„სულ არ მაინტერესებს როგორ დამთავრდება გამოძიება, ჩემთვის, რომელმაც მოვისმინე ჩანაწერი, მნიშვნელოვანია ის, რომ სერიოზული საფრთხე იქნა თავიდან აცილებული“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ადვოკატი და საქმის ერთ-ერთი მოწმე ლილი გელაშვილი, რომლის განცხადებით, ჩანაწერები, რომელიც მან მოისმინა, იძლეოდა სერიზოულ საფუძველს, რომ მზადდებოდა დანაშაული გარკვეული პირის მიმართ.
ვის წინააღმდეგ მზადებოდა დანაშაული? ამ საკითხთან დაკავშირებით for.ge ლილი გელაშვილს ესაუბრა.
თქვენ ნახეთ და მოისმინეთ ჩანაწერი, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება. რამდენად საშიში იყო აღნიშნული ჩანაწერი?
ლილი გელაშვილი: მე, როგორც იურისტს, ძალიან ბევრ მტკიცებულებასთან მქონია შეხება, მაგრამ ის, რაც ირაკლი მამალაძემ პირველად გვითხრა, პირდაპირ გეტყვით, რომ არ დავიჯერე.
რატომ არ დაიჯერეთ?
- იმიტომ, რომ ძალიან მძიმეა ვინმემ დაიჯეროს, რომ პატრიარქს რაღაცა ემუქრება. ჩვენ ყველა ისე ვართ გაზრდილები, რომ პატრიარქი ჩვენი უწმინდესია, რომელსაც უწმინდური ხელი არაფრით არ უნდა შეეხოს. ვერ წარმომიდგენია ვინმესგან ამის გაკეთება და მით უმეტეს სასულიერო პირისგან. შოკში ვიყავი, მაგრამ მაინც დაუჯერებლად წარმოვიდგინე და არ დავიჯერე.
გავიდა დრო, უფრო ზუსტად, ორი კვირის შემდეგ ირაკლი მამალაძემ გვაჩვენა უკვე ჩანაწერი. იცით, ერთია, როდესაც გიყვება ადამიანი და მეორეა, როცა ნახულობ და ეს მტკიცებულების თვალსაზრისით უფრო მაღალი სტანდარტია სასამართლოსთვისაც.
ამ ჩანაწერებში, რომელიც თქვენ ნახეთ პირდაპირ პატრიარქზეა საუბარი?
- საზოგადოებაშიც გაჟღერდა რამდენიმეჯერ, რომ ვინ ახსენებს იქ პატრიარქსო. არა, დამნაშვეები კონკრეტულ სახელებს და გვარებს ხშირად არ ახსენებენ, მაგრამ რაღაცა ლოგიკურ ჯაჭვს მიყავხარ სადღაც. ამას ვამბობ, როგორც რიგითი მოქალაქე, თორემ იქ რა დამტკიცდება, ეს სხვა საკითხია. იმ ჩანაწერებიდან, რომელიც ჩვენ ვნახეთ და ხაზს ვუსვამ, ვნახეთ გამოძიების დაწყებამდე, სერიოზულად შემექმნა შთაბეჭდილება, რომ სერიოზული საფრთხე იქნა თავიდან აცილებული.
საერთოდ, როგორ დაიწყო თქვენი და ირაკლი მამალაძის ურთიერთობა?
- ირაკლი მამალაძესთან არ მქონია ისეთი ურთიერთობა, რომ ბოლომდე ვნდობოდი, მაგრამ ირაკლი მამალაძე არ იყო ის პიროვნება, რომელიც მიღებული არ იყო ამ წრეში. საერთოდ, ჩვენი ურთიერთობა კამათით დაიწყო, როდესაც ის აქვეყნებდა ისეთ წერილებს, რომელიც, როგორც მართლმადიდებელს, მიგვაჩნდა, რომ იყო არასწორი. მას ვცნობდით, როგორც ჟურნალისტს და ვეუბნებოდით, თუ ერთ მხარეზე აკეთებ რაღაც წერილს, მინიმუმ მეორე მხარესაც უნდა დაეკითხო-თქო. აქედან მოდიოდა ჩვენი კამათი, რაც ეკლესიის ერთი ნაწილის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.
ის კითხვები, რომელსაც ახლა ჩვენ გვისმევთ, ჩვენც ბევრჯერ დავუსვით ირაკლის - რატომ აკეთებდა ამას, როცა ის ხალხი მისი ახლობლები იყვნენ? მან არ უარყო, რომ იყო ძალიან მიღებული მათთან, არ უარყო რამდენიმე ჟურნალისტის სახელი და გვარი, რომლებიც ასევე მუშაობდნენ გარკვეული წრის სასარგებლოდ, მაგრამ ვინ, ამას ვერ დავასახელებ. ირაკლი ამბობდა, რომ ეს პიროვნებები ხშირად ვიღებდით დაკვეთებს, ვწერდით, ჩემი ახლობლები არიან, უცხოები არ არიანო, მაგრამ ირაკლის ხმაშიც და მოქმედებებშიც დავინახეთ შიში.
შიში რისი?
- იმის, რომ რაზეც ელაპარაკებიან, ეს უკვე ცდებოდა რაღაცა რიგით წერილს, რიგით პასკვილს ვიღაცის მიმართ, ასე ხსნიდა თვითონაც და შფოთავდა იმის გამოც, თუნდაც ჩვენთან ეთქვა თუ - არა, გაენდო ეს ყველაფერი თუ - არა.
ანუ, თქვენთან მოვდა, მაგრამ ბოლომდე არ გენდობოდათ?
- გვენდობოდა, როგორც ადვოკატებს. როცა ვეუბნებოდით, რომ არ გვჯეროდა იმის, რასაც ამბობდა, ამის მერე გვაჩვენა რამდენიმე ჩანაწერი.
ეს ჩანაწერები, თქვენთვის, როგორც იურისტისთვის იყო პირდაპირი მხილება სახელებით და გვარებით?
- ყოველ შემთხვავში სერიზოულ საფუძველს მაძლევდა მეფიქრა, რომ მზადდებოდა დანაშაული.
ვის წინააღმდეგ მზადდებოდა ეს დანაშაული?
- გარკვეული პირის მიმართ, მაგრამ ვისი, მე ამას ვერ ვიტყვი, ვერ გავასწრებ გამოძიებას, მინიმუმ პატრიარქი ამბობს დაელოდეთ გამოძიებასო. დანაშაულის ნიშნები იყო. როდესაც ირაკლის ვეკითხებოდით, როგორ შეიძლება სასულიერო პირმა ასეთი რამ გააკეთოს-თქო, ირაკლი ამბობდა - არა, ეს არის ისეთი წრე, რომელსაც ეს ძალუძს და აი, ეს მაშფოთებს ყველაზე მეტად, მათ ეს შეუძლიათო.
მათ შეუძლიათ ვიღაცა მოკლან?
- კი, მათ ეს შეუძლიათ. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ღამეებს ვათენებდი, ღამეები არ მეძინა, ჩემს თავს ვეკითხებოდი მართალია თუ ტყული-თქო? საბოლოო ჯამში მივედი ამ დასკვნამდე - ჯობია ტყუილი აღმოჩნდეს, ვიდრე მართალი, რადგან ყურადღება რომ არ მიგვექცია და ამ დროს დამდგარიყო რაღაცა ცუდი შედეგი, ამას საკუთარ თავს ვერასოდეს ვაპატიებდი.
ბოლო ერთი ჩანაწერი, რომელიც გვაჩვენა, როგორც იტყვიან საბოლოო წვეთი იყო და მან გვითხრა ასეთი რაღაცა, მე რა უნდა ვქნა? ჩვენ ვუთხარით, რომ ვერ დაგაძალებთ, მაგრამ წესით, უნდა მიმართო სამართალდამცავ ორგანოებს, აი, ეს იყო მთელი ისტორია. სხვათა შორის კადრები, რომელიც გავრცელდა მეც საზოგადოებასთან ერთად ვნახე. გავრცელებული ჩანაწერებიდან პირველი ნაწილი, დასაწყისშივე ცუდად რომ ისმის, ეს ჩანაწერი მოსმენილი მაქვს მანამ, ვიდრე გამოძიება დაიწყებოდა. აქ წყალგამყოფივით არის გამოძიებამდე და გამოძიების შემდეგ ნაწარმოები ჩანაწერები.
რომ დავაზუსტოთ, გამოძიებამდე რაც გაჩვენათ, ის სხვა ჩანაწერია?
- გამოძიებამდე რაც გვაჩვენა, ის იყო სხვა და მეორეა გამოძიების შემდეგ გაკეთებული ჩანაწერი. ჩანაწერი, რასაც ყველამ ვუყურეთ, როცა მამა გიორგი საუბრობს მარილზე, ტკბილეუზე და ასეთ რაღაცეებზე, ეს კადრები მეც თქვენთან ერთად ვნახე. გამოძიების შემდეგ ნაწარმოები არც ერთი კადრი, ჩემთვის, როგორც მოწმისთვის ცნობილი არ ყოფილა. ვიცოდი, რომ მიმდინარეობდა გამოძიება, მაგრამ რა მოიპოვეს, ეს არ ვიცოდი.
ამ ჩანაწერების გარდა, არის კიდევ სხვა კადრები, რომელიც ასევე მძიმეა?
- მე ისიც კი არ ვიცი, წარადგინა თუ არა სრულად ირაკლი მამალაძემ ყველაფერი, რომელიც ჩვენ ვნახეთ. იმიტომ, რომ ეს არის გამოძიებამდე ნაწარმოები ჩანაწერები. გამოძიების შემდეგ, როდესაც მან მიმართა გამოძიებას, იქ უკვე პროცესუალურად სასამართლოს ნებართვით მოხდა ამ ყველაფრის მოპოვება, გამაგრება და ჩაწერა, ამას უკვე სხვა მტკიცებულებითი ძალა აქვს.
ძალიან ბევრი იუირისტი ამბობს, რომ შუალედურმა დასკვნამ, რომელიც წარმოადგინა პროკურატურამ, გაცილებით ბევრი კითხვა გააჩინა, ვიდრე აქამდე იყო საზოგადოებაში. ლოგიკურია კითხვა, თუკი ამ ხნის განმავლობაში იყო თვალთვალი და როგორც პროკურატურა ამბობს, მამა გიორგი იყო მეთვალყურეობის ქვეშ, რატომ ვერ შეძლო პროკურატურამ ციანიდის შესყიდვის დაფიქსირება და იმ კონკრეტული პიროვნების იდენტიფიცირება, ვისგანაც შეიძინა? თქვენ არ გიჩენთ ეს ფაქტი კითხვას?
- რა თქმა უნდა და მე, რომ მისი ადვოკატი ვიყო, შეიძლება სხვა კითხვები გამჩენოდა და სხვა მიმართულება მიმეცა ამ საქმისთვის. ყველას თავისი ტაქტიკა აქვს. მაგრამ პირველად გაიჟღერა, რომ იარაღი იყო ჩადებული, იარაღის თემა საერთოდ არ ფიგურირებდა იმ საუბრებში. მერე აღმოჩნდა, რომ იარაღი მიბარებულია. მერე იყო, რომ ციანიდი ჩადებულია და ადვოკატი საათებზე ამახვილებდა ყურადღებას, მერე უცებ აღმოჩნდა, რომ თურმე შორენას დაუბარებია ციანიდი - ულოგიკოა. როდესაც საათებზე ამახვილებენ ყურადღებას, რომ გვიან მოიტანეს ბარგი, ანუ, ამას ეჭვის ქვეშ ტოვებენ იმიტომ, რომ ჩადებული იყო, თუ ჩაუდეს, მაშინ რა ვუყოთ მამაოს ჩვენებას, რომელმაც მაშინვე კი არ მისცა ჩვენება დაბნევის, ან რაღაცა ემოციის ფონზე, არამედ გარეკვული ხნის მერე, კონსულტაციების, ნაფიქრ და დალაგებულ მდგომარეობაში. მათივე მოთხოვნით დაკითხეს და ამბობს, რომ ეს შემიკვეთა შორენამო, სად არის აქ ლოგიკა?
რაც შეეხება თქვენს კითხვას, მათ თქვეს, რომ ამ საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიებას თავისი ეტაპები აქვს. მათ ადვოკატად ვერ დავდგები, მაგრამ მე არ გამოვრიცხავ, რომ ამ მიმართულებითაც მიმდინარეობდეს გამოძიება. დანაშაულის პროვოცირება, რომ სნდომოდათ რასაც ამბობენ, ძალიან ადვილად შეიძლებოდა ირაკლისგანაც მომხდარიყო ეს ყველაფერი გაკეთებული. როგორც იურისტს და მოქალაქეს მესიამოვნა, რომ ძალით გადაცემა არ მომხდარა და არც უნდა მომხდარი იყო.
გარდა ამისა, რაც გამოქვეყნებულია და რაც მაქვს ნანახი, როდესაც ციანიდს ითხოვს ერთი მხარე, იმ ჩანაწერის დასაწყისში გერმანიას არავინ არ ახსენებს. აქ ვადა დათქმულია თებერვლის ბოლომდე. იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ ამ ყველაფერს ვისმენთ და საზოგადოება ინტენსიურად იღებდა ინფორმაციას, რომ პატრიარქი ცუდად არის, მაგრამ არ იყო გერმანიაში წასვლაზე ლაპარაკი. პატრიარქის გერმანიაში წაბრძანება ერთი დღით ადრე გადაწყდა.
პატრიაქრის გერმანიაში წასვლის შემდეგ გამოჩნდა დროის ჩარჩო მის საუბარში, ანუ ზოგადად უნდა კი არა, სასწრაფოდ უნდა გერმანიაში წასვლამდე, ანუ თითქოს შევიწროვდა წრე, რისთვის და ვისთვის უნდოდა. მაგრამ, ეს რომ საეკლესიო წესებისთვის არ უნდოდა და არც ოქრომჭედლისთვის, ეს ხომ ფაქტია.
თავისთავად უმძიმესი მოსასმენია ეს ჩანაწერი და მით უფრო სასულერო პირისგან, მაგრამ გამოძიებამ უნდა თქვას, ვისგან და როგორ მოხდა შესყიდვა...
- რა თქმა უნდა, იმედია გამოძიება დაადგენს ვისგან, როგორ და რანაირად მოხდა ამის შესყიდვა. მაგრამ როდესაც ადავოკატები აცხადებენ, რომ ჩვენ საქმის მასალებზე ვერ ვამახვილებთ ყურადღებასო, ეს უკვე აბსურდია. დასაწყისში მესმოდა იმ ადვოკატების, მაგრამ დღეს უკვე აბსურდია. იმიტომ, რომ რამიშვილი არ არის გაფრთხილებული და მას შეუძლია ილაპარაკოს ამ მტკიცებულებებზე. ერთი კითხვაზე ამბობს, რომ ვერ გეტყვით, არ შემიძლია გავამხილოო და ამავე დროს, ჩვენებიდან გამომდინარე დეტალურად საუბრობდა საქმის მასალებზე. ანუ, ერთ შემთხვევაში გაფრთხილებულია და არ ამბობს, მეორე შემთხვევაში, პირიქით - ლაპარაკობს? მე კოლეგილობას ვიცავ, ყველას თავისი სტრატეგია აქვს, მაგრამ მე რაც მოსმენილი მაქვს, ამის მიუხედავად მაინც არ შემიძლია ვთქვა, რომ დანმაშავეა დეკანოზი მამა გიორგი. ეს უნდა თქვას სასამართლომ, მაგრამ მე ვარ ადამიანი, რომელსაც ჩემი სუბექტური აზრი მაქვს, მე, ისევე როგორც ირმას გამიჩნდა ეჭვი და ამიტომ ვუთხარით მამალაძეს მიემართა გამოძიებისთვის.
ჩანაწერების მოსმენის შემდეგ თქვენ გაგიჩნდათ ეჭვი, მაგრამ თქვენი კოლეგა, ლია მუხაშავრია აცხადებს, რომ ეს მკვლელობის მომზადებას არ ნიშნავს, ეს არის შეთითხნილი საქმე...
- ჩემს კოლეგებს ვეტყვი, რომ ყველამ კარგად ვიცით, ერთად აღებული რომელიმე ერთი კონკრეტული მტკიცებულება და თვითონ ბრალდებულმა რომ თქვას, მე მოვკალი, ასეც არ არის ერთადერთი მტკიცებულება ბრალის დასადასტურებლად. მე ვამბობ, რომ ის მასალები, რაც მე მქონდა მოსმენილი, მაძლევდა საშუალებას და საფუძველს მეფიქრა, რომ აქ იკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები. ციანიდი გასაყიდად არ მიჰქონდა, მე ეს შთაბეჭდილება დამრჩა. სხვა რაში უნდა დასჭირვებოდა, თუ არა მკვლელობის მომზადებაში?
პროკურატურამ რაც გამოაქვეყნა, ეს არის მხოლოდ ნაწილი მტკიცებულებებისა. ჩემს კოლეგებს ვეტყვი, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა არც ლია მუხაშავრიას ექნება ნანახი და არც მე არ მაქვს ნანახი. იციან მხოლოდ ამონარიდი რამდენიმე ჩვენებიდან, ჰქონდა თუ არა ციანიდი და იყო თუ არა მკვლელობის საფუძველი.
სულ არ მაინტერესებს როგორ დამთავრდება გამოძიება, ჩემთვის, რომელმაც მოვისმინე ჩანაწერი, მნიშვნელოვანია ის, რომ სერიოზული საფრთხე იქნა თავიდან აცილებული, ვიდრე ის, გამართლდება თუ არა მამა გიორგი. უფრო მეტსაც გეტყვით, მე ადვოკატი ვარ და შინაგანად, ყოველთვის ბრალდებულის გამართლებისკენ მაქვს მომართული ჩემი აზროვნება.