მსოფლიო ჰუმანიტარულ კრიზისშია, დედამიწაზე 20 მილიონზე მეტი ადამაინი შიმშილობს. ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ჰუმანიტარულ საკითხებში სტივენ ო, ბრაიენმა განაცხადა. მისივე თქმით, თუ მსოფლიო არ მიიღებს ეფექტურ ზომებს, ადამიანები შიმშლით დაიხოცებიან. მიმდინარე წელს შიმშილს შესაძლოა, 1,4 მილიონი ბავშვი ემსხვერპლოს. ამიტომ კატასტროფის ასაცილებლად ივლისისთვის 4,4 მილიარდი დოლარის მობილიზებაა საჭირო.
როგორც გაეროში აცხადებენ, პრობლემა არა მხოლოდ საკვების უკმარისობაში, ავადმყოფობასა და სიკვდილშია, არამედ იმაშიც, რომ ადამიანები ტოვებენ საკუთარ სახლებს და ინაცვლებენ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. ამით მასპინძელ ქვეყნებშიც არასტაბილურობა შეაქვთ.
„ბი-ბი-სი“-ს ინფორმაციით, იემენში ყოველ 10 წუთში ერთი ბავშვი იღუპება, თანაც, ისეთი დაავადებისგან, რომლის განკურნებაც უკვე შესაძლებელია.
„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ 4,4 მილიარდი $ შეიძლება არ ეყოს მსოფლიოს, რადგან მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი და შიმშილია ბევრ ქვეყნაში. ის კი არა, 4,4 მილიარდი საქართველოსაც არ ეყოფა უკვე, ისეთ მდგომარეობაშია ზოგიერთი ფენა სოციალურად.
„რამდენიმე წელია, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ხან ერთ რეგიონში, ხან მეორეგან არ გვაქვს მოსავალი. ზოგიერთს ჰგონია, რომ მოსავალი არაფერს ნიშნავს, ამ დროს ბევრ რამესაც ნიშნავს, რადგან სიმინდს როცა ვერ იღებს იმერელი გლეხი, მშიერი რჩება მთელი ოჯახით. მსოფლიოში არსებობენ სკეპტიკოსები, რომლებიც იძახიან, თითქოს კლიმატის ცვლილება არ ხდება და ეს პოლიტიკოსების მოგონილია. სინამდვილეში, გარემოს დამცველები ვაკვირდებით უარყოფით ტენდენციებს და გვჯერა, რომ კლიმატის ცვლილება ნამდვილად მიმდინარეობს. ცხელი ქვეყნებიდან ჩრდილოეთისკენ მიგრაციის ტალღა ზუსტად კლიმატის ცვლილებითაა გამოწვეული, რადგან ცხელ ქვეყნებში უკვე გაუსაძლისი პირობებია ცხოვრებისთვის.
შარშან გავრცელდა ინფორმაცია „ევრონიუსზე“, რომ ერაყში იმდენად მაღალი ტემპერატურა იყო ზაფხულში, რომ ბევრი ოჯახი გადასახლდა გერმანიაში, რუმინეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში. ეს იწვევს დამატებით შიმშილს. მიგრაციული ნაკადები შეცვლილია მთელ მსოფლიოში და ხალხი გადაადგილდება არა იმიტომ, რომ ულხინს, არამედ საკუთარ ქვეყანაში გაუსაძლისი ცხოვრების გამო“, - აცხადებს ნინო ჩხობაძე და მიმართავს მათ, ვისაც არ სჯერა კლიმატის ცვლილების, ნუ დაიჯერებენ ამ ცვლილებებს, მაგრამ სასწრაფოდ საჭიროა რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება სახელმწიფოს მხრიდან. აუცილებელია ყოველმხრივ შეწონილი სოციალური, ეკონომიკური, გარემოს დაცვითი და ეკოლოგიური პოლიტიკის გატარება.
დემოგრაფი ანზორ თოთაძე For.ge-სთან საუბარში ადასტურებს, რომ ჰუმანიტარული კრიზისი დაწყებულია, არა მარტო საკვების რაოდენობის მხრივ, არამედ იმითაც, რომ ეს საკვები უვარგისია. გენმოდიფიცირებული საკვები ისეთ მავნე ნივთიერებებს შეიცავს, რომელიც ადამიანის ორგანიზმში თანდათანობით გროვდება და რამდენიმე წლის შემდეგ იჩენს თავს სხვადასხვა ავადმყოფობის სახით. ამიტომ საქართველოს შეუძლია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი აწარმოოს და ნაკლებად მიიღოს საზღვარგარეთიდან შემოსული პესტიციდებით სავსე პროდუქტები.
„მსოფლიოში კრიზისი დგება, რესურსები იწურება. მათ შორის, ამოწურვის პირასაა ენერგორესურსები, ნავთობი და სხვა. სამი ათეული წელი თუ ეყოფა კაცობრიობას ეს რესურსები, რადგან 22 წლის წინ თუ საშუალოდ 146 მეტრზე ჩავდიოდით წიაღისეულის ამოსაღებად, ახლა ჩავდივართ 486 მეტრზე. თავისთავად ცხადია, ეს აძვირებს საქონელს, შემდეგ უკვე აძვირებს სასურსათო საქონელს. ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ადამიანზეც.
მეორე ფაქტორიცაა, მსოფლიოს მოსახლეობა ძალიან სწრაფად იზრდება. ბოლო რამდენიმე წელია, ყოველ 12 წელიწადში 1 მილიარდით იმატებს მოსახლეობა. მაგალითად, 1987 წელს იყო 5 მილიარდი, შემდეგ 12 წელიწადში გახდა 6 მილიარდი, ამის შემდეგ გახდა 7 მილიარდი და ახლა 7 მილიარდს გადავაცილეთ. მოსახლეობა ისე სწრაფად იზრდება, რომ წარმოების საშუალება ვერ მისდევს მას. ამიტომ ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ევროპელი მეცნიერები ამბობდნენ, რომ ადამიანთა საერთო კეთილდღეობისთვის საჭიროა მოსახლეობის რიცხვის სტაბილიზაცია, ან მისი შემცირება. ეს იქნებოდა ყველაზე დიდი განძი საერთო მშვიდობისა და აყვავების საქმეში“, - აღნიშნა ანზორ თოთაძემ.
მისივე თქმით, სომალში, სუდანსა და ნიგერიაში შიმშილი ახალი მოვლენა არ არის. გასული საუკუნის შუა ხანებიდან დაწყებული, ამ ქვეყნებში 20 მილიონზე მეტი ადამიანი შიმშილობდა. განსაკუთრებით, აფრიკაში მთელი რიგი მიწები სასოფლო სამეურნეო პროდუქციის საწარმოებლად უვარგისი ხდება. გაუდაბნოება დღესაც მიმდინარეობს, წყალი აღარ არის, სუფთა წყალს ადამიანები ვერ სვამენ. ეს გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამიტომ, თუ ზოგიერთ ქვეყანაში პრობლემაა, რომ სხვადასხვა მეთოდით როგორმე შეამცირონ ჭარბი მოსახლეობა, საქართველოში პირიქითაა, ჩვენი მოსახლეობის რაოდენობა ძალიან კლებულობს.
რაც შეეხება აზიის ტომებს, მილიარდ 400 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს უკვე ჩინეთში. ცოტა ხანში ინდოეთის მოსახლეობა გაუსწრებს ჩინეთისას. ასევე, ძალიან იზრდება აფრიკის მოსახლეობა. ამის საპირისპიროდ, თუ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ერთი ქალი საშუალოდ ბადებს 1,5 ბავშვს თავისი სიცოცხლის განმავლობაში, სომალში და სხვა ქვეყნებში ქალი 5-6 ბავშვს ბადებს სიცოცხლის განმავლობაში. ბუნებრივია, 5-6 ბავშვით მოსახლეობა სწრაფად იზრდება და იქაურები ვეღარ აწარმოებენ იმდენ პროდუქტს, რაც საჭიროა ამ ბავშვების შენახვის, აღზრდისა და განვითარებისთვის.