეთესი ხარისხით. მით უმეტეს, ყოფილა შემთხვევა, როცა თურქეთიდან, რუსეთიდან, აშშ-დან, კანადიდან შემოუტანიათ სათამაშოები და მათ მიღმა დაწუნებული ჩინური პროდუქცია იმალებოდა, რომლებიც სწორედ ზემოთ ჩამოთვლილმა ქვეყნებმა დაბრაკეს, ხოლო არაკეთილსინდისიერმა იმპორტიორებმა საქართველოში შემოიტანეს.
- ამიტომ საზღვარზე უნდა მოწმდებოდეს და საზღვარზე არ უნდა ატარებდნენ ასეთ პროდუქციას. თანაც, უნდა ახლდეს ჯანდაცვის სამინისტროს დასკვნაც. გეთანხმებით, ჩინელებს აქვთ ორგვარი პროდუქცია - კარგიც და ცუდიც. ისინი ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ შემადგენლობა სხვადასხვაა. ჩვენ ვიცით, რომ პლასტმასიც ორგვარია. ერთია, ბენზინს რომ ვასხამთ კანისტრებში და მეორეა, „კოკა-კოლას“ რომ ვსვამთ პლასტმასის ბოთლებით. ეს უკანასკნელი ორგანიზმისთვის ისე მავნე არ არის. კანისტრა კი არასასურველია. მოკლედ, განსხვავებულია სასურსათო და არასასურსათო პლასტმასი. სათამაშოებთან მიმართებითაც იგივე ხდება. ჩვენ უნდა გვქონდეს ამის შემმოწმებელი ლაბორატორია, ან, ყოველ შემთხვევაში, როცა შემოდის ჩინური საქონელი, შემომტანმა უნდა წარადგინოს არა ჩინეთის ლაბორატორიის დასკვნა, არამედ გერმანიის, საფრანგეთის და სხვა სოლიდური ლაბორატორიების დასკვნა.
ჩვენი მოსახლეობის ნაწილს ბაზრობებსა და მიწისქვეშა გადასასვლელებში გაყიდული სათამაშოების ეშინია. ამიტომ შვილისთვის სათამაშოებს ან აფთიაქში ყიდულობს, ან სხვადასხვა საიტიდან იწერს, რაც საკმაოდ ძვირი უჯდება. ნამდვილად უვნებელია აფთიაქში შეძენილი სათამაშოები ან ნაჭრის თოჯინები?
- ნაჭრის თოჯინებსაც თავისი უარყოფითი აქვს. ვითომც ძალიან კარგია უვნებლობის თვალსაზრისით, მაგრამ ნაჭრის თოჯინის ტანსაცმელი რითია შეღებილი? რა საღებავები გამოიყენება? გარდა ამისა, მტვრის ბუდეა. წარმოიდგინეთ, კედელზე გაკრული ხალიჩაც კი იმტვერება, არათუ იატაკზე დაფენილი. ნაჭრის სათამაშოს კი ბავშვი დააგდებს. მართალია, ირეცხება, მაგრამ ყოველ წუთას ხომ ვერ გავრეცხავთ? ცხადია, აფთიაქში შეძენილი სათამაშოები ცელოფანშია ჩადებული, მაგრამ მოხმარებისას ბავშვი ხომ დააბინძურებს? ჯერ წლინახევრის არ არის ჩემი შვილიშვილი და რეზინის უთმო სათამაშო ვუყიდე, რომ თმა პირში არ ჩაიდოს. თანაც, აღნიშვნები ჰქონდა ამ სათამაშოს, რომ ეს იყო ბულგარული წარმომავლობის.
სათამაშოების შემოწმების მარტივი მეთოდი არსებობს, აცეტონი უნდა გადაუსვათ ბამბით და, თუ არ გადადის საღებავი, ე.ი. უკეთესი სათამაშოა. ბავშვი პირში რომ ჩაიდებს, არ გადავა მაინც საღებავი. ეს არის არჩევანი ცუდსა და უარესს შორის. სხვათა შორის, ამერიკამ აუკრძალა ჩინეთს ტყვიის შემცველი საღებავების გამოყენება სათამაშოებში. ჩინეთი ამას დაეთანხმა, მაგრამ ერთი მავნე ნივთიერება შეცვალა მეორე მავნე ნივთიერებით. ასეთი სისწრაფით ხდება ჩინეთში მავნე ნივთიერებების შეცვლა.
საბჭოთა სათამაშოები ბევრად უსაფრთხო იყო?
- შესაძლოა, ლამაზები არ იყო, კარგად არ ეცვათ, მაგრამ ჯანმრთელობისთვის მავნე ნამდვილად არ ყოფილა. ბავშვი პირთან თუ მიიტანდა, არაფერი მოსდიოდა. საბჭოური თოჯინებისთვის თავ-პირს ამტვრევდნენ ერთმანეთს მაღაზიებში. ახლა სხვისი უბედურება რა გასახარია, მაგრამ „ბავშვთა სამყარო“ რომ დაიწვა, ძალიან ბევრი ასეთი ცუდი პროდუქცია განადგურდა.
„სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის დირექტივებთან 2019 წლისთვისაა გათვალისწინებული. სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ დღესვე აუცილებელია საქართველოს ბაზარზე არსებული სათამაშოთი არასრულწლოვანთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა.
- რასაკვირველია, დღეიდანვე უნდა დავიწყოთ მოქმედება, თორემ მოგვიწევს, თითქმის ორი წელი ველოდოთ ამ დირექტივების ამუშავებას. სანამ ორი წელი გავა, იმპორტიორები უკვე შემოზიდავენ უვარგის პროდუქციას.