ევროსასამართლომ კომპანიებს თანამშრომლებისთვის რელიგიური სიმბოლოების ტარების აკრძალვის ნება მისცა

ევროსასამართლომ კომპანიებს თანამშრომლებისთვის რელიგიური სიმბოლოების ტარების აკრძალვის ნება მისცა

ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანიებს შეუძლიათ, საკუთარ ისლამისტ თანამშრომლებს აუკრძალონ ისლამური თავსაბურავისა და სხვა რელიგიური სიმბოლოების ტარება.

როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, ცალკეული ორგანიზაციის თუ კომპანიის შიდა განაწესი, რომელიც კრძალავს პოლიტიკური, ფილოსოფიური ან რელიგიური სიმბოლოების ტარებას, არ წარმოადგენს უშუალო დისკრიმინაციას.

დამსაქმებელს შეუძლია გაითვალისწინოს კლიენტის თხოვნა, რომელსაც არ სურს, მოემსახუროს ისლამური თავსაბურავის მქონე თანამშრომელი.

ევროკავშირის სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ორი დასაქმებული მუსლიმანი ქალის მიერ შეტანილი სარჩელი. ეს ადამიანები ბელგიისა და საფრანგეთის კომპანიებიდან სწორედ იმის გამო დაითხოვეს, რომ მათ თავსაბურავის ტარებაზე უარი არ განაცხადეს.

ორგანიზაცია „საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობები და ახალგაზრდა თურქოლოგთა ასოციაციის“ თავმჯდომარე რომან კვიციანი ევროკავშირის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას დისკრიმინაციის ნიშნების მქონედ მიიჩნევს. მისი თქმით, ჯერ კიდევ თურქეთის კანონში ჩადებული იყო, რომ ნებისმიერ პირს ეკრძალებოდა სახელმწიფო სტრუქტურაში ისლამური სიმბოლიკით მუშაობა, რაც ახლანდელმა მთავრობამ, ერდოღანის მეთაურობით შეცვალა და ეს განაწესი კანონიდან სწორედ დისკრიმინაციის გამო ამოიღეს. სხვათა შორის, ევროკავშირიდანაც იყო მსგავსი მოთხოვნა, რომ ეს დისკრიმინაციული მუხლი ამოეღო თურქეთს კანონიდან. ამდენად, გაუგებარია, თავად ევროკავშირის სასამართლო რატომ იღებს ასეთ კანონს?! ადამიანს ხომ აქვს უფლება, ატაროს ის სიმბოლიკა, რაც მას სურს?!

„ანალოგიურად ნებისმიერ ისლამურ სახელმწიფოს შეუძლია, ჯვრის ტარება და ჯვრის გამოსახულების მქონე საგნები აკრძალოს. მით უმეტეს, რომ თანამედროვე ყოფაში ჯვარს იკეთებენ სვირინგად, საყურედ, ბეჭდად. ასეთი აკრძალვები არა მარტო პიროვნებას, არამედ სახელმწიფოებსაც შეუქმნის პრობლემას. რა თქმა უნდა, ევროკავშირის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება შეიძლება შიშითაც იყოს ნაკარნახევი, რადგან მრავლად არის ტერორისტული შემთხვევები, სადაც რელიგიური ნიშანი გადამწყვეტია.

შესაბამისად, როცა ევროპელს ემსახურება ისლამის წარმომადგენელი ან რომელიმე სხვა აღმსარებლობის მქონე პიროვნება, მას უჩნდება შიში, რომ ისლამისტმა არაფერი დაუშავოს. ჩვეულებრივად, ეს ადამიანის თავდაცვითი რეაქციაა. ამიტომ შეიძლება, შიშის ფაქტორი კონკრეტულმა კომპანიამ გაითვალისწინოს და კლიენტს სულ სხვა მომსახურე პერსონალი მიუჩინოს. ანუ განსხვავებულ პოზიციაზე გადაიყვანოს თავსაბურავიანი მოსამსახურე. თუმცა ის, რომ კომპანიებში აიკრძალოს მსგავსი სიმბოლიკის ტარება, არ უნდა იყოს განმსაზღვრელი ფაქტორი“, - აცხადებს რომან კვიციანი For.ge-სთან საუბარში და საფრანგეთის მაგალითსაც იხსენებს, როცა ჰიჯაბის (მუსლიმანი ქალის თავსაბურავი, მოკრძალებით ჩაცმის ატრიბუტი) აკრძალვამ უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. თუმცა ეს მოხდა კონკრეტულად საფრანგეთში, ანუ ერთ ქვეყანაში, ახლა კი ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილება მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.

შესაბამისად, რომელი სახელმწიფოც აღიარებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებს, მას ვალდებულება ექნება, შეასრულოს ამ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი. ეს კი მთლიანად ევროსამყაროში შექმნის პრობლემებს. ამიერიდან ნებისმიერ პიროვნებას შეუძლია უჩივლოს თავის თანამშრომელს, რომელთანაც პირადული შუღლი ექნება და გააგდოს სამსახურიდან სწორედ ისლამური სიმბოლიკის მომიზეზებით. ეს სერიოზულ პრობლემებს წარმოქმნის ევროპაში. ასე რომ, ხიფათს თავად ეს კანონი შეუქმნის დასავლეთის ქვეყნებს.

წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი ტარიელ ფუტკარაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ევროკავშორის სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივს სცემს, მაგრამ ამ თემის განხილვა უნდა მოხდეს საქართველოს კონტექსტში. ქართველობა კი ყოველთვის გამოირჩეოდა ტოლერანტულობით.

„ბუნებრივია, ეს ევროკავშირის სასამართლოს უფლება და მათი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ჩვენი ქვეყანა ცივილიზაციათა ზღვარზეა და აქ ბევრი არაქრისტიანი, მუსლიმანი თუ სხვა რელიგიის აღმსარებელი ცხოვრობს. ამიტომ მათ მიმართ ლოიალურობის გამოჩენაა საჭირო თავსაბურავების გამოყენებისას. რაც შეეხება ევროპელებს, მათ აქვთ შიშის საფუძველი, რადგან შესაძლოა, ცალკეულ დაწესებულებაში შევიდეს ჩადრით შემოსილი პიროვნება და ამ დროს მას შაჰიდის ქამარი ჰქონდეს შემორტყმული. რადიკალურ დაპირისპირებაში დამნაშავე შეიძლება იყოს ორივე მხარე და, როცა ვიღაც გაფეთქებს, შენც შეიძლება თავი დაიზღვიო. ძალიან გახსნეს კარი ევროპელებმა და ახლა დარწმუნდნენ, რომ ეს ყველაფერი შეიძლება მივიდეს საშინელებამდე, მეორე უკიდურესობამდე. ეს ჩვენც უნდა გავითვალისწინოთ და, თუ ჩვენც ღია კარის პოლიტიკას გამოვაცხადებთ და ყველას მივცემთ ჩვენს მიწას, ჩვენს მოქალაქეობას, შეიძლება, ხვალ ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდეთ. 20-30 წლის შემდეგ რა მოხდება საქართველოში, სწორედ ამაზე უნდა ვიფიქროთ და ევროპის ეს გამოცდილებაც გავითვალისწინოთ“, - აღნიშნა ტარიელ ფუტკარაძემ.

მანვე განმარტა, რომ ევროკავშირის სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება არ არის ლიბერალური და დემოკრატიული, მაგრამ ეს ევროპელებისთვის ერთგვარი თავდაცვის მექანიზმია.