„ისწავლე მეტი თამაშით“

„ისწავლე მეტი თამაშით“

„ისწავლე მეტი თამაშით“, - ასეთია განათლების მინისტრის ახალი პროექტი სკოლებისთვის. ალექსანდრე ჯეჯელავას ინიციატივით, სკოლებში საგანმანათლებლო, ინტელექტუალური სამაგიდო თამაშების შეტანა და დანერგვა იგეგმება. 

განათლების სამინისტროში მიიჩნევენ, რომ სამაგიდო თამაშები მოსწავლეს გუნდურობის შეგრძნებას განუვითარებს, ხელს შეუწყობს ინდივიდუალურ სწრაფვას გამარჯვებისკენ და სწავლისადმი მოტივაციას აამაღლებს. შესაბამისად, სამინისტრო ამ ტიპის თამაშების შეძენასა და სკოლებში შეტანას განიხილავს, რაც არა მარტო გაახალისებს სასწავლო პროცესს, არამედ სხვადასხვა საგნის განსხვავებული ფორმატით მიწოდებასაც შეუწყობს ხელს. 

სამაგიდო თამაში უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს. ის უნდა იყოს აზარტული, გუნდურად ან ინდივიდუალურად სათამაშო; ავითარებდეს ლოგიკურ და კრიტიკულ აზროვნებას, არ იყოს დამოკიდებული ზეპირობაზე; იყოს მარტივად აღქმადი, ფერადი, მყარი მასალის; გათვლილი იყოს სკოლის მოსწავლეებსა და ახალგაზრდებზე. ამ ტიპის თამაშები მიწოდებულ უნდა იქნას შეკვეთიდან მაქსიმუმ სამი თვის ვადაში. ამასთან, სასურველია, ეს თამაშები ავსებდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ პროგრამას. 

სამაგიდო თამაშების სკოლებში დანერგვას ამ სფეროს ექსპერტები განსხვავებულად აფასებენ. 

არასამთავრობო ორგანიზაცია „საგანმანათლებლო ალიანსის“ თანათავმჯდომარე მარიამ რამინაშვილი სამაგიდო თამაშების სკოლებში დანერგვას დადებითად აფასებს. მისი თქმით, ბავშვებზე გათვლილი აზარტული თამაშები ადამიანის შინაგანი მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს. წესით, ასეთი აქტივობა სკოლებში ყოველთვის უნდა ყოფილიყო, რადგან ნებისმიერ საგანმანათლებლო პროცესს თან ახლავს ამ ტიპის აქტივობა. უბრალოდ, მარიამ რამინაშვილი პრობლემას ხედავს იმაში, რომ, სანამ განათლების მინისტრი სამაგიდო თამაშებში ჩადებდეს ფულს, იქნებ, მანამდე ეზრუნა საგანმანათლებლო პროცესის ძირითადი და სავალდებულო მიმართულებისთვის. კერძოდ, სასწავლო გარემოს შესაბამისი რესურსებით აღჭურვისთვის, რაც ნაკლებად არ უწყობს ხელს მოსწავლის მოტივაციის ამაღლებას. ამის საპირისპიროდ, ჩვენს სკოლებში ათი წლის წინანდელი კომპიუტერული ტექნიკა მოძველდა და გადახალისებას ითხოვს. 

„ვინც გარკვეულია პედაგოგიურ თეორიაში, მან კარგად იცის, რომ თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესის თანმდევი მიმართულებაა სწავლა თამაშით, მათ შორის, სამაგიდო თამაშით. ასეთია თუნდაც ყველასთვის კარგად ცნობილი და ყველა ასაკზე გათვლილი „Monopoly“, რომელიც უამრავ უნარ-ჩვევას უვითარებს მოსწავლეს. არ ვგულისხმობ, რომ ასეთი ტიპის თამაში მაინცდამაინც საგაკვეთილო პროცესის თანმდევი უნდა იყოს. თუ ეს იქნება სადამრიგებლო საათის, არასასწავლო სავალდებულო აქტივობის, სკოლის შემდგომ სასკოლო კლუბური წრეების მუშაობის, მოსწავლეთა შეჯიბრების ნაწილი, ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. არ შეიძლება, ამას შევხედოთ საბჭოთა პედაგოგიკის, ან საბჭოთა ცნობიერების გადასახედიდან, რომ აზარტი ცუდია. აზარტი ეს არის მოტივაცია, ბრძოლის ჟინი, რომელიც ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს, ან უნდა გამოიმუშაოს წარმატების მისაღწევად. 

ჩვენს ეროვნულ სასწავლო გეგმაში გაწერილია თითოეული საგნისა და კლასის სტანდარტი, თავისი მისაღწევი შედეგებითა და ინდიკატორებით. თუკი მასწავლებელი აღწევს ამ შედეგებს, მაშინ რა ტიპის აქტივობას გამოიყენებს გაკვეთილზე, ეს მის ნებაზეა დამოკიდებული. მასწავლებელს სასწავლო პროცესში სრული თავისუფლება ენიჭება“, - აღნიშნა მარიამ რამინაშვილმა For.ge-სთან საუბარში და გაიხსენა მე-20 საუკუნის დასაწყისში მოღვაწე მარია მონტესორი, რომელმაც პედაგოგიკაში შემოიტანა ახალი მიმართულება - სწავლება თამაშით.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე გაურკვეველია, რა აქვს ჩაფიქრებული ალექსანდრე ჯეჯელავას, არც ის არის გამორიცხული, რომ მანკიერი და სულელური სახე მიიღოს ამ ინიციატივამ, მაგრამ თავად იდეაში არაფერია დასაწუნი. მით უფრო, რომ ნებისმიერი ბავშვის ცხოვრების 70% ეს არის თამაში. ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ თამაში თამაშისთვის კი არ მივმართოთ, არამედ ცოდნის მიღებისთვის. ამდენად, არ შეიძლება სამაგიდო თამაშების ერთი ხელის მოსმით საგაკვეთილო პროცესში შეტანა, სანამ მასწავლებლები არ გაივლიან ტრენინგებს და არ გააცნობიერებენ, რამდენად აუცილებელია სამაგიდო თამაშების დანერგვა სკოლებში. 

„ამაზე ფულის ხარჯვას, განათლების მინისტრს სკოლებში ჭკვიანი დაფები რომ შეეტანა, არანაკლებ გაუღვივებდა მოსწავლეებს აზარტს და მიზანდასახულს გახდიდა. 21-ე საუკუნეში ყველა სკოლას ერთი ჭკვიანი დაფა მაინც უნდა ჰქონოდა“. 

ექსპერტი განათლების საკითხებში მანანა ნიკოლეიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სწავლება თამაშით პედაგოგიკაში ცნობილია, მაგრამ სასკოლო თამაშები, არავითარ შემთხვევაში, არ უნდა იყოს აზარტული. ამ ტიპის თამაშები ცოდვის ჩადენასთან ასოცირდება და თანდათანობით ბავშვი ჩამოყალიბდება აზარტული მოთამაშე. აზარტული მოთამაშეები კი არ აკლია საქართველოს. ამდენი მკვლელობა, თვითმკვლელობა, ოჯახური ტრაგედიები სწორედ ამ თამაშისგანაა გამოწვეული. ამიტომ თამაშების სკოლებში შეტანა შეიძლება, მაგრამ აზარტულობის გარეშე.

„პედაგოგიკაში თამაშით სწავლება, როლური თამაშები ცნობილია, ისევე, როგორც კეთებით სწავლება. მოსწავლეს ჯერ შენ უნდა აჩვენო ექსპერიმენტი და მერე თავად გააკეთებინო. აზარტული თამაში მავნეა. ახლა ვიღაც იტყვის, მიზანსწრაფულობა და მოტივაციის ამაღლებაო, ვუპასუხებ, მოტივაცია სხვანაირად აუმაღლონ ბავშვებს. საერთოდ, მოტივაცია თანამედროვე პედაგოგიკის მთავარი მოთხოვნაა, რისთვისაც სხვადასხვა ქვეყნის მთავრობა დიდ ფულს ხარჯავს. ჩვენს ქვეყანაში მოსწავლეს როგორ აუმაღლდება მოტივაცია, როცა სწავლა დაფასებული არ არის. ამიტომ ისე უნდა იმუშაოს მთელმა მთავრობამ, რომ სწავლა დაფასდეს ქვეყანაში. მაშინ აუმაღლდება ბავშვს სწავლის მოტივაცია. აზარტული თამაშებით არ ხდება მოტივაციის ამაღლება. ეს მავნებლების ნათქვამია, რომლებმაც არ იციან არც სასკოლო ფსიქოლოგია, არც მეთოდოლოგია და არც პედაგოგიკა“, - აცხადებს მანანა ნიკოლეიშვილი და მიიჩნევს, მოსწავლეებში ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარება თუ უნდათ, მასობრივად უნდა დანერგონ ჭადრაკი, რომელიც ზუსტად ავსებს ეროვნულ სასწავლო გეგმას. 

მისივე თქმით, სკოლებში მთავარი მოთხოვნაა მოტივაციის ამაღლება, კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების განვითარება, მეხსიერების უნარი. ამ თვალსაზრისით, ჭადრაკი მრავალკომპონენტიანია და მოზარდის განვითარებისთვის ყველანაირ სიკეთეს იძლევა. ამიტომ ჭადრაკი განსაკუთრებით, დაწყებით კლასებში უნდა დაინერგოს. ერთი პერიოდი, ამბობდნენ კიდეც, სკოლებში ჭადრაკი ვასწავლოთო, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრეს. ამ დროს კი პატრიარქის ლოცვა-კურთხევაა, ჭადრაკი ისწავლებოდეს. საპატრიარქოს სკოლებში ისწავლება კიდეც სპორტის ეს სახეობა და საპატრიარქოს სკოლის მოსწავლეებს უკეთესი შედეგი აქვთ, ვიდრე ჩვეულებრივ საჯარო სკოლებს.