რუსი ოლიგარქების საცხოვრებელი სახლები

რუსი ოლიგარქების საცხოვრებელი სახლები

რომან აბრამოვიჩი – სასახლე "ლინდსი ჰაუსი" ლონდონი, დიდი ბრიტანეთი

რომან აბრამოვიჩმა ლონდონის უბან ჩელსიში  25 მილიონ ფუნტ-სტერლინგად იყიდა არა უბრალოდ სასახლე, არამედ 1674 წელს აგებული ისტორიული შენობა, რომელიც ბრიტანული ფონდ "ტრასტის" დაცვის ქვეშაა. ჩელსი არისტოკრატების უბნად ითვლება და იქ მხოლოდ მილიონერები ცხოვრობენ, მაგალითად, ინდოელი  ფოლადის მაგნატი ლაქშმი მიტალი ან თუნდაც საუდის არაბეთის სამეფო ოჯახი.  "ტრასტი" ინგლისის ისტორიული შენობების იერსახის  შენარჩუნებასა და შენახვაზე მზრუნველი ორგანიზაციაა და ამ უნიკალური შენობის წილის მფლობელი, რომელსაც არ ყიდის. "ტრასტს" უფლება აქვს, რომ წელიწადში რამდენიმე დღით სასახლის კარი დამთვალიერებლისთვის გახსნას. მართალია  აბრამოვიჩს საჯარო ცხოვრება არ უყვარს, მაგრამ ამასთან შეგუება  უწევს.

დმიტრი რიბოლოვლიევი – სასახლე "მაისონ დე ლ’ამიტიე" პალმ-ბიჩი, ფლორიდა, ამერიკის შეერთებული შტატები

ეს სასახლე დიმიტრი რიბოლოვლიევმა ამერიკელი მილიარდერის დონალდ ტრამპისგან 2008 წელს, 100 მილიონ დოლარად შეიძინა. საცხოვრებელი ფართი 3000 კვადრატული მეტრია. სასახლეს აქვს საკუთარი 140 მეტრი სიგრძის  პლაჟი, 18 საძინებელი და ორი სასტუმრო ფლიგელი. ყიდვა-გაყიდვის გარიგებამ ფლორიდის შტატის უძრავი ქონების რეკორდი მოხსნა, ხოლო თავად ტრამპმა განაცხადა, რომ არასდროს მანამდე ამხელა თანხა არ გადაუხდია კერძო საცხოვრებელში.

მიხაილ პროხოროვი – ვილა "ლეოპოლდი", ლაჟვარდოვანი სანაპირო, საფრანგეთი

1902 წელს  ბელგიის მეფე ლეოპოლდის მიერ აშენებული ვილა მიხაილ პროხოროვს 2008 წელს მოეწონა და გადაწყვიტა ბანკირის, ედმონდ საფრის ქვრივისგან 370 მილიონ ევროდ გამოესყიდა. გარიგების განხორციელებას ხელი მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა შეუშალა. პროხოროვმა გადაიფიქრა ვილის შეძენა და უკან მოითხოვა წინასწარ გადახდილი 39,4 მილიონი ევრო. ლილი საფრამ უარი განუცხადა პროხოროვს თანხის დაბრუნებაზე და სასამართლოც მის მხარეს აღმოჩნდა.

ალიშერ უსმანოვი – "ბიჩვუდი", ლონდონი, დიდი ბრიტანეთი

 გაზეთ "სანდი თაიმსის" ცნობით, "ბიჩვუდის" სასახლე ალიშერ უსმანოვმა 2011 წლის იანვარში შეიძინა ყატარელი ემირისგან, რომელსაც სასახლე საუდის არაბეთის სამეფო ოჯახისგან  ჯერ კიდევ 70-იან წლებში ჰქონდა ნაყიდი. 1840 წელს აშენებული შენობა ლონდონის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს და არქიტექტორ ჯორჯ ბესევის პროექტითაა აგებული. მისი დაპროექტებულია ლონდონის ბელგრეივ-სკვერიც. გარიგების დეტალები ისევე როგორც სასახლის შიდა ინტერიერი, გასაიდუმლოებულია. ცნობილია სასახლის მხოლოდ ერთი ფოტო, მასზეც  მხოლოდ გარე ფასადი ჩანს, რომელსაც ხეები ეფარება.

ოლეგ დერიპასკა – "რეჯენსი", ლონდონი, დიდი ბრიტანეთი

"რუსული ალუმინის მეფედ" წოდებულმა ოლეგ დერიპასკამ ჯერ კიდევ 2004 წელს იყიდა შენობა ლონდონის ისტორიულ ნაწილში. "რეჯენსი" ლონდონის ბელგრეივის მოედანზე მდებარეობს და მის მახლობლად არის დიდი ბრიტანეთის სიმბოლო, უძველესი პაბი "სტარ ტავერნი". ოფიციალურად, სასახლის მფლობელია ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული კომპანია "რაველოტია". თუმცა, ფაქტიური მფლობელი ოლეგ დერიპასკაა. რუსი ოლიგარქის მეზობლების თქმით, დერიპასკა ლონდონში კვირაში ერთხელ ჩადის.