დღევანდელი წერილი-მოგონების მთავარი გმირი გამოჩენილი ქართველი ხელბურთელი ამბერკი ტაბიძე ბრძანდება - ადამიანი, რომელმაც წინა საუკუნის 70-იან წლებში თბილისის „ბურევესტნიკის“ იმდროინდელ წარმატებებში ერთ-ერთი ძირითადი როლი ითამაშა.
სამწუხაროდ ბატონი ამბერკი დღეს ჩვენს გვერდით არ იმყოფება. სახელგანთქმული სპორტსმენი მიმდინარე წლის 28 იანვარს გარდაიცვალა.
დღევანდელ წერილში ამბერკი ტაბიძის ადრინდელი ინტერვიუებიდან ამოღებულ საინტერესო ნაწყვეტებს შემოგთავაზებთ. იმედია ამ მასალას ახალგაზრდა გულშემატკივრებიც გაეცნობიან და სახელოვანი ხელბურთელის სპორტულ კარიერას გულდასმით გადაიკითხავენ, ქართული სპორტის „სტაჟიანი“ მოყვარულები კი ქართული ხელბურთის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელს კიდევ ერთხელ გაიხსენებენ.
„ხელბურთამდე მძლეოსნობაში, სიმაღლეზე ხტომაში ვვარჯიშობდი. და სხვათა შორის, ძალიან კარგი შედეგები მქონდა. თავდაპირველად გენო მუქერია მავარჯიშებდა, ფიზკულტურის ინსტიტუტში ჩაბარების შემდეგ კი - დიმიტრი იოსელიანი.
მძლეოსნობის შემდეგ ფეხბურთელობა გადავწყვიტე - ჩვენი ინსტიტუტის მეორე გუნდის მეკარე გავხდი. ერთ-ერთ შეხვედრაში ჩემი თამაში თბილისის „დინამოს" მეკარე სერგო შუდრამ ნახა და დამპირდა, დუბლებში მიგიყვანო, მაგრამ იქამდე საქმე არ მისულა. სოხუმში ხელბურთელთა ტურნირი ტარდებოდა, ინსტიტუტში ჩვენმა მწვრთნელმა, გურამ ძაგანიამ კი მითხრა, მოდი ხელბურთელობა სცადე, რას კარგავ, ჩემთან ერთად წამოდი და თუ არ მოგეწონება, რაც გინდა იქ ჰქენიო. მანამდე ხელბურთი რამდენჯერმე ვითამაშე, ისიც სკოლის პერიოდში - სამტრედიის ნაკრებში ვახტანგ ხელისუფალი გვავარჯიშებდა... სოხუმში ჩატარებული თამაშების შემდეგ, როგორც ჩანს კარგი შთაბეჭდილება დავტოვე და თბილისის „ბურევესტნიკში" მიხმეს, პირადად ჯანო ბაგრატიონმა მიმიწვია.
1973 და 1974 წლებში ახალგაზრდული ნაკრების მაისურით იმ დროს ძალიან პოპულარული „მეგობრობის თასი" მოვიგეთ, რომელსაც ოფიციალურად სოციალისტური ქვეყნების ახალგაზრდა ხელბურთელთა საერთაშორისო თასი ერქვა. ეს შეჯიბრება ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის დონისა იყო. პირველად რუმინეთში გავიმარჯვეთ, ერთი წლის თავზე კი ბულგარეთში.
„ბურევესტნიკში" კარგი თამაშის პარალელურად საქართველოს ნაკრების ღირსებასაც ვიცავდი, თუმცა ამ გუნდშიც, მეტწილად, ბურევესტნიკელები თამაშობდნენ. 1975 წელს, საბჭოთა კავშირის ხალხთა VI სპარტაკიადაზე ჩვენ ბრინჯაოს მედალი მოვიგეთ. იმავე წელს სპორტის ოსტატის წოდებით დამაჯილდოვეს.
ჩემს პოზიციაზე, მარჯვენა ფლანგს ვგულისხმობ, 70-იან წლებში ბევრი ძლიერი მოთამაშე არ იყო და ამიტომ ნაკრების მესვეურები ხშირად მეუბნებოდნენ, წამოდი მოსკოვში, ცსკა-ს ძირითადში ადგილი გარანტირებული გექნება, თან ნაკრებშიც მუდმივად ითამაშებო. ყველაზე ხშირად ნაკრების მწვრთნელი ანატოლი ევტუშენკო მეხმიანებოდა, იცოდე, თუ თბილისში დარჩები მოსკოვის ოლიმპიადა შენს გარეშე ჩაივლისო. მშვენიერ პირობებს მთავაზობდნენ, მაგრამ არ წავსულვარ. ვნანობ თუ არა? არა! ვამაყობ, რომ ჩემი ქვეყანა არ მივატოვე. ერთი წამითაც არ მტოვებდა აზრი: საქართველოსთვის უნდა დამეღვარა ოფლი და შემეწირა ჩემი ახალგაზრდობა!
მონრეალის ოლიმპიადის მოგების შემდეგ საბჭოთა გუნდი მოსკოვის თამაშების მთავარ ფავორიტად ითვლებოდა. კარგ ფორმაში ვიყავი და ნაკრების წევრად ვითვლებოდი, საქართველოს სპორტკომიტეტში ელოდნენ, რომ ოლიმპიადაზე ვიასპარეზებდი, მაგრამ ევტუშენკომ გუნდს მიღმა დამტოვა. ოლიმპიადის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე მოსკოვის ცსკა-ს თავკაცი იური პრედეხა დამიკავშირდა, ძირითად შემადგენლობაზე რომ არაფერი ვთქვა, მანქანას და ბინას შემპირდა, ოღონდ ჩვენთან გადმოდიო. ვიფიქრებ-მეთქი, ვუთხარი. გავიდა კიდევ ცოტა ხანი და პოლონეთში წავედი საერთაშორისო ტურნირში სათამაშოდ. მოსკოვში რომ დავბრუნდი, ევტუშენკო კიდევ ერთხელ შემეხმიანა, რა გადაწყვიტეო. თბილისში ვრჩები-მეთქი, ვუპასუხე. მიპასუხა: სამწუხაროა, გამოდის, ოლიმპიადას მხოლოდ მაყურებლის რანგში დაესწრებიო. თბილისში რომ დავბრუნდი, ჯანო ბაგრატიონი შემეხმიანა, ჩემი ამბავი იკითხა, იცოდა, რომ ოლიმპიადაზე უნდა წავსულიყავი. ვუთხარი რა როგორ იყო. ყველა ღონე იხმარა, ბევრი შეაწუხა, მაგრამ მოსკოვის ოლიმპიადამ ჩემს გარეშე ჩაიარა.
1977 საკავშირო ჩემპიონატის ერთ-ერთ ტურს კიევმა უმასპინძლა. მორიგი თამაში უნდა დაიწყოს და უცბად, ტრიბუნაზე მამა შევნიშნე. გაუფრთხილებლად ჩამოვიდა ჩემს საგულშემატკივროდ, თან ქართველების ამბავი ხომ იცით? ხორაგით სავსე ორი დიდი ჩანთა წამოიღო. ყველაზე მეტს ის ყვიროდა და მეჩხუბებოდა, მეტოქის კარისკენ რომ გავიქცეოდი, ის ჩემს მხარდამხარ ტრიბუნაზე დარბოდა აქეთ-იქეთ... ერთ მომენტში ტრავმა მივიღე და ექიმებთან ერთად მამა არ წამომადგა თავზე? სანამ ხელს მიხვევდნენ, მეჩხუბებოდა, ის ბურთი როგორ ააცილეო, არადა, იმ შეხვედრაში რვა თუ ცხრა გოლი გავიტანე!
1978 წელს თბილისში ტრადიციულად ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი გაზეთ „ზარია ვოსტოკას" პრიზზე. იმ დროს ეს შეჯიბრება უმაღლესი დონისა იყო და თბილისის სპორტის სასახლეში ბევრი ძლიერი გუნდი ჩამოდიოდა... მე და ალექსანდრე ანპილოგოვი საბჭოთა კავშირის პირველი ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ვთამაშობდით. ყველა შეხვედრა მოვიგეთ, მათ შორის ჩეხოსლოვაკიელებთან, იუგოსლავიელებთან და რუმინელებთან. ძველ გულშემატკივრებს ემახსოვრებათ: „ზარია ვოსტოკას" თასზე საქართველოს ნაკრებიც გამოდიოდა, რომელიც ძირითადად „ბურევესტნიკის" ბიჭებით იყო დაკომპლექტებული... „რეაქტიული გარემარბი" იმ ტურნირის შემდეგ შემარქვეს.
არ მახსოვს რომელი წელი იყო, ლვოვის არმიის სპორტულ კლუბს ვხვდებოდით. მათ წინააღმდეგ ხელმოტეხილი გავედი - მკლავის აწევა მიჭირდა და დაბლიდან ვურტყამდი „ჩახვეულებს". თამაშის მერე, ჩემი ამბავი რომ შეიტყვეს, სპეციალური პრიზი გადმომცეს მამაცობისთვის.
1983 წელს ხალხთა სპარტაკიადის საუკეთესო ბომბარდირი გავხდი, თან ისე, რომ 7-მეტრიანი ერთხელაც არ დამირტყავს! მე, „ხელბურთელთა ენით" რომ ვთქვათ, ეგრეთ წოდებული „კუთხის მოთამაშე" ვიყავი, ამ პოზიციიდან კი საუკეთესო ბომბარდირობა ბევრისთვის მოულოდნელი იყო.
დიდი ხელბურთიდან 1987 წლის დასაწყისში, „ზარია ვოსტოკას" ტრადიციული ტურნირის დასრულების შემდეგ წავედი. თუმცა, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, რომ გულშემატკივრებმა ჩემთან ერთად გააცილეს ოლიმპიური ჩემპიონი ალექსანდრე ანპილოგოვი, ჯემალ ბარამიძე, ამირან კომახიძე და დიმიტრი აბესაძე. სპორტის სასახლეში შეკრებილმა გულშემატკივრებმა საქართველოს და გფრ-ის ნაკრებთა მატჩის შემდეგ, ტაშით გაგვაცილეს. ძალიან ემოციური, დაუვიწყარი წუთები იყო!
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ერთი წელი ეროვნულ ჩემპიონატში ვითამაშე, თუმცა მცირე ხნით. ხელბურთს მეორედ რომ გამოვეთხოვე, უკვე 44 წლისა ვიყავი. ეს 1996 წელს მოხდა: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კლუბ „სტუ-შევარდენში" მოთამაშე-მწვრთნელი ვიყავი.
ყოველთვის კარგი ფიზიკური მონაცემებით გამოვირჩეოდი. 80-იანი წლების მიწურულს, მოსკოვში უცხოელი ექიმები ჩამოვიდნენ და ერთ-ერთი ტურის წინ ხელბურთელებს სპეციალური აპარატურა დაგვამაგრეს. თამაშის შემდეგ ჩემი მონაცემები რომ შეამოწმეს, თქვეს, ისეთი გულისცემა გაქვთ, ზედიზედ სამ შეხვედრას ჩაატარებთო.
საუკეთესო პარტნიორები? ალექსანდრე ანპილოგოვი და გიორგი ბერიაშვილი. რაც შეეხება კერპს, ასეთად ჯემალ ცერცვაძეს მივიჩნევ, ის დიდებული ხელბურთელი და ყველასთვის მისაბაძი სპორტსმენი გახლდათ!
ქართული ხელბურთი უსახსრობის გამო აღმოჩნდა ასეთ მძიმე მდგომარეობაში, არადა, ძლიერი ხელბურთელები არასდროს გვაკლდა. 90-იანებში, როცა ყველაზე ცუდი პერიოდი იდგა არა მარტო ხელბურთში, ზოგადად, ყველა სფეროში, ტიტე კალანდაძე და სერგო დათუკაშვილი ჩინებულად თამაშობდნენ. მათი დონის მოთამაშეები ბევრ დალაგებულ ევროპულ ქვეყანაში არ მოიძებნებოდა.
რამდენიმე წლის წინ ქუვეითში ვიმუშავე ნახევარი წლით. ქალაქ ნასირის ახალგაზრდული ნაკრების გაწვრთნა შემომთავაზეს და უარს როგორ ვიტყოდი. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ხელბურთის დონე აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებდა, საოცარი ხელშეწყობა იგრძნობოდა: იდეალური ინფრასტრუქტურა, სტაბილური დაფინანსება, უამრავი ბავშვი... როცა ასეთი პირობებია, წარმატება მხოლოდ დროის ამბავია. ჩემი დაკვირვებით, ქუვეითში ხელბურთი პოპულარობით მხოლოდ ფეხბურთს ჩამოუვარდებოდა. ისე, ქუვეითელები ზარმაცები კი იყვნენ. ადგილობრივმა თანაშემწემ მითხრა, ბატონო ტაბიძე, ძალიან ნუ დატვირთავთ ბიჭებს, თორემ აღარ მოვლენო. მართლაც, ერთხელ ორი დღის მანძილზე არავინ გამოჩენილა. მესამე დღეს რომ ვიკითხე, სად იყავით-მეთქი, დავიღალეთ და ვისვენებდითო, მიპასუხეს.
ხელბურთის წყალობით ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა მოვინახულე, ამას გარდა კუბა, ქუვეითი და სირიაც ვნახე. კუბაში, საერთაშორისო შეჯიბრებაზე ჩასულებს, პირადად ფიდელ კასტრომ გვიმასპინძლა - ყველა მოთამაშეს სათითაოდ ჩამოგვართვა ხელი, სირიაში კი წლების წინ გადახვეწილმა ქართველმა ლევან საღარაძემ მიგვიღო. დაუვიწყარი შეხვედრა მოგვიწყო, რომ იტყვიან თან გადაგვყვა, ბოლოს კი, როცა გვემშვიდობებოდა, გულისტკივილით გვითხრა, აქ არაფერი მაკლია, ერთადერთი ოცნება მაქვს, საქართველოში მინდა რომ დავიმარხოო...“