საქართველოს, როგორც კონვენციის მონაწილეს, ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულება აქვს. თუმცა, ევროპულ სასამართლოს იძულების მექანიზმი არ გააჩნია, რითაც გადაწყვეტილების შესრულებას აიძულებს. იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, აღსრულების მექანიზმის შეჩერება ჩვეულებრივი პროცედურული გადაწყვეტილებაა და მთავარია, რა იქნება საქმის არსებით განხილის დაწყების შემდეგ.
„თავს შევიკავებდი ამ გადაწყვეტილების ზედმეტად შეფასებისგან, ან ზედმეტად მისი დაკნინებისგან. ეს არის ჩვეულებრივი პროცედურული გადაწყვეტილება, რომელიც სხვა სახელმწიფოების მიმართ გამოაქვთ ხოლმე, როცა შესაბამისი გარემოებები არსებობს. მაგრამ ჯერ კიდევ წინ არის საქმის არსებითი განხილვა და მთავარია გადაწყვეტილება. გადაწყვეტილებები სტრასბურგის სასამართლოს ჯერ კიდევ წინ აქვს“, - აცხადებს ალექსანდრე ბარამიძე.
ევროსასამართლოს მიერ საქმის საბოლოო განხილვამდე, „რუსთავი 2“-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელს, ქიბარ ხალვაშს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების საშუალება არ ექნება. თუმცა, როგორც ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია აცხადებს, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ყოველთვის არ ნიშნავს, რომ სარჩელი აუცილებლად დაკმაყოფილდება. პაატა სალიას განმარტებით, ბერკეტების არქონა ქიბარ ხალვაშის მხარის ფინანსურ ინტერესებს პირდაპირ აყენებს ზიანს და ამის დასაბუთებას სტრასბურგის სასამართლოში ეცდებიან.
„სტრასბურგის სასამართლოს ჩვენთვის არაფერი არ აუკრძალავს. ჩვენ შეგვიძლია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ჩავიბაროთ და წარვადგინოთ საჯარო რეესტრში, მაგრამ საჯარო რეესტრმა ვერ უნდა აღასრულოს ამ შეზღუდვის გამო. ჩვენ სტრასბურგში მიმდინარე დავის მონაწილე ჯერ არ ვართ. წარვადგინეთ მოთხოვნა და გვინდა, რომ გვქონდეს ჩვენი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა ევროკონვენციის 36-ე მუხლის შესაბამისად, მაგრამ ჯერ ველოდებით, რას გადაწყვეტს ამ საკითხზე.
ჩვენ მოთმინებით ვართ აღვსილი. ბრძოლა არ დასრულებულა. ეროვნულ სასამართლოებში გავიმარჯვეთ. დაველოდებით სტრასბურგის სასამართლოს და ალბათ, სტრასბურგის სასამართლო დაადგენს, რომ არ ჰქონია ადგილი არსებით დარღვევებს, რამაც გავლენა იქონია საქმის გადაწყვეტაზე. იმედი გვაქვს, უფრო დიდი ლეგიტიმაციის გადაწყვეტილება იქნება ჩვენს სასარგებლოდ“, - აღნიშნა პაატა სალია.
ა-ო კონსტიტუციის 42-ე მუხლის გამგეობის თავმჯდომარის დიმიტრი ხაჩიძის განცხადებით, გადაწყვეტილება, „შეჩერდეს შემდეგ შეტყობინებამდე“, უვადო არ არის, რადგან ამის შემდეგ კომუნიკაცია უნდა დაიწყოს მხარეებს შორის. რაც შეეხება პროცედურას, ხაჩიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მხარეები წარადგენენ თავიანთ არგუმენტებს, სასამართლო თავის კითხვებს გამოუგზავნის საქართველოს მთავრობას და ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ვადას აძლევს.
„მას შემდეგ, რაც მთავრობა წარადგენს არგუმენტაციას, ამ არგუმენტაციაზე დაყრდნობით უკვე „რუსთავი 2“-ს გადაუგზავნის კითხვებს. მას შემდეგ, რაც მხარეები გასცმენ პასუხს, ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილება. ეს არის პროცედურა, თუმცა რამდენ ხანში შეიძლება ეს საკითხი გაიწელოს, ეს რთული სათქმელია.
პრიორიტეტი ნიშნავს, რომ დაჩქარებული წესით განიხილავს, თუმცა სტანდარტულად, პრაქტიკიდან გამომდინარე, პრიორიტეტული საქმეების განხილა და გადაწყვეტილების მიღება შეიძლება გაგრძელდეს 3-დან 5 წლამდე. თუმცა, ეს ვადები კანონით და სასამართლოს რეგლამენტით არ არის დადგენილი“, - აცხადებს დიმიტრი ხაჩიძე.
რაც შეეხება საქართველოს, როგორც მხარეს, ხაჩიძეს განცხადებით, მთავრობას დასასაბუთებელი ექნება არა მარტო ის, რომ ეს არ არის სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული, არამედ პროცესი რამდენად ჯდება სამართლიანი სასამართლოს განხილვის ფარგლებში.
„ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი და კითხვების ძირითადი არსი, რამდენად იყვნენ სხვადასხვა ეტაპზე ის მოსამართლეები დამოუკიდებლები, რომლებიც იხილავდნენ ამ საქმეს. სწორედ ამის მტკიცება მოუწევს მთავრობას ევროსასამართლოში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დიმიტრი ხაჩიძე.
იურისტების შეფასებით, რადგან ევროსასამართლომ საქმეზე შუალედური ღონისძიება გამოიყენა, განხილვის ვადები დაჩქარდება და, შესაძლოა, საქმე 1 წელიწადში დასრულდეს.
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, ინგა ბერიძე ამბობს, რომ შეჩერების მექანიზმი ეს არის დროებითი ღონისძიება, იმისათვის, რომ საქმის განხილვამდე გამოუსწორებელი შედეგები არ დადგეს.
„მაგრამ სანამ არსებითად განიხილავს ამ საქმეს, კიდევ ერთი პროცედურა არ დაგვავიწყდეს, დაშვებადობის კრიტერიუმი. თუ დროში შეიტანენ სარჩელს, ამის მერე უნდა განიხილონ, მოხდა თუ არა რომელიმე ევროპული კონვენციის დარღვევა. ამიტომ, სანამ ეს ყველაფერი მოხდება, სტრასბურგის სასამართლო პრევენციას აკეთებს. როდესაც განიხილილავს ამ საქმეს, უკვე შემდეგ დადგება შედეგი და ამის მიხედვით მიეცემა მსვლელობა.
ეს არის ევროპული კონვენციის სწრაფი რეაგირების 39-ე მუხლი. სხვათა შორის, საქართველოსთან მიმართებაში ეს წესები ბევრჯერ ირღვეოდა, როდესაც ბაჩო ახალაია იყო სასჯელაღსრულებაში. ა-რ კონსტიტუციის 42-ე მუხლი ასეთ უზრუნველყოფებებზე ხშირად მიმართავდა, ასეთი იყო „შამაევი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“.
ორი პირის ექსტრადირება მოხდა, სამის შემთხვევაში მოასწრო ევროპულმა კომიტეტმა, რომ 39-ე წესით აკრძალა ექსტრადირება. ორი ექსტრადირებულიდან ერთი რუსეთის ციხეში მოკვდა. სანამ ამ ყველაფერს განიხილიავდა ევროპული სასამართლო, ეუბნებოდა საქართველოს, რომ არ განახორციელოთ ექსტრადირება, იმიტომ, რომ შეიძლება სავალალო შედეგით დასრულდესო“, - აცხადებს ინგა ბერიძე.
იმ შემთხვევაში, თუკი საქართველის მთავრობა დაამტკიცებს, რომ ეს არ არის სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა და რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეა, ბერიძე ამბობს, რომ ძალიან რთულია ამ ეტაპისთვის რაიმეს პროგნოზირება, ვინაიდან საბოლოო გადაწყვეტილებამდე ბევრი პროცედურული საკითხებია გასავლელი.
„ევროპული სასამართლო არ არის მეოთხე ინსტანციის სასამართლო. მართალია, ევროპულმა სასამართლომ 39-ე წესით გამოიყენა ეს ღონისძიება, მაგრამ თუ დაშვებადობა გადალახა „რუსთავი 2“-ის სარჩელმა და საქმის განხილვისას დადგება თუ არა დარღვევა, ეს მსჯელობის საკითხია. ეს ხომ შეჯიბრეთობის პრინციპია, სანამ იქმადე მივალთ, იყო თუ არა დარღვევა, მანამდე იმდენი პროცედურული საკითხია, ძალიან რთულია ამ ეტაპისთვის რაიმეს პროგნოზირება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ინგა ბერიძე.
ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ფიქრობს, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილების თახმად, სადაც აღნიშნულია ფრაზა - „მომავლ გადაწყვეტილებებამდე“ ეს შეიძლება იყოს ერთი კვირა, ან 5 წელი.
„ვადები არ არის დაკონკრეტებული. შეიძლება არსებითი განხილვა დაიწყოს სასამართლომ და თქვას, რომ არ უნდა შეჩერდეს აღსრულების გადაწყვეტილებაო, შეიძლება პირიქით თქვას. თუ სტრასბურგის სასამართლომ არსებითი განხილვის დროს დაადგინა კონვენციის დარღვევა, მაშინ „რუსთავი 2“-ის დღევანდელ მფლობელებს ნიკა გვარამიას და მიშა სააკაშვილს უფლება აქვთ, ხელახლა შეიტანონ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმე“, - აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი.
რაც შეეხება საქართველოს მთავარობას, რომელიც გახდა მოპასუხე მხარე, ადვოკატის განცხადებით, საქმე უკვე გადავიდა პოლიტიკური ზოლის ხალიჩაზე.
„ერთ მხარეს დგას თვითონ სახელმწიფო, თავისი არგუმენტებით და მეორე მხარეს დგას არა მხოლოდ თვითონ „რუსთავი 2“, არამედ იმ „რუსთავი 2“-ის უკან დგას ის ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებიც მის პოზიციას გამოხატავენ. იქნება ეს საქართველოს პრეზიდენტი, სახალხო დამცველი და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები საქართველოში. ასევე ქვეყნის გარეთ მყოფი ავტორიტეტული ორგანიზაციები, ამერიკის სახელმწიფო დეპატრამენტი, ამერიკის ელჩი, ევროპარლამენტარები და ა.შ. ამიტომაც გადაინაცვლა პოლიტიკურ ჭრილში საქმის განხილვამ. ევროსასამართლოში სამართლებრივად არავის დაუწყია იმის განხილვა, აბა რამდენად სწორი იყო ქართული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გელა ნიკოლაიშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ევროსასამართლოში არის დაპირისპირება „რუსთავი 2“-ის მფლობელებსა და საქართველოს შორის და დარწმუნებულია, რომ ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული გამოვა საქართველო, რადგან სიმართლე საქართველოს მხარეს არის.
„ჩვენ ძალიან მშვიდად ვუყურებდით პროცესების განვითარებას, რომელიც დაკავშირებული იყო „რუსთავი 2“-თან, ვგულისხმობ საერთო სასამართლოებში წარმართულ პროცესს. ჩვენ ვაცხადებდით, რომ ეს იყო კერძო სუბიექტებს შორის დავა და აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვქონდა არავითარი, მათ შორის არც პოლიტიკური ინტერესი ამ საქმის მიმართ. ასევე მშვიდად ვაგრძელებთ ამ პროცესების ყურებას. საქმე გრძელდება სტრასბურგის სასამართლოში.
სტრასბურგის სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, დაირღვა თუ არა რაიმე უფლება, იყო თუ არა არასწორი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
for.ge-სთან საუბრისას „რუსთავი 2“-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი, ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ „რუსთავი 2“ მოჩვენებითი გამარჯვების ზეიმით, ისევ აგრძელებს მოსახლეობის მოტყუებას, რომ მართლები და მაგრები არიან - ფარსი გრძელდება.
„სიტყვის თავისუფლება ერთ-ერთი მთავარი უფლებაა ადამიანის და ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის განვითარებისათვის. მესმის მათი ნერვიულობის. მოწინააღმდეგე მხარე შეეცადა ევროპა შეეშინებინა ფიქტიური მასალებით. თუ ევროსაბჭოში ნერვიულობენ, რომ სიტყვის თავისუფლებას რამე ემუქრება, ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ, რომ ეს ასე არ არის. ეს დროს მოითხოვს და არ მგონია რამე სირთულეებთან იყოს დაკავშირებული“, - აცხადებს ქიბარ ხალვაში.
ბიზნესმენი, რომელიც გერმანიამ აღიარა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ პოლიტიკურად დევნილად, ამბობს, რომ პოზიტიურად და იმედიანად არის განწყობილი.
„უბრალოდ პროფესიონალური მომზადება სჭირდება პასუხს სახელმწიფოს მხრიდან. უნდა დაამტკიცონ, რომ სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო და თავისუფალ სიტყვას არაფერი ემუქრება. მთავრობამ რა გააგზავნა არ ვიცი. მე მათი ხელმძღვანელი და მაკონტროლებელი არ ვარ და არავითარი კავშირი არ გამაჩნია.
თავისთავად ჩემი მხრიდან ვცდილობ, რომ ჩავერთოთ როგორც დაინტერესებული მხარე და ვაჩვენოთ, რომ ჩვენს მიმართ „რუსთავი 2“-ის ამჟამინდელი მფლობელის მხრიდან რა უკანონობებს ჰქონდა ადგილი. როგორ ირღვეოდა ჩემი და ჩემი ახლობლების ქონებრივი უფლებები, გადაადგილების თავისუფლება. ბოლო-ბოლო გერმანიამ აღიარა რომ მიშა სააკაშვილის ხელისუფლება მდევნიდა და ლტოლვილი ვარ გერმანიაში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ქიბარ ხალვაშმა.